საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-956(კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელიქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 5 სექტემბერს ნ. ხ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ მიუთითა საქართველოს მთავრობა და მოითხოვა „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-3 მუხლის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც აიკრძალა აღნიშნული დადგენილების დანართი №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლების აღიარება.
სარჩელის მიხედვით, ნ. ხ-მა განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, განცხადებას დაურთო შესაბამისი დოკუმენტაცია და მოითხოვა მის მიერ ფაქტობრივი ფლობით დაუფლებულ მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარება. 2016 წლის 26 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დააკმაყოფილა ნ. ხ-ის განცხადება და გასცა საკუთრების უფლების მოწმობა №115, რომლის თანახმად, ნ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა მცხეთაში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობით: ... კვ.მ და 3 შენობა-ნაგებობა, ფართობით: 83 კვ.მ, 10 კვ.მ და 1 კვ.მ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 31 მაისს №6 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართით მითითებულ ტერიტორიაზე აღიარება იყო დაუშვებელი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ დადგენილებას არ აქვს შემხებლობა მის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან, რადგან ეხება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქს და არა თვითმმართველ თემს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილება და მისი დანართი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია იმ მიზეზის გამო, რომ მორატორიუმი დანართის (სადაც მოცემულია რუკა) საფუძველზე სცდება ქალაქ მცხეთას და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებზეც გადადის, სადაც მდებარეობს მის დაინტერესებაში არსებული ტერიტორია, შესაბამისად, დადგენილება და მისი დანართი არ უნდა გამხდარიყო თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-3 მუხლის ის ნაწილი, რომლითაც აიკრძალა ნ. ხ-ის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს მთავრობას, ამავე კანონის აღსრულების მიზნით მიენიჭა კანონქვემდებარე აქტების გამოცემის უფლებამოსილება, მათ შორის, ტერიტორიებზე (დასახლებებში) მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების გადასაწყვეტად ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის გამოცხადების შესახებ სპეციალური სამართლებრივი აქტის მიღების და შესაბამისად, ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის დადგენის უფლებამოსილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 3 აგვისტოს მიიღო №411 დადგენილება ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“, რომლის თანახმად, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, დადგენილების მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა.
2016 წლის 26 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობით, ნ. ხ-ისთვის საკუთრებაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: ... კვ.მ და 3 შენობა-ნაგებობა, ფართობით: 83 კვ.მ, 10 კვ.მ და 1 კვ.მ, მდებარე მცხეთაში, ...ის ტერიტორიაზე, მოქცეულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართი №1-ში მოცემული ტერიტორიების საზღვრებში. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად კი, დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, საკუთრების უფლების აღიარება აკრძალულია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს ისეთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც ერთი მხრივ, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ანიჭებს უფლებას კანონით განსაზღვრული შესაბამისი პირობებისა და პროცედურების დაცვით, სახელმწიფოსგან მოითხოვონ მათ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთების, სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარებით ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მართალია, საკუთრების უფლების აღიარება გულისხმობს კონკრეტული ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას, თუმცა საკუთრების უფლების აღიარება არ წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვას/გასხვისებას კლასიკური გაგებით, ვინაიდან შესაბამისი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე პირის საკუთრების უფლების აღიარებას საფუძვლად უდევს დაინტერესებული პირის ნება და კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და არა სახელმწიფოს ნება - განკარგოს მის საკუთრებაში არსებული მიწა. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების გზით სახელმწიფო ქონების განკარგვა უპირველესად დაინტერესებული პირის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება და მისი აკრძალვაც სწორედ, დაინტერესებული პირის უფლებებსა და ინტერესებს ზღუდავს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობამ ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი (საკუთრების უფლების აღიარების აკრძალვა) დაადგინა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, ცალსახაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს შეუძლია უარი უთხრას პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება არსებობს, მაგრამ უარი უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება კომისიის მიერ გამოცემული აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ გაურკვეველია თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ნ. ხ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მისთვის საკუთრების უფლების აღიარება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის ან ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებასა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზანს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა: ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება; ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 − მე-5 მუხლებში მითითებული შემთხვევებისა; გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).
პალატის შეფასებით, საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში, ნ. ხ-ს არ ექნება უფლება რაიმე ფორმით შეცვალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვიზუალური მხარე. მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით განხორციელდება მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლა - სახელმწიფოს ნაცვლად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მიენიჭება ნ. ხ-ს, რომელსაც თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, არ ექნება უფლება შეცვალოს მის საკუთრებაში არსებული შენობის მოცულობა და გაბარიტები (მიაშენოს ან დააშენოს ახალი ნაწილი), ჩაატაროს სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა) ან მოახდინოს იმ ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, რაც სრულად შეესაბამება ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის ან ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზანს და წინააღმდეგობაში არ მოდის მასთან, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ხ-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მცხეთაში, ...ის ტერიტორიაზე და არა ისტორიული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, ვინაიდან სახეზე იყო სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.
საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 30 მაისს მიღებული განჩინებით, საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების შედეგად ნ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართობით: ... კვ.მ და 3 შენობა-ნაგებობა, ფართობით: 83 კვ.მ, 10 კვ.მ და 1 კვ.მ, რომელიც მდებარეობს მცხეთაში, ...ის ტერიტორიაზე. ამ გარემოებაზე მითითებით პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, რისი საკუთრებაში გადაცემის ინტერესიც გააჩნდა, თუნდაც იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც დადგენილი იყო სადავო დადგენილების მე-2 მუხლიდან გამომდინარე და ემსახურებოდა განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში დანართ №1-ში მოცემული ტერიტორიების დაცვას. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პერიოდში ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა: ა) ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ბოლო 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა განაშენიანებული, ასევე ქუჩათა ქსელის, რელიეფის შეცვლა, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება; ბ) სამშენებლო სამუშაოები (მათ შორის, სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება და ნებართვების გაცემა), გარდა ამ დადგენილების მე-4 − მე-5 მუხლებში მითითებული შემთხვევებისა; გ) შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (მათ შორის, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების პირობებში, ნ. ხ-ი ვერ განახორციელებდა მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იმგვარად შეცვლას, რაც აკრძალული იყო ზემოაღნიშნული მუხლით, თუმცა შეძლებდა მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების შეძენას. ამასთან, პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ იყო განთავსებული ქ. მცხეთის ისტორიულ ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა ნორმატიული აქტის - ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების მე-3 მუხლის იმ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი, რომლითაც აიკრძალა ნ. ხ-ის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
კასატორი განმარტებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები, რომლებსაც 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ მინიჭებული, 2009 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მცხეთის ისტორიული ძეგლების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცებამდე მიღებულ იქნა „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილება, რომლის №1 დანართში აღნიშნულ ტერიტორიაზე (რომელიც მოიცავს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური დაცვის, ლანდშაფტის დაცვის ზონის, ასევე განაშენიანების რეგულირების ზონის ნაწილსა და მათ მიღმა არსებულ ტერიტორიებს, რომელზეც განაშენიანების შეჩერება მოთხოვნილია UNESCO-ს რეკომენდაციით) დაწესდა ქალაქმშენებლობის რეგულირების რეჟიმის შემოღება და UNESCO-ს რეკომენდაციების შესაბამისად მორატორიუმის გამოცხადება, როგორც ახალმშენებლობაზე, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზებაზე.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორია აღიარებულია როგორც განსაკუთრებული დაცვის რეჟიმში მოქცეული ტერიტორია, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური და ლანდშაფტის ზონების დაცვა, ასევე განაშენიანების რეგულირების ზონის ნაწილსა და მათ მიღმა არსებულ ტერიტორიებზე განაშენიანების შეჩერება. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო და მასვე აკისრია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება და მისი ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფა, ცხადია თავად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მიწის ნაკვეთი როგორ იქნეს გამოყენებული, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ამა თუ იმ მიწის ნაკვეთს ჰყავს მესაკუთრე კერძო პირის სახით, სახელმწიფომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად უნდა შეზღუდოს მესაკუთრის უფლება და არ მისცეს მას საკუთარი შეხედულებისამებრ უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობა, რაც ცხადია სხვა ტიპის დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს. ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად მართებულია უარი ეთქვას პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ ტერიტორიაზე, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება არსებობს, ვიდრე უკვე აღიარებულ მესაკუთრეს არ მიეცეს მისი შეხედულებისამებრ საკუთრების უფლებით სარგებლობა და უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა. კასატორის შეფასებით, უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე არ ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, იგი უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული.
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, ტერიტორიებზე (დასახლებებში) მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით გამოაცხადონ ტერიტორიების განვითარების შეზღუდვა, ხოლო, ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის პერიოდისათვის დგინდება ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი. აღნიშნული ნორმის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი ნორმატიული აქტი №411 დადგენილების სახით, შესაბამისად, გაუგებარია რატომ არის სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებული (ბათილად გამოცხადებული) №411-ე დადგენილების მე-3 მუხლის ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს შეეზღუდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) საერთოდ არ მსჯელობს საკანონმდებლო აქტის ზემოხსენებული ჩანაწერის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე იმაზე, რამდენად თავსებადია კანონის ნორმასთან საქართველოს მთავრობის №411 დადგენილება ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლი (მ.შ. მოსარჩელისათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შეზღუდვის საკითხი), და როდესაც ასეთ წინააღმდეგობაზე სასამართლო ვერ უთითებს, გაუგებარი ხდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) - საქართველოს მთავრობის №411 დადგენილების ან თუნდაც მისი რომელიმე მუხლის უკანონოდ აღიარების და ამ გზით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორი ასევე განმარტავს, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 36-ე მუხლი ადგენს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ზონებში სივრცითი დაგეგმვის წესებს; კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო, თავდაცვითი და სხვა) ტერიტორიის სტატუსი, ხოლო მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს, მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, და სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, – განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი. სპორტულ-გამაჯანსაღებელ სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიისათვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სააგენტო განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას. მათი შემუშავებისას მოქმედებს ამ კოდექსით ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავებისათვის დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, როგორც ძველ, ასევე ახალ საკანონმდებლო აქტში პირდაპირ არის მითითებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება - განსაზღვრულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ რეალიზებულ იქნა №411 დადგენილების გამოცემით, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ნორმატიული აქტის სრულად ან მისი ნაწილის გაუქმების (ბათილად ცნობის) ფორმალური ან/და მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და გადაწყდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 26 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №115, რომლის თანახმად, ნ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით: ... კვ.მ და 3 შენობა-ნაგებობა, ფართობით: 83 კვ.მ, 10 კვ.მ და 1 კვ.მ, რომელიც მდებარეობს მცხეთაში, ...ის ტერიტორიაზე (ს.ფ. 30).
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2017 წლის 31 მაისს №6 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი №115 საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულებაში საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძვლად მიეთითა ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილება. კომისიის განმარტებით, ვინაიდან მითითებული დადგენილება ეხება ქალაქ მცხეთას, თუმცა მორატორიუმი დანართის (სადაც მოცემულია რუკა) საფუძველზე სცდება ქალაქ მცხეთას და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებზეც გადადის, სადაც მდებარეობს ზემოაღნიშნული ტერიტორია, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ნ. ხ-ზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ. 37-38).
საკასაციო პალატა აღნიშნავს ,,ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილების თანახმად (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, დადგენილების მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილება მიღებულია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია 2019 წლის 3 ივნისიდან 20.07.2018წ. №3213-რს კანონით), რომლის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა განიმარტებოდა, როგორც საქმიანობა, რომელიც არეგულირებდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე უწყებას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობა. დასახელებული კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი, როგორც საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე საქართველოს მთავრობას ანიჭებდა ტერიტორიებზე (დასახლებებში) მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით ტერიტორიების განვითარების შეზღუდვის გამოცხადების უფლებამოსილებას.
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნებოდა: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეზღუდულიყო იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფდა სხვათა უფლებებს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ითვალისწინებს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთდაბალანსების ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნება და დაცვა, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზება და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობა ცალსახად ატარებს საჯარო ინტერესს, რომელსაც უპირისპირდება კერძო პირის საკუთრების უფლების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების სახით.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. ამდენად, უფლებების მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, რიგი უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავში მოიცავს ასევე საკუთრების შეძენის ლეგიტიმურ მოლოდინსაც, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ უფლებაში (საკუთრების დაცვა) ჩარევა მიიჩნევა გამართლებულად, თუკი იგი განხორციელებულია კანონიერების პრინციპის საფუძველზე და ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზნის მიღწევას, პროპორციული საშუალების გამოყენებით (BEYELER v. ITALY , 108-114, დიდი პალატა, 33202/96).
როგორც ზემოთ აღინიშნა, ქალაქ მცხეთის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეულ კონკრეტულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლების აღიარების, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვის დროებითი აკრძალვა ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანს; უფრო კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებასა და დაცვას. აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ხაზგასასმელია ისიც, რომ 2016 წლის დეკემბერში, UNESCO-ს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე. კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებდა გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას: 1. ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის; 2. ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას; 3. ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად (იხ. http://unesco.ge/?p=1882).
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან მცხეთის ისტორიული ძეგლები მოიაზრებოდა UNESCO-ს „საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში“, თუმცა 2016 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიიდან ამოღების თაობაზე. საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები დადებითად შეფასდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის და მისი საკონსულტაციო ორგანოს ICOMOS-ის ექსპერტების მიერ (https://unesco.ge/?p=1576).
საყურადღებოა, რომ 2010 წლის 3 სექტემბერს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე, გამოითქვა შეშფოთება მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით, და ის, რომ არსებობდა ძეგლების მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე, მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მკაფიოდ მონიშნული საზღვრებისა და ბუფერული ზონის არ არსებობის გამო. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 38-ე სესიაზე (07.07.2014) მცხეთის ისტორიული ძეგლებთან დაკავშირებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებდა დაესრულებინა ძეგლის დაცვასთან დაკავშირებით დაწყებული ღონისძიებები, მათ შორის არასამშენებლო ზონების შექმნის, განაშენიანების უფლებების მკაცრი შეზღუდვის და სხვა საკითხების შესახებ. საბოლოო ჯამში, 2017 წლის 12 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (41 COM 8B.44) მცხეთის ისტორიული ძეგლების ბუფერული ზონის დამტკიცების შესახებ (https://whc.unesco.org/archive/2017/whc17-41com-18-en.pdf). სწორედ ამ პერიოდშია მიღებული „ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №03/212 ბრძანება ,,მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის გაფართოებისა და მათი ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალის დამტკიცების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ბუფერულ ზონად მიიჩნევა კარგად განსაზღვრული ზონა დაცული ტერიტორიის გარეთ, რომლის დანიშნულებაა დაცული ზონის კულტურული ღირებულებები დაიცვას გარშემო მიმდინარე აქტივობების ზეგავლენისგან.
საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №03/212 ბრძანებაზე, რომლის მიღების საფუძველი გახდა „მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის გეგმა“, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37 COM 7A.33, 2013 წ. და 39 COM 7A.41, 2015წ. გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებებით მკაფიოდ განისაზღვრა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების - სამთავროს მონასტრის, სვეტიცხოვლის ტაძრისა და ჯვრის მონასტრის ერთიანი (უნიფიცირებული) დაცვის არეალის დადგენის მოთხოვნა, იმ ძირითადი ხილვადობის არეალის იდენტიფიცირება, რომელიც საერთოა სამივე ძეგლისთვის და რომელიც განაპირობებს მათი ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ოპტიმალურ აღქმას. შესაბამისად, მიღებული ბრძანებით გაფართოვდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების: ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მონასტრის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალები, ასევე დამტკიცდა ძეგლების ერთიანი ვიზუალური დაცვის არეალი თანდართული რუკის (დანართის) შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ ამ ბრძანებით დამტკიცებულ რუკაზე ასახული არეალი ემთხვევა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ში მოცემულ ტერიტორიას, რა გარემოებაც არ გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის თვალსაზრისით არაერთი ნორმატიული თუ სარეკომენდაციო აქტია მიღებული; მათ შორის აღსანიშნავია UNESCO-ს რეკომენდაციები ,,ლანდშაფტთა და ღირსშესანიშნაობათა მშვენიერებისა და ხასიათის თაობაზე” (1962), ,,საზოგადოებრივი და კერძო საქმიანობის გამო საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა შენარჩუნების თაობაზე“ (1968), ,,ისტორიულ არეალთა დაცვისა და თანამედროვე როლის თაობაზე“ (1976), ,,ისტორიული ურბანული ლანდშაფტის შესახებ“ (2011), ასევე ,,არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის ქარტია“ (1990 წ.), ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია“ (2003), ,,მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენცია“ (1972), ,,ვენის მემორანდუმი“ (2005), ,,ვენეციის ქარტია“ (1964), ,,ქსი’ანის დეკლარაცია“ (2005) და სხვა.
ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტის იმპერატიული მოთხოვნაა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისათვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას. მაგ.: ,,ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ქარტიის“ (ვენეციის ქარტია) სულისკვეთებაა უზრუნველყოფილი იქნას ძეგლის კონსერვაცია, რაც გულისხმობს იმ გარემოცვის შენარჩუნებას, რომელიც არ არღვევს მასშტაბს. ყოველთვის, როცა არსებობს ტრადიციული გარემო, იგი შენარჩუნებული უნდა იქნას. დაუშვებელია იმგვარი ახალმშენებლობა, ნგრევა, ან გადაკეთება, რომელიც შეცვლის მასისა და ფერის არსებულ ურთიერთმიმართებას. ქარტიის მიხედვით, ისტორიული ძეგლის ცნება მოიცავს არა მხოლოდ ცალკეულ არქიტექტურულ ქმნილებას, არამედ ასევე ურბანულ ან სასოფლო-სამეურნეო გარემოს, რომელშიც მოიპოვება კონკრეტული ცივილიზაციის, მნიშვნელოვანი განვითარების ან ისტორიული მოვლენის დამადასტურებელი კვალი.
,,ქსი’ანის დეკლარაციის“ მიხედვით, მნიშვნელოვანი სილუეტები, ხედვის წერტილები და ადეკვატური მანძილი მემკვიდრეობის ნაგებობებს, ღირსშესანიშნაობებსა და არეალებს და ნებისმიერ ახალ საზოგადოებრივ თუ კერძო წარმონაქმნს შორის ის საკვანძო ასპექტებია, რომელთა მოხმობით აღკვეთილ უნდა იქნას მნიშვნელოვან გარემოცვაში შეუსაბამო ვიზუალური და სივრცითი ჩარევა ან მიწის არასწორი გამოყენება. მემკვიდრეობაზე ზემოქმედების შეფასება უცილობლად უნდა იქნას მოთხოვნილი ნებისმიერი ახალი ჩარევის შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს მემკვიდრეობის ნაგებობების, ღირსშესანიშნაობებისა და არეალების მნიშვნელოვნებასა და მათ გარემოცვაზე.
ზემომითითებული დებულებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას, რომელსაც საკრალურ დატვირთვასთან ერთად განუმეორებელი ლანდშაფტური გარემო და ხედები გააჩნია. ყოველი ახალი ფუნქცია და აქტივობა თავსებადი უნდა იყოს ისტორიული ქალაქისა და ურბანული არეალის ხასიათთან. მნიშვნელოვანია ძეგლის დაცვისა და ხედვის არეალში შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს იმ სახის გარემოცვა, რაც არ დაარღვევს მასშტაბს და უზრუნველყოფს ,,ადგილის სულის შენარჩუნებას“ (კვებეკის დეკლარაცია, 2008). ამ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა კი მეტ თავისუფლებას აძლევს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს ძეგლის ზოგადსაკაცობრიო ღირებულების შენარჩუნებისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, რომელიც ამ მიმართებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნისას, სავალდებულო წესით ხელმძღვანელობს მსოფლიო გამოცდილებითა და ძეგლის დაცვაზე მომუშავე მსოფლიო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების (სარეკრეაციო, საკურორტო, თავდაცვითი და სხვა) ტერიტორიის სტატუსი, ხოლო მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს, მაღალი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, და სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, – განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერიტორიისათვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სააგენტო განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას. მათი შემუშავებისას მოქმედებს ამ კოდექსით ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავებისათვის დადგენილი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ან მოძრავი ობიექტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უძრავი ან მოძრავი ნივთი), რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი („ი.ა“ ქვეპუნქტი); კომპლექსური ძეგლი – ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთეულია და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი („ი.ბ“ ქვეპუნქტი);
ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან.
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლი თანახმად, ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას.
აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა დატვირთულია კონკრეტული ფუნქციით და მისი საზღვრები შესაძლოა არ იმეორებდეს იმ ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტის საზღვრებს, სადაც მდებარეობს ობიექტი. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენა თავისთავად გულისხმობს და უკავშირდება არა რომელიმე მუნიციპალიტეტის, ან ტერიტორიული ერთეულის საზღვრების დადგენას, არამედ იმ არეალების განსაზღვრას, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით უნდა გავრცელდეს ტერიტორიის განაშენიანების განსაკუთრებული წესები ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული კონტექსტის შენარჩუნების, მისი დომინანტური როლის წარმოჩენის გათვალისწინებით.
ამდენად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით კონკრეტული არეალის განსაზღვრის საჭიროება ადასტურებს საკითხის გადაწყვეტის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციას. ასეთ ფუნქციურ ზონებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ან/და ნაგებობის მშენებლობის უფლებით დაინტერესებული პირის აღჭურვა უნდა დაეფუძნოს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ან/და ფუნქციურ საჭიროებას, რა გარემოების არსებობაც კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. სხვაგვარი მიდგომა ასცდებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზანს და შთანთქავდა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების თავისუფალ სივრცეს.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სწორედ ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 3 აგვისტოს მიღებული იქნა №411 დადგენილება, რომლითაც ქ. მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ამოქმედდა ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი. დადგენილების მე-3 მუხლით, ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალა საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით ცალსახად დადასტურებულია, რომ შეზღუდვის დროებით დაწესება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებასა და დაცვას, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებაში ჩარევა მოცემულ შემთხვევაში გამართლებულია, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზება და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი განვითარების ხელშეწყობა ცალსახად ატარებს საჯარო ინტერესს. ამრიგად, უფლების მოპოვებაზე დროებითი შეზღუდვის დაწესება არ უნდა იქნეს განხილული უპირობოდ უფლების შელახვად, აღმატებული საჯარო ინტერესის არსებობის პირობებში, რა გარემოებაც დასაბუთებულია შესაბამისი არგუმენტირებული პოზიციით. როგორც ზემოთ აღინიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესი უპირატესია კერძო პირის საკუთრების შეძენის ლეგიტიმურ მოლოდინთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძეგლის მოვლა-პატრონობა მოიცავს ძეგლის (უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე მისი ტერიტორიის) დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვის, მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, ხოლო ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა განიმარტება, როგორც სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა, რომ ქ.მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №1750 განკარგულებით. აღნიშნული ზონები თავის მხრივ მოიცავს: ა) ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონას (№1, №2 და №3 დანართები) ბ) ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონას (№4, №5 და №6 დანართები) გ) ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონას (№7, №8 და №9 დანართები) ასევე დ) ქ. მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას (№10, №11 და №12 დანართები). გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 3 აგვისტოს №411 დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბერს №676 დადგენილებით შესული ცვლილებით დანართი №1 ჩამოყალიბდა სწორედ ზემოაღნიშნული დამცავი ზონების, მათ შორის, მცხეთის მორატორიუმის არეალის კორექტირებული საზღვრის ზუსტი მითითებით. ამრიგად, სააპელაციო პალატის მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ნ. ხ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება არ მდებარეობს ქალაქ მცხეთის ისტორიულ ნაწილში, ვერ გახდება სადავო ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობა, მაშინ როდესაც მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა