Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-712(კ-23) 06 თებერვალი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ. ა-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-ამ 2021 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3694/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის აფხაზეთიდან დევნილი, ჰყავს ორი შვილი. რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მისი განმარტებით, 1992 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის დასახლება, ... „...ში.“ საცხოვრებელში ჩამოდიოდა წყალი, სველდებოდა კედლები, რის გამოც ზამთარში შეუძლებელი იყო ცხოვრება. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა ქირით გადასულიყო, რის შესახებაც აცნობა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სადაც განუმარტეს, რომ ...იდან დროებით გადასვლის ფაქტი არ იმოქმედებდა მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე. მიუხედავად ამისა, სადავო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფაზე იმ მოტივით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ... „...ში.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3694/ო ბრძანება და მოპასუხეს მ. ა-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მ. ა-ას 2018 წლის 27 სექტემბრის N98327 განცხადებაზე, რომლითაც მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განუმარტა, რომ შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი მისამართი ყოფილ ... „...ში“ არსებული ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო. შესაბამისად, მ. ა-ას აღნიშნულ მისამართზე არცხოვრების ფაქტი მოპასუხისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი, ამდენად ადმინისტრაციული ორგანოს უარი აღნიშნული მოტივით სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე მონიტორინგის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე ან მოსარჩელე ცხოვრობს სხვა მისამართზე, უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე, არ შეიძლება გახდეს მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის იმ არგუმენტზე, რომელიც ემყარება მ. ა-ას ყოფილი ქმრის ვ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაში განსახლების შესაძლებლობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მ. ა-ას და ვ. ჩ-ის ცოლ-ქმრობის ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმის მასალები, რაც ნათლად ადასტურებდა, რომ ამ ეტაპისთვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობდა. აღწერის ოქმიდან და გადამოწმების ოქმებიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელე მ. ა-ა ოჯახთან ერთად არ ცხოვრობდა ... ,,...ში“, არამედ ცხოვრობდა ...აში. კასატორის მითითებით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ ...აში შვილებთან ერთად, რასაც მათივე ოჯახის წევრი ადასტურებდა. მოსარჩელის მეუღლეს გააჩნია საცხოვრებელი ფართი ...აში, რაც კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ მოსარჩელე გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3694/ო ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. ხსენებული ბრძანებით მ. ა-ას, ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (ყოფ. ... „...ი“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე წესის თანახმად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს დადგენილი კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე - მ. ა-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. 2013 წლის 21 ნოემბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტაში, მ. ა-ას დროებით (რეგისტრაციის ადგილი) და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - თბილისი, ...ი, ...ის დასახლება, ,,...ი“. სარეგისტრაციო ნომერზე მოსარჩელეს მითითებული ჰყავს ძმა და ორი შვილი.

2018 წლის 27 სექტემბერს მ. ა-ამ №98327 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და განუმარტა, რომ შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი მისამართი ყოფილ ... „...ში“ არსებული ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო.

მოპასუხის მიერ ორჯერ განხორციელდა მონიტორინგი ყოფილ ... „...ში“, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელის ძმა - ა. ა-ა, რომელმაც მონიტორინგის თანამშრომელს განუმარტა, რომ მისი და აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, რადგანაც საცხოვრებლად იყო გადასული ...აში ქირით.

2021 წლის 26 იანვარს მოკვლევის მიზნით მონიტორინგის თანამშრომელი იმყოფებოდა ...ის მისამართზე, სადაც იმყოფებოდა მ. ა-ა და მისი ორი შვილი - ზ. ჩ-ე დ ა. ა-ა. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა შვილებთან ერთად. მ. ა-ამ მონიტორინგის თანამშრომლებთან ვ. ჩ-ე მოიხსენია ყოფილ მეუღლედ, რომელიც, მისი განმარტებით, იმყოფებოდა ...ში.

2021 წლის 4 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ...ის რაიონის სოფელ ...ში, მაგრამ ვ. ჩ-ეს ვერ მიაკვლიეს. 2021 წლის 11 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ...ის რაიონის სოფელ ...ში მოსარჩელის დედამთილთან, რომელმაც მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ მისი შვილი ვ. ჩ-ე ქ. თბილისში, ...აში მეუღლესთან მ. ა-ასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო მ. ა-ას ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტში (ყოფ. ... „...ი“) არცხოვრების ფაქტი. ამდენად, ვ. ჩ-ის სახელზე ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, ხსენებული ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნებისათვის არ წარმოადგენს რელევანტურ გარემოებას.

რაც შეეხება სადავო ბრძანებაში მითითებულ საფუძველს, პალატა აღნიშნავს, რომ მ. ა-ას ... „...ში“ გარკვეული პერიოდით არცხოვრების გარემოება სადავო არ არის. დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2018 წელს აცნობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ ხსენებულ ობიექტში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, იძულებული იყო ექირავებინა სხვა საცხოვრებელი ფართი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება, არ გულისხმობს, რომ ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა დასახელებულ ნგრევად ობიექტში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ვიზიტისას მოსარჩელის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად მოპასუხის მიერ იქნა ...ი „...ი“ მიჩნეულ ნგრევად ობიექტად, კონკრეტული ოჯახის დროის გარკვეული პერიოდით სხვა მისამართზე ყოფნის ფაქტი არ შეიძლება გახდეს მისთვის უარის თქმის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ აღინიშნა, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა