საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1213(კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ეის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე (მოსარჩელე - ო. მ-ი, მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მესამე პირის - ი. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ბ-ეის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს - არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება გაეგზავნა ი. ბ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე, პირადად ჩაბარდა 2023 წლის 20 დეკემბერს. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა 2023 წლის 27 დეკემბერს 24 საათზე (ოთხშაბათი) ამოიწურა.
ი. ბ-ემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო სასამართლოს მომართა 2023 წლის 28 დეკემბერს (იხ. საფოსტო შეტყობინების ბარათი - ტ.2. ს.ფ. 192).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, ი. ბ-ემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით საკასაციო პალატას მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, ი. ბ-ეს (პ/ნ: ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს 2023 წლის 22 დეკემბერს სს „ს...ს“ თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით (ოპერაციის კოდი - ს...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ-ეის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. ი. ბ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 22 დეკემბერს სს „ს...ს“ თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით (ოპერაციის კოდი - ს...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე