Facebook Twitter

საქმე №ბს-1085(კ-2კს-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ს., ნ. გ-ები

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სს „... ბანკი“, შპს „ ...ი“

დავის საგანი - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 ოქტომბერს ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ 6.11.2017წ. დაზუსტებული სარჩელით იშუამდგომლა შემდეგ ავტომანქანებზე “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) საქმის დასრულებამდე აღსრულების შეჩერებაზე (N17106974).

მოსარჩელის განმარტებით, “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...), “...” (სახელმწიფო ნომრით ...) და „...” (სახელმწიფო ნომრით ...) ავტომანქანები შეიძინა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, რომლებიც სახელმწიფოს გადაეცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის №661, №663, №669 და №680 ბრძანებებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. 2017 წლის 16 იანვრის გადაცემის აქტებში შეძენილ ავტომანქანებზე არ იყო მითითებული ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობის უფლების არსებობის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბანკს უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ წაუყენებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2017 წლის 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის რუსთავის საქალაქო სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე - ს. გ-ის სარჩელი, მოპასუხე-შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით გადაეგზავნა განსჯად-რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2018 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხეებად მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ხოლო მესამე პირებად: სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნენ სს „... ბანკი“ და შპს „...ი“.

2018 წლის 3 ივლისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე ს. გ-მა მოითხოვა სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს სადავო მანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, ს. გ-ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებზე “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ..., “...” სახელმწიფო ნომრით ... და „...” სახელმწიფო ნომრით ... სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული ავტომანქანების მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

2022 წლის 13 დეკემბერს ს. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმასთან დაკავშირებით.

2022 წლის 13 დეკემბერს ნ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მის ჩაბმასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა მისი მოცემულ საქმეში ასკ-ის 16.2-ით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. და ნ. გ-ებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ს. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით მესამე პირებად სსიპ შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და ნ. გ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 429-ე მუხლების შესაბამისად, წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ის კერძო საჩივარი.

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ი წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ ფინანსთა e.auction-ის ვებ. გვერდზე დაბლოკილია, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონულ აუქციონში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მისმა დამ - ს. გ-მა მიიღო მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში, თუმცა შესყიდული ავტომანქანების საფასური გადაიხადეს თანაბრად. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა ს. გ-ის ინტერესებს, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოში მხარის წარმომადგენლად არ იქნა დაშვებული, ვინაიდან კანონმდებლობით მხოლოდ ადვოკატია უფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაიცვას პირის ინტერესები. ნ. გ-ი აღნიშნავს, რომ მის დას დამოუკიდებლად არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა. ნ. გ-ი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმა, თუმცა 13.12.2022წ. საოქმო განჩინებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვა არ გადადო უზენაესი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვამდე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული საოქმო განჩინებით დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული უფლებები.

კერძო საჩივრის ავტორი - ს. გ-ი წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო თავად, თუმცა ავტომანქანების ღირებულების ნახევარი გადაიხადა მისმა დამ-ნ. გ-მა. ავტომანქანების მის სახელზე აღრიცხვისთანავე მათზე მოხდა შეზღუდვის დაწესება, რის გამოც ვეღარ შეძლო მათი ნ. გ-ის სახელზე გადაფორმება. ს. გ-ი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლოში მის ინტერესებს იცავდა მისი და - ნ. გ-ი, როგორც რწმუნებული. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნ. გ-ი არის სადავო ქონების ½ წილის მესაკუთრე, იგი ვერ ახერხებდა საკუთარი უფლებების დაცვას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რადგან არ არის ადვოკატთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი. ს. გ-ი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 13.12.2022წ. საოქმო განჩინებით უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი დის-ნ. გ-ის შუამდგომლობა მოცემულ საქმეში ასკ-ის 16.2-ით მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით. ს. გ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვამდე უნდა გადადებულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობისა შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. და ნ. გ-ების კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება ნ. გ-ის სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართალურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სამართლოში ჩატარებულ არაერთ სხდომაზე ს. გ-ის წარმომადგენელი გახლდათ მისი და - ნ. გ-ი, რომელსაც არ დაუყენებია შუამდგომლობა მისი მესამე პირად ჩაბმის შესახებ. საგულისხმოა, რომ ნ. გ-მა მხოლოდ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოითხოვა მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმა, ისე, რომ არ მიუთითებია მისთვის აქამდე უცნობ ახალ გარემოებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებაზე, რომ ნ. გ-ი პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი დის რწმუნებულად გამოსვლის პერიოდში იცავდა საკუთარ ინტერესებსაც ვერ გაიზიარებს, რადგან ნ. გ-ი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმული არ იყო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის №ბს-762(2კს-19) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ“.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველი დავის საგანზე, კერძოდ ს. გ-ის მიერ მოთხოვნილია სადავო მანქანებზე გირავნობის უფლების არარსებობის აღიარება, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის №016165, №016166, №016163 და №016164 გირავნობის მოწმობების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული ავტომანქანების მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას, აღნიშნული აქტების ადრესატები საქმეში ჩართულები არიან მოპასუხეებად და მესამე პირებად. საკასაციო სასამართლოსთვის გაურკვეველია რა უფლება-მოვალეობები შეიძლება განესაზღვროს ნ. გ-ს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება მასზედ, რომ ნ. გ-ი წარმოადგენს სადავო ავტომანქანების თანამესაკუთრეს არ დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემოქმედება ნ. გ-ის უფლება-მოვალეობებზე არ არის დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნ. გ-ის შუამდგომლობა მისი მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, რადგან მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. ასევე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 16-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირის ჩაბმის შემთხვევა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, ნ. გ-ის მოცემულ საქმეში ჩაბმის კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობას. მას არ აქვს რაიმე დამოუკიდებელი ინტერესი, რომლის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს დავაში სუბიექტის მესამე პირად ჩაბმა. ზემოაღნიშნულად გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული ნ. გ-ის შუამდგომლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ს. გ-ის კერძო საჩივრის (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ნ. გ-ის ჩაბმასთან დაკავშირებით) წარმოებაში მიღებისას "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - ნ. გ-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მას უნდა დაეკისროს კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის- 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. და ნ. გ-ების კერძო საჩივრები ნ. გ-ის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ. გ-ს (პ/ნ ...) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა