Facebook Twitter

№ბს-787(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივნისის №04-00/12926 გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 10 ივლისის №04/15137 გადაწყვეტილება; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაცვლილის მემკვიდრისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივნისის №04-00/12926 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 10 ივლისის №04/15137 გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაცვლილის მემკვიდრისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ა. გ-ე წარმოადგენს ბებიის - გ. გ-ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს. სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემებით, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2019 წლის 14 მაისს, ხოლო სახელმწიფო გასაცემლის გაცემა შეწყდა 2019 წლის 1 ივნისიდან. მოსარჩელემ სააგენტოს განცხადებით მიმართა 2020 წლის 19 ივნისს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, რის საფუძველზეც თბილისის ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე მხარე აპელირებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და მტკიცებულების სახით წარმოადგენს ნოტარიუს ი. ფ-ას წერილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სანოტარო ბიურო არ ფუნქციონირებდა 2020 წლის 26 მარტიდან 29 მაისამდე პერიოდში, დროებით ლოკაციაზე მორიგეობის პერიოდში კი ვერ გასცემდნენ სამკვიდრო მოწმობებს. მოწმობა გაიცა 2020 წლის 17 ივნისს.

კასატორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ფუნქციონირებდა უწყვეტ რეჟიმში. ასევე, თუ განმცხადებელს არ აქვს ადგილზე მისვლის და განცხადების ჩაბარების სურვილი ან საშუალება, სააგენტოსთან მიმოწერის განხორციელება შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე დეტალურად არის მითითებული ყველა სახის ინფორმაცია მისი საქმიანობის სფეროებისა და საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტების მითითებითა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით. განმცხადებელი განცხადების შეტანისას ავსებს ფორმას, რომელშიც მითითებაა იმის თაობაზე, რომ მას დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრება 3 თვის ვადა, ზოგიერთ შემთხვევაში - 6 თვის ვადა. ამდენად, მოსარჩელეს სააგენტოში მიუღებელი პენსიის მოთხოვნით განცხადება უნდა წარედგინა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 წლის განმავლობაში და მოეთხოვა დამატებითი ვადა სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია კანონით დადგენილი მიმართვის ვადა, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2020 წლის 17 ივნისის ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ დამოწმებულ სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ ა. გ-ე არის მამკვიდრებლის - გ. გ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი. სამკვიდრო მოწმობის გაცემის მიზნით ა. გ-ემ ნოტარიუსს მიმართა 2019 წლის 6 ნოემბერს (ს.ფ 11-13); ბ) 2020 წლის 17 ივნისის ნოტარიუს ი. ფ-ას მიერ დამოწმებულ სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ ა. გ-ე არის მამკვიდრებლის - გ. გ-ის წარმომადგენლობითი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილიშვილი. მემკვიდრემ მამკვიდრებლის სამკვიდრო მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) (ს.ფ 14-16); გ) სს „... ბანკის“ 2020 წლის 2 ივლისის ამონაწერით, გ. გ-ის საბანკო ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი შეადგენს 666 ლარს (ს.ფ 18); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ეს უარი ეთქვა მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი პენსიის მიღებაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და განმარტებულია პენსიის მიმღების - გ. გ-ის გარდაცვალებიდან კანონით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლის შესახებ (ს.ფ. 17); ე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2020 წლის 10 ივლისის №04/15137 გადაწყვეტილება დააფუძნა იმავე ფაქტებსა და გარემოებებზე, რაზეც სააგენტოს საქალაქო ცენტრმა და მიუთითა, რომ სახელმწიფო გასაცემლის მიმღებ ბენეფიციართა ერთიანი სააღრიცხვო ბაზის მონაცემით, გ. გ-ეს სახელმწიფო გასაცემელი შეუწყდა 2019 წლის 1 ივნისიდან გარდაცვალების გამო (გარდაიცვალა 14.05.2019წ.), მემკვიდრემ სააგენტოს განცხადებით მიმართა 2020 წლის 19 ივნისს (გარდაცვალებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ), რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (ს.ფ 19); ვ) ნოტარიუს ი. ფ-ას 2020 წლის 31 ივლისის წერილით ა. გ-ეს ეცნობა, რომ პანდემიის, კარანტინის პერიოდში მისი სანოტარო ბიურო მდებარე: ქალაქი თბილისი ...ას ქუჩა №4 არ ფუნქციონირებდა 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 29 მაისამდე. აღნიშნულ პერიოდში დროებით ლოკაციაზე მოუწია სამჯერ მორიგეობა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ვერ მოხერხდა (ს.ფ 20).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის, მამკვიდრებლის მიერ მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. აღნიშნული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1.1 მუხლი). პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან (5.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მითითებული კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურების წესს პირის გარდაცვალების შემთხვევაში, კერძოდ, (1) პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა; (2) პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, (1) პენსიონერის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი საპენსიო თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) პენსიონერის გარდაცვალებამდე კუთვნილი მიუღებელი საპენსიო თანხა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით საპენსიო თანხა არ არის ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე; ბ) მოთხოვნა, შეჩერებული პენსიის განახლების შესახებ, პენსიონერის ან რწმუნებით აღჭურვილი პირის მიერ განხორციელებულია პენსიონერის სიცოცხლეში; (2) პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაიცემა, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (საკუთრების უფლება) პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ასევე გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულია და სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვს, კერძოდ, კონვენციის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისთვის „ქონება“ შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც „რეალურად არსებულ ქონებას“, ასევე აქტივებს, მათ შორის ისეთი მოთხოვნის უფლებას, რომელთა მიმართებითაც განმცხადებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მას გააჩნია ქონებრივი უფლებების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობის მიღების „კანონიერი მოლოდინი“ („ფონ მალცანი გერმანიის წინააღმდეგ“, 02.03.2005წ. §74; „კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §35). იმისათვის, რომ „მოლოდინი“ იყოს „კანონიერი“, მას უნდა გააჩნდეს არა უბრალოდ იმედის სახე, არამედ უფრო კონკრეტული ხასიათი, რასაც საფუძვლად სამართლის ნორმა ან სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს („კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ“, 28.09.2004წ. §49). ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება'' (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) საპენსიო თანხები გაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის კომპეტენტურ ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

წინამდებარე დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სსიპ სოციალური მომსახურების თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2020 წლის 22 ივნისის №04-00/12926 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 10 ივლისის №04/15137 გადაწყვეტილება არღვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ უფლებას, მიიღოს მამკვიდრებლის მიუღებელი პენსია, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს ეკრძალებათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სანოტარო მომსახურების მიწოდებისთვის განისაზღვრა დროებითი სანოტარო ბიუროების მისამართები. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მხოლოდ პალატის გამგეობის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი დაინტერესებული პირებისთვის სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ნოტარიუს ი. ფ-ას 2020 წლის 31 ივლისის წერილზე, რომლითაც ა. გ-ეს განემარტა, რომ პანდემიის, კარანტინის პერიოდში მისი სანოტარო ბიურო მდებარე: ქალაქი თბილისი ...ას ქუჩა №4 არ ფუნქციონირებდა 2020 წლის 26 მარტიდან 2020 წლის 29 მაისამდე. აღნიშნულ პერიოდში დროებით ლოკაციაზე მოუწია სამჯერ მორიგეობა, თუმცა სამკვიდრო მოწმობის გაცემა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამისთვის საჭირო იყო ნოტარიუსთა პალატის ნებართვა, ასევე მოქალაქეთა მიღება ხდებოდა ვიზიტის დაჯავშნით. ნოტარიუსისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი როდის უწევდა მორიგეობა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვერ მოხერხდა ვიზიტის დაჯავშნა. აქედან გამომდინარე, გ. გ-ის სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2020 წლის 17 ივნისს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიერ ა. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მართებულად განხორციელდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გარდაცვლილის მემკვიდრისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე