Facebook Twitter

№ბს-936(2კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის (მოპასუხე) და დ. მ-ის (მესამე პირი - სასკ 16.2) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ 16.2) - ნ. ფ-ე, ლ. ს-ე, ლ. ხ-ი; მესამე პირი (სასკ 16.1) - ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 10 დეკემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, დ. მ-ემ 2019 წლის 26 ივნისს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სარეგისტრაციო განცხადებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტად დ. მ-ემ წარადგინა სასამართლოს მიერ გაუქმებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც დ. მ-ეს საკუთრებში გადაეცა 2848.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

დ. მ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ზედდება ფიქსირდებოდა მუნიციპალიტეტის ქონების საკადასტრო მონაცემებთან. აღნიშნულის გამო თავდაპირველად არ დარეგისტრირდა დ. მ-ის საკუთრების უფლება, თუმცა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და აჭარის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დ. მ-ის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა ნ. ფ-ეზე, ხოლო მოგვიანებით - ლ. ს-ეზე. სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ივლისის №11/719 წერილის საფუძველზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ფ-ე, ლ. ს-ე და დ. მ-ე, ხოლო მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად - ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და დ. მ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-ემ და ნ. ფ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 იანვრის განჩინებით ნ. ფ-ის და ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ხ-ი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 28 მაისის №73 საოქმო გადაწყვეტილება დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი დ. მ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., საოქმო გადაწყვეტილებასთან ერთად. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 მარტის განჩინებით.

დ. მ-ემ, მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მის სახელზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა და საოქმო ჩანაწერი, 2012 წელს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებისათვის 2008 წელს გადახდილი 13673,00 ლარის მის სასარგებლოდ გადახდა (თანხის უკან დაბრუნება). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა, დაკმაყოფილდა დ. მ-ის მოთხოვნა და მას დაუბრუნდა ბიუჯეტში გადახდილი თანხა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848.6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და 2012 წლის მორიგების აქტის მიღების შემდეგ, რომლითაც დ. მ-ეს დაუბრუნდა 2848.6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების საფასური 13673.00 ლარი, მას შეუწყდა სამართლებრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან.

აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 26 ივნისს, დ. მ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ამავე მიწის ნაკვეთზე - ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტად დ. მ-ემ წარადგინა სასამართლოს მიერ გაუქმებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №... (25.07.2008 წ.) საკუთრების უფლების მოწმობა. 2019 წლის 1 ივნისს №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან №... საკუთრების უფლების მოწმობის ვალიდურობის დადგენის მიზნით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №11/719 (10.07.2019 წ.) პასუხით საჯარო რეესტრის რეგიონულ სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს არასწორად ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დ. მ-ეს სახელზე 2008 წლის 28 მაისის №73 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 28 ივლისს გაცემული იყო №... საკუთრების უფლების მოწმობა სოფელ ...ში მდებარე 2848.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა ძალაში იყო და მასზე არ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის №... (12.07.2019 წ.) მიმართვით ქ. ბათუმის მერიას ეცნობა №... (26.06.2019 წ.) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების თაობაზე, ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით ...) და ეთხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №25/20406 (02.09.2019 წ.) პასუხით, №... (12.07.2019 წ.) და №... (16.07.2019 წ.) მიმართვებზე, სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ეცნობა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ გეგმავდა რაიმე სახის ცვლილება შეეტანა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის №... (06.09.2019 წ.) გადაწყვეტილებით, დ. მ-ეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. მ-ემ გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 12 ნოემბერს აჭარის რეგიონული ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება №... რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ. მ-ის სახელზე. საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ივლისის №11/719 წერილი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სადავო საკუთრების მოწმობა ნამდვილად იყო გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, თუმცა მოგვიანებით მიწის ნაკვეთი გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტს. გადაცემის შემდგომ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია უკვე აღარ იყო უფლებამოსილი ორგანო მიეღო გადაწყვეტილება სადავო მოწმობის ვალიდურობის დადასტურებაზე, რადგან ტერიტორია, რომელზეც მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გადაცემული ჰქონდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. სსიპ საჯარო რეესტრს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია უფლებამონაცვლის შესახებ. სწორედ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოუძიებლობის შედეგი გახდა ის, რომ დ. მ-ის სახელზე გაცემული და შემდეგ გაუქმებული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, არასწორად განხორციელდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და დ. მ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი მიუთითებს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №11/719 (10.07.2019 წ.) პასუხით აჭარის რეგიონულ ოფისს ეცნობა, რომ პასუხის მომზადების ეტაპზე, საკუთრების უფლების მოწმობა, სოფ. ...ში მდებარე 2848,6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი №... (25.07.2008) საკუთრების უფლება ძალაში იყო და მასზე არ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება. სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი არ იყო უფლებამოსილი ყურადღება არ გაემახვილებინა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოვლენილი ნებისთვის და შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტად არ მიეჩნია ამავე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული №... (25.07.2008) საკუთრების უფლების მოწმობა. საჯარო რეესტრმა მართებულად გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან, ვინაიდან ის წარმოადგენდა მოწმობის გამცემ ორგანოს, ხოლო ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოიჩინა დაუდევრობა და დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ არ შეატყობინა საჯარო რეესტრს.

სასამართლოს მიერ ისე იქნა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში, როდესაც შემძენის უფლების დამდგენი დოკუმენტი და რეგისტრაცია ძალაშია.

კასატორი დ. მ-ე მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. რაც არ გაითვალისწინეს არც ბათუმის საქალაქო და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა. ვადის დაცულობის გარდა, შეცილებითი სარჩელის დასაშვებობის აუცილებელი პირობათაგანია დავის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რისთვისაც არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონიერი ინტერესის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 და 27 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმება და დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება წარმოადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 ივნისს, დ. მ-ემ №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტად დ. მ-ემ წარადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა. 2019 წლის 1 ივნისს №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან №... საკუთრების უფლების მოწმობის ვალიდურობის დადგენის მიზნით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ივლისის №11/719 პასუხით სსიპ საჯარო რეესტრის რეგიონულ სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დ. მ-ის სახელზე 2008 წლის 28 მაისის №73 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2008 წლის 28 ივლისს გაცემული იყო №... საკუთრების უფლების მოწმობა სოფელ ...ში მდებარე 2848.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა ძალაში იყო და მასზე არ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 ივლისის №... მიმართვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების თაობაზე, ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით ...) და ეთხოვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2 სექტემბრის №25/20406 პასუხით, სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ გეგმავდა რაიმე სახის ცვლილება შეეტანა აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დ. მ-ეს უარი ეთქვა უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა დ. მ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 05 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც აჭარის რეგიონული ოფისის მიერ 2019 წლის 12 ნოემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა დ. მ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოგვიანებით გასხვისდა ნ. ფ-ეზე, ხოლო შემდგომ - ლ. ს-ეზე. დ. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 10 ივლისის №11/719 წერილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციისათვის, აუცილებელი პირობაა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ქმნიდეს უფლების რეგისტრაციის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 6 ივნისს, კომისიის მიერ დ. მ-ეზე №... საკუთრების უფლების მოწმობის გაცემამდე, გ. ხ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მის სახელზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მაისის №63 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 2008 წლის 23 ოქტომბერს გ. ხ-ემ ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 2008 წლის 28 მაისის №73 საოქმო გადაწყვეტილების (რომლითაც დაკმაყოფილდა დ. მ-ის განცხადება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და აღნიშნული საფუძველზე 2008 წლის 25 ივლისს კომისიის მიერ დ. მ-ეზე გაიცა №... საკუთრების უფლების მოწმობა) ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ ერთ წარმოებად გაერთიანდა და განხილულ იქნა სასარჩელო მოთხოვნები. 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის მოთხოვნები, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 28 მაისის №73 საოქმო გადაწყვეტილება დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 09 მაისის №63 საოქმო გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ, რომლითაც გაუქმდა გ. ხ-ის საკუთრების უფლება, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ბათილად დარჩა გ. ხ-ეზე გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა და სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი დ. მ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №..., შესაბამის საოქმო გადაწყვეტილებასთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 2848.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 ივლისს გაცემული №... საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც რეგისტრაციის მომენტისთვის, 2019 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი და იგი არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. მ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ ქმნიდა უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი მოექცა ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტით განისაზღვრა - თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიამ განახორციელოს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიების ადმინისტრირება და საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის ადმინისტრირებასა და განკარგვაზე კომპეტენტური ორგანო და ამავდროულად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლე გახდა ბათუმის მუნიციპალიტეტი. აღნიშნული გარემოება უდავოდ ცნობილი იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის კვლევისას დაყრდნობოდა უფლებამოსილი ორგანოს - ბათუმის და არა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანოსგან მიწოდებულ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა კასატორების პოზიცია მოსარჩელის მხრიდან, დავის საგნის მიმართ კანონიერი ინტერესის არარსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე სწორედ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უფლება იყო რეგისტრირებული და აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმებით სწორედ მას მიადგა ზიანი, რის გამოც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია იდავოს დ. მ-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებაზე.

ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო უძრავ ქონებაზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13.11.2023 წ. №51920 საგადახდო მოთხოვნით და ზ. მ-ეს (დ. მ-ის საკასაციო საჩივარზე) 14.11.2023წ. №19367607487 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 300-300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210-210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის და დ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.11.2023 წ. №51920 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ზ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.11.2023 წ. №19367607487 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა