№ბს-650(2კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირი (სასკ 16.2) - სს „...ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 21 სექტემბერს გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას 2000-2002 წლებში საკუთრებაში გადაეცა გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე ორი შენობა. ამ დროიდან იგი თვითნებურად დაეუფლა შენობების მიმდებარედ არსებულ 12 497 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობა, იყენებდა მცირე მოცულობის სამეწარმეო საქმიანობისათვის, გადახურა მიწაზე განთავსებული ერთ-ერთი შენობა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ეს მიწის ნაკვეთი ჩაითვალა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიად, რაც მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. ადმინისტრაციული ორგანოს უარი ასევე დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ეს მიწა ექცეოდა ...ის გასხვისების ზოლში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ თანხმობის მიცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 აქტის, მოსარჩელისათვის გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...ა“.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც, დადგენილად იქნა ცნობილი მის მიერ „...ის“ ...ს საკუთრების უფლებით ფლობით ფაქტი.
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 13 დეკემბერს, გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ქონებაზე - გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 360 მ2 მიწის ნაკვეთსა და 1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...).
სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 ივლისის განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 30 აგვისტოს, გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა - გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288 მ2 მიწის ნაკვეთსა და 262,60 მ2 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...).
გ. ბ-მა 2022 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მის სახელზე რიცხული ორი შენობა-ნაგებობის მიმდებარედ არსებულ 12 497 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების გზით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდა გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით მონიშნული შენობისა, მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე აღნუსხული იყო კიდევ 2 შენობა-ნაგებობა: 1 მშენებარე და 1 დანგრეული.
ქალაქ გორის მუნიციპალური ორგანოების საარქივო დოკუმენტებში, 1986-2007 წლების მდგომარეობით, გორში გ. ბ-ის სახელზე მიწის გამოყოფის, მშენებლობის ნებართვის ან რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განხორციელებული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნაკვეთი (პირობითი საკადასტრო კოდით ...) წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 245 მ2 ფართს, რაზეც განთავსებული იყო 3 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა: 2 აშენებული (ერთი მიწისქვეშა - ...ი) და 1 დანგრეული. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ თ. ა-ი და ნ. ღ-ი. გ. ბ-ი ფაქტობრივად ფლობდა ამ ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე სხვა პირების მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა. ნაკვეთი უმეტესად არაფიქსირებული იყო. სარეგისტრაციო ბლოკი იყო საჯარო, რის გამოც გამოსათხოვი იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა, შენობა-ნაგებობების ლეგალიზების აქტი. ასევე მოხდა ადგილის ფოტოილუსტრაცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის მიმართვით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 1999 წლიდან გ. ბ-ი ამ მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის მიხედვით, ამ პერიოდში, მიწის ნაკვეთზე უკვე იყო განთავსებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას. ამავე დროს, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ის მიმდებარედ და განეკუთვნებოდა ...ისა და ...ის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ მიწას, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს მომზადდა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, 2014-2017 წლების ორთოფოტოს მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთიდან ...მდე მანძილი შეადგენდა დაახლოებით 4 მეტრს და არ ხვდებოდა გასხვისების ან/და დამცავი ზონის ფარგლებში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას.
სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ ...ო და ...ი ირიცხებოდა „...ის“ ბალანსზე, სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას, რომელთა გასხვისება მოხდა სახელმწიფოს (თვითმმართველობის) მიერ აუქციონისა თუ პირდაპირი მიყიდვის წესით, მიუთითებდა, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტომასალითაც ირკვეოდა, რომ სადავო მიწა და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული იყო ქარხნული, საწარმოო თუ სამეურნეო მიზნებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდში. მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზით და დათვალიერების ოქმითაც დგინდებოდა, რომ ამ მიწაზე განთავსებული იყო 3 შენობა-ნაგებობა, რაც გ. ბ-ის მიერ არ აშენებულა.
მთელი კომპლექსიდან გ. ბ-ი გახდა მხოლოდ ორი შენობის მესაკუთრე (სახელმწიფო ქონების შესყიდვიდან გამომდინარე) №... და №... საკადასტრო კოდებით. ამ ორ შენობას შორის მოქცეული დანარჩენი ტერიტორია კვლავ დარჩა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). მიწის თვითნებურად დამკავებლად მიჩნეული უნდა ყოფილიყო ის ფიზიკური პირი, რომელმაც უშუალოდ ააშენა შენობა-ნაგებობა სადავო მიწაზე (ან მისი მამკვიდრებელი). ამასთან, შენობის აშენებად ვერ ჩაითვლებოდა უკვე არსებული შენობის გაფართოება, რემონტი ან/და ზედ სხვა შენობა-ნაგებობის მიშენება, ან მისი სხვადასხვა მიზნით გამოყენება.
საქმის მასალებითა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (hhttps://maps.gov.ge/) მონაცემების მიხედვით, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები უფლებაასაღიარებელ მიწაზე. ადგილზე დათვალიერების ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით ცალსახად დგინდებოდა, რომ ამ მიწაზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობები, რომლებიც გ. ბ-ს არ აუშენებია. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავდა უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის საფუძვლების არსებობას.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე გ. ბ-ის მიერ ქონების გადასახადის გადახდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამდენად, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მხედველობაში მიღებით, ქონების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლად სახეზე უნდა ყოფილიყო ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის ან საკუთრებაში ქონა ან ფლობა/სარგებლობა.
მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქონების გადასახადის წლების განმავლობაში გადახდისა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ადმინისტრირების ფარგლებში აღნიშნული გადასახადის მიღების ფაქტი წინააღმდეგობას წარმოშობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის წერილში ასახულ მტკიცებასთან, რომლის თანახმად, გ. ბ-ი სადავო მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი ვითარება. არ იქნა დადგენილი რა სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოებდა გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდა და აღნიშნულ გარემოებას არ მიეცა სათანადო შეფასება. არ იქნა შესწავლილი რა სამართლებრივი საფუძვლებით ხდებოდა აპელანტის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის სახით მოსაკრებლის გადახდა და რა სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა სახელმწიფოს აღნიშნული გადასახადის მიღებისა, თუკი აღნიშნული მიწის ნაკვეთი აპელანტის არც საკუთრებას წარმოადგენდა და ვერც დაუფლება/სარგებლობას ექნებოდა ადგილი. ამასთან, არ იქნა დადგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობათა ამჟამინდელი მდგომარეობა; მათ მიმართ სახელმწიფოს ინტერესის არსებობა ან/და აღნიშნული შენობა-ნაგებობების განლაგების მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთის იმგვარი გამიჯვნის შესაძლებლობა, რაც შესაძლებელს გახდიდა როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სახელმწიფოსათვის შენარჩუნებას, ასევე, ფიზიკური პირის საკუთრების ინტერესების რეალიზაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ სასამართლომ სწორად არ განმარტა მოქმედი საკანონმდებლო ნორმები, სასამართლო საკითხის შეფასებისას შემოიფარგლა ფორმალურად, ამასთან გადაწყვეტილებაში მოყვანილია კანონის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. გაუგებარია, რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება გაეკეთებინა ადმინისტრაციულ ორგანოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნილ უფლებასთან მიმართებაში, მაშინ როცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №°... (03.08.2022) გადაწყვეტილებაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 ივლისის №... ადგილზე დათვალიერების ოქმში, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (24.08.2022) გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, უტყუარად დგინდება, რომ სააგენტოს ხსენებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს გ. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სადავო გადაწყვეტილებაში სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გამახვილდა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ გორის რეგიონული ცენტრის შედარების აქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შედარების აქტში არ არის მითითებული მისამართი ან რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. ბ-ი სწორედ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან მიმართებით იხდიდა გადასახადს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შედარების აქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით მოიცავს პერიოდს 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამისად, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული დოკუმენტის გათვალისწინებით გ. ბ-ი უნდა იყოს მიჩნეული თვითნებურად დამკავებელ პირად სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია არ მოიცავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბრამდე) პერიოდს. შესაბამისად, უსაფუძვლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და მითითება, აღნიშნულ შედარების აქტთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის თვითნებურად დამკავებლად მიჩნეული უნდა იყოს ის ფიზ. პირი, რომელმაც უშუალოდ ააშენა შენობა-ნაგებობა სადავო მიწაზე (ან მისი მამკვიდრებელი). ამ პირის მიერ შენობის აშენებას ვერ ჩაითვლება უკვე არსებული შენობის გაფართოება, რემონტი ან/და სხვა შენობა-ნაგებობის მიშენება, ან მისი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. უკვე აშენებული შენობა-ნაგებობიანი მიწის თვითნებურად დაკავება, დასახელებული კანონით განსაზღვრულ „თვითნებურად დაკავებად“ განხილული ვერ იქნება. შესაბამისად, ვინაიდან სარეგისტრაციო ტერიტორიაზე უკვე არსებობდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები, მათი თვითნებურად დაკავება ვერ ჩაითვლება მათ დაუფლებად.
კასატორი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ამავე სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 წერილის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადასტურების შესახებ 2022 წლის 14 ივლისის განცხადებაში მითითებულია, რომ გ. ბ-ი სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს ფლობდა 1999 წლიდან და დღემდე აგრძელებს ფლობის ფაქტს, ხოლო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (hhttps://maps.gov.ge/) არსებული მონაცემების შესაბამისად, კერძოდ 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ გ. ბ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელი იყო, ვინაიდან, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი არის ისეთი მიწა, რომელზე საკუთრების უფლება აღიარებას არ ექვემდებარება, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ მიიღო მხედველობაში მის მიერ 2008-2013 წლებში მიწის გადასახადის გადახდის ფაქტი. სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მითითებული ცნობებით არ დგინდება კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე ხდებოდა გ. ბ-ის მიერ მიწის გადასახადის გადახდა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან, დაინტერესებული პირისათვის უარის თქმის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი დაკავებულია სახელმწიფო ობიექტებით და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. შესაბამისად, კანონის იმპერატიული ჩანაწერიდან გამომდინარე, რომელიც მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია სახელმწიფო ობიექტით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, არ არსებობდა არანაირი საფუძველი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, შესაბამისად, გაუგებარია დამატებით რა უნდა გამოეკვლია ან რა უნდა გამოიკვლიოს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დავის გადასაწყვეტად საჭირო კონკრეტულ გამოუკვლეველ ფაქტობრივ გარემოებაზე ვერ მიუთითა ისე დაავალა სააგენტოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს - ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2022 წლის 21 ივლისის №11/41134 აქტი და მოსარჩელისათვის გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები. შესაბამისად, მოცემულ საქმეში სადავო საკითხს, მოსარჩელე გ. ბ-ისთვის ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2000 წლის 30 აგვისტოს გორის ,,...ის" ხელმძღვანელს, გორის საგადასახადო ინსპექციის უფროსს, ინსპექციის უფროსის ...სა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმადაც, გორის „...ს“ ერიცხებოდა საბიუჯეტო დავალიანება, რაზეც სასამართლოს მიერ 2000 წლის 27 თებერვალს გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი. ოქმზე ხელმომწერებმა გადაწყვიტეს, რომ გაიყიდებოდა „...ის“ კუთვნილი ... და მას იყიდდა გ. ბ-ი, რომელსაც წლების განმავლობაში არენდით ჰქონდა იგი აღებული და მასში აწარმოებდა ...ის ... რეალიზაციას. ... აშენებული და ექსპლუატაციაში იყო შესული 1976 წელს (წელი გარკვევით არ იკითხება). ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ ამ შენობაში გ. ბ-ი გადაიხდიდა 2 000 ლარს, რაც შეტანილი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, გორის ...ის დავალიანების დასაფარად.
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგენილად იქნა ცნობილი მის მიერ ,,...ის" ...ს საკუთრების უფლებით ფლობით ფაქტი.
... წლის ... ...ს სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გ. ბ-მა შეიძინა მოვალე გორის „...ის“ ...ი ...ის ... ...ი შენობა (საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას).
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 13 დეკემბერს გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 360 მ2 მიწის ნაკვეთსა და 1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...).
სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 18 ივლისის განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ბ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 288 მ2 მიწის ნაკვეთსა და 262,60 მ2 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ №...).
გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია გ. ბ-ის № ... და № ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სისტემური აღრიცხვის გრაფიკული მონაცემები (ე. წ. ყვითელი ფენა) დაცული არ არის. ამ ფართის მომიჯნავედ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია სს „...ის“ კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 13 041 მ2 მიწის ნაკვეთი.
ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, ამ ტერიტორიის (უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის) დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ მოიპოვება.
გ. ბ-მა 2022 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მის საკუთრებაში მყოფი ორი შენობა-ნაგებობის მიმდებარედ არსებულ 12 497 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ ფართზე, საკუთრების უფლების აღიარების გზით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით მონიშნული შენობის გარდა, წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე აღნუსხული იყო კიდევ 2 შენობა-ნაგებობა: 1 მშენებარე და 1 დანგრეული.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საარქივო დოკუმენტებში, 1986-2007 წლების მდგომარეობით, გორში, გ. ბ-ის სახელზე მიწის გამოყოფის, მშენებლობის ნებართვის ან რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
გ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ბლოკში რეგისტრირებული ერთ-ერთი მესაკუთრე თ. ა-ა, რომლის განცხადებითაც მის მომიჯნავედ მდებარე სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთს 1999 წლიდან ფლობს გ. ბ-ი.
2022 წლის 20 ივლისს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოხდა სადავო უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, გ. ბ-მა და თ. ა-მა. დათვალიერების ოქმის მიხედვით, ნაკვეთი (პირობითი საკადასტრო კოდით - ...) წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12 245 მ2 ფართს, რაზეც განთავსებულია 3 არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა: 2 აშენებული (ერთი მიწისქვეშა - ...ი) და 1 დანგრეული. მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები არიან თ. ა-ი და ნ. ღ-ი. გ. ბ-ი ფაქტობრივად ფლობს ამ ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე სხვა პირების მხრიდან პრეტენზია არ გამოთქმულა. ნაკვეთი უმეტესად არაფიქსირებული იყო. სარეგისტრაციო ბლოკი იყო საჯარო, რის გამოც გამოთხოვილ იქნა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თანხმობა, შენობა-ნაგებობების ლეგალიზების აქტი. ასევე მოხდა ადგილის ფოტოილუსტრაცია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 21 ივლისის მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 1999 წლიდან გ. ბ-ი ამ მიწის ნაკვეთს დაუფლებული ვერ იქნებოდა, რადგან, ამავე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული მონაცემების შესაბამისად, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის თანახმად, ამ პერიოდში უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები და ეს ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწას. ამავე დროს, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ...ის მიმდებარედ და განეკუთვნებოდა ...ისა და ...ის სტრუქტურული ერთეულებისათვის გამოყოფილ მიწას, გასხვისების ზოლისა და დამცავი ზონის ჩათვლით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
გ. ბ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს მომზადდა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, 2014-2017 წლების ორთოფოტოს მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთის ...მდე მანძილი შეადგენდა დაახლოებით 4 მეტრს და არ ხვდებოდა გასხვისების ან/და დამცავი ზონის ფარგლებში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას, რომელთა დღევანდელი მესაკუთრეები არიან სახელმწიფო, გორის მუნიციპალიტეტი, სს „...ა“, კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირები. კერძო სამართლის იურიდიული და ფიზიკური პირების საკუთრება წარმოშობილია ქონების პრივატიზების შედეგად. მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები - თ. ა-ი და ნ. ღ-ი, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ გ. ბ-მა 2007 წლამდე დაიკავა სადავო მიწა, თავისი კუთვნილი მიწების მესაკუთრეები გახდნენ 2016 და 2020 წლებში.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, მერია თანახმა იყო, განხორციელებულიყო 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დამთავრებული ობიექტების ლეგალიზება გ. ბ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, სალეგალიზებო ფართები - 262 მ2 და 326,47 მ2, მდებარე გორში, ...ის ... კმ-ზე, საკადასტრო კოდებით № ... და № ....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული კანონი ასევე განმარტავს დაინტერესებული პირის ცნებას. კერძოდ, მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიწის ნაკვეთზე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ მან, სახელმწიფო ქონების განკერძოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიიღო გორში, ...ის ... კმ-ზე მდებარე უძრავი ნივთები - საკადასტრო კოდებით №... და №..., ხოლო ამ ობიექტების გარშემო არსებული 12 497 მ2 მიწის ნაკვეთი დაიკავა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თვითნებურად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა ორივე ელემენტი, როგორც უფლებამოსილი სუბიექტი (დაინტერესებული პირი), ასევე ობიექტი - თვითნებურად დაკავებული მიწა. უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის მქონე სუბიექტს - დაინტერესებულ პირს, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთთან ფაქტობრივად არსებული კავშირის, მისი დაკავების და მასზე გაწეული სამეურნეო, მოვლისა და ექსპლუატაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონი უქმნის საკუთრების უფლების აღიარების საკანონმდებლო საფუძველს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის მიზანს წარმოადგენდა აუთვისებელი მიწის ფონდის ათვისება და კანონის მიღების ეტაპისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის და მასზე გაწეული სამეურნეო, მოვლისა და ექსპლუატაციის გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში გადასვლა. კანონმა დაადგინა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (იხ. სუს №ბს-504-501(კ-17); №ბს-1179(კ-19); №ბს-928(კ-20)) არსებული მიწის ნაკვეთები, როგორც აუთვისებელი მიწის ფონდი, თუმცა, კანონის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს გამორიცხავდა უძრავ ქონებაზე როგორც სხვა პირთა საკუთრების უფლების არსებობა, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე არსებული სპეციალური დანიშნულება, კანონით განსაზღვრულ სპეციალურ ზონაში ყოფნა ან/და მისთვის განსაზღვრული დანიშნულებითა და სარგებლობის ფორმით გამოყენება. მათ შორის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას. აღნიშნული დანაწესი გამომდინარეობს თავად კანონის მიზნიდან, რომ საკუთრების უფლების აღიარება ხდება აუთვისებელი მიწის ფონდიდან ასათვისებელ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფოს განთავსებული აქვს ობიექტები, უკვე მიიჩნევა სახელმწიფოს მხრიდან ათვისებულად. აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტები ისევე ეკუთვნის საკუთრების უფლებით სახელმწიფოს, როგორც უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი, თუმცა პრეზუმირებულია, რომ მიწის ნაკვეთზე ობიექტების განთავსებით, სახელმწიფო გარკვეული მიზნობრიობითა და დანიშნულებით ფლობს მიწის ნაკვეთს, რაც სხვა პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის გამომრიცხველი გარემოებაა. ასეთი ქონება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა განიკარგოს პრივატიზების ან განკერძოებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით, თუმცა არა თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების გზით.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის გარშემო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ ტერიტორიას, რომელთა გასხვისება მოხდა სახელმწიფოს (თვითმმართველობის) მიერ აუქციონისა თუ პირდაპირი მიყიდვის წესით. სადავო ტერიტორია წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს. საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალითაც ირკვეოდა, რომ სადავო მიწა და მიმდებარე ტერიტორია დაკავებული იყო ქარხნული, საწარმოო თუ სამეურნეო მიზნებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, რაც გამოიყენებოდა საბჭოთა პერიოდში. მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზეც დატანილი იყო და დათვალიერების ოქმითაც დგინდებოდა, რომ ამ მიწაზე განთავსებული იყო 3 შენობა-ნაგებობა, რაც გ. ბ-ის მიერ აშენებული არ იყო. მთელი კომპლექსიდან გ. ბ-ი გახდა მხოლოდ ორი შენობის მესაკუთრე №... და №... საკადასტრო კოდებით. ამ ორ შენობას შორის მოქცეული დანარჩენი ტერიტორია კვლავ დარჩა სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად.
საქმის მასალებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (hhttps://maps.gov.ge/) მონაცემების მიხედვით, 1979 წლის ქალაქების ტოპოგრაფიული გეგმის შესაბამისად, ამ პერიოდში, მიწის ნაკვეთზე უკვე არსებობდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. ადგილზე დათვალიერების ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციით ცალსახად დგინდებოდა, რომ მიწაზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობები, რომლებიც მოსარჩელეს არ აუშენებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე გ. ბ-ის საკუთრების უფლება 12 497 მ2 მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი აზომვით ნახაზზე არსებული კონფიგურაციით, არ ექვემდებარებოდა აღიარებას, რამდენადაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრების ობიექტები (იხ. №ბს-574(კ-19); №ბს-1059(კ-19); №ბს-608(კ-20); №ბს-1218(კ-21) განჩინება/გადაწყვეტილებები). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შეფასება არ გამორიცხავს 12 497 მ2 მიწის ნაკვეთიდან გარკვეულ ნაწილზე, რომელზეც არ დგას სახელმწიფო საკუთრების ობიექტი და არ წარმოადგენს მისი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ან/და მასთან არსებითად დაკავშირებულ მიწის ნაკვეთის ფართობს, გ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, თუმცა, მოცემული საკითხის შესწავლა და შეფასება წარმოადგენს განსახილველ საქმეში დავის საგნისგან არსებითად განსხვავებულ საკითხს, რისი შეფასებისთვის აუცილებელია, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, როგორც მოსარჩელე მხარის პოზიციის შეფასება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას არსებითად საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე გ. ბ-ის მიერ ხდებოდა ქონების გადასახადის გადახდა (შედარების აქტი ტ.1 ს.ფ. 191).
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ დაინტერესებული მხარე მიწის ნაკვეთს უნდა ფლობდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე (კანონის მიღების თარიღი - 11/07/2007; გამოქვეყნების თარიღი - 27/07/2007). წარმოდგენილი შედარების აქტით კი დგინდება, რომ მოსარჩელე მიწის გადასახადის გადამხდელი იყო 2008 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, წარმოდგენილი შედარების აქტით (ტ.1 ს.ფ. 191) არ დგინდება თუ კონკრეტულად რა ქონებაზე გადაიხდებოდა მოსარჩელის მიერ გადასახადი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი სია, ან დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რა გახდა მოსარჩელისათვის გადასახადის დარიცხვის საფუძველი. არ იკვეთება, მოსარჩელე გადასახადს იხდიდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, მის ნაწილზე თუ სხვა რაიმე უძრავ ქონებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის შეფასება დაუსაბუთებელია. მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად არ დგინდება და არ არის განმარტებული, რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ, მოსარჩელის მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე ქონების გადასახადის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ყოფნა წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და არა მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1.რ. მუხლი). სადავო პერიოდში კი, მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სიაში ვერ ხვდებოდა პირი, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრების ობიექტ(ებ)ით დაკავებული მიწის ფლობასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა. თავად მოსარჩელეც უძრავ ნივთზე ითხოვს, როგორც თვითნებურად, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არ დასტურდება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებით არსებული უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მოსარჩელის საგადასახადო სიაში ყოფნის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10-11 პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო სიის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს საგადასახადო სიის ბოლო მონაცემების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საგადასახადო სიის საფუძველზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანხმობით, რომლითაც დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილი არ იყო. განსახილველ შემთხვევაში არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელე იხდიდა ქონების გადასახადს სწორედ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, ამასთან ასეთი გარემოების დადგენის შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, გადასახადი გადაიხდებოდა 2008 წლის 1 იანვრიდან და არა იმ პერიოდისთვის, როდესაც ქონების გადასახადის გადახდა ქმნიდა უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტის დადგენისა და საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მასში არ არის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც ქმნიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას შეეძლო თავად გამოეთხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და დაედგინა თუ რა საფუძვლით და რომელ ქონებასთან დაკავშირებით ხდებოდა მოსარჩელისათვის გადასახადის დარიცხვა, ასევე, იხდიდა თუ არა ქონების გადასახადს მოსარჩელე 2008 წლამდე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელ ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვეთის შესაძლებლობას, თუმცა არსებული მდგომარეობით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით). ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს. სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-985(კ-20); №ბს-372(3კ-20) განჩინებები).
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები) გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს მყარ დასაბუთებას, რატომ იქნა მიჩნეული ერთადერთი გარემოება - მოსარჩელის მიერ 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე ქონების გადასახადის გადახდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლად, რა არსებითი გავლენა ჰქონდა დავის გადაწყვეტისათვის მითითებულ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთთან ან მის ნაწილზე, მოსარჩელეს გააჩნდა თუ არა უფლების წარმოშობის, მართლზომიერად ფლობის საფუძველი, ასეთის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთი მტკიცებულების არსებობის პირობებში, დასაშვებია სარჩელის ტრანსფორმაცია, ხოლო საწინააღმდეგო შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები უნდა შეაფასოს თავად სააპელაციო სასამართლომ.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოიყვანა დასაბუთება მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფო ქონების ობიექტებით, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების არარსებობის შესახებ, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ ეკარგება შესაძლებლობა, რომ ახალი განცხადებითა და აზომვითი ნახაზით მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმ მიწის ნაკვეთის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც იგი ფლობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის და რომელზეც არ დგას სახელმწიფო საკუთრების ობიექტი და არ წარმოადგენს მისი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილ ან/და მასთან არსებითად დაკავშირებულ მიწის ფართობს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული საკითხის შესწავლა და შეფასება წარმოადგენს განსახილველ საქმეში დავის საგნისგან არსებითად განსხვავებულ საკითხს, რისი შეფასებისთვის აუცილებელია როგორც მოსარჩელე მხარის პოზიციის შეფასება, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესი. ეს წესი ადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობებს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის პირობებში, თუკი დადგენილი იქნება, რომ არ არსებობს მიწის ნაკვეთის ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები, მოსარჩელე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, დადგენილებით არსებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ინარჩუნებს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთის, დადგენილებით განსაზღვრული პირობებით, საკუთრებაში მიღების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა