Facebook Twitter

№ბს-1245(კ-23) 23 თებერვალი, 2024 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჩ.ბ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 20 დეკემბერს ჩ.ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის-ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 2 ნოემბრის №2020/1-04/23398, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 27 სექტემბრის №SSA 8 22 00355882, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის №SSA 6 22 00593165 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ჩ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 2 ნოემბრის №2020/1-04/23398 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 27 სექტემბრის №SSA 8 22 00355882 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის №SSA 6 22 00593165 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე ჩ.ბ-ისათვის 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო პენსიის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემობებზე, რომ მოსარჩელე ჩ.ბ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს. იგი 2020 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში იღებდა სახელმწიფო პენსიას.

ჩ.ბ-ს სახელმწიფო პენსია შეუწყდა 2020 წლის 01 ნოემბრიდან სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან მიწოდებული 2020 წლის 28 ოქტომბრის №04/23398 წერილის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

ჩ.ბ-ი (პ/ნ ...) 2020 წლის 27 ივლისიდან 2020 წლის 20 აგვისტოს თვის ჩათვლით მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შორის გაფორმებული ხელშეკრულების „...ში“ საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელ თანამშრომლად და ასრულებდა ...ის უფლება - მოვალეობას.

ჩ.ბ-მა 2022 წლის 12 აგვისტოს №207479 განცხადებით მიმართა ...ის სერვის ცენტრს, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და წარადგინა ცნობა ორგანიზაციაში საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელ თანამშრომლად დასაქმების შესახებ; გასაცემლის დანიშვნა განხორციელდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 27 სექტემბრის №8 22 00355882 წერილით ჩ.ბ-ს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2020 წლის ოქტომბრის თვეში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 02 ნოემბრის №2020/1-04/23398 გადაწყვეტილებით შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელი 2020 წლის 1 ნოემბრიდან, ზემოაღნიშნულის თაობაზე სერვის ცენტრის მიერ ეცნობა 2020 წლის 29 ოქტომბრის N04-00-გ/19398 კორესპონდენციით. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2022 წლის 12 აგვისტოს, შესაბამისად სახელმწიფო გასაცემელი დაენიშნა 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შორის გაფორმებული ხელშეკრულების „...ში“ საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელი თანამშრომლის მიერ ...ის უფლება - მოვალეობის განხორციელება არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელებას, რამდენადაც ჩ.ბ-ი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე და საგრანტო პროექტის ფარგლებში, კონკრეტული ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ... სამუშაოებს; ჩ.ბ-ის საჯარო სამსახურში საქმიანობა უკავშირდებოდა არა საჯარო - სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელებას, არამედ დამხმარე ან არამუდმივი ფუნქციების შესრულების გზით საჯარო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას.

ვინაიდან, მოსარჩელე არ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, სააგენტო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ჩ.ბ-ს არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით სადავო პერიოდში - 2020 წლის ნოემბრის თვიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით.

რაც შეეხება, სააგენტოს არგუმენტს, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და პენსიის დანიშვნის თაობაზე მხოლოდ ორი წლის შემდგომ მიმართა სააგენტოს, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გასაცემლის შეწყვეტის შესახებ ჩ.ბ-ს გაეგზავნა წერილი საპენსიო საქმეში განთავსებულ განცხადებებზე და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დაფიქსირებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. №19ა, ბინა №... აღნიშნული წერილი დაბრუნდა ფოსტის მიერ - „მოუკითხაობის გამო“. ასევე, ჩ.ბ-სთან 2020 წლის 30 ნოემბერს იგივე მისამართზე გაიგზავნა წერილი (04-00-გ/20744) აგვისტოს და სექტემბრის თვეების ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულების შესახებ (წერილი უკან დაბრუნებული არ არის). 2021 წლის 29 ივნისს გაფორმდა გადაწყვეტილება ვალის ლეგალიზების შესახებ. ჩ.ბ-ს აღნიშნულის შესახებ 2021 წლის 5 ივლისის №04-00-გ/7058 წერილით ეცნობა ზემოაღნიშნულ მისამართზე (წერილი უკან დაბრუნდა).

ამდენად, მოსარჩელისათვის სადავო 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია, შესაბამისად, არ დასტურდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოსარჩელის მიერ გაცნობის ფაქტი. მას შემდეგ რაც ჩ.ბ-მა ადმინისტრაციული ორგანოდან მოითხოვა ინფორმაცია, მას 2022 წლის 27 სექტემბრის წერილით ეცნობა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2020 წლის 1 ნოემბრიდან აღარ იღებდა კონკრეტული ოდენობით სახელმწიფო პენსიას, რაც მოგვიანებით გახადა სადავოდ, ვერ შეცვლიდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დაინტერესებული მხარისათვის გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის და გასაჩივრების ვადის ათვლის სწორედ ოფიციალური გაცნობიდან დაწყების თაობაზე.

რაც შეეხება მოთხოვნას მოპასუხისათვის 2020 წლის ნოემბრის თვიდან 2022 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების დავალების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, სახეზე იყო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული მოთხოვნაც საფუძვლიანი იყო.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გასაცემლის მიმღები ვალდებულია, აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოებების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა, რასაც კასატორის მოსაზრებით, ჩ.ბ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ასევე, ჩ.ბ-ს 2020 წლის 1 ნოემბრიდან პენსიის შეწყვეტის ფაქტი, 2022 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში (პენსის ხელახალი დანიშვნამდე), სააგენტოსათვის არ მიუმართავს და სადავოდ არ გაუხდია.

რაც შეეხება პენსიის შეწყვეტის შესახებ ჩ.ბ-ის ინფორმირების საკითხს, კასატორის მითითებით, ჩ.ბ-ს სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან 2020 წლის 28 ოქტომბრის №04/23398 წერილით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (საჯარო საქმიანობის განხორციელება), 2020 წლის 1 ნოემბრიდან შეუწყდა პენსიის გაცემა, რის თაობაზე ჩ.ბ-ს ეცნობა ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 29 ოქტომბრის №04-00-გ/19398 - წერილით, საპენსიო საქმეში განთავსებულ განცხადებებზე და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 19ა, ბინა ..., რაც დაბრუნდა საქართველოს ფოსტის მიერ „მოუკითხაობის გამო.“

ჩ.ბ-ის დამსაქმებელთან, დასაქმების პერიოდის დაზუსტების შემდგომ, 2020 წლის 30 ნოემბერს გაიგზავნა წერილი (№04-00-გ/20744) ზედმეტად გაცემული თვეების ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულების შესახებ. ამის შემდეგ, ...ის სერვის ცენტრის მიერ, 2021 წლის 29 ივნისს გაფორმდა გადაწყვეტილება ვალის ლეგალიზების შესახებ. შესაბამისად, მოქალაქეს ეცნობა 2021 წლის 5 ივლისის №04-00-გ7058 წერილით ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, აღნიშნული წერილი დაბრუნდა უკან.

კასატორი აღნიშნავს, რომ, ჩ.ბ-სთან მიმოწერებს ...ის სერვის ცენტრი ახორციელებდა საპენსიო საქმეში განთავსებულ დოკუმენტაციებში მოქალაქის მიერ მითითებულ მისამართზე, ვინაიდან, მისამართის ცვლილებაზე ცენტრს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. უფრო მეტიც, 2022 წლის 12 აგვისტოს ჩ.ბ-მა ...ის ცენტრს მიმართა №207479 განცხადებით, (მისამართი კვლავ დააფიქსირა ქ. თბილისი, ...ის ქ. 19ა, ბინა ...), სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით და წარადგინა ცნობა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელ თანამშრომლად დასაქმების შესახებ. გასაცემლის დანიშვნა განხორციელდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან. შესაბამისად, ...ის სერვის ცენტრის 2022 წლის 27 სექტემბრის №355882 წერილით ეცნობა გასაცემლის კანონის შესაბამისად დანიშვნის შესახებ.

ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კასატორის მითითებით, ჩ.ბ-სთან მიმოწერების გაგზავნას, სააგენტოს ტერიტორიული ერთეული ახორციელებდა იმ მისამართზე, რომელიც მითითებული ჰქონდა სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებში და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. მისამართის ცვლილება ჩ.ბ-ის მხრიდან დაფიქსირებულია მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმართულ 2022 წლის 13 ოქტომბრის განცხადებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ჩ.ბ-ის პენსიის ადმინისტრირებისას, როგორც სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის, ასევე, დაინტერესებული მხარის ინფორმირების ნაწილში, სააგენტომ სრულად დაიცვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად გაიზიარა და შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე ჩ.ბ-ი (პ/ნ ...) დაიბადა ... წლის ... ...ს. იგი 2020 წლის 27 ივლისიდან 2020 წლის 20 აგვისტოს თვის ჩათვლით მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შორის გაფორმებული ხელშეკრულების „...ში“ საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელ თანამშრომლად და ასრულებდა ...ის უფლება - მოვალეობას.

ჩ.ბ-ს სახელმწიფო პენსია შეუწყდა 01.11.2020 წლიდან სააგენტოს ცენტრალური აპარატიდან მიწოდებული 28.10.2020 წლის №04/23398 წერილის საფუძველზე, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო; განხორციელდა 2020 წლის ოქტომბრის თვის გასაცემლის ბანკიდან გამოთხოვა (თანხა დაბრუნდა სრულად).

გასაცემლის შეწყვეტის შესახებ ჩ.ბ-ს ეცნობა წერილით, საპენსიო საქმეში განთავსებულ განცხადებებზე და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დაფიქსირებულ მისამართზე - თბილისი, ...ის ქ. №19ა, ბინა №... აღნიშნული წერილი დაბრუნდა ფოსტის მიერ - „მოუკითხაობის გამო“.

სააგენტომ 29.10.2020 წლის №04-00-გ/19385 წერილით მიმართა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ჩ.ბ-ის დასაქმების პერიოდის გარკვევის მიზნით ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ორგანიზაციიდან 30.10.2020 წლის ცენტრის 01.10.2020 წერილის საფუძველზე დასაქმების პერიოდი ფიქსირდება 27.07.2020 წლიდან 2020 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. ჩ.ბ-სთან 30.11.2020 წელს იგივე მისამართზე გაიგზავნა წერილი (04-00-გ/20744) აგვისტოს და სექტემბრის თვეების ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულების შესახებ (წერილი უკან დაბრუნებული არ არის). 29.06.2021 წელს გაფორმდა გადაწყვეტილება ვალის ლეგალიზების შესახებ. ჩ.ბ-ს აღნიშნულის შესახებ 05.07.2021 წლის №04-00-გ/7058 წერილით ეცნობა ზემოაღნიშნულ მისამართზე (წერილი უკან დაბრუნდა).

2022 წლის 12 აგვისტოს ჩ.ბ-მა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით №207479 განცხადებით მიმართა ...ის ცენტრს და წარადგინა ცნობა ორგანიზაციაში საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელ თანამშრომლად დასაქმების შესახებ.

2022 წლის 27 სექტემბრის №SSA 8 22 00355882 წერილით ჩ.ბ-ს ეცნობა, რომ ...ის სერვის ცენტრის გადაწყვეტილება პენსიის შეწყვეტის თაობაზე კანონიერი იყო, ხოლო პენსია დაენიშნებოდა განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჩ.ბ-ს სახელმწიფო პენსია დაენიშნა 2022 წლის 1 სექტემბრიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ... შორის გაფორმებული ხელშეკრულების „...ში“ საგრანტო პროექტის ფარგლებში არამუდმივი ამოცანების შემსრულებელი თანამშრომლის მიერ ...ის უფლება-მოვალეობის განხორციელება არ წარმოადგენდა საჯარო საქმიანობის განხორციელებას, რამდენადაც ჩ.ბ-ი არ იყო დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საშტატო თანამდებობაზე და საგრანტო პროექტის ფარგლებში, კონკრეტული ვადით, ასრულებდა ... სამუშაოებს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და პენსიის დანიშვნის თაობაზე მხოლოდ ორი წლის შემდგომ მიმართა სააგენტოს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელისათვის სადავო 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოში არ წარმოუდგენია, შესაბამისად არ დასტურდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოსარჩელის მიერ ოფიციალურად გაცნობის ფაქტი, ხოლო მას შემდეგ რაც ჩ.ბ-მა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა ინფორმაცია და 2022 წლის 27 სექტემბრის წერილით ეცნობა სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის შესახებ, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურებს სააგენტოში, რომლის 2022 წლის 30 ნოემბრის №SSA 6 22 00593165 გადაწყვეტილებით საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2020 წლის 2 ნოემბრის №2020/1-04/23398 გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 27 სექტემბრის №SSA 8 22 00355882 წერილის ბათილად ცნობისა და 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე