Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1377(2კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ნ. უ-ე

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, გ. ა-ი

თავდაპირველი მოსარჩელე - ა. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. უ-ემ და ა. ა-ემ 2018 წლის 20 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ,,საქმის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საცხოვრებელ ფართზე (მდებარე: ქ. თბილისი, ... №..., ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9, ორი ოთახი - 30 კვ.მ) ნ. უ-ის და ა. ა-ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სარჩელის მიხედვით, ნ. უ-ე არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მედიცინის ოფიცერი. მას და მის შვილს - ა. ა-ეს სსსრ თავდაცვის სამინისტრომ საბინაო ფონდიდან გამოუყო და სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ბინა მისამართზე: ქ.თბილისი, ... №..., ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9, ორი ოთახი ფართით 30 კვ.მეტრი, რაზეც 1993 წლის 5 თებერვალს გაიცა ბინის ორდერი №20, რომლის საფუძველზე ჩაეწერნენ ბინაში და ცხოვრობდნენ 2008 წლამდე, ხოლო 2008 წლიდან 2013 წლამდე, როგორც ნ. უ-ე, ასევე მისი შვილი ა. ა-ე იმყოფებოდნენ პატიმრობაში, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ ბინაში შესახლებული დახვდათ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, რომლებმაც უარი განაცხადეს ბინიდან გამოსვლაზე და იქ არსებული ნივთებისა და დოკუმენტაციის გადაცემაზე. მოსარჩელეების განმარტებით, ბინის ორდერის მეორე პირი ვერ მოიძიეს. აქედან გამომდინარე, განცხადებით მიმართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს სამართლებრივი აქტის გამოცემა, პრეზიდენტის ბრძანებულების ამოქმედებამდე ბინის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ, ასევე ითხოვდნენ ცნობას, რომ მათ არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით, ამასთან, მოითხოვეს იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.

მოსარჩელეთა განმარტებით, აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა განცხადების შეტანის მომენტისთვის, ნ. და ა. ა-ეების დაინტერესებაში არსებული ფართის დაკავების დამადასტურებელი დედანი დოკუმენტების ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლების, განცხადების შეტანის დროის ქვითრებისა და რეგისტრაციის ცნობის წარდგენა. მოსარჩელეებმა წარადგინეს მათ ხელთ არსებული მასალები თანდართული განმარტებებით, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს უარი განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ არ წარადგინეს დედანი დოკუმენტაცია.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეზე გადაცემის კომპეტენცია მინიჭებული აქვს ადგილობრივ გამგეობას. აღნიშნული მიზნით ჩუღურეთის გამგეობაში წარდგენილი განაცხადი არ დაკმაყოფილდა, რადგან განცხადებას არ ერთოდა ბინის ორდერის დედანი. ამდენად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მოითხოვეს მისი ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ა-ი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. უ-ისა და ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს: ნ. უ-ესა და ა. ა-ეს, მესამე პირის - გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 მაისს, ნ. უ-ისა და ა. ა-ის წარმომადგენელმა ე. თ-მა №3/17 (რეგ. 25/05/17წ. №...), 2017 წლის 28 სექტემბერს №5/16 (რეგ. 28/09/17წ. №...) და 2018 წლის 18 მაისს №4/18 (რეგ. 21/05/18წ. №...) განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008 წლის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ. და ა. ა-ეების მიერ ქ.თბილისში, ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9-ის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ ნ. და ა. ა-ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით და იმ ფაქტის დადასტურება, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებელს განუსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 28 ივნისის MOD 7 18 00636478 წერილით მოთხოვნილი მტკიცებულებები, კერძოდ, განცხადების შეტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი). შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 10 აგვისტოს MOD31800800985 გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, ნ. უ-ეს და ა. ა-ეს საფუძვლიანად ეთქვათ უარი განცხადების განხილვაზე, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ხარჯის განაწილების საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სარჩელის მთლიანად ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დაეკისროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აქვს მხარეს წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების გადახდის საფასურის დამადასტურებელი მტკიცებულება, რამეთუ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ეს დებულება სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია, რომელიც ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოსარჩელეებს-ნ. უ-ესა და ა. ა-ეს, მესამე პირის - გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. უ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 აგვისტოს №MOD 31800800985 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევისა და განხილვის შემდეგ სადავო საკითხთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ა-ეს გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომის წიგნაკის ასლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ბრიგადაში ექიმის თანამდებობაზე 20.08.92წ. №11 ბრძანებით მიღებულია ნ. უ-ე, დათხოვნილია 1998 წლის 29 დეკემბერს ( ტ. 1.ს.ფ 31). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 მაისის №04/27348 ცნობის თანახმად, ნ. უ-ეს (პირადი №..., დაბადების თარიღი:...წ., კომპ. საქმის №...) 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემების თანახმად, 2013 წლის 29 აპრილიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია თავდაცვის სამინისტროს ხაზით (სამხედრო წოდება: უფროსი ლეიტენანტი) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით, უვადოდ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის შშმ ვეტერანი, კოდი: ...), ასევე იღებს სოციალურ პაკეტს 44 (ორმოცდაოთხი) ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ.72).

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსის 2008 წლის 28 თებერვლის №010075 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა ნ. უ-ეს მასზე, რომ 1993 წლის 26 აგვისტოდან 1993 წლის 20 სექტემბრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, გათანაბრებული არის დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან და სარგებლობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით (ტ.1. ს.ფ.34).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის წერილის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ნ. უ-ე, დღეის მდგომარეობით, 1993 წლის 15 ივნისიდან რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: თბილისი, ...ის ქ. №..., კორ. №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.44).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით თარგმნილი და დამოწმებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ს სსს მიერ 1993 წლის 05 თებერვალს ნ. უ-ეზე გაცემული ორდერის ასლი - ორი ოთახის 30 კვ.მ ფართის დაკავების უფლებით მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, ... ..., სახლი №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ. 50-52).

თბილისის ...ის №331 სამხედრო ნაწილის სახლმმართველობის 1993 წლის 10 თებერვლის №491 ცნობის თანახმად, ცნობა მიეცა ნ. უ-ეს (დაბადებულს ... წელს) მასზე, რომ იგი ნამდვილად ეწერება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ... ..., ...ის ქ. სახლი №2 , ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.54). ...ის 2016 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, ტელეფონი ნომრით (32) ... 1996 წლის 4 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 იანვრამდე ირიცხებოდა ნ. უ-ის სახელზე, მისამართი: თბილისი, ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9 (ტ.1. ს.ფ.57).

შპს „...ის“ 2017 წლის 01 დეკემბრის წერილით, შ.პ.ს. ,,...ი“ ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებს 2006 წლის 1 ივნისიდან. გამომდინარე აქედან, აბონენტი №... (უ-ე) მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №..., კორპუსი №2, ბინა №9 კომპანიის ბილინგის მონაცემთა ბაზაში აბონენტად ფიქსირდება 2006 წლის 1 ივნისიდან (ტ.1.ს.ფ.58).

ნ. ა-ი (დაბადებული: ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ...ის ქ. №... ბ. 28) და ი. მ-ი (დაბადებული: ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ... ს/დ №... კორ. 3ბ. 30) ნოტარიული წესით ადასტურებენ, რომ ნ. უ-ე (დაბ. ... წელს, პ/ნ ..., მისამართი: თბილისი ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნამდვილად ცხოვრობდა ...ს ...ში მისამართზე ...ის ქ. №..., სახლი №2, ბინა №9-ში და იქვე მუშაობდა სამედიცინო პუნქტის ... . როგორც ექიმი, მას არაერთხელ აღმოუჩენია მათთვის სამედიცინო დახმარება არა მარტო სამედიცინო პუნქტში, არამედ თავის საცხოვრებელ ბინაშიც (ტ.1. ს.ფ.59).

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №SSVA 00005551 ცნობით, ნ. უ-ე ნამდვილად მუშაობს 2020 წლის 19 მარტიდან დღემდე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ...ის პოზიციაზე (შტატგარეშე თანამშრომლად) და მისი (დარიცხული) თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს 1000 (ათასი) ლარს (ტ.2.ს.ფ.198).

... ბანკის 2020 წლის 09 მარტის №11065/07-022002027 წერილის თანახმად, ბანკსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის, 2008-2010 წლებში ბანკში ჩარიცხული ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა შეადგენს 34 704 700 ლარს. აქედან სამინისტროს ანგარიშზე დაბრუნებულ იქნა 1 048 932 ლარი, ხოლო ბენეფიციართა ანგარიშებზე განაწილებული თანხა შეადგენს 33 655 768 ლარს. აღნიშნული წერილზე დართულია კომპენსირებულ ბენეფიციართა სია, რომელთა შორის ფიქსირდება გ. ა-ი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საქმის გარემოებების დადგენის, გამოკვლევის და შემოწმების გარეშე საერთოდ უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის განხილვაზე; პალატის შეფასებით, განსახილველი საქმის სპეციფიკისა და საკანონმდებლო დანაწესის პირობებში, მოპასუხემ სრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ დაადგინა ბინის სამართლებრივი მდგომარეობა, არ მოისმინა დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტებები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს MOD 31800800985 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის, შეფასებისა და დასაბუთების გარეშე და არსებობდა მისი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობები.

სააპელაციო პალატამ 2022 წლის 5 აპრილის დამატებით განჩინებაში მიუთითა 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე და აღნიშნა, რომ შედეგიდან გამომდინარე, ნ. უ-ე უნდა განთავისუფლებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მესამე პირის - გ. ა-ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის 200 (ორასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებისაგან; სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო მხოლოდ ნ. უ-ის მიერ, ხოლო ა. ა-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, მის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია პროცესის ხარჯების თაობაზე, ამიტომ დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ა. ა-ეს მესამე პირის გ. ა-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და 2022 წლის 05 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. უ-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ნ. უ-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ნ. უ-ის საკასაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი საცხოვრებელ ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შესახებ, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილებით არასწორად დააკისრა ა. ა-ეს მესამე პირის ადვოკატის ხარჯი და აღნიშნა, რომ სარჩელი მიმართულია თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომელმაც ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვაზე უთხრა უარი. ამასთან მიუთითა, რომ საქმეში მესამე პირად გ. ა-ის ჩართვის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო სამსახურებრივი დანიშნულების ბინაში აცხოვრებდა უსაფუძვლოდ, რითაც დააზარალა მოსარჩელეები, შესაბამისად, ადვოკატის ხარჯიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.

კასატორის განმარტებით, 2015 წლიდან ოფიციალურად ითხოვდა ბინაზე ინფორმაცია-დოკუმენტაციას. მას შემდეგ, რაც 2017 წლიდან, თვით თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით მოიპოვა 1993 წელს გაცემული ბინის ორდერი №20-ის ასლი საცხოვრებელ ფართში კანონიერად შესახლების შესახებ, განმეორებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს განცხადებით და მოითხოვა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების ამოქმედებამდე ნ. და ა. ა-ეების მიერ საცხოვრებელი ბინის ფაქტობრივი დაკავების (სარგებლობის) შესახებ. ასევე ითხოვდა ცნობას იმის თაობაზე, რომ ნ. და ა. ა-ეებს არ გადასცემიათ და შესაბამისად, არ სარგებლობენ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვა ფართით, ასევე იმ ფაქტის დადასტურებას, რომ არ მიმდინარეობდა სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლოში დავა თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით. არაერთი მიმართვის შემდეგ, საბოლოოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ მოითხოვა განცხადების შეტანის დროისთვის ფართის ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი მასალები. მიუხედავად იმისა, რომ წარადგინა ყველა ის მასალა, რაც ჰქონდა და განუმარტა თავდაცვის სამინისტროს, დღეის მდგომარეობით რატომ ვერ ფლობდა სადავო ბინას, მოპასუხემ განცხადების განხილვაზე 2018 წლის 10 აგვისტოს 18 00800985 გადაწყვეტილებით უთხრა უარი, რაც გასაჩივრდა სასამართლო წესით. სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა მტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია საქმის მასალები, ყურადღება გაამახვილა როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებზე და დაადგინა, რომ სადავო აქტი გამოცემული იყო კანონდარღვევით. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა/განხილვა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, რასაც კასატორი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ის საცხოვრებელი ბინიდან არავის გამოუსახლებია. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შშმ პირების გამოსახლება სანაცვლო ფართის გადაცემის გარეშე. თავდაცვამ დაადასტურა, რომ მოსარჩელეები არ სარგებლობენ მათ ბალანსზე რიცხული ქონებით. სადავო ბინას სამსახურებრივი დანიშნულების ბინის სტატუსი ჰქონდა 2014 წლის იანვრამდე. მას შემდეგ, რაც ურუშაძეებს მოუწიათ იძულებით ფართის დატოვება პატიმრობის გამო, ბინა დაიკავა დევნილმა ოჯახმა, რომელსაც ფართის ფლობის არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია. დევნილი ოჯახი სახელმწიფომ დააკმაყოფილა ფულადი კომპენსაციით 10 000 დოლარის ეკვივალენტით ლარში.

კასატორის განმარტებით, მართალია, დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს პრეზიდენტის 219-ე ბრძანებულება, მაგრამ დღეს მოქმედი მთავრობის №445 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, სამინისტრო ახორციელებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება წარედგინა მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული დებულების მიხედვით, მოსარჩელის ინტერესია სასამართლომ გადაწყვეტილებით კანონიერ მოსარგებლედ ცნოს ის. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროსგან გადაცემული ბინის გასხვისების თაობაზე მოსაზრებები იყო უსაფუძვლო, რადგან მას ბინა არ გაუყიდია და ამის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო მოწმეთა, მათ შორის, გრიგოლ დალაქიშვილის ჩვენება, არ შეიძლება გახდეს მითითებული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ფართზე აბონენტად გ. ა-ის აღრიცხვა თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა. სადავო ფართზე აბონენტად აღრიცხული იყო ურუშაძე, რაც დასტურდება გ. ა-ის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრებით, თუმცა 2008 წლის შემდეგ აბონენტია მესამე პირი, შესაბამისად კომუნალური მომსახურების ქვითრების წარდგენა თავდაცვის სამინისტროში მისთვის იყო შეუძლებელი.

კასატორი - თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მათ მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., სახლის №2, ბინა №9-ში ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტის დადასტურებას საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების ამოქმედებამდე. საკითხის შესწავლის მიზნით განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეთხოვა წარედგინა განცხადების შემოტანის მომენტისათვის მათ დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამდასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ, კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის ან სანოტარო წესით დამოწმებული სახით სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი და საცხოვრებელი სახლის სრული მისამართი (თავდაცვის მინისტრის 07.04.2015 წლის №241 ბრძანების შესაბამისად).

განმცხადებელმა 10.07.2018 წლის №6/18 (შიდა ნომერი 11.07.2018 წლის №687142) განცხადებით ვერ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტების სრულყოფილი და სათანადოდ დამოწმებული სახით წარმოდგენა, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განცხადება დარჩა განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის დამატებით გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან „დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე“. შესაბამისად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, როცა თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელიც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სასამართლოს მიერ არ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა ნაწილობრივ დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად პროცესის ხარჯის განაწილების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. უ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები (გარდა დასაშვებად მიჩნეული ნაწილისა) არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლი, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძვლად ითვალისწინებს დაინტერესებული პირის განცხადებას. ამავე მუხლის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. მე-3 ნაწილის მიხედვით, განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეთა განცხადებაზე ხარვეზის დადგენა განაპირობა დაინტერესებაში არსებული ბინის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ ან/და კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, სავალდებულო რეკვიზიტებით: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ფართის სრული მისამართი) წარუდგენლობამ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზებზე, კერძოდ განმცხადებლების მიერ 2008 წლიდან საცხოვრებელ ბინაზე ფაქტობრივი მფლობელობის დაკარგვის შესახებ (საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის გამო). ამასთან მოსარჩლეებმა წარადგინეს დამატებითი დოკუმენტები (სარეგისტრაციო მონაცემები, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა), რასაც ხელი უნდა შეეწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიეკუთვნება, თუმცა ნ. უ-ისა და ა. ა-ის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნა იმ ეტაპზე მიმართული იყო არა უშუალოდ ბინის საკუთრებაში გადასაცემად, არამედ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის მისაღებად. მითითებული ნორმის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამრიგად ცალსახაა, რომ ბინის ფაქტობრივად დაკავების (სარგებლობის) ფაქტის დადასტურება წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საკითხი საჭიროებდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30აპრილის №219 ბრძანებულების მოქმედებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 06 სექტემბრის №1037 საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, კერძოდ, მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი სამართლებრივი აქტი კი მიღებულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით. ამრიგად, ნ. და ა. ა-ეების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიღებული სადავო აქტის გამოცემისას (10.08.2018წ.) მოქმედ რეგულაციას წარმოადგენდა 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას უკვე მოქმედებდა 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება“, რამაც მოაწესრიგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნული დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას დღეის მდგომარეობით ახორციელებს არა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, არამედ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამავე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად,

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 28 ივნისის MOD 7 18 00636478 წერილი არ შეიცავს მითითებას მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადის თაობაზე. მიუხედავად ამისა, განმცხადებლების წარმომადგენელმა გონივრულ ვადაში 2018 წლის 10 ივლისს მიმართა სამინისტროს და წარადგინა წერილით დავალებული რიგი დოკუმენტები, რაც არ იქნა განხილული მოპასუხის მიერ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე. წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მათი შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებების წარდგენა დაევალა განმცხადებელს, ასევე ზოგადად იმ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს, თუმცა, აქტი არ შეიცავს მსჯელობას და შესაბამის დასაბუთებას, რატომ არ იქნა მიჩნეული განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტი ,,ხარვეზის შევსებად“. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნილი უფლების (სარგებლობის ფაქტის დადასტურება) მოსაპოვებლად საქართველოს პრეზიდენტის 30.04.2008 წლის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულებით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად უნდა ემსჯელა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ქ.თბილისში, ... №..., ...ის ქუჩა, სახლი №2, ბინა №9-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე ნ. უ-ის და ა. ა-ის კანონიერ მოსარგებლედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადასტურებულია საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევა და საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას დღეს მოქმედი რეგულაციის პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას (გარდა პროცესის ხარჯების განაწილებისა), მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. უ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად (გარდა პროცესის ხარჯების განაწილებისა);

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა