Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1373(2კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. ბ-ა

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 ნოემბერს მ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლიდან არის დევნილი აფხაზეთიდან და ამ დროიდან ელოდება თავშესაფარს სახელმწიფოსაგან. ჯერ კიდევ 2010 წელს მ. ბ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახელმწიფოს მხრიდან მისი ვალდებულების შესრულებისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ იმ დროისთვის სამინისტროს არ ჰქონდა შესაძლებლობა მოსარჩელის ბინით უზრუნველსაყოფად. ამასთან, ჯერ კიდევ არ იყო გასული სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ 2009 წელს მიღებული სამოქმედო გეგმის (2009-2012 წწ.) ვადა. აღნიშნული ვადა დამთავრდა 2012 წელს, მაგრამ სახელმწიფომ არც შემდგომ შეასრულა მისი ვალდებულება. 2014 წლის 23 აპრილს მ. ბ-ამ კვლავ შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დევნილთა სამინისტროსაგან საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საქმემ გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია. უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და დაავალა დევნილთა სამინისტროს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა აღნიშნულის შემდეგაც, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მ. ბ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ისე, რომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს არცერთი მითითება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 26 ნოემბერს მ. ბ-ამ კვლავ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს სამივე ინსტანციამ ბათილად ცნო სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება და ისევ დაევალა მას საკითხის შესწავლის შედეგად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით გათვალისწინებულ ვადაში. სამინისტრომ არც ამჯერად შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც 2018 წლის დეკემბერში მ. ბ-ამ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თითქმის ერთი წლის ლოდინის შემდეგ, სამინისტრომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში ჩააბარა საბუთი, რომლის თანახმად, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ყველა მუხლის დარღვევით, მოსარჩელეს ისევ უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2292/ო ბრძანება, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე კანონიერ ძალაშია შესული, მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით განსახორციელებელი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა გასული არ იყო.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 11 სექტემბერს მ. ბ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი და მოითხოვა ქ. თბილისში, …ას ქ. №5-ში მდებარე ობიექტით, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტმა მ. ბ-ას ოჯახს, განაცხადისა და კითხვარის შესწავლის საფუძველზე, 2013 წლის 18 ნოემბერს მიანიჭა 5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 3 ქულა, ქირა - 1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1 ქულა), რის შედეგადაც მ. ბ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ. ბ-ას განემარტა, რომ ქ. თბილისში, …ას ქ. №5-ში მდებარე ობიექტში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც ზემოაღნიშნული კრიტერიუმის შესაბამისად, მიიღეს 8, 9, 10, 11, 11.5 და 12 ქულა. 2015 წლის 4 მაისს კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტმა განმეორებით განახორციელა მ. ბ-ას ოჯახის კრიტერიუმების შეფასება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით და მიანიჭა 4 ქულა (ქირა - 1.5 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1.5 ქულა, მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისგან - 1 ქულა).

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 8 აპრილს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის დავალების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-715-707(კ-15)), გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (მ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 18 აპრილის N38 სხდომის ოქმის მიხედვით, განხილულ იქნა საკითხი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, შევსებული განაცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით, ქ. თბილისში, მენაშენეებისგან და „...ის“-გან გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების თაობაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისათვის არასაკმარისი ქულების გამო უარი ეთქვათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახის წევრთა სულადობის გათვალისწინებით ეკუთვნოდათ ერთოთახიანი ბინა და წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 8.5 და ნაკლები ქულა.

ამასთან, 2016 წლის 20 ივლისს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში („...“) და ქ. თბილისში, მენაშენეთაგან გამოსყიდულ ბინებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის განხორციელების ვადის განსაზღვრის საკითხი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ხსენებული სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ გასანაწილებელი იყო 402 ბინა, მათ შორის, 248 ერთოთახიანი ბინა, რომლის განაწილების მიზნით მონიტორინგს დაექვემდებარა 543 განაცხადი, რომელთაც პირველადი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 6.5 და მეტი ქულა, ხოლო მონიტორინგის განხორციელების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი.

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 16 სექტემბრის N01-02/06-10863 მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, მ. ბ-ას მიერ შევსებულ განაცხადს წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 5 ქულა, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაქვემდებარებული იყო მხოლოდ ის განაცხადები, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6.5 და მეტი ქულა. შესაბამისად, მ. ბ-ას მოთხოვნა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის N2768 ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, მ. ბ-ას ოჯახს არასაკმარისი ქულების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მასზედ, რომ გამოეკვლია და შეეფასებინა მ. ბ-ას მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, საცხოვრებელი პირობები, მატერიალური და სოციალური მდგომარეობა, რომელიც ეტაპობრივად შეიცვალა მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპაქტურად (ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომელი შენობებიც წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებდა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ენიჭებოდათ 3 ქულა, რაც მ. ბ-ასთვის მოცემულ შემთხვევაში მინიჭებული არ ჰქონდათ. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე დაევალა გაეთვალისწინებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჯერ არ იყო გასული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით განსახორციელებელი დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა.

ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 19 ნოემბრის N01/19534 წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 26.12.2018 წელს გაცემული N3/7961-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, 29.08.2019 წელს განახორციელა დევნილ მ. ბ-ას ოჯახის შესწავლა და გამოკვლევის მასალების დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე წარდგენა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს მონიტორინგის დასკვნის თანახმად, განხორციელდა განმცხადებელ მ. ბ-ას ოჯახის შესწავლა. დასკვნის თანახმად, განმცხადებელი არის ასაკით პენსიონერი, მას დაღუპული ჰყავს მამა - ს. ბ-ა, რომელიც უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. განმცხადებელი ამჟამად ცხოვრობს მისი ნათლიის შვილის კუთვნილ ბინაში, სადაც არის დროებით.

ამასთან, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი N39) თანახმად, 2019 წლის 10 ოქტომბერს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ განხილულ იქნა მ. ბ-ას საკითხი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სხდომის ოქმის მიხედვით, 259 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით, განხორციელდა 390 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6.0-ზე მეტი ქულა. მ. ბ-ას 2019 წლის 10 ოქტომბრის N39 ოქმის საფუძველზე, უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების თანახმად კი, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი N39) საფუძველზე, მ. ბ-ას (პ/ნ ...), არასაკმარისი ქულის გამო, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 17 თებერვლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, განმცხადებელ მ. ბ-ას (მამის სახელი ს.) მინიჭებული აქვს ჯამში 5 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.50; სოციალური კრიტერიუმი (65 001-100 000 შორის სარეიტინგო ქულით) – 1.00 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.0 ქულა; ომში დაღუპული წევრი (ს. ბ-ა გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) – 1.50 ქულა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე და მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების, მათ შორის დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი განცხადების დამუშავება გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი ოჯახის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებას, ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული ყველა კრიტერიუმის მიხედვით და სათანადო ქულის მინიჭებას, ასევე საჭიროებისა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახის დამატებით გამოკვლევას და მინიჭებული ქულის კორექტირებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება მასზედ, რომ გამოეკვლია და შეეფასებინა მ. ბ-ას მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, საცხოვრებელი პირობები, მატერიალური და სოციალური მდგომარეობა, რომელიც ეტაპობრივად შეიცვალა მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპაქტურად (ორგანიზებულად) ან კერძოდ განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომელი შენობებიც წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და მესაკუთრე ახორციელებდა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას, ენიჭებოდათ 3 ქულა, რაც მ. ბ-ასთვის მოცემულ შემთხვევაში მინიჭებული არ ჰქონდათ. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე დაევალა გაეთვალისწინებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული მხოლოდ იმ მოტივით, რომ ჯერ არ იყო გასული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით განსახორციელებელი დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაშიც, საქმის ფაქტობრივი ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლის და შეფასების საფუძველზე. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, ხომ არ არსებობდა ისეთი გარემოებები, რაც საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა. კერძოდ, არ არის გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები, მატერიალური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნულ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არსებული მითითებები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.2014 წლის Nბს-110-103(2კ-13) განჩინებაში გაკეთებულ განმარტებაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე, 97-ე მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამასთან, მოსარჩელის ოჯახის სათანადო გრძელვადიანი საცხოვრებლით ქ. თბილისში უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მერიმ ბიგვავამ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, მ. ბ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1), ამავე ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების“ (დანართი N12), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“, ამავე ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულებისა“ (დანართი №10) და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანების დებულებებზე.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალების მიხედვით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ბ-ა (დაბ. ...წ, პ/ნ: ...) არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, სოხუმი, ...ი №665. დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) არის - ქ. თბილისი, ..., ...ი VII კვ. კორპ. 16 ბ, ბინა 77; სარეგისტრაციო №.... მ. ბ-ას დევნილი ოჯახი შედგება: 1) თვითონ მ. ბ-ა. იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ... რაიონი, მის: ...ი, მე-6 კვ. კორპუსი 12, ბინა №38. მ. ბ-ას არ გააჩნია სათანადო საცხოვრებელი, დროებით ცხოვრობს (ქირით) ნათლიის გ. გ-ა-ს-ას შვილის ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №1/...ი №11, ბინა №51, მე-9 სართული (ბინის მესაკუთრე - ნ. გ-ა (ნათლიის შვილი, ს/კ: ...). კრიტერიუმების მიხედვით, 17.02.2021 წ. დევნილი ოჯახი შეფასებულია 5.00 ქულით, კერძოდ: 16892 C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.50; 16892 სოციალური კრიტერიუმი (65 001-100 000 შორის სარეიტინგო ქულით) – 1.00 ქულა; 16892 მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა; ომში დაღუპული წევრი (ს. ბ-ა გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) – 1.50 ქულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მ. ბ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანებით (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39), არასაკმარისი ქულების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელე მ. ბ-ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ მას შეეხო კერძო მესაკუთრის მიერ დევნილთაგან ობიექტის განთავისუფლების პროცედურა. შესაბამისად, მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების დანართი №4-ის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მინიჭებოდა 3.00 ქულა და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის №ბს-715-707(კ-15) გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილზე, რომელშიც საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ. ბ-ა დაბადებულია ... წელს, არის 68 წლის მარტოხელა პენსიონერი და 09.11.2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, მ. ბ-ას დევნილ ოჯახს არ მიუღია კომპენსაცია, ასევე, არ მომხდარა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. (მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარი მოქმედებების დროს 1993 წელს, დედა გარდაეცვალა - 2014 წელს). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ბ-ა უმეტესად ცხოვრობს ქირით სხვადასხვა მისამართზე, ხოლო უსახსრობისას პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს სხვადასხვა ნათესავთან, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მისი მძიმე საცხოვრებელი პირობების არსებობას.

სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების (მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე) გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული მ. ბ-ას საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები, შესაბამისად, სათანადოდ არ იქნა შესწავლილი, შეფასებული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელე მ. ბ-ასთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. №320 ბრძანების დანართი №4-ის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში 3.00 ქულის მინიჭების შესაძლებლობა, აპელანტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე დროის ხანგრძლივობა, რა დროიდან ითხოვს აპელანტი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ამრიგად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7 მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ-ერთი მისი შეხედულებისამებრ, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის მიზნის გათვალისწინებით.

ამასთან, სააპელაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები. აღნიშნულით იგი შესაძლებელია შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში.

ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 29.11.2019 წ. №04-2292/ო ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი, მარტოხელა, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, წლების განმავლობაში ცხოვრობს სხვადასხვა მისამართებზე ხან ქირით, ხან ქირის გარეშე. არის 1993 წელს, საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის (მამა) ს. ბ-ას შვილი. 2003 წლიდან ითხოვს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. შესაბამისად, მოპასუხემ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილი წესით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი და მასვე დაევალა სადავო საკითხის ხელახალი შესწავლა-შეფასება, სააპელაციო პალატა პროცესუალურად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მ. ბ-ას მეორე სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ამ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი - მ. ბ-ა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ უკვე 12 წელია ადმინისტრაციული ორგანო მის მიმართ არ ასრულებს სასამართლოს დავალებას. საქართველოს სასამართლოები წლების განმავლობაში, ავალდებულებენ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლასა და გამოკვლევას, რაც ყოველთვის იმით მთავრდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო უგულებელყოფს სასამართლოების გადაწყვეტილებებს და არ ასრულებს მათ. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მ. ბ-ას სარჩელი.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ სააგენტომ შეასრულა სასამართლოს დავალება და თავიდან შეისწავლა და გამოიკვლია მოსარჩელე მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, 2019 წლის 29 აგვისტოს, მის მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N1, განხორციელდა მონიტორინგი. კასატორი მიუთითებს, რომ მ. ბ-ას განმარტებით, იგი ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრობს დროებით, ბინა არის მისი ნათლულის შვილის საკუთრება და მანამდე ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე ქირით. ამასთან, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, მ. ბ-ას 2015 წელს მიენიჭა 89 680 ქულა, განმცხადებელი არის ასაკით პენსიონერი, ომში დაღუპული ჰყავს მამა - ს. ბ-ა. მონიტორინგის აღწერის ოქმში ასევე დაფიქსირებულია, რომ ოჯახი ერთსულიანია, დედა - ლ. ბ-ა გარდაცვლილია. კასატორი აქვე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონულ ფორმაზე, სადაც მ. ბ-ას ყველა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმში, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით, მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულები. კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (65 001-100 000 შორის სარეიტინგო ქულით) - 1 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; ომში დაღუპული წევრი/წევრები - 1.5 ქულა. შესაბამისად, მ. ბ-ას ქულათა ოდენობა განისაზღვრა 5 ქულით, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის მიმართ მიღებული ყოფილიყო დადებითი გადაწყვეტილება და მომხდარიყო დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კომისიამ გამსვლელ ქულად ერთოთახიანი ბინებისათვის დაასახელა 6.0-ზე მეტი ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგს დაექვემდებარა მხოლოდ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სასამართლო დავალების შესაბამისად სააგენტოს დაევალა მ. ბ-ას საკითხის შესწავლა და გამოკვლევა, შესაბამისად განხორციელდა მხარის მისამართზე მონიტორინგი. კასატორი აღნიშნავს, რომ განსახლების ყოველ ეტაპზე დგინდება გამსვლელი ქულა. ამ შემთხვევაში გამსვლელი ქულა იმდენად მაღალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა მონიტორინგის განხორციელებას არსებითად ემოქმედოს ქულების რაოდენობაზე. მონიტორინგის ჩატარება არ განსაზღვრავს ქულათა რაოდენობას, ქულების რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი კრიტერიუმი, ქულები მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი აკმაყოფილებს ამა თუ იმ კრიტერიუმს და წარმოდგენილი აქვს სათანადო დოკუმენტაცია. მოსარჩელეს სხვა რაიმე დოკუმენტაცია არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც დამატებით განსაზღვრავდა მისთვის რომელიმე კრიტერიუმში ქულის მინიჭებას. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას გამოსახლების ნაწილში მ. ბ-ასათვის 3 ქულის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მესაკუთრის განცხადება გამოსახლების შესახებ ან სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოხდა დევნილი ოჯახის გამოსახლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. ამდენად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა მ. ბ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მხარეთა პოზიციების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით, მ. ბ-ას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაზე, მიჩნეული იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მ. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულებით განსახორციელებელი დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის დადგენილი ვადა გასული არ იყო.

2013 წლის 11 სექტემბერს მ. ბ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარუდგინა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ას ქ. №5-ში მდებარე ობიექტით, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტმა მ. ბ-ას ოჯახს, განაცხადისა და კითხვარის შესწავლის საფუძველზე, 2013 წლის 18 ნოემბერს მიანიჭა 5 ქულა (შემოსავლების მაჩვენებელი - 3 ქულა, ქირა - 1 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 1 ქულა), რის შედეგადაც მ. ბ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ. ბ-ას განემარტა, რომ ქ. თბილისში, ...ას ქ. №5-ში მდებარე ობიექტში, გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ის დევნილი ოჯახები, რომლებმაც ზემოაღნიშნული კრიტერიუმის შესაბამისად, მიიღეს 8, 9, 10, 11, 11.5 და 12 ქულა.

2014 წლის 8 აპრილს მ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის დავალების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-715-707(კ-15)), მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის №05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2016 წლის 20 ივლისს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში („...“) და ქ. თბილისში, მენაშენეთაგან გამოსყიდულ ბინებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის განხორციელების ვადის განსაზღვრის საკითხი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმიდან დგინდება, რომ გასანაწილებელი იყო 402 ბინა, მათ შორის, 248 ერთოთახიანი ბინა, რომლის განაწილების მიზნით მონიტორინგს დაექვემდებარა 543 განაცხადი, რომელთაც პირველადი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 6.5 და მეტი ქულა, ხოლო მონიტორინგის განხორციელების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 16 სექტემბრის N01-02/06-10863 მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების შესაბამისად, მ. ბ-ას მიერ შევსებულ განაცხადს წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა 5 ქულა, ხოლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ერთოთახიანი ბინების განაწილების მიზნით, მონიტორინგს დაქვემდებარებული იყო მხოლოდ ის განაცხადები, რომლებსაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6.5 და მეტი ქულა. შესაბამისად, მ. ბ-ას მოთხოვნა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის N2768 ბრძანებით, ქალაქ თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში, მ. ბ-ას ოჯახს არასაკმარისი ქულების გამო, ამ ეტაპზე უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ბრძანება მ. ბ-ამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3/7961-16), მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის №2768 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 19 ნოემბრის N01/19534 წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 26.12.2018 წელს გაცემული N3/7961-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად (Nბს-688-688(2კ-18)), რომლის თანახმადაც სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, 2019 წლის 29 აგვისტოს განახორციელა დევნილ მ. ბ-ას ოჯახის შესწავლა და მოკვლევის მასალების დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე წარდგენა.

2019 წლის 29 აგვისტოს მონიტორინგის დასკვნის თანახმად, განხორციელდა განმცხადებელ მ. ბ-ას ოჯახის შესწავლა/მონიტორინგი. მონიტორინგით დადგინდა, რომ განმცხადებელი არის ასაკით პენსიონერი, დაოჯახებული არასოდეს ყოფილა, მისი მამა - ს. ბ-ა 1993 წლის 27 სექტემბრიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მ. ბ-ას ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი შეადგენს 245 ლარს. განმცხადებელი ამჟამად ცხოვრობს მისი ნათლიის შვილის კუთვნილ ბინაში, სადაც არის დროებით. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ მ. ბ-ა აღნიშნულ მისამართზე 2 დღეა ცხოვრობს, მანამდე 3 დღე ცხოვრობდა ...ის დასახლებაში მეგობართან, ხოლო მანამდე ცხოვრობდა ...ში, მამიდაშვილთან, 1 თვე. განმცხადებლის განმარტებით, მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია, როდესაც საშუალება აქვს ქირაობს ბინას.

საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ განმცხადებელ მ. ბ-ას ოჯახს მიენიჭა ჯამში 5 ქულა, შემდეგ კრიტერიუმებში: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (65 001-100 000 შორის სარეიტინგო ქულით) – 1.00 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.0 ქულა; ომში დაღუპული წევრი (გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად) – 1.50 ქულა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N39), მათ შორის განხილულ იქნა მ. ბ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. სხდომის ოქმის მიხედვით, 259 ერთოთახიანი ბინის განაწილების მიზნით, განხორციელდა 390 განაცხადის მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 6.0 და მეტი ქულა. ამავე სხდომის ოქმის საფუძველზე, მ. ბ-ას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულების გამო.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების (ოქმი N39) საფუძველზე, მ. ბ-ას არასაკმარისი ქულის გამო, ამ ეტაპზე, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა, შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული იყო „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ – დანართი №1. მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ბ-ას მიენიჭა ჯამში 5 ქულა და არასაკმარისი ქულის გამო, სადავო ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გასაჩივრებული - 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3/7961-16) აღსრულების საფუძველზე. მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის №2768 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თავის მხრივ კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 19 სექტემბრის №2768 ბრძანება გამოცემული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №ბს-715-707(კ-15)) აღსრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 12 მარტის №05/02-12/5175 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ, 16.03.2023, №ბს-1508(კს-22)).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის Nბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2. მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში.“ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.“

ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხებოდა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე მ. ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, 70 წლის, მარტოხელა პენსიონერი და მისი ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი შეადგენს 245 ლარს. ასევე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით ირკვევა, მ. ბ-ას ოჯახს 2015 წლის 9 ნოემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 89 680. ამასთან, მ. ბ-ას, როგორც დევნილს არ მიუღია კომპენსაცია, ასევე, არ მომხდარა მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, მოსარჩელეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, პერიოდულად ცხოვრობს სხვადასხვა ნათესავთან, ხოლო როდესაც აქვს საშუალება ქირაობს ბინას. აღნიშნული გარემოებები კი საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მოსარჩელის მძიმე სოციალური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების არარსებობას. გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მ. ბ-ა 2010 წლიდან დავობს სასამართლო წესით, მისი, როგორც დევნილი პირის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ორჯერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აქტები მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ადმინისტრაციული ორგანოს არაერთხელ დაევალა მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ საკითხის ხელახლა შეფასება, რასაც კვლავ მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემა მოჰყვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მ. ბ-ას დასჭირდა სააღსრულებო ფურცლის აღება და წლების განმავლობაში სასამართლო დავის წარმოება. ყოველივე ზემოთ აღნიშნული, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ერთი მხრივ უტოლდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, ხოლო მეორე მხრივ, დევნილთა ღირსეული განსახლებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ადრესატი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ნიშნით (სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობის მდგომარეობა) მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირი. მაღალია მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირის უფლებების ხელყოფისგან დაცვის საჭიროება. „ამგვარი სფეროს მოწესრიგებისას კანონმდებელი ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, რათა თავიდან აიცილოს პირთა უფლებების დარღვევის საფრთხე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 08.10.2014წ. გადაწყვეტილება N2/4/532,533 საქმეზე „ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-114). საკითხი არ ამოიწურება მხოლოდ კანონმდებლის ვალდებულებით, თავის მხრივ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც კანონმდებლობის აღმასრულებელი, საქმიანობის განხორციელების დროს, ასევეა ვალდებული გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლად ჯგუფში შემავალი პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის კვლავ ხელახლა გამოკვლევის საჭიროებაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები და შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

„..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუსგ, №ბს-329-327(2კ-17) 19.10.2017წ.). ამასთან, „..გარდა იმისა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის...“ (სუსგ №ბს-1198(კ-19) 17.09.2020წ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი, რადგან შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, სახეზეა თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოსარჩელის ასაკს, ოჯახურ, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მის მიერ წარმოებული სასამართლო დავების ხანგრძლივობას, აღნიშნული დავების შედეგად დამდგარ შედეგებს და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2292/ო ბრძანება;

6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ. ბ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე