Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-875(კ-22) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - ლ. დ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 27 ივლისს ლ. დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე, შვილი და შვილიშვილები) ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში. საცხოვრებელი ბინის მიღების თაობაზე ლ. დ-ას ოჯახს შეტანილი აქვს განაცხადი და მიენიჭა 13.5 ქულა. მოსარჩელის განმარტებით, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, შშმ პირები არიან ასევე მისი მეუღლე და შვილი. ოჯახის ერთი წევრი საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულია უგზო-უკვლოდ. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის №35 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ „ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.“ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2732/ო ბრძანება. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანება არამართებული და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2732/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს, ლ. დ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის და მისი ოჯახისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ოჯახის შემადგენლობაში განმცხადებელთან ერთად მითითებულია: მეუღლე - ა. დ-ა, შვილი - მ. დ-ა და შვილიშვილები - ნ. და გ. დ-ები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა 13.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; ლ. დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა; მ. დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ა. დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა; ლ. დ-ას ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; ნ. დ-ა - ომში დაღუპული წევრი - გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად - 1.5 ქულა). განმცხადებელს საკუთრებაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (მის: ...ის რაიონი, სოფელი ...ი, 1 101 კვ.მ), რომელიც 2019 წლის 12 სექტემბერს გაასხვისა მ. შ-ეზე. მეუღლეს - ა. დ-ას საკუთრებაში ჰქონდა ბინა (მის: ქ. ქუთაისი, ... №47, სართული 3, ბინა №54), რომელზეც ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმებულია. ასევე ჰქონდა მეორე ბინა (მის: ქ. ქუთაისი, ...ის ...ი №30, ბინა №11), რომელიც 2012 წლის 19 ივნისს გაასხვისა თ. თ-ეზე. შვილს - ნ. დ-ას საკუთრებაში ჰქონდა მშენებარე ბინა (მის: ქ. თბილისი, ...ის ქ. №2, კორპუსი 3, სართული 6, ბინა №17, 55.50 კვ.მ).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ. დ-ას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით (სამოთახიანი ბინით) დაკმაყოფილებაზე, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 18 მარტს განხორციელდა ლ. დ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი, მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №47, ბინა №54. მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდნენ ლ. დ-ა და ა. დ-ა. მათი განმარტებით, მ. დ-ა იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო შვილიშვილები - ნ. და გ. დ-ები იმყოფებიან დედასთან ერთად თავშესაფარში. განმცხადებლის განმარტებით, მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობდნენ 2012 წლიდან. მანამდე ცხოვრობდნენ ...ის ქ. №30/11-ში, რომელიც 2007 წელს გაყიდეს და შეიძინეს მონიტორინგის მისამართზე არსებული ბინა, რომელიც მოგვიანებით გაასხვისა 35 000 დოლარად.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 19 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. ქუთაისში, .... №47/54-ში მდებარე უძრავი ქონება, ფართით 104.90 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ა. დ-ას სახელზე. ხოლო, 2019 წლის 27 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აგვისტოდან აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ფ. ლ-ას საკუთრებად. მიუხედავად იმისა, რომ ქ. ქუთაისში, .... №47-ში მდებარე ბინა №54 აღირიცხა ფ. ლ-ას სახელზე, რომელიც არის მოსარჩელის ახლო ნათესავი, მის ოჯახს აღნიშნული ბინით სარგებლობა არ შეუწყვეტია არც ერთი დღით და შეუფერხებლად განაგრძობდნენ იქ ცხოვრებას. საქალაქო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობენ დევნილები, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთრება და არც საშუალება დროებით იცხოვრონ ნათესავის ან ახლობლის უძრავ ქონებაში მართებულად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით ლ. დ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ გარკვეულ წინაპირობებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) 6.3 მუხლის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის შეთავაზების რიგითობა განისაზღვრება დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხი უნდა დადგინდეს დევნილი ოჯახების საჭიროებების შეფასების საფუძველზე და უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგ დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით შედარებით ნაკლებად გაჭირვებული ოჯახი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ უშუალოდ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს ამჟამინდელი მდგომარეობით არ გააჩნიათ რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, იმთავითვე არ ქმნის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ამ ეტაპზე დაკმაყოფილების ვალდებულებას, ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ ლ. დ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს ფ. ლ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში, ისე რომ ბინით სარგებლობისათვის ქირის საფასურის გადახდის ფაქტი, სარწმუნო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ხორციელდება ეტაპობრივად სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, შესაბამისად, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები არ დაკმაყოფილდა და აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემდეგ ეტაპზე და დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ამ.

კასატორის განმარტებით, გაუგებარია რის საფუძველზე გაიზიარა სასამართლომ მოპასუხე მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ ლ. დ-ას დევნილ ოჯახს ამ ეტაპზე არ გააჩნდა განსახლების გადაუდებელი საჭიროება, „მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო“. სასამართლომ თავად მიუთითა, რომ ლ. დ-ას ოჯახი შედგება 6 წევრისაგან და ოჯახი სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემების ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ლ. დ-ა, მისი მეუღლე, ა. დ-ა და შვილი, მ. დ-ა არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მკვეთრად გამოხატული სიმპტომით. ამავდროულად, თავად ლ. დ-ა არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და ამ ომის მონაწილე; ოჯახში იზრდება ორი არასრულწლოვანი, ხოლო ოჯახის ერთი წევრი აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის შედეგადაა დაკარგული. საბოლოო ჯამში, ლ. დ-ას ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლის მისაღებად შევსებული განაცხადის საფუძველზე მიენიჭა 13.5 ქულა, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2019 წლის სექტემბრიდან, ლ. დ-ა, ბინით სარგებლობისათვის იხდის ქირას, თვეში 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ გარემოებას არ უარყოფს მოპასუხე სააგენტოც. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მიენიჭა ლ. დ-ას 1.5 ქულა, თუმცა სასამართლო განხილვის შედეგად, სწორედ ეს გარემოება გახდა ძირითადი არგუმენტი, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ ფ. ლ-აზე საცხოვრებელი ბინის გასხვისება, ფინანსური სიდუხჭირით იყო გამოწვეული და არა ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანის მიზნით, როგორც ამას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. დ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. საქართველო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება. ,,ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. ასევე ,,ევროპის სოციალური ქარტიის“ 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, უბინაობის თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2732/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ლ. დ-ას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №35), იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვს სააგენტოსთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. დ-ას ოჯახის წევრები (ლ. დ-ა, ა. დ-ა, მ. დ-ა, ჯ. ჭ-ე, გ. დ-ა, ნ. დ-ა) არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

2019 წლის 27 სექტემბერს, ლ. დ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის და მისი ოჯახისთვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ოჯახის შემადგენლობაში მასთან ერთად მიუთითა: მეუღლე - ა. დ-ა, შვილი - მ. დ-ა და შვილიშვილები - ნ. და გ. დ-ები. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა - 13.5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები: 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; ლ. დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა; მ. დ-ა - - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; ა. დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“, მკვეთრად გამოხატული - 3 ქულა; ლ. დ-ას ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.5 ქულა; ნ. დ-ა - ომში დაღუპული წევრი - გარდაიცვალა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტის შედეგად - 1.5 ქულა).

საქმეში დაცული მონიტორინგის სამსახურის 2021 წლის 18 მარტის ადგილზე გამოცხადების ოქმის თანახმად, მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდნენ ლ. დ-ა და ა. დ-ა. მათი განმარტებით, მ. დ-ა იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო შვილიშვილები - ნ. და გ. დ-ები იმყოფებიან დედასთან ერთად თავშესაფარში. განმცხადებლის განმარტებით, მონიტორინგის მისამართზე ცხოვრობენ 2012 წლიდან.

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 19 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ... №47-ში, სართული №3, ბინა №54 საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის მეუღლის - ა. დ-ას სახელზე, ხოლო საჯარო რეესტრის 2019 წლის 27 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აგვისტოდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ფ. ლ-ას საკუთრებად.

2021 წლის 26 ივლისს შედგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ლ. დ-ა 2019 წლის სექტემბრიდან ფ. ლ-ას ბინით (ს/კ ...) სარგებლობისათვის უხდის ქირას თვეში 200 ლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.

ამდენად, დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება, რომლის რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, ხოლო მეორე მხრივ, დევნილი ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. აღნიშნული მიზნად ისახავს როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან და მატერიალური რესურსიდან გამომდინარე, ასევე თავდაპირველად ისეთი დევნილების უფლებების დაცვასა და განსახლებას, რომლებიც განსაკუთრებით, სხვებზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას. სწორედ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, ამ ეტაპზე მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ, რასაც არ ეთანხმება საკასაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ქირით ცხოვრების შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ, მართალია, უშუალოდ მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს ამჟამინდელი მდგომარეობით არ გააჩნიათ რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მაგრამ ისინი უწყვეტად ცხოვრობენ ქირით მათ ყოფილ საკუთრებაში არსებულ, ხოლო ამჟამად ფ. ლ-ას საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში. ამასთან, სასამართლოების შეფასებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ასევე არც საქმის მასალებიდან იკვეთება ის გარემოება თუ რისთვის დასჭირდა და რაში გამოიყენა მოსარჩელის ოჯახმა მის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისების საფუძველზე მიღებული თანხა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო სამართალურთიერთობის ამგვარი შეფასებით უგულებელყოფილია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გაწერილი პროცედურის გავლისა და შესაბამისი პროცედურის საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების მნიშვნელობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხისა და სასამართლოების განმარტებას, რომ ქვეყანას, მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია შესაძლებლობა ყველა დევნილი ოჯახი ერთბაშად უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით და მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული მიზეზით, კანონი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რასაც ემსახურება კრიტერიუმების საფუძველზე დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი ქულის მინიჭება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდებოდა ალტერნატიულ საცხოვრებელზე, მისი მეუღლის ყოფილ ბინაზე, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება ქირით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის კუთვნილ ბინაში ცხოვრების გამო (სუსგ №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.; №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-946(კ-21), 13.01.2022წ.; №ბს-1013(კ-21), 10.03.2022წ.; №ბს-244(კ-22), 19.05.2022წ.; №ბს-147(კ-22), 21.07.2022წ.).

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. დ-ას ოჯახს აქვს მაღალი ქულა 13.5, რაც საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული ლ. დ-ას ოჯახისათვის მინიჭებულ ქულათა შესაბამისად, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობამ რატომ გამორიცხა იმ ეტაპზე მისი ოჯახის ფართით დაკმაყოფილება. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის წევრთა შემადგენლობაში შედიან უვადო სტატუსით შშმ პირები: ლ. დ-ა, მ. დ-ა და ა. დ-ა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებლის პროგრამების მისაწვდომობას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახის წევრთა სტატუსის (შშმ პირი) გათვალისწინებით დევნილთა უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის - ლ. დ-ას ოჯახის შემადგენლობაში ასევე შედიან არასრულწლოვანი პირები ნ. დ-ა და გ. დ-ა. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1 მუხლის თანახმად, კი ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კი, ლ. დ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრულწლოვან შვილიშვილებს - ნ. და გ. დ-ებს, რომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაც ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც ის გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციული აქტით მიყენებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არსებითია, მმართველობითი საქმიანობა იყოს ეფექტური და ეფუძნებოდეს თითოეული პირის რეალურ, ინდივიდუალურ ინტერესს. დაუშვებელია მმართველობითი ორგანოები ხელოვნური, უსაფუძვლო ბარიერების შექმნის გზით აფერხებდნენ ან ხელს უშლიდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების წარმოშობასა და რეალიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანებით ლ. დ-ას ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოჯახის შემადგენლობაში შედიან უვადო სტატუსით შშმ პირები და არასრულწლოვანი პირები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, არასრულწლოვანი პირების უპირატესი ინტერესები, დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპს და გადაწყვეტილება მიეღო მოსარჩელის ოჯახისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2732/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი ლ. დ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამდენად, ლ. დ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ. დ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 2 ივლისის №03-2732/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. დ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე