Facebook Twitter

საქმე #ბს-1131(კს-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ბ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 26 მარტის №000584 და #001141 დადგენილებები, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 03 ივნისის #755 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. მ-ი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ბ. მ-ის წარმომადგენლის - ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტ (მოსარჩელე) ბ. მ-ის წარმომადგენელს - ლ. გ-ეს (მინდობილობა წარმოდგენილია საქმეში - ს.ფ. 41) გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... №7, კორპუსი №4, სადარბაზო №2, ოფისი №4 და 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაბარდა ადვოკატს - კ. კ-ას (პ/ნ...), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე კ. კ-ას ხელმოწერით (ს.ფ. 255). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ბ. მ-ის წარმომადგენელმა - ლ. გ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 09 ოქტომბერს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დასმული შტამპით (ს.ფ. 256-265).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე,

61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 63-ე მუხლზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ ბ. მ-ის წარმომადგენლის - ლ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის ხელმოწერის თარიღად მითითებულია 2023 წლის 07 ოქტომბერი (ს.ფ. 265). შესაბამისად, ბ. მ-ის წარმომადგენელის - ლ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2023 წლის 05 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ბ. მ-მა.

კერძო საჩივრის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება შესაძლოა, გამოგზავნილი იყო სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... №7, კორპუსი №4, სადარბაზო №2, ოფისი №4), სადაც მდებარეობს ბ. მ-ის წარმომადგენლის ოფისი, თუმცა კურიერმა ის ჩააბარა სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... №7-ის, კორპუსი №3-ის, საოფისე ფართ №6-ში, სხვა პიროვნებას, მოქალაქე კ. კ-ას, რომელიც აღნიშნულ ოფისში არ მუშაობს. რაც შეეხება კ. კ-ას მიერ გადაწყვეტილების გადაცემას, მან ბ. მ-ის წარმომადგენელს გადაწყვეტილება გადასცა 2023 წლის 30 სექტემბერს. შესაბამისად, არ იყო დარღვეული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა სააპელაციო საჩივრის წარდგენის დღეს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-9 დღეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ბ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ბ. მ-ის წარმომადგენლის - ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და ჩაბარების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი მოსარჩელე ბ. მ-ის წარმომდგენელს - ლ. გ-ეს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ... №7, კორპუსი №4, სადარბაზო №2, ოფისი №4 და 2023 წლის 21 სექტემბერს ჩაჰბარდა - კ. კ-ას (უკუგზავნილში კომენტარის სახით მითითებულია - ადვოკატი, პ/ნ ...), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილზე კ. კ-ას ხელმოწერით (ს.ფ. 255). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია უნდა ჩაითვალოს თუ არა მხარისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი უწყება ჩაბარებულად ისეთ პირობებში, როდესაც გზავნილი უშუალოდ ადრესატს არ გადასცემია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო უწყების მხარისათვის გაგზავნისა და მისთვის ჩაბარებისათვის არსებითია სწორედ მხარის მიერვე მითითებული თავისი ადგილსამყოფლის განმსაზღვრელი ელემენტი - მისი მისამართი, რომელიც მხარემ მიუთითა სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტში და უწყების მხარისათვის გაგზავნისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული მისამართით. ამასთან, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, უწყების ჩამბარებელი უწყებას აბარებს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. ამასთან, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაჰბარდა - კ. კ-ას (უკუგზავნილში კომენტარის სახით მითითებულია - ადვოკატი, პ/ნ ...), ამასთან, ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე არ არის მითითებული და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. კ-ა წარმოადგენს ქ. თბილისში, ... №7-ში მდებარე კორპუსი №4-ის, სადარბაზო №2-ის, ოფისი №4-ის თანამშრომელს, მით უფრო მოცემული სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. საყურადღებოა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, კურიერმა გზავნილი ჩააბარა კ. კ-ას სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ... №7-ის, კორპუსი №3-ის, საოფისე ფართ №6-ში. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ... №7, კორპუსი №4, სადარბაზო №2, ოფისი №4, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბ. მ-ის წარმომადგენლისათვის - ლ. გ-ისათვის ფოსტით გაგზავნილი უწყება ყოველთვის ბარდებოდა პირადად ლ. გ-ეს (იხ. ს.ფ. 49, 191).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლისათვის - ლ. გ-ისათვის გაგზავნილი სასამართლო დოკუმენტი არ არის ჩაბარებული კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი გარემოება ბ. მ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შესახებ, სარწმუნოდ არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ბ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ბ. მ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე