Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1078(კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. დ-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - თ. პ-ი, კერძო აღმასრულებელი ნ. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 27 დეკემბერს ნ. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის №A14008771-026/001 განკარგულებისა და ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმული იქნა თ. პ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაბმული იქნა კერძო აღმასრულებელი ნ. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2014 წლის 29 იანვარს, თ. პ-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს - ნ. კ-ას, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული #140069177 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, მესამე სართული, ბინა 48, 172.65 კვ.მ., საკადასტრო კოდი ..., რეალიზაციის მოთხოვნით. კრედიტორის მიერ წარდგენილი აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა - ნ. კ-ამ დაიწყო #A14008771 სააღსრულებო საქმის წარმოება.

2014 წლის 29 იანვარს, კერძო აღმასრულებლის - ნ. კ-ას მიერ მომზადდა წინადადება #A140008771-004/001 „გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ და გაიგზავნა მოვალის საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48. გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა მისამართზე მისი არყოფნის გამო და დაუბრუნდა გამგზავნს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ-ის სარჩელი; ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ #140069177 სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირი თანხის სახით ნ. დ-ის ვალდებულება კრედიტორ თ. პ-ის წინაშე განისაზღვრა 90 500 აშშ დოლარით.

კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას მიერ განახლდა სააღსრულებო წარმოება, მის მიერ განხორციელდა იპოთეკის საგნის სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის გამორკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იპოთეკის საგნის შესახებ და 2016 წლის 1 მარტს შედგენილ იქნა მოვალე ნ. დ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48, აღწერისა და დაყადაღების აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ნ. გ-ის წარმომადგენლის დავით მელაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული #140069177 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული #A14008771-004/001 სააღსრულებო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. დ-ეს მხარდამჭერად დაინიშნა ნ. გ-ე და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული #140069177 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული #A14008771-004/001 სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 1 აპრილს, კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას მიერ მოვალის ნ. დ-ის და მისი მხარდამჭერის ნ. გ-ის სახელზე მომზადდა #A14008771-004/002 „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ და გაეგზავნათ ადრესატებს. აღნიშნული წინადადება 2019 წლის 5 აპრილს ჩაბარდა ადრესატის ბინაში მყოფ პ. გ-ეს, რომელმაც იკისრა ვალდებულება, რომ აღნიშნულ შეტყობინებას ადრესატს გადასცემდა კანონით დადგენილი წესით. წინადადებაში განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მხარეებს განემარტათ, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდათ. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მათ შეეძლოთ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან - www.eauction.ge.

პალატამ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 146 მუხლის პირველ პუნქტზე, 147 მუხლის მე-2 პუნქტზე, 25-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის წინადადება მოვალისათვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესების დაცვით. ამდენად, მოვალისათვის ცნობილი იყო უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი N...), რეალიზაციასთან დაკავშირებული წარმოება და მისი უფლება-მოვალეობები, მათ შორის ის, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად, დამატებით არ ეცნობებოდა და მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის, მდგომარეობის შესახებ მას შეეძლო დეტალური ინფორმაცია მიეღო აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური ვებ. გვერდიდან. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელე მხარის მიერ არაერთი საპროცესო უფლების რეალიზება წლების განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება 2019 წლის 4 სექტემბერს კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას მიერ მოვალის ნ. დ-ის და მისი მხარდამჭერის ნ. გ-ის სახელზე მომზადებულ #A14008771-004/003 გადაფრთხილებაზე „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების ცვლილების შესახებ“. პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოპასუხის მცდელობების მიუხედავად, აღნიშნული გაფრთხილება ვერ ჩაბარდა ადრესატებს ვერც ფოსტის საშუალებით, ვერც პოლიციის მეშვეობით და ვერც 2019 წლის 23 ოქტომბერს, მოვალის მისამართზე კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას გამოცხადებით. 2019 წლის 22 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას მიერ გამოიცა #A14008771-023/002 განკარგულება #A14008771 სააღსრულებო წარმოების მხარეებისათვის - კრედიტორი თ. პ-ი, მოვალე ნ. დ-ე (მოვალის მხარდამჭერი ნ. გ-ე) სააღსრულებო მოქმედების აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდის www.nbe.gov.ge საშუალებით საჯარო შეტყობინების შესახებ. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2019 წლის 23 და 24 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.nbe.gov.ge განხორციელდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნება - ,,გადაფრთხილება იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების ცვლილების შესახებ“, სადაც დეტალურად იქნა განმარტებული აუქციონის ჩატარების წესი და პროცედურები. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, პალატამ განმარტა, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლის მე-6 პუნქტზე, 47-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას 2019 წლის 11 აპრილის #A14008771-009/003 მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონების შემფასებლის ე. ბ-ის (სერტიფიკატი #A-...) მიერ 2019 წლის 11 აპრილს მომზადდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), შეფასების ანგარიში. მომზადებული ანგარიშის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 237 000 ლარი.

2019 წლის 19 აპრილს, მოვალის ნ. დ-ის წარმომადგენელმა - მხარდამჭერმა ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნ. კ-ას და წარუდგინა დამოუკიდებელი აუდიტის ნ. ს-ის 2019 წლის 15 აპრილის შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), სავარაუდო საბაზრო ღირებულებამ, 2019 წლის 15 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 464 428 ლარი. კერძო აღმასრულებელმა ნ. კ-ამ 2019 წლის 19 აპრილის განცხადების პასუხად, მოვალე ნ. დ-ის მხარდამჭერს ნ. გ-ეს, 2019 წლის 25 აპრილის #A14008771-015/004 წერილით აცნობა, რომ კრედიტორი თანახმა იყო გათვალისწინებული ყოფილიყო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი „უძრავი ქონების შეფასება“(დასკვნა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, ნ. დ-ის წარმომადგენლის ნ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული N140069177 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული #140069177 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. 2019 წლის 24 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #38664 განცხადებით მიმართა თ. პ-ის წარმომადგენელმა შ. კ-მა, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინება და მოითხოვა იძულებითი აუქციონის დანიშვნა.

კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას 2019 წლის 22 ოქტომბრის #A14008771-009/00 მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონების შემფასებლის გ. ჩ-ის (სერტიფიკატი #A-...) მიერ 2019 წლის 26 ოქტომბერს მომზადდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), შეფასების ანგარიში. მომზადებული ანგარიშის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ, 2019 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 269 000 ლარი.

ნ. დ-ის მხარდამჭერმა ნ. გ-ემ 2019 წლის 4 ნოემბერს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნ. კ-ას და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), საბაზრო ღირებულების განსაზღვრას 269 000 ლარის ოდენობით და მიუთითა, რომ 6 თვის წინ აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 464 428 ლარს. ამავე განცხადებაში აღნიშნა, რომ წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას და ითხოვა, რომ აღნიშნული დასკვნის წარმოდგენამდე არ დაინიშნოს აუქციონი. ამავე შინაარსის განცხადებით ნ. გ-ემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ასევე მიმართა 2019 წლის 4 და 5 ნოემბერს. ამასთან, 2019 წლის 4 ნოემბერს კრედიტორ თ. პ-ის წარმომადგენელმა შ. კ-მა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს ნ. კ-ას, აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოვალის 2019 წლის 4 ნოემბრის განცხადებას და მოითხოვა დაჩქარებულ ვადებში საჯარო აუქციონის გამოცხადება.

მოვალე ნ. დ-ის მხარდამჭერს ნ. გ-ეს მისი 2019 წლის 4 და 5 ნოემბრის განცხადებებზე პასუხად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2019 წლის 11 ნოემბრის #81040 წერილით აცნობა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება (მოთხოვნა) - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებამდე აუქციონის არდანიშვნა, არ წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველს, რის გამოც თბილისის სააღსრულებო ბიურო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა აუქციონის არდანიშვნის შესახებ.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს არ მოუხდენია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზება და მას, როგორც სააღსრულებო წარმოების მხარეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე, არ წარუდგენია ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლითაც ქონება შეფასებული იყო ბოლო ექვსი თვის მანძილზე. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მხარემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა იმ მოტივით, რომ იგი აპირებდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.

ამასთან, პალატამ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 183 მუხლის პირველ პუნქტსა და 36-ე მუხლზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სრულიად გაიზიარა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 11 ნოემბრის N81040 წერილის სამართლებრივი საფუძვლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების საფუძვლები. მოვალის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენამდე შეჩერებულიყო სააღსრულებო წარმოება, არ ემყარებოდა კანონის ზემოაღნიშნულ დანაწესებს. შესაბამისად, მას კანონიერად ეთქვა უარი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტის ნ. ს-ის 2019 წლის 15 აპრილის შეფასების ანგარიში ადასტურებდა კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას 2019 წლის 22 ოქტომბრის NA14008771-009/00 მიმართვის საფუძველზე, უძრავი ქონების შემფასებლის გ. ჩ-ის (სერტიფიკატი #A-...) მიერ 2019 წლის 26 ოქტომბერს მომზადებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), შეფასების ანგარიშის მცდარობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სიყალბე ან ფალსიფიკაცია აღნიშნული დასკვნის შედგენისას. ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მანამდე წარადგინა სხვა დასკვნა, რომლითაც ქონება შეფასებულია განსხვავებული ღირებულებით, არ ადასტურებს უძრავი ქონების შემფასებლის გ. ჩ-ის (სერტიფიკატი #A-...) მიერ წარმოდგენილი დასკვნის ფალსიფიკაციას. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის №A14008771-026/001 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

სააპელაციო პალატამ აქვე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებსა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე #..., უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...), შემძენი გახდა თ. პ-ი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის #A14008771-026/001 განკარგულებით, თ. პ-ს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე გადაეცა საკუთრების უფლება.

2019 წლის 27 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #... განცხადებით მიმართა თ. პ-მა, წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის #A14008771-026/001 განკარგულება და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48 (ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის #... გადაწყვეტილებით, თ. პ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48, ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი #....

პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის #A14008771-026/001 განკარგულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, აპელანტი ვერ ასაბუთებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის #... გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-ემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 იანვარს თ. პ-ის სასარგებლოდ გაცემული #140069177 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა ნ. კ-ამ დაიწყო #A14008771 სააღსრულებო საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. დ-ე ცნობილი იქნა მხარდასაჭერ პირად და მის მხარდამჭერად დაინიშნა ნ. გ-ე. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ნ. გ-ეს მინიჭებული არ ჰქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნ. დ-ის, როგორც მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ 2019 წლის 1 აპრილს კერძო აღმასრულებელმა ნ. კ-ამ მოვალის ნ. დ-ის და მისი მხარდამჭერის ნ. გ-ის სახელზე მოამზადა #A14008771-004/002 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც 2019 წლის 5 აპრილს ჩაბარდა პ. გ-ეს. კასატორის განმარტებით, პ. გ-ე არ წარმოადგენს ნ. დ-ის ოჯახის წევრს, არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინებულია 2013 წლიდან. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ ჩაბარება არ განხორციელდა კანონის შესაბამისად.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააღსრულებო წარმოებისას მოხდა სარეალიზაციო ქონების არასწორი შეფასება, მოვალეს არ მიეცა საშუალება დაეცვა თავისი ინტერესები. კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ კერძო აღმასრულებლის ნ. კ-ას 2018 წლის 20 აგვისტოს #A14008771-009/002 მიმართვით, უძრავი ქონების შემფასებელმა ე. ბ-ემ მოვალის კუთვნილი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48, ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., შეაფასა 236 000 ლარად. იმავე შემფასებელმა კი ქონების საბაზრო ღირებულება, 2019 წლის 11 აპრილის მდგომარეობით შეაფასა 237 000 ლარად. კასატორის განმარტებით, სარეალიზაციო უძრავი ქონება მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბანში, კარგი რემონტით და მისი ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატებოდა შეფასების ანგარიშში დაფიქსირებულ ღირებულებას, რაც დადასტურდა დამოუკიდებელი აუდიტის ნ. ს-ის 2019 წლის 15 აპრილის შეფასების ანგარიშით, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა 48, ფართი 172.65 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., სავარაუდო საბაზრო ღირებულებამ, 2019 წლის 15 აპრილის მდგომარეობით შეადგინა - 464 428 ლარი.

კასატორი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღმასრულებლის მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება განიხილება, როგორც შესაძლებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას ანიჭებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. ამდენად, ის რომ შეფასების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამ უკანასკნელმა არაპროპორციულად დაიცვას რომელიმე მხარის ინტერესი და უსამართლოდ დააზარალოს მონაწილე პირები. ქონების არასწორი შეფასებით ცალსახად დაირღვა მოვალის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინტერესები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის №A14008771-026/001 განკარგულებისა და ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება.

დადგენილია, რომ 2014 წლის 29 იანვარს, თ. პ-ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემული №140069177 სააღსრულებო ფურცლის (კრედიტორი - თ. პ-ი, მოვალე - ნ. დ-ე) საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა - ნ. კ-ამ დაიწყო №A14008771 სააღსრულებო საქმის წარმოება, რომელიც წარმოების დაწყებიდან თითქმის 6 წლის მანძილზე არაერთხელ იქნა შეჩერებული მოვალის განცხადებების საფუძველზე, სხვადასხვა მიზეზით. საბოლოოდ კი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მიღებული იქნა №A14008771-026/001 განკარგულება, რომლის თანახმად, ნ. დ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N26, სართული 3, ბინა N48, ს/კ ..., შემძენი 2019 წლის 19 ნოემბერს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა თ. პ-ი.

კასატორი სადავო განკარგულების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. დ-ე ცნობილი იქნა მხარდასაჭერ პირად და მის მხარდამჭერად დაინიშნა ნ. გ-ე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნ. გ-ეს მინიჭებული არ ჰქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნ. დ-ის, როგორც მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამასთან, კასატორის განმარტებით, 2019 წლის 1 აპრილს კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ას მიერ მოვალის ნ. დ-ის და მისი მხარდამჭერის ნ. გ-ის სახელზე მომზადებული #A14008771-004/002 წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, 2019 წლის 5 აპრილს ჩაბარდა პ. გ-ეს, რომელიც მისივე განმარტებით, არ წარმოადგენს ნ. დ-ის ოჯახის წევრს, იგი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინებულია 2013 წლიდან. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოვალისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება, კანონის შესაბამისად არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ნ. დ-ე ცნობილ იქნა მხარდამჭერის მიმღებად და მხარდამჭერად დაენიშნა ნ. გ-ე, მათ შორის შემდეგ სფეროში - წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე არასახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.

ამდენად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ნ. გ-ეს მინიჭებული არ ჰქონდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ნ. დ-ის, როგორც მოვალის წარმომადგენლობის უფლებამოსილება, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების, მათ შორის, მხარდამჭერის უფლებამოსილების მინიჭებისას, მისთვის შესაბამის დოკუმენტში კონკრეტულად აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმომადგენლობის შესახებ უფლებამოსილების მინიჭების ცალკეულად, დამოუკიდებლად მითითების ვალდებულებას.

ამასთან, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ კერძო აღმასრულებლის წინადადების ჩაბარებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 146 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „დ“ და „ვ“–„კ“ ქვეპუნქტებისა, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−14 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 25-ე მუხლის მე-4, 41 და მე-13 პუნქტებისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი–12 პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 771 და 772 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901, 903, 904 და 906–91-ე მუხლებისა, XVI1−XVI3 თავებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.

აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების წესებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის - ნ. კ-ას 2019 წლის 1 აპრილის A14008771-004/002 „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ“ მოვალის - ნ. დ-ის მხარდამჭერს - ნ. გ-ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, სართული 3, ბინა 48 და ჩაბარდა ადრესატის მამას - პ. გ-ეს, 2019 წლის 5 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ბარათზე მიმღები პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ადრესატთან კავშირის (მამა), ჩაბარების თარიღისა და ხელმოწერის მითითებით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 19 აპრილს მოვალის - ნ. დ-ის მხარდამჭერის - ნ. გ-ის მიერ კერძო აღმასრულებელ ნ. კ-ასთვის გაგზავნილი განცხადება, სადაც იგი მიუთითებს კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი - თ. პ-ი, მოვალე - ნ. დ-ე), აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება სარეალიზაციო უძრავი ქონების შეფასებას და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კერძო აღმასრულებელს წარუდგენს დამოუკიდებელი აუდიტის 2019 წლის 15 აპრილის დასკვნას, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის 26, სართული 3, ბინა 48, ფართი - 172.65 კვ.მ., ს/კ ..., შეფასების თაობაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია მოვალის - ნ. დ-ის მხარდამჭერის - ნ. გ-ის 2019 წლის 15 აპრილის, 23 აპრილის და 30 სექტემბრის განცხადებები, რომლითაც იგი მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს A14008771 სააღსრულებო საქმის მიმდინარეობის, კონკრეტულად იძულებითი საჯარო აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოვალის - ნ. დ-ის მხარდამჭერის - ნ. გ-ის 2019 წლის 4 და 5 ნოემბრის განცხადებებიც, რომლითაც იგი მიმართავს კერძო აღმასრულებელს - ნ. კ-ას და A14008771 სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სარეალიზაციო უძრავი ქონების შეფასებას, ასევე ითხოვს უძრავი ქონების შეფასების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის მიღებამდე, არ იქნეს ჩანიშნული აუქციონი.

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2019 წლის 1 აპრილის A14008771-004/002 წინადადების მოვალისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რის შემდგომაც მან არაერთხელ მიმართა როგორც კერძო აღმასრულებელს, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წინააღმდეგ მიმდინარე A14008771 სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოვალისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება, კანონის შესაბამისად არ განხორციელებულა, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია.

ამასთან, სარეალიზაციო უძრავი ქონების შეფასების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსანიშნავია, რომ იგივე წესი ვრცელდება კერძო აღმასრულებლის მიერ მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი აუდიტის ნ. ს-ის 2019 წლის 15 აპრილის დასკვნის თანახმად, სარეალიზაციო უძრავი ნივთის ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატებოდა კერძო აღმასრულებლის მიმართვით წარმოდგენილ შეფასების ანგარიშში დაფიქსირებულ ღირებულებას, არ წარმოადგენს ამ შეფასების ანგარიშში მითითებული უძრავი ქონების ღირებულების არასწორად მიჩნევის საფუძველს. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ ქმნიან სადავო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის №A14008771-026/001 განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

ამასთან, ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ნ. დ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (იხ. სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 27 ნოემბრის №A14008771-026/001 განკარგულება ძალაშია და სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი მისი უკანონობა, აღნიშნული გამორიცხავს რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ,,რეგისტრაციის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე