Facebook Twitter

№ბს-14(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ბ-ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ბ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა), დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელე ვ. ბ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურების დანამატისა და წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, 2018 წლის 8 აგვისტოდან 24 თვის განმავლობაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე), სულ ხელზე ასაღები - 46 080 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, ვ. ბ-ი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/277 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან. ვ. ბ-მა 2018 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2018 წლის 8 აგვისტოს №პ/277 ბრძანების ბათილად ცნობა, ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვ. ბ-ის დასაქმებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სამინისტრომ ხელახლა იმსჯელა მოსარჩელის მობილობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 14 აგვისტოს №01/2875 წერილით სამინისტრომ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა და უფრო დაბალი რანგის თანამდებობა არ არის ვაკანტური. შესაბამისად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია მისი დასაქმების საკითხის განხილვის შესაძლებლობას. სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მობილობაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ტოლფასი თანამდებობა ვაკანტური არ არის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში პირის დასაქმებისა და მობილობის შესაძლებლობას.

მოსარჩელის განმარტებით, იგი აღმოჩნდა ისეთ სამართლებრივ მდგომარეობაში, როდესაც მართალია, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია მის მიმართ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ მოცემულობით მისი დასაქმება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია იძულებითი განაცდური ხელფასის მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, სზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო ქმედებით, კერძოდ, მობილობაზე უარის თქმით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსარჩელე ვ. ბ-ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის - თანამდებობრივი სარგოს, წელთა ნამსახურების დანამატისა და წოდებრივი სარგოს ანაზღაურება, 2018 წლის 8 აგვისტოდან, 24 თვის განმავლობაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე), სულ, ხელზე ასაღები - 46 080 ლარის ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ვ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 გადაწყვეტილება „ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილება „ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბ) საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტრომ იმსჯელა ვ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის სამინისტროში ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების საკითხზე. სამინისტროს წერილის თანახმად, ვ. ბ-ი დასაქმებული იყო სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომლის ტოლფას თანამდებობად, ამჟამად, მიიჩნევა ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომელიც ამჟამად არ არის ვაკანტური. ამასთან, ფუნქციის გათვალისწინებით, სამინისტრომ იმსჯელა მოსარჩელის დეპარტამენტში დაბალი რანგის თანამდებობაზე დასაქმების საკითხზე, თუმცა, ამ ეტაპზე, შესაბამისი მიმართულებით ვაკანსია არ იყო. რაც შეეხება, სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის თანამდებობებზე განსაზღვრულ ფუნქციათა შესრულებასა და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვ. ბ-ს უარი ეთქვა დასაქმებაზე.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თავისი შინაარსით მის უკანონობას გულისხმობს და ასეთი აქტის საფუძველზე პირის იძულებითი განაცდური ხელფასი, უკანონოდ მიყენებულ ზიანად ჩაითვლება განაცდურის სრული ოდენობით.

სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით (2020 წლის 14 აგვისტოს წერილობითი მიმართვა), სამინისტროში არსებობს მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი პოზიცია, რაც თავისთავად, უკვე მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე და შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ მიადგა ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, მისი გათავისუფლების დღიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა ხელზე ასაღები 46 080 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, იმთავითვე კანონის შესაბამისად მოქმედების პირობებში, მოსარჩელე გადაყვანილი იქნებოდა ტოლფას თანამდებობაზე და მას არ მიადგებოდა აღნიშნული ზიანი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვ. ბ-ი ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფარგლებში მაინც იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, სასარჩელო მოთხოვნა უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 გადაწყვეტილება „ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილება „ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში“ და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით, საკასაციო პალატამ ცალსახად მიუთითა, რომ სადავო პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენდა მოსარჩელის შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ვინაიდან რეორგანიზაცია შტატების შემცირებით განხორციელდა მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საავტომობილო გზების დეპარტამენტში. საკასაციო პალატის განმარტებით, მოხელის რეზერვში ჩარიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ მობილობის პროცედურის წარუმატებლად დასრულების შემდგომ. ამდენად, მობილობა უნდა განხორციელდეს არა ფორმალურად, არამედ კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საჯარო სამსახურის უწყვეტობის, სტაბილურობისა და კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნების გათვალისწინებით. ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემის შემადგენელ ნაწილს, სადავო პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე, სამინისტრო წარმოადგენდა შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და აღნიშნული წარმოშობდა მის ვალდებულებას, დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის მიზეზი სათანადოდ დაესაბუთებინა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასაბუთების ვალდებულებას არ გამორიცხავს კასატორის მითითება მობილობის საკითხის განხილვის მომენტისათვის შესაბამისი ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულის არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მართალია, მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებაზე უარის შესახებ 31.07.2018წ. აქტის გამოცემის თარიღი წინ უსწრებს სამინისტროს ახალი დებულების ძალაში შესვლის თარიღს (01.08.2018წ.), თუმცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულება, დაესაბუთებინა მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, წარმოიშვა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაკისრებული ფუნქციების მსგავსი ან იდენტური შინაარსის ფუნქციების მქონე ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტრომ დაადასტურა ახლადშექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში მოსარჩელესთან შესაბამისობაში არსებული პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის ვაკანტურობა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, შიდა მობილობის ფარგლებში მოსარჩელის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა სათანადო დასაბუთების გარეშე მიუთითებს სამინისტროს მხრიდან მობილობის წესის ეფექტურად გამოყენებასთან მიმართებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამორიცხვას და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მობილობის ინსტიტუტის დამკვიდრების მიზნის უგულებელყოფას“.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია თავდაპირველად მობილობაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების დროს ფუნქციურად ტოლფასი თანამდებობის არარსებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლომ აპელანტის მითითებული არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ გაიზიარა. საკასაციო პალატამ ცალსახად აღნიშნა, რომ შიდა მობილობის წესით დასაქმებაზე უარის თქმის უკანონობის დადასტურება, ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებებით გამოწვეული უარყოფითი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს საჯარო მოხელის უფლებას, მოითხოვოს კონსტიტუციით გარანტირებული, სახელმწიფო ორგანოსგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელის მიმართ გამოცემული აქტების (შიდა მობილობის წესით დასაქმებაზე უარი) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე გამოცემა, ხოლო თავის მხრივ, აპელანტი მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული 2020 წლის 14 აგვისტოს წერილით მიუთითებს მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი პოზიციის არსებობაზე, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს აპელანტის მიერ მოსარჩელისთვის მობილობის წესით დასაქმებაზე უარის თქმის (შესაბამისი აქტების) კანონშეუსაბამობას. აპელანტის მხრიდან კანონის შესაბამისად მოქმედების პირობებში მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაქმებულიყო ტოლფას თანამდებობაზე, შესაბამისად, მას არ მიადგებოდა ზიანი, მიუღებელი ხელფასის სახით (მისი გათავისუფლების დღიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილების მიღებამდე, რამაც საერთო ჯამში შეადგინა ხელზე ასაღები 46 080 ლარი). ვინაიდან ვ. ბ-ი მობილობის პროცედურის დაცვის გარეშე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აპელანტი წარმოადგენს უკანონო ქმედების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს და მის მიერ მითითებული გარემოებები გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის წინაპირობებზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ სამინისტროს მხრიდან ვ. ბ-ისთვის მობილობაზე უარის თქმის შედეგად მას მიადგა ზიანი, რომლიც ექვემდებარება ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა უტყუარად დადგენილი სამინისტროს 16.07.2018წ. №2438-01 და 31.07.2018წ. №2617-01 მობილობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებებით ვ. ბ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სამინისტროს ზემოთხსენებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლად უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა ამ აქტების არასაკმარისი დასაბუთებულობა და ამიტომ, მის მიერ არ მომხდარა საკითხის გადაწყვეტა, არამედ საკითხი მიიჩნია სამინისტროს უფლებამოსილებად და ცნო რა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტები ბათილად, დაავალა სამინისტროს საქმის გარემოებათა გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რაც შესრულებულ იქნა სამინისტროს მიერ. საყურადღებოა, რომ სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №01/2875 წერილი, რომლითაც ვ. ბ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უარი ეთქვა სამინისტროში დასაქმებაზე, მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. ამასთან, სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში დადგა ერთნაირი, კერძოდ, ვ. ბ-ი არ იქნა დასაქმებული სამინისტროში. პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელიათ მიზეზობრივ კავშირზე სამინისტროს აქტებსა და მოთხოვნილ სავარაუდო ზიანს შორის.

საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სამსახურში დანიშვნისას საჯარო მოხელეს წარმოეშობა თანამდებობრივი სარგოს გარანტირებულად მიღების გონივრული მოლოდინი. ამასთან, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოხელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ზემდგომი ორგანო ან სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (კანონის 118.3 და 118.4 მუხლები). თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის უკანონოდ იქნა გათავისუფლებული ან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებას. ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. ამდენად, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მოხელის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოლოდინი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ იმ ორგანოს, რომელმაც იგი თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა. მოცემულ შემთხვევაში ძალაშია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. №პ/227 ბრძანება (არ გასაჩივრებულა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში), თუმცა მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია სამინისტროს სხვა უწყების მიმართ, სადაც პირი არ იყო დასაქმებული, რომელმაც მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის წესით დანიშვნის საკითხზე“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მობილობის წესით დანიშვნაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმავდროულად არ ნიშნავს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მობილობასთან დაკავშირებული პროცედურის დასრულების შემდგომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, რომელშიც შტატის შემცირების გამო მოხელის დარჩენა შეუძლებელია“. შესაბამისად, მოსარჩელის ზიანის საფუძველი შესაძლოა ყოფილიყო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა, მაგრამ შესაძლო ზიანზე აპელირება სხვა უწყების გადაწყვეტილების გამო, რომ მას მობილობის განხორციელებაზე უარი ეთქვა, ვერ ჩაითვლება აღნიშნული ზიანის გამომწვევ საფუძვლად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ პირველ მობილობაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების დროს, აღნიშნული ფუნქციურად ტოლფასი თანამდებობა სამინისტროში საერთოდ არ არსებობდა სამართლებრივად. შეიქმნა მობილობაზე უარის თქმის შემდეგ პერიოდში, ხოლო მეორე მობილობის საკითხის განხილვის დროს, სამინისტროს ვაკანსია არ გააჩნდა აღნიშნულ ფუნქციურად ტოლფას თანამდებობაზე.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მცდარი მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტში გათავისუფლებამდე ვ. ბ-ის დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად ამჟამად მიიჩნევა სამინისტროს ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. ამასთან, ამ მცდარი მსჯელობიდან, თითქოსდა დადგენილი ფაქტიდან გამომდინარე, ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ აღნიშნული მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე და შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ მიადგა ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ორივე ინსტანციის სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს და იმსჯელა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, დავის საგანი იყო ზიანის ანაზღაურება დაკავშირებული მობილობაზე უარის თქმის პირველ გადაწყვეტილებასთან, მაშინ როდესაც სასამართლო მსჯელობს მობილობაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს მეორე გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს. ამდენად, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მოხელის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოლოდინი უნდა დაუკავშირდეს უშუალოდ იმ ორგანოს, რომელმაც იგი თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლა“. მოცემულ შემთხვევაში ძალაშია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018 წ. №პ/227 ბრძანება (არ გასაჩივრებულა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული ბრძანების ძალაში დატოვების ნაწილში), თუმცა მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია სამინისტროს მიმართ, რომელმაც მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის მობილობის წესით დანიშვნის საკითხზე.

საკასაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სამინისტროს მიერ არ მომხდარა მოსარჩელე ვ. ბ-ის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლება. ვინაიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ძალაშია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 08.08.2018წ. №პ/227 ბრძანება, შესაბამისად, სახეზე არ არის ვ. ბ-ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, 2018 წლის 8 აგვისტოს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ვ. ბ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილებები ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა (ს.ფ 66-82); ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იმსჯელა ვ. ბ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების საკითხზე და 2020 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით უარი უთხრა დასაქმებაზე იმ საფუძვლით, რომ ვ. ბ-ი დასაქმებული იყო სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომლის ტოლფასი თანამდებობა - ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, არ არის ვაკანტური. სამინისტრომ ასევე იმსჯელა დეპარტამენტში დაბალი რანგის თანამდებობაზე მოსარჩელის დასაქმების საკითხზე, თუმცა, ამ ეტაპზე, შესაბამისი მიმართულებით ვაკანსია არ იყო. რაც შეეხება, სამინისტროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის თანამდებობებზე განსაზღვრულ ფუნქციათა შესრულებასა და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებას (ს.ფ 83-84).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება). ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა დადასტურდეს ნორმატიულად განსაზღვრული შემდეგი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა: ქმედების უკანონობა; პირისთვის ზიანის მიყენება; მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, ასევე, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურება 2018 წლის 8 აგვისტოდან 24 თვის განმავლობაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებამდე), სულ ხელზე ასაღები თანხა - 46 080 ლარის ოდენობით. ამასთან, ზიანს ოდენობას მოსარჩელე უკავშირებს თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურების დანამატსა და წოდებრივი სარგოს, რომელსაც იგი მიიღებდა მობილობის წესით დასაქმების შემთხვევაში.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, კერძოდ, ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილებები ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ სამინისტრო წარმოადგენდა შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და აღნიშნული წარმოშობდა მის ვალდებულებას, დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის მიზეზი სათანადოდ დაესაბუთებინა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სასამართლოს განმარტებით, „შიდა მობილობის ფარგლებში მოსარჩელის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა სათანადო დასაბუთების გარეშე, მიუთითებს სამინისტროს მხრიდან მობილობის წესის ეფექტურად გამოყენებასთან მიმართებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამორიცხვას და „საჯაროს სამსახურის შესახებ“ კანონში მობილობის ინსტიტუტის დამკვიდრების მიზნის უგულებელყოფას. დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, პროფესიული საჯარო მოხელის ინტერესების დაცვის მიზნით, მხოლოდ სათანადო დასაბუთებით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით, გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად უნდა გამოირიცხოს საჯარო სამსახურში კადრის შენარჩუნების შესაძლებლობა“. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის №2438-01 და 2018 წლის 31 ივლისის №2617-01 გადაწყვეტილებები ვ. ბ-ის დასაქმებაზე უარის თქმის ნაწილში გამოცემული იყო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე. აქტები არ შეიცავდნენ მითითებას მათი გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, შესაბამისად, არსებობდა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მობილობის წესით მოსარჩელის დასაქმებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უართან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად დასაბუთებული აქტის გამოცემას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ 20.04.2006წ. №ბს-1291-866(კ-05); 18.10.2018წ. №ბს-368-368(კ-18)). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა არ წარმოშობს მოსარჩელის უფლებას ზიანის მოთხოვნის შესახებ და შესაბამისად, სარჩელი მხოლოდ ამ საფუძველზე მითითებით ვერ დაკმაყოფილდება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში 2017 წლის პირველი ივლისიდან სრულად ამოქმედდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. ახალი კანონი, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა (1-ლი მუხლი).

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონით საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა მობილობის ინსტიტუტი.

ზემოაღნიშნული კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე კანონის 110-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელიც განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის მიხედვით, (1) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, იმავე საჯარო დაწესებულებაში ან მის სისტემაში მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით; (3) იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ მოიძებნა საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა თანამდებობების ტოლფასი თანამდებობები, ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე მოიძიოს ინფორმაცია დაბალ ვაკანტურ თანამდებობებზე მოხელეთა კომპეტენციის გათვალისწინებით და გააგზავნოს მათ შესახებ ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში; (8) საჯარო დაწესებულება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ ბიუროს აწვდის ინფორმაციას მობილობის განხორციელების ან მისი შეუძლებლობის შესახებ.

საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 09.07.2018წ. №7051-2-01 წერილით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ეცნობა, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 08.05.2018წ. №119 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული რეორგანიზაციის პირობებში, დაგეგმილია დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა და დეპარტამენტის ნაწილობრივ ახალი სტრუქტურის მიღება, დეპარტამენტის შტატების შემცირება, დეპარტამენტის არავაკანტური შტატების გადაადგილება, შესაბამისი თანამდებობების ფუნქციების, იერარქიული რანგებისა და კატეგორიების შეცვლა. წერილში მითითებულია, რომ დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხის პროექტი აღარ ითვალისწინებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს - საავტომობილო გზების ...ის სამსახურებს. აღნიშნული სამსახურების გაუქმებით, მათ ბაზაზე იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით, წერილში მითითებულ იქნა, რომ საავტომობილო გზების ...ის სამსახურებში შტატების შემცირების, შესაბამისი თანამდებობების იერარქიული რანგის/კატეგორიის ცვლილების გათვალისწინებით, აღნიშნულ სამსახურებში დასაქმებული მოხელეები, მათ შორის, ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ვ. ბ-ი განისაზღვრნენ გასათავისუფლებელ მოხელეთა სიაში. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.1 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ 12.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე, მისი თანხმობით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, კომპეტენციის გათვალისწინებით. დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში ზემოაღნიშნულ პირთა კომპეტენციის, თანამდებობის იერარქიული რანგისა და კატეგორიების გათვალისწინებით, არ არის გათვალისწინებული მათი თანამდებობის ტოლფასი ან/და დაბალი თანამდებობა. ამდენად, დღის წესრიგში დგას ზემოაღნიშნულ პირთა შიდა მობილობის საკითხი. 09.07.2018წ. №7051-2-01 წერილის პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 16.07.2018წ. №2438-01 გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები. ანალოგიური შინაარსის 30.07.2018წ. №7785-2-07, №7787-2-07, №7788-2-07, №7790-2-07 და №7792-2-07 წერილების პასუხად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 31.07.2018წ. №2617-01 გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ „სამინისტროს ახალი დებულება, რომელიც ახალ სტრუქტურულ ერთეულად ითვალისწინებს მოსარჩელის ფუნქციებთან შესაბამისობაში არსებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტს, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. №385 დადგენილებით. ამავე თარიღით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა №7792-2-01 წერილით მიმართა სამინისტროს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ სამინისტროს უწყებაში ხელახლა მოიძია შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობები, მოითხოვა წერილში მითითებული პირების მიმართ მობილობის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. 31.07.2018წ. №2617-01 გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეცნობა, რომ სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაასაქმოს წერილში მითითებული მოხელეები, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს - 2018 წლის პირველ აგვისტოს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 30.07.2018წ. №385 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს ახალი დებულება. ამდენად, მართალია, მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებაზე უარის შესახებ 31.07.2018წ. აქტის გამოცემის თარიღი წინ უსწრებს სამინისტროს ახალი დებულების ძალაში შესვლის თარიღს (01.08.2018წ.), თუმცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვალდებულება, დაესაბუთებინა მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმების შესაძლებლობის ან შეუძლებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, წარმოიშვა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პირობებში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსარჩელისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაკისრებული ფუნქციების მსგავსი ან იდენტური შინაარსის ფუნქციების მქონე ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტრომ დაადასტურა ახლადშექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში მოსარჩელესთან შესაბამისობაში არსებული პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის ვაკანტურობა.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას ტოლფასი თანამდებობის არარსებობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც დადგენილ იქნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენდა ვ. ბ-ის შიდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტროს მიერ დადასტურდა ახლადშექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში მოსარჩელესთან შესაბამისობაში არსებული პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის ვაკანტურობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №01/2875 აქტში სამინისტრო ადასტურებს ფუნქციურად ტოლფასი პოზიციის არსებობას, მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა 2020 წლის 14 აგვისტოს (აქტის გამოცემის თარიღი) მდგომარეობით უკვე არ იყო ვაკანტური. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ ვ. ბ-ისათვის მობილობაზე უარის თქმისას, ტოლფასი თანამდებობა იყო ვაკანტური, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის უარი მოსარჩელის მობილობის წესით დასაქმებაზე, ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ წინაპირობას. აღნიშნული უარით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და სახეზეა მიზეზობრივი კავშირი - მოპასუხის მიერ მობილობის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით მოქმედების პირობებში ვ. ბ-ს არ მიადგებოდა ზიანი. მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რამდენადაც ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მობილობის საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას და არა მიყენებული ზიანის ოდენობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 46080 ლარის ოდენობით.

ასევე დაუსაბუთებელია კასატორის შედავება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №01/2875 წერილი, რომლითაც ვ. ბ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უარი ეთქვა სამინისტროში დასაქმებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასახელებული აქტით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მობილობის წესით დასაქმებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი დასაქმებული იყო სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რომლის ტოლფასი თანამდებობა - ...ის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, არ არის ვაკანტური, ისევე როგორც დეპარტამენტში დაბალი რანგის სხვა თანამდებობა. ვინაიდან, მოსარჩელე მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ უკავშირებს თავდაპირველად მისთვის მობილობაზე უარის თქმის პერიოდში ვაკანტური თანამდებობის არსებობას, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სამინისტროს 2020 წლის 14 აგვისტოს №01/2875 აქტი ვერ გახდება ვ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე