№ბს-343(კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი გასაცემლის გაცემის წინაპირობებს წარმოადგენს: (ა) სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ, კვლავ უნდა იყოს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის ან მის შემდგომ); (ბ) ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული; (გ) მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, ი. მ-მა პირველი კონტრაქტი გააფორმა 2010 წლის 14 ოქტომბერს, რომელიც არ ითვალისწინებდა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების ვალდებულებას. აღნიშნული კონტრაქტის დასრულების შემდგომ, 2014 წელს კვლავ გაფორმდა ახალი კონტრაქტი, რომელიც ასევე არ ითვალისწინებდა სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. მართალია, 2018 წლის 14 ოქტომბრის კონტრაქტი ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე იმსახურებს 4 წლის ვადით, თუმცა აღნიშნული კონტრაქტიდან გამომდინარე ურთიერთობა, სადავო არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული და სარჩელის შეტანის დროისათვის უკვე დასრულებული კონტარქტები არ ითვალისწინებდა კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას, გამოირიცხება სამინისტროსათვის ამგვარი ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობა.
კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა დასაბუთებას, რომ ი. მ-ის მოთხოვნის უფლება წარმოშობილი იყო ნორმატიული საფუძვლით. შესაბამისად, მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულიყო ხანდაზმულად სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების მიხედვით და მასზე გაავრცელა ხანდაზმულობის საერთო ვადა. საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელშეკრულებო (სამწლიან) ხანდაზმულობის ვადას ავრცელებს ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა, კვების, სანივთე ქონების კომპენსაცია და პრემია, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ერთჯერადად დადგენილი გასაცემლები. გაურკვეველია, რატომ არ ვრცელდება აღნიშნული მიდგომა ერთჯერად გასაცემელზე, რომელსაც თავის მხრივ, სახელშეკრულებო საფუძველი აქვს, რამეთუ ხელშეკრულების გარეშე, მხოლოდ ნორმატიული მოწესრიგება მოთხოვნის საფუძველი ვერ გახდება. ი. მ-ს სადავო თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2018 წლის 14 ოქტომბრიდან 3 წლის განმავლობაში, 2021 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. სარჩელით კი სასამართლოსათვის მხარეს მიმართული აქვს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2010 წლის 14 ოქტომბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, ი. მ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დასახელებული კონტრაქტის 1.1 მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. დასახელებული კონტრაქტის 5.1 პუნქტის თანახმად, ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობები, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები (ს.ფ 11-20); ბ) 2014 წლის 14 ოქტომბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, ი. მ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დასახელებული კონტრაქტის 1.1 მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლებოდა სამსახურის გაგრძელების დღიდან (წინა კონტრაქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან მე-2 დღე), რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. დასახელებული კონტრაქტის 5.1 პუნქტის თანახმად, ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები (ს.ფ 21-25); გ) 2018 წლის 14 ოქტომბერს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, ი. მ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მოერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’. დასახელებული კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებდა ოთხი წლის ვადით. სამსახურის ვადა აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. იმ შემთხვევაში, თუ პირი წინა კონტრაქტის დასრულებისთანავე აგრძელებდა სამსახურს ამ კონტრაქტის საფუძველზე, სამსახურის ვადა აითვლებოდა წინა კონტრაქტის ამოწურვის თარიღიდან და ეს თარიღი აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად, ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. დასახელებული კონტრაქტის 5.1. პუნქტის თანახმად, ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას, დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობები, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები (ს.ფ 26-30).
მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ი. მ-ის სასარგებლოდ 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადი გასაცემელის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018, №1) 471 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. აღნიშნული პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი. მითითებული ბრძანების 472 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. მ-ს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება 7000 ლარის ოდენობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბრძანების 476 პუნქტით განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, ვინაიდან, ნორმატიულ აქტს უკუძალა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ აქტით („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში შესაბამისი აქტით ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი და განსაზღვრული არ ყოფილა. ამდენად, სადავო პერიოდში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მხარეები არ იყვნენ ვალდებულნი, ხელშეკრულებით პირდაპირ გაეთვალისწინებინათ ერთჯერადი დახმარების გაცემის საკითხი. ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას ხანდაზმულობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა (სუსგ 22.07.2021წ. №ბს-1357(კ-20)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე