Facebook Twitter

საქმე №ბს-710(კს-23) 27 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - მ.ბ-ა, გ.თ-ი, ნ.გ-ა, გ.კ-ა, ბ.მ-ე, თ.დ-ი

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები - შპს „ლ...“, შპს „ხ...“, შპს „კ...“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ბ-ა, გ.თ-ი, ნ.გ-ა, გ.კ-ა, ბ.მ-ე, თ.დ-ი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ბ-ამ (ამხანაგობა „ზ...ის“ თავმჯდომარე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 31.03.2017წ. №3182468 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.05.2017წ. №3243217 ბრძანება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 18.12.2019წ. №479896 ბრძანება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 აგვისტოს №1-1920 ბრძანება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 სექტემბრის №1253 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით №3/5074-17 ადმინისტრაციულ საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ლ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად №3/5074-17 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაებნენ შპს „ხ...“ და შპს „კ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/5074-17, მოსარჩელე ამხანაგობა „ზ...ის“ თავმჯდომარე მ.ბ-ა შეიცვალა სათანადო მოსარჩელეებით - მ.ბ-ა, გ.თ-ი, ნ.გ-ა, გ.კ-ა, ბ.მ-ე, თ.დ-ი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის, თ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის, თ.დ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოსარჩელეების წარმომადგენელს - თ.თ-ეს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა მის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. 10, სართული 6, „...“ და ჩაბარდა მენეჯერს - გ.დ-ას 2023 წლის 12 იანვარს. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თ.თ-ემ საქალაქო სასამართლოს წარუდგინა 2023 წლის 24 აპრილს.

სასამართლოს განმარტებით, თ.თ-ის მიერ როგორც ძირითად, ისე - სამუშაო ადგილის მისამართად მითითებულ მისამართზე გაგზავნილი ,,გადაწყვეტილება’’ ჩაბარდა ,,მენეჯერს’’ გ.დ-ას, რომელმაც ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩაიბარა გზავნილი. უდავოა, რომ გ.დ-ა და თ.თ-ე საქმეში მოდავე მხარეებად არ მონაწილეობენ. ამდენად, დადასტურებულია, რომ გ.დ-ა არის თ.თ-ის გზავნილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი და მას, სსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმის საფუძველზე, წარმოეშვა ვალდებულება - გზავნილი დაუყოვნებლივ ჩაებარებინა თ.თ-ისათვის. ამ ეტაპზე, არ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ გ.დ-ას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ,,გადაწყვეტილება’’ თ.თ-ეს ჩაბარდა 2023 წლის 12 იანვარს და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 13 იანვრიდან. თ.თ-ეს სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილებაზე უნდა წარედგინა არაუგვიანეს 2023 წლის 26 იანვრის 24:00 საათისა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი არის დაგვიანებით წარდგენილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არც გ.დ-ას და არც თ.თ-ეს არ ჩაბარებია, კერძოდ, 2023 წლის 12 იანვარს მისამართზე მივიდა მხოლოდ ერთი განჩინება მიღებული სრულიად სხვა საქმეზე (საქმე 3/8964-22). კურიერმა გ.დ-ას გადასცა მხოლოდ ერთი გზავნილი, მეორე კი არ გადაუცია. 2023 წლის 12 იანვარს თ.თ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში. უწყების ჩამბარებელი ვალდებული იყო უწყების მეორე ეგზემპლარზე გაეკეთებინა შესაბამისი აღნიშვნა თუ სად იყო წასული ადრესატი და როდის ვარაუდობდნენ მის დაბრუნებას, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. ამგვარი ჩანაწერი უწყების მეორე ეგზემპლარზე არ გაკეთებულა, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული დებულება. გ.დ-ას კი თ.თ-ისთვის განჩინება დღემდე არ გადაუცია. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა გადაამოწმა სასამართლოს ელექტრონული კანცელარია (info.court.ge), რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ იქნა გაგზავნილი. მოსარჩელეთა წარმომადგენელი იძულებული გახდა ეხელმძღვანელა ელექტრონულ კანცელარიაში ატვირთული გადაწყვეტილებით და შეედგინა სააპელაციო საჩივარი და გადაწყვეტილების გაცნობიდან დაახლოებით 10 დღის ვადაში წარედგინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ბ-ამ, გ.თ-მა, ნ.გ-ამ, გ.კ-ამ, ბ.მ-ემ და თ.დ-მა გაუშვეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონით განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონით განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 369-ე მუხლები) იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. იმავე წესზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება გაეგზავნა მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის წარმომადგენელს (ტ.2, ს.ფ 47-54) თ.თ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. 10, სართ. 6 („...“) და ჩაბარდა მენეჯერს, გ.დ-ას 2023 წლის 12 იანვარს (ტ.3, ს.ფ 376). შეტყობინების ბარათზე ასევე, მითითებულია გზავნილის მიმღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ხელმოწერა, გზავნილის ჩაბარების თარიღი. დადგენილია, რომ გ.დ-ას უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე, რაც მიუთითებს მისი მხრიდან გზავნილის ჩაბარებისა და ჩაბარებაზე უფლებამოსილების დადასტურების ფაქტზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეში მითითებულ მისამართზე გ.დ-ამ, პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ გზავნილის ჩაბარებაზე გ.დ-ას უფლებამოსილებას, არამედ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არც თავად და არც გ.დ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, თუმცა აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გზავნილის ჩაბარების დღეს, 2023 წლის 12 იანვარს თ.თ-ე არ იმყოფებოდა საქართველოში ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან გზავნილი ჩაბარდა ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, რომელსაც თავის მხრივ, წარმოეშვა აღნიშნული გზავნილის თ.თ-ისთვის გადაცემის ვალდებულება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 13 იანვრიდან და ამოიწურა 2023 წლის 26 იანვარს 24:00 საათზე. ამ პირობებში სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2023 წლის 21 აპრილს (ტ.3. ს.ფ. 398), ხოლო სასამართლოში შესულია 2023 წლის 24 აპრილს (ტ.3. ს.ფ 383). სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში წარდგენის ვალდებულების დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, მიიღოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აპელანტების მიერ საპროცესო უფლება კანონით დადგენილ ვადაში არ არის რეალიზებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს კერძო საჩივარზე – 50 ლარს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 250 ლარი როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება კერძო საჩივრის ავტორებისათვის დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ-ას, გ.თ-ის, ნ.გ-ას, გ.კ-ას, ბ.მ-ის და თ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება;

3. მ.ბ-ას (პ/ნ ...), გ.თ-ს (პ/ნ ...), ნ.გ-ას (პ/ნ ...), გ.კ-ას (პ/ნ ...), ბ.მ-ეს (პ/ნ ...) და თ.დ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ თ.თ-ის მიერ კერძო საჩივარზე 2023 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 300 (სამასი) ლარიდან (საგადასახადო დავალება №..., ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), ზედმეტად გადახდილი თანხა - 250 (ორასორმოცდაათი) ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე