Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1063(კ-23) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელე) - ე. ლ-ი, გ. ტ-ე, არასრულწლოვანები: ნ. ტ-ე, ლ. ტ-ე, ნა. ტ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბერი განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ლ-მა 2022 წლის 16 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. 2023 წლის 23 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა მოსარჩელეთა წრე, კერძოდ, მოსარჩელეებად მიუთითა - ე. ლ-ი, გ. ტ-ე, არასრულწლოვნები: ნ. ტ-ე, ლ. ტ-ე, ნა. ტ-ე, და საბოლოოდ მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ე. ლ-ის ოჯახის მიმართ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის №IDP6 22 00000621 ბრძანება და მოპასუხეს დავალებოდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ლ-ის ოჯახის საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ.

სარჩელის მიხედვით, ე. ლ-ის ოჯახი შედგენა 5 წევრისაგან: თავად მოსარჩელე ე. ლ-ი, მეუღლე გ. ტ-ე და შვილები - ნ. ტ-ე, ლ. ტ-ე, ნა. ტ-ე. ისინი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები შიდა ქართლიდან, კერძოდ, გორის რაიონის სოფ. ...დან. მუდმივი საცხოვრებლის დატოვების შემდეგ ოჯახი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 2017 წლიდან ოჯახმა მ. მ-ისგან ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეიძინა ქ. გორში, ...ის ქუჩაზე, მე-5 კვარტალში მდებარე №19 ბინა, თუმცა მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო, შესაბამისად, საკუთრებაში არ გაჩნიათ უძრავი ქონება, რის შესახებაც ინფორმირებულია მოპასუხე. მიუხედავად მითითებული გარემოებისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის №IDP 6 22 00000621 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ლ-ის ოჯახს უარი ეთქვა ქალაქ გორში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უსაფუძვლო და მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის №IDP 6 22 00000621 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ე. ლ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ე. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მისსავე გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით ქირის სანაცვლოდ სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავდა დევნილის უფლებას, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებლით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მათ არ მიუღიათ კომპენსაცია და არ არიან დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ამასთან საკითხის განხილვისას ოჯახს არ გააჩნდა საკუთრება. სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილის ცხოვრება სხვის საკუთრებაში გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დროებითი და მან უნდა იცოდეს დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, სახელმწიფო როდის, რომელ ეტაპზე უზრუნველყოფს გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია კანონშეუსაბამოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ე. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის 2022 წლის 5 მაისის ამონაწერით, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება კვლავ აღრიცხული იყო მ. მ-ის სახელზე, ვინაიდან მოსარჩელემ მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ე. ლ-ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა თავისივე გასხვისებულ სახლში ცხოვრების მოტივით, იყო უსაფუძვლო, რამეთუ მოსარჩელე არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ხსენებული უძრავი ნივთის სრულუფლებიანი მესაკუთრე, ხოლო ის გარემოება, რომ მან ვერ შეძლო უძრავი ნივთის გამოსყიდვა, არ შეიძლება მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. ამასთან, პალატამ მიუთითა არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მისი გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ე. ლ-მა 2017 წლის 20 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ქ. გორში, ...ის მე-5 კვ. კორპ.19ბ, ბინა №9 და შემდეგ 2022 წლის 29 აპრილს გაასხვისა, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვათ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრების გამო. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სააგენტომ მოსარჩელის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 01 ივლისის №60 ოქმის საფუძველზე, კომისიის მიერ მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რადგან მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მათსავე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ 2022 წლის 13 ივლისს გამოიცა ბრძანება №IDP 6 22 00000621.

კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას არასრულწლოვანთა ინტერესების გაუთვალისწინებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც დევნილთა სააგენტოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალება არასრულწლოვანების ინტერესების გათვალისწინება კერძოდ, ქულის მინიჭება, გათვალისწინებულია და შესაბამის კრიტერიუმში ქულა მინიჭებულია.

რაც შეეხება ადვოკატის ხარჯების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებას, კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს. დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს განსახილველი დავის სირთულეს. არაქონებრივი დავის შემთხვევაში დაკისრებული თანხის ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხის ოდენობა 1500 ლარი, არაგონივრულია მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველი საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის, რაც სასამართლოსთვისაც ცნობილია და თავად სასამართლოები აღნიშნავენ ამის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ თანხის დაკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს აწვება ფინანსურ ტვირთად. სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით 200 ლარს არ აღემატება დაკისრებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება, რადგან სააგენტოს აქტი კანონიერია და მხარეს სააგენტოს მოქმედებით ზიანი არ მისდგომია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების დეტალური შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებები სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშემ, რაც ქმნის აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულია დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის №IDP6 22 00000621 ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

რაც შეეხება ოჯახის განსაზღვრებას, ზემოაღნიშნული „წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია ერთი მხრივ დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის ოჯახის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, ე. ლ-ის სახელზე ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი გორი, ...ის ქუჩა V კვარტალი კორპუსი 19ბ, საკადასტრო კოდით: .... ვალდებულების გრაფაში მითითებულია გამყიდველი მ. მ-ი, მყიდველი ე. ლ-ი, ვალდებულება - გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე მყიდველს არ აქვს ნასყიდობის საგნის გასხვისების უფლება, ხოლო 2022 წლის 5 მაისის მდგომარეობით, მითითებული ქონება ირიცხება მ. მ-ის სახელზე. ვალდებულების გრაფა ცარიელია, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ე. ლ-ის მიერ არ არის გამოსყიდული ქონება და ის კვლავ აღრიცხულია პირვანდელი მესაკუთრის სახელზე. ისიც დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს, მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროიდან დღემდე საკუთრებაში არა გააჩნია უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინა.

განაცხადის განხილვის შედეგად, ვინაიდან სააგენტომ მიიჩნია, რომ ე. ლ-ის მიერ ქონების გასხვისების მიუხედავად იმავე მისამართზე განაგრძო ცხოვრება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივლისის NIDP6 22 00000621 ბრძანებით, მოსარჩელის ოჯახს ეთქვა უარი მათ მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო - სააგენტოს პოზიციით, მოცემული ეტაპისათვის არ არსებობდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ე. ლ-ის ოჯახი შეფასდა 8.00 ქულით: 1.50 ქულა - 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები, ერთი წევრი; 1.50 ქულა - საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნაქირავებში; 2.00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები, 3 არასრულწლოვანი, 1.50 ქულა - ე. ლ-ი - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი, 1.50 ქულა - გ. ტ-ე - ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად, მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან 2017 წელს და 2022 წელს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად და მოპასუხე საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა ე. ლ-ის ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება ე. ლ-ის მიერ გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. მოსარჩელის მითითებით, საცხოვრებელი ბინის გასხვისება მოუწიათ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს მისი გამოსყიდვა, შესაბამისად დაუბრუნდა პირვანდელ მესაკუთრეს. პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან, შესაბამისად დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაედგინა დევნილის საცხოვრებელი პირობები და სათანადოდ გადაეწყვიტა ე. ლ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამო, ვერ განხორციელდა ე. ლ-ის დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება, რაც 2022 წლის 13 ივლისის სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.

ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობის თაობაზე, რამდენადაც „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირველესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არასრულწლოვანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისთვის უზენაეს პრიორიტეტად და ამოსავალ წერტილად მიიჩნევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს (X v. LATVIA, [GC], §95-96, №27853/09, ECHR 2013).

რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - სალარო შემოსავლის ორდერით დასტურდება ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა 1000 ლარის ოდენობით, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. ამდენად, კასატორის მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა; იმ პირობებში, როდესაც სარჩელი დაკმაყოფილდა, სახეზეა მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ხარჯის გათვალისწინებით, გონივრულია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა