საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1023(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა.ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 20 ივნისს მოსარჩელე ა.ვ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 7 მარტის Nბ37.01220664 ბრძანების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 13 მაისის N406 ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა.ვ-ისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით, ა.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 7 მარტის №ბ37.01220664 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 13 მაისის №406 ბრძანება ა.ვ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ვ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის პირველი, მე-2, მე-3, მე-6, მე-7 მუხლები და განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტები ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიკუთვნებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დამდგენი ნორმებია. რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განმარტა, რომ დისკრეციას, პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, თან ახლავს ძალაუფლების არამართებულად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ არის შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება იმ საფუძველთან მიმართებით, რომლითაც ...ის რაიონის გამგეობამ არ დააკმაყოფილა ა.ვ-ის მოთხოვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ...ის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით გამოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. პალატისთვის გაურკვეველია თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არსებობდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ არ არის გამოკვლეული და შეფასებული ა.ვ-ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ხარჯების (სახლის რემონტისათვის საჭირო მასალებისა და ხელოსნისათვის ასანაზღაურებელი თანხის) ანაზღაურების საკითხი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ სადავო აქტით არ არის გამოკვლეული და შეფასებული ა.ვ-ს ინდივიდუალურად აქვს თუ არა კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტი 1500 ლარი ამოწურული, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, დასტურდება რომ 2022 წლის 25 იანვრის ბრძანებით დაკმაყოფილდა ე.ა-ის მხარდამჭერის ა.ვ-ის განცხადება და გაიცა ფულადი დახმარება ე.ა-ისათვის 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და განიმარტა შემდეგი: მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, გადაწყვეტილება კი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა.ვ-ის მიერ.
კასატორის განმარტებით, როგორც პირველი, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა გადაწყვეტილებით დაევალებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურება. კასატორის განმარტებით, ითხოვს მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში, სახლის სარემონტო მასალისა და ხელოსნის მომსახურების ხარჯების დაფარვას, რაზედაც ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 7 მარტის Nბ37.01220665 ბრძანებით უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ 2022 წლის პირველი კვარტლის საბიუჯეტო თანხები ამოიწურა. საჩივრის წარდგენის შემდგომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 13 მაისის N406 ბრძანებით დამატებით განემარტა, რომ 2021 წელს მასზე და მის შვილზე - ე.ა-ზე გაცემულია მიზნობრივი ფინანსური დახმარება ჯამში 1500 ლარის ოდენობით. კასატორის მსჯელობით, საკითხის შესწავლის ფარგლებში არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ 1500 ლარი მოხმარდა ძირითადად სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებს და რომ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისათვის შესაძლებელია დამოუკიდებლად განისაზღვროს და გამოეყოს თანხა. კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დეტალურად მოხდა სადავო აქტების გამოკვლევა მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არის სოციალურად დაუცველი შშმ პირის მშობელი, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვს სათანადო პირობების არ ქონის გამო მაღალი აქვს შაქრის შემცველობა სისხლში, რაც იწვევს მის გაღიზიანებას და აგრესიას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში კასატორის ა.ვ-ის (მოსარჩელე) მიერ წარმოდგენილი საჩივრის პირობებში შეფასების საგანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობა წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ გასაჩივრებულა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია არსებობდა თუ არა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი და შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენა თუ არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 9 მარტის №37-1220683431 წერილით, ა.ვ-ს 2022 წლის 17 თებერვლის №19/01220482314-37 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგებლის 2022 წლის 7 მარტის №ბ37.01220664 ბრძანებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ამოწურვის გამო.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობის 2022 წლის 7 მარტის №ბ37.01220664 ბრძანება ა.ვ-ის მიერ 2022 წლის 1 აპრილს №19/01220913654-01 ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 13 მაისის №406 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა.ვ-ის 2022 წლის 1 აპრილის №19/01220913654-01 ადმინისტრაციული საჩივარი.
საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, მართებულად გამახვილდა ყურადღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის №21.1881.2088 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესზე, რომლის პირველი მუხლი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობების მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების მიღების მიზნით ფინანსური დახმარების, ასევე უმწეო და მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირისათვის დახმარების გაწევა შეიძლება მოხდეს მიზნობრივი ფულადი დახმარების გაცემის, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების, სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისა ან/და პირისათვის დახმარების გაწევის მიზნით შეძენილი საქონლის გადაცემის გზით.
მითითებული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობაში განცხადების წარდგენის წესი, რომელშიც მითითებულია სავალდებულო ინფორმაციასა და განცხადებასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი, ხოლო მე-3 მუხლით დეტალურად იქნა განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების გაცემის პროცედურა. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გამგეობა დახმარების გაცემის თაობაზე განიხილავს მხოლოდ იმ განცხადებას, რომელიც წარდგენილია წესის მოთხოვნების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შემოსულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდგომ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარის ფარგლებში დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო წლის მანძილზე ბენეფიციარზე გაცემული, წესით განსაზღვრული ყველა კატეგორიის დახმარების ღირებულება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ თანხობრივ ზღვარს. აღნიშნულ თანხაში არ იანგარიშება სარიტუალო მომსახურებისა და პირისათვის დახმარების მიზნით შეძენილი, გადასაცემი საქონლის ღირებულება.
მითითებული ნორმატიული აქტები ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიკუთვნებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დამდგენი ნორმებია. რაც შეეხება თავად ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, კანონმდებლის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციული უფლებამოსილების დელეგირება გულისხმობს მისთვის გარკვეულ საკითხში მოქმედების თავისუფლების მინიჭებას, უფლებამოსილების განსაზღვრას, გარკვეული საკითხის გადაწყვეტის ორი ან მეტი ალტერნატივიდან შეარჩიოს ერთ - ერთი მისი შეხედულებისამებრ. დისკრეციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ამოცანას წარმოადგენს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას შეუსაბამოს ოპტიმალური გადაწყვეტა კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და თვითნებობის გარეშე. ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება ემყარებოდეს კანონით წინასწარ განსაზღვრულ, ობიექტურ და გადამოწმებად კრიტერიუმებს. ასეთ პირობებშია შესაძლებელი გადაწყვეტილების მიმღები პირების თვითნებობის, მიკერძოებულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიფერენცირების საფრთხეების მაქსიმალურად გამორიცხვა.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ დისკრეციას, პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, თან ახლავს ძალაუფლების არამართებულად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საჩივრის განმხილველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ არის შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2022 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება იმ საფუძველთან მიმართებით, რომლითაც ...ის რაიონის გამგეობამ არ დააკმაყოფილა ა.ვ-ის მოთხოვნა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ...ის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. არ არის დასაბუთებული თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არსებობდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. არ არის გამოკვლეული ა.ვ-ის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ხარჯების (სახლის რემონტისათვის საჭირო მასალებისა და ხელოსნისათვის ასანაზღაურებელი თანხის) ანაზღაურების საკითხი. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ეყრდნობა ლიმიტის ამოწურვის არგუმენტს, სადავო აქტით არ არის გამოკვლეული და შეფასებული 2022 წლის 25 იანვრის ბრძანების არსებობის პირობებში ა.ვ-ს ინდივიდუალურად აქვს თუ არა ამოწურული კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტი - 1500 ლარი.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან არ დასტურდება სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. აღნიშნულზე საკასაციო პალატა განმარტავს: ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები არ არის გამოკვლეული, გადაწყვეტილება კი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება, დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების სასამართლოსათვის დელეგირება. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული აქტებით დადგენილი არ არის, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არსებობდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ სახეზეა ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ამავე კანონის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების დაცვა. სასამართლო ვერ შეითავსებს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას და თავად ვერ განახორციელებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ვერ შეცვლის ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებას სასამართლოს მიხედულებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს შესაძლებლობა, შეცილებით სარჩელთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამავე ნორმით განსაზღვრულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (სუსგ №ბს-210-209(კ-16), 18.12.2017წ.). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებს იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასეთ მითითებას შეიცავს. სასამართლო, დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა - შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას (სუსგ 20.10.21წ № ბს-1000(კ-19).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე