საქმე №ბს-866(კ-23) 20 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ზ. გ-ა, ლ. გ-ა, ლა. გ-ა, ნ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-ამ, ნ. გ-ამ, ლა. გ-ამ და ლ. გ-ამ 2022 წლის 04 მარტს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-441/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ ...ში. მათ შეიტანეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე განაცხადი. მოსარჩლეთა ოჯახის შეფასების შედეგად მიენიჭათ 5 ქულა, თუმცა მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 1994 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, ემატება 1.5 ქულა, ხოლო დამატებით წევრებზე - 0.5 ქულა. მოსარჩლეთა განმარტებით, რადგან ზ. გ-ა დაბადებულია 1994 წლამდე, ოჯახის ქულა უნდა ყოფილიყო 6.5, ნაცვლად ხუთისა. ამასთან მიუთითეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის №7 დანართის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნეს, რომ როდესაც საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს, ამ შემთხვევაში ოჯახს ემატება 2 ქულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან მიიჩნევდნენ, რომ მათ ოჯახს უნდა მინიჭებოდა 8.5 ქულა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკმარისი ქულების არ არსებობის გამო, უარი უთხრეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ას, ნ. გ-ას, ლა. გ-ასა და ლ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-441/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ზ. გ-ას ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. კერძოდ, სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, პირველი გალი, ხოლო იძულებით გადაადგილების შემდგომ, იგი ოჯახთან ერთად ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობდა ზუგდიდის რაინის სოფელ ...ში - ...ის შენობაში. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ზ. გ-ას ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულების გამო, კერძოდ, 1,5 ქულა დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-441/ო ბრძანებით, ქ. ზუგდიდში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მოსარჩელის ოჯახს საკმარისი ქულების არარსებობის საფუძვლით.
სააპელაციო პალატამ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ, იმ პირობებში, როდესაც ზ. გ-ას დევნილ ოჯახში იყო 1994 წლის 01 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი (ზ. გ-ა დაბადებულია ... წლის ... ...ს), ოჯახს ამ კრიტერიუმში უნდა მინიჭებოდა 1,5 ქულა. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში საერთო ჯამში მოსარჩელის ოჯახის ქულათა რაოდენობა არ შეიცვლებოდა და ამ საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ იარსებებდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის მდგომარეობის შეფასება 5 ქულით იყო მართებული, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს ქმნიდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ ქ. ზუგდიდში, ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 4 და მეტი ქულა. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნით, არსებულ ქულათა გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი განსახლებული უნდა ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, წარმომადგენლის მოსაზრებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. გ-ა და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ სახელმწიფოს საკუთრებაში. ასევე ზ. გ-ას მეუღლის ნ. გ-ას მშობლებსაც გააჩნიათ კერძო საკუთრება, სადაც ოჯახი შესაძლოა მხოლოდ მცირე ხნით ცხოვრობდა, თუმცა, მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილს ...ის შენობა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარეს 1.5 ქულა მინიჭებული ჰქონდა ახლობლის/ნათესავის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში, რეალურად კი ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს საკუთრებაში, მოხდა შესაბამის კრიტერიუმში მინიჭებული 1.5. ქულის ჩამოკლება და დევნილ ოჯახს 5 ქულის ნაცვლად დარჩა 3.5 ქულა, რაც საკმარისი აღარ აღმოჩნდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე გამსვლელი ქულა იყო 4 და მეტი. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეისწავლა მოსარჩელე ზ. გ-ას ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, განიხილა მოსარჩელის მოთხოვნა და 2021 წლის 17 ნოემბრის სხდომის №79 ოქმით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არასაკმარისი ქულის გამო.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს დამატებით ეკუთვნოდა 1.5 ქულა (1994 წლის 01 იანვრამდე დაბადებული პირი), რაც სააგენტომ მას არ მიანიჭა, ხოლო, ქულის მინიჭების შემთხვევაში, მოსარჩელის ქულათა ოდენობა საკმარისი იქნებოდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად თავად მიეღო გადაწყვეტილება და მისი ფუნქცია შეეთავსებინა. მოსარჩელის ოჯახს კონკრეტულ კრიტერიუმში მოაკლდა ქულა, ის ქულა კი, რომელზეც სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის ოჯახს ადმინისტრაციული წარმოების დროს საერთოდ არ მინიჭებია შესაბამის კრიტერიუმში. შესაბამისად, მართებული იქნებოდა სასამართლოს მიერ სააგენტოსათვის საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალება, ნაცვლად მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გათვალისწინების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ზ. გ-ას, ლ. გ-ას, ლა. გ-ასა და ნ. გ-ას მიერ გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, არასაკმარისი ქულის საფუძვლით, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინონ ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.
დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. გ-ა, ლ. გ-ა და ლა. გ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის მიხედვით, 2021 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით ზ. გ-ას განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით. 1,50 ქულა განისაზღვრა საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე); 1.00 ქულა განისაზღვრა 18 წლამდე ასაკის წევრების - ორი არასრულწლოვანის გამო; 2.50 ქულა განისაზღვრა სოციალური კრიტერიუმით. ამავე ფორმის თანახმად, სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, მშობლები და ძმა. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან - ნ. გ-ასთან ერთად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 ოქმით დადგინდა, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ზ. გ-ას განაცხადი შეფასდა 3.5 ქულით და უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა). შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 იანვრის №03-441/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ. გ-ას ამ ეტაპზე არასაკმარისი ქულის გამო უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-8 დანართის თანახმად, ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც არის 1994 წლის 01 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი, მიენიჭება 1,5 ქულა, ყოველ დამატებით წევრზე – 0,5 ქულა. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ. გ-ა დაბადებულია 1994 წლის 01 იანვრამდე, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომლის თანახმად, ზ. გ-ას განაცხადის 5.00 ქულით შეფასება შეუსაბამობაში იყო „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-8 დანართის დანაწესთან. მითითებული ნორმის მიხედვით, ოჯახს ეკუთვნოდა დამატებით 1,5 ქულა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული არ ყოფილა. შესაბამისად, განაცხადისათვის აღნიშნული ქულის მინიჭების პირობებში, ზ. გ-ას განაცხადი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის განხილვისას დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრების კრიტერიუმში - 1.5 ქულა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების უპირატესობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლები) სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზის აღმოფხვრას. მხარე ვერ უთითებს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტის სხვაგვარად დადგენის შესაძლებლობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპის დაცვით,. მნიშვნელოვანია, რომ „თითოეული საქმე უნდა შეფასდეს სამართალწარმოებაში არსებული კონკრეტული გარემოებების შუქზე და სასამართლოები, პროცედურული ნორმების გამოყენებისას უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ, როგორც გადაჭარბებული ფორმალობა/ექსცესიური ფორმალიზმი, რაც სამართალწარმოების სამართლიანობას მიაყენებდა ზიანს, ასევე გადაჭარბებული მოქნილობა, რაც საკანონმდებლო ნორმებით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებს უსარგებლოდ და მბოჭავი ძალის არ მოქნედ აქცევდა.“ (Hasan Tunç and Others v. Turkey, N 19074/05, § 33, 31 იანვარი 2017).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა