Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-724(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ს-ე

მესამე პირი - გორის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ემ 2021 წლის 01 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა გ. ს-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ გორში, ...ის ჩიხის №3-ის მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით გ. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2 049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების დავალება.

სარჩელის მიხედვით, გ. ს-ეს 1977 წელს აღმასკომის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ქალაქ გორში, ...ის ჩიხის №3-ში, რომელზეც ამავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 616 კვ.მ-ს, რაც 2009 წლის 18 დეკემბერს საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დაარეგისტრირა საკადასტრო კოდით .... მოსარჩელის განმარტებით, 90-იან წლებში თვითნებურად დაიკავა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთით მომიჯნავედ მდებარე 2049 კვ.მ-ი მიწის ფართი, რომელიც შემოსაზღვრა ღობით და დღემდე ფლობს როგორც საკუთარს.

მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 15 მარტს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2049 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტი, სადაც ისინი ადასტურებდნენ ასაღიარებელი მიწის ფართის მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტს. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად არ დადასტურდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, საჯარო რეესტრმა ზემოაღნიშნული განცხადება 2021 წლის 27 მარტის №... წერილით გადაუგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ასაღიარებელი მიწის ფართის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრაცია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით აღარ წარმოადგენდა მასზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას, ხოლო მეორე მხრივ, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული აქტით დასტურდებოდა ასაღიარებელი 2049 კვ.მ მიწის ფართის გ. ს-ის მიერ თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 19 მარტს მომზადებული მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, ასაღიარებელი მიწის ფართი არ ექცეოდა სახელმწიფო წყლის ფონდის მიწის ტერიტორიაზე (ასევე არ ფიქსირდებოდა არხი), კომისიამ 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულებით საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ: (1) მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფოს, არამედ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, (2) ასაღიარებელ მიწის ფართს არ ფლობდა მოსარჩელე (3), მასზე მიმდინარეობდა საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები, (4) აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო წყლის ფონდის მიწას და (5) მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ტოპოგრაფიულ რუკაზე ფიქსირდებოდა არხი.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულებაში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად დასახელებული გარემოებები სინამდვილეს არ შეეფერება, არ არსებობს ამ გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება და შესაბამისად, ამ მოტივით მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა ეწინააღმდეგება კანონს.

რაც შეეხება სადავო მიწის ფართზე საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობას, მოსარჩელე ადასტურებს აღნიშნულს, თუმცა მიიჩნევს, რომ გაურკვეველია სამშენებლო სამუშაოების წარმოების კანონიერების საკითხი, მეტიც, სამუშაოების დაწყება მოპასუხის მხრიდან უკავშირდება მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოების ხელოვნურად შექმნას.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გორის მუნიციპალიტეტის მერია.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით გ. ს-ის შუამდგომლობა გორის მუნიციპალიტეტისათვის მის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რიცხულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების აკრძალვაზე დროებითი განჩინების მიღების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გ. ს-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულება; კომისიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ 2021 წლის 27 მარტის №... წერილში მითითებულ, ქალაქ გორში, ...ის ჩიხის №3-ის მიმდებარედ, გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე, საჯარო რეესტრში №... საკადასტრო კოდით მონიშნული 2 049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

გორის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ის სახელზე №... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით ირიცხება ქალაქ გორში, ...ის ჩიხის №3-ში მდებარე 616 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რასაც საფუძვლად დაედო გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1977 წლის 25 ნოემბრის №491 გადაწყვეტილება (ოქმი №25), მშენებლობის დამთავრებისა და ინდივიდუალური სახლთმფლობელობის ექსპლუატაციაში გადაცემის შესახებ 1982 წლის 17 დეკემბრის №349 აქტი და გორის რაიონის გამგეობის 1992 წლის 12 აგვისტოს №573 გადაწყვეტილება.

გორის რაიონულმა სასამართლომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 156-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, რაც გ. ს-ის შემთხვევაში დადასტურებულია; კერძოდ, მოწმეების - ი. ც-ის, თ. თ-ის, ა. ნ-ის, გ. პ-ის, დ. მ-ის, ი. მ-ისა და ვ. ც-ის სანოტარო წესით 2021 წლის 31 მარტს დამოწმებული აქტით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-ემ 1990-იანი წლებიდან უნებართვოდ დაიკავა ზემოხსენებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2 049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (პირობითი საკადასტრო კოდი ...), რასაც დღემდე უწყვეტად ფლობს. აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, მოპასუხის მხრიდან არ წარდგენილა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია კომისიის მიერ გ. ს-ის მიმართ თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება. სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილება დაეფუძნა მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალურ საკუთრებას; ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა მოსარჩელე - მასზე მიმდინარეობდა საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები; ტერიტორია წარმოადგენდა სახელმწიფო წყლის ფონდის მიწას - მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ტოპოგრაფიულ რუკაზე ფიქსირდებოდა არხი; გ. ს-ე ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა ამ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა არა 2 049 კვ.მ-ზე, არამედ 600 კვ.მ-ზე, და მიუთითებდა, რომ 600 კვ.მ ჰქონდა შემოსაზღვრული ღობით; მიუხედავად კომისიის მითითებისა, გ. ს-ეს ფლობის ფაქტის დასადგენად დაემოწმებინა სადავო ნაკვეთის მოსაზღვრე მეზობლები, მან სრულიად სხვა პირები დაიმოწმა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იმაზე მითითებით, რომ კომისიამ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, არ გაიზიარა კომისიის განმარტება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას ნახეს მიმობნეული სხვადასხვა სახის ნარჩენი, რომ ნაკვეთი ღობით არ იყო შემოსაზღვრული და ფლობის რაიმე კვალი მას არ ეტყობოდა. სასამართლოს შეფასებით, სადავო მიწის ნაკვეთის შემოუღობავ მდგომარეობაში ყოფნის დადასტურებაც კი, არ ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საკანონმდებლო საფუძველს (მოსარჩელის მითითებით, ეს მიწა სრულად იყო შემოღობილი, რაც ასახულია 2010 წლის ორთოფოტოზე, თუმცა შემდეგ ღობის ნაწილი მოირღვა).

გორის რაიონულმა სასამართლომ, მართალია, დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწა ექცეოდა გორის მუნიციპალიტეტის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის ბს-504-501(კ-17) განჩინებაზე მითითებით განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის სახელზე აღრიცხვა, აგრეთვე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართის მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ საფუძველს, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მოეხდინა საკუთრების უფლების აღიარება და მისი გადაცემა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში.

რაც შეეხება სადავო აქტში აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ გ. ს-ე ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა ამ მიწაზე 600 კვ.მ-ის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებას, სასამართლომ განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ვინაიდან დაუშვებელი იყო იმაზე მეტ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარება, ვიდრე დაინტერესებულ ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა, აღნიშნულმა განაპირობა გ. ს-ის მხრიდან მხოლოდ 600 კვ.მ ფართზე აღიარების მოთხოვნით კომისიისთვის მიმართვა, რადგან მას საკუთრებაში ჰქონდა მხოლოდ 616 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს 2018 წელს უარი ეთქვა ამ მიწის საკუთრების უფლებით აღიარებაზე, მდგომარეობას ვერ ცვლიდა, რამდენადაც საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარებულია კანონით და დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა ამ უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გარდა იმავე კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. სასამართლოს განმარტებით ასევე, უსაფუძვლო იყო მოპასუხის არგუმენტი ფაქტობრივ ფლობასთან დაკავშირებით ასაღიარებელი ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთების მფლობელების დამოწმების სავალდებულოობის თაობაზე, რამდენადაც მსგავსი იმპერატიული დანაწესი ზემოხსენებულ კანონში არ იყო გათვალისწინებული, ხოლო სასამართლო სხდომაზე გაირკვა და მოპასუხის მხრიდანაც სადავო არ არის, რომ სადავო ტერიტორიაზე საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები აღარ მიმდინარეობდა. სასამართლოს შეფასებით, დადასტურებულია ასევე ისიც, რომ მითითებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის არხი არ არსებობს და მხოლოდ ტოპორუკაზე ფიქსირდება, ეს მიწა არ ექცევა არც წყალდაცვით ზონაში, შესაბამისად, ეს გარემოებები აღარ წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ საფუძვლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 8 ივნისის №5727/01 მიმართვაზე დაყრდნობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი არ მდებარეობდა დაცული ტერიტორიებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ს-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში იყო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიას დაევალა საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს, მიიჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ არსებობდა გ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გ. ს-ის მიერ 2049 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად დაეყრდნო ისეთი პირების ჩვენებებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ გ. ს-ეს 1990-იანი წლებიდან თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ქ. გორში, ...ის ჩიხის №3-ში მდებარე 2049 კვ.მ მიწის ნაკვეთი. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის 2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, გ. ს-ე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ითხოვდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღიარებას; ასევე საქმეში დაცულია 2021 წლის საკადასტრო აგეგმვითი აზომვითი ნახაზი, რომელშიც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრები არ არის დაფიქსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი არც 2018 წელს და არც 2021 წელს. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აღიარების კომისიაში გადაგზავნილი ორთოფოტო, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი ფარავს გზას, რაც გამორიცხავს გ. ს-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, არ ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს ქმნის.

მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ,,საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 23 ივნისის №732 განკარგულების კანონიერების დადგენა. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას მოსარჩელე - გ. ს-ე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი მტკიცებულებების მიუხედავად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლების მქონე სუბიექტებს, პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე, საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ზღვრული ოდენობაც დადგენილია ამავე მუხლით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძვლად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე, ასევე ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების ჩამონათვალს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ს-ემ 2021 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე 2 049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (პირობითი საკადასტრო კოდი ...), საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაუგზავნა გ. ს-ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ გ. ს-ის დაინტერესებაში არსებული მიწა ექცეოდა გორის მუნიციპალიტეტის სახელზე №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კომისიაში გადაგზავნილ ორთოფოტოზე (ს.ფ. 26) ფიქსირდება გ. ს-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარსა და კასატორის მითითებით, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, კერძოდ, გზას შორის ზედდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადასტურდება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა, ამასთან დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და კანონიერი საფუძვლის გარეშე (თვითნებურად) დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მისი მოთხოვნის უტყუარობას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი პროცედურის ზედმიწევნით დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის დამატებით მოძიებული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გზით.

მოცემულ შემთხვევაში, გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, სადავო აქტით (№732 განკარგულება) გ. ს-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე შემდეგი საფუძვლებით: 1. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალურ საკუთრებას; 2. ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს არ ფლობს მოსარჩელე; 3. მასზე მიმდინარეობს საფეხბურთო მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები; 4. ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო წყლის ფონდის მიწას; 5. მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ტოპოგრაფიულ რუკაზე ფიქსირდება არხი; 6. გ. ს-ე ჯერ კიდევ 2018 წელს ითხოვდა ამ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა არა 2 049 კვ.მ, არამედ - 600 კვ.მ-ზე, და მიუთითებდა, რომ 600 კვ.მ ჰქონდა შემოსაზღვრული ღობით; 7. მიუხედავად კომისიის მითითებისა, გ. ს-ეს ფლობის ფაქტის დასადგენად დაემოწმებინა სადავო ნაკვეთის მოსაზღვრე მეზობლები, მან სრულიად სხვა პირები დაიმოწმა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სადავო განკარგულებაში მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად არ ყოფილა გამოყენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტის დანაწესი, თუმცა ასეთი გამომრიცხავი გარემოების არსებობის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყურადღება გამახვილდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (იხ.სააპელაციო საჩივარი), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია არსებობდა თუ არა სადავო აქტში მითითებულისგან განსხვავებული, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. ამ საკითხის შესაფასებლად სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის ნაწილზე გზის არსებობის შესახებ რელევანტური მტკიცებულებები, თუმცა საერთოდ შეფასების მიღმა დატოვა ამ გარემოების დასადასტურებლად ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არსებული ორთოფოტო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21 ).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ №ბს-985(კ-20), 24.11.2021 წ.).

მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა გ. ს-ის სარჩელთან დაკავშირებით საქმეზე წარდგენილი არასაკმარისი მასალების შეფასებით, ისე რომ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა სასამართლოს არც მოსარჩელისთვის დაუვალებია და არც ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოუთხოვია. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების შეგროვების გზით სასამართლომ უნდა განსაზღვროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კომისიაში გადაგზავნილ ორთოფოტოზე არსებული სივრცე ხომ არ წარმოადგენს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტატუსის მატარებელ ტერიტორიას, თუნდაც საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო). დასახელებული წინააღმდეგობრიობის გამოკვეთის შემთხვევაში კი, სასამართლომ უნდა შეაფასოს საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია მთელ სადავო ტერიტორიაზე, თუ მოთხოვნილი უძრავი ქონების ნაწილთან მიმართებით იკვეთება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (კანონის 51.5 მუხლი).

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. ხოლო, საკუთრების უფლების აღიარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით (ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან).

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით (ამოქმედდა 2022 წლის 1 იანვრიდან), სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განისაზღვრა გეოგრაფიული არეალები, რომელთა შორის განსაზღვრულია გორის მუნიციპალიტეტიც. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ინსტრუქციას დაემატა IV1 თავი (ამოქმედდა 2022 წლის 8 თებერვლიდან), რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. ხსენებული თავის 371 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ინსტრუქციის 378 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო აქტი (№732 განკარგულება) გამოცემულია გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ და ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები იყო ძალაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქმეში სათანადო მხარედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩაბმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მოპასუხეთა წრის დაზუსტება, მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა დ მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის მუხლის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა