Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-782(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო. ო. მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ო. მ-მა 2020 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „ო. ო. მ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის №1000609397 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 18 მაისს მოპასუხე სააგენტოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან ერთვოდა ყველა საჭირო დოკუმენტი, მიუხედავად აღნიშნულისა, სააგენტომ მოსარჩელის გაცხადება განიხილა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სათანადოდ არ უზრუნველყო მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა და გარემოებათა არასათანადო გამოკვლევის შედეგად გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ო. ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „ო. ო. მ-ისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის №1000609397 გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. ო. მ-ისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ო. ო. მ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. სასამართლომ პრიორიტეტულად მიიჩნია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა აღნიშნა, რომ მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვითა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის), ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (მოსარჩელე დასაქმებულია საქართველოში, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ბიუჯეტში იხდის გადასახადებს) გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ო. ო. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის (საქმე №3ბ/2954-18) კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ო. ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ო. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის N1000609397 გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში. თუმცა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სადავო აქტით კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წლის 17 სექტემბერს, არ შეიცავდა მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე და დასაბუთებას, თუ რა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება ო. ო. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათზე გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები.

პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო რეგულაციებით დისკრეციულ უფლებამოსილებასთან მიმართებით. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომელთა შესაბამისად, ო. ო. მ-ს 2014 წლის 03 აპრილს საქართველოში შეეძინა შვილი ო. კ. მ-ი, ო. კ. მ-ის ორივე მშობელი ნიგერიის მოქალაქეა, მოსარჩელის შვილის სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობები, მოსარჩელეს ჰყავს … წლის … …ს დაბადებული შვილი ო. მ. მ-ს, რომლის დაბადების ადგილია ნიგერია, მის სახელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულია დროებითი ბინადრობის მოწმობები. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საიდუმლო წერილის შინაარსის, ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო აქტი გამოცემულია ნორმატიულად დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. ბინადრობის სამართლებრივი ბუნება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. სააგენტოს მიერ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (2020 წლის 25 აგვისტოს SSG 9 20 00104889 წერილი), „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით დადგინდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. ამდენად, სააგენტომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, რომლებიც სადავოს გახდის და გააბათილებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ო. ო. მ-მა (O. O. M-s დაბ.: ... წელს, ნიგერიაში, პასპორტის №...) განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის №1000609397 გადაწყვეტილებით ო. ო. მ-ს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობისას საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა.

განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2020 წლის 25 აგვისტოს SSG 9 20 00104889 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი გამოიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისათვის, აუცილებელია იმ ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქმეზე გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მისი შინაარსი მხარეებს გააცნოს და სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს და შესაბამისად, ადასტურებს სადავო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 17 სექტემბრის №1000609397 გადაწყვეტილების კანონიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ფორმალური წინაპირობების დაკმაყოფილების ფაქტი იმთავითვე არ ქმნის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველს, სააგენტოში წარდგენილი განცხადების ფორმალური გამართულობის, ბინადრობის კონკრეტული სახის გაცემისთვის ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა სათანადოდ უნდა იკვეთებოდეს უარის თქმის საფუძველი. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პოზიცია სადავო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომეტებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებული იყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემები და დასკვნები იმთავითვე გამორიცხავს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის დასაბუთებულობის, აღწერილი საფრთხის რეალიზების საკმარისი ალბათობის, განვითარებული მსჯელობის გონივრულობისა და სარწმუნოობის გამო. ამასთანავე, მაშინაც კი, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია პირზე ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სათანადოდ ასაბუთებს, არ გამოირიცხება კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საჭიროება, თუმცა ასეთ დროს კერძო ინტერესი უკან იხევს, რადგან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სათანადოდ დასაბუთებული დასკვნა ცხადს ხდის საჯარო ინტერესის პრიორიტეტულობას (სუს 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება Nბს-67(კ-22)). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან დაკავშირებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ალბათობის საკმარისი ხარისხით ადასტურებს ბინადრობის ნებართვის გაცემის დამაბრკოლებელი სათანადო საფუძვლების არსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ო. ო. მ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთანავე, ო. ო. მ-ს უნდა დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ო. ო. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ო. ო. მ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. ო. ო. მ-ს დაეკისროს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე