Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-948(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

კასატორი (მოსარჩელე) - ლ. მ-ნ

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირი - ზ. მ-ნ

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ნმა 2020 წლის 05 აგვისტოს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებისა და №... კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის №000/7 იდენტურობის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, საკომლო ცნობით ერიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში. უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით შეადგინა შესაბამისი საკადასტრო ნახაზი და წარადგინა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, შემდგომ კი შეწყდა. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი მოგვიანებით დარეგისტრირდა მისი ახლო ნათესავის - ზ. მ-ნის სახელზე. აღმოჩნდა, რომ ლ. მ-ნის საკადასტრო მონაცემების გამოყენებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ისე დაადგინა ნაკვეთების იდენტურობა, რომ მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა თანხმობა არ მოუთხოვია. ამასთან, არ გამოურკვევია აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობა და საკომლო დოკუმენტაცია.

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

მოპასუხე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილი იქნა საჯარო რეესტრის მომართვაზე დართული დოკუმენტაციის შესწავლის/განხილვის შემდგომ, მათ შორის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, ასევე საარქივო ცნობის შესწავლის შედეგად, სადაც აღნიშნულია, რომ ...ის 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ზ. მ-ნს უფიქსირდებოდა სახნავი 1.02 ჰა და სათიბი 2.92 ჰა.

მესამე პირმა - ზ. მ-ნმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელს არ ერთვოდა უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, განაწილების სია ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 23 იანვარს ზ. მ-ნმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ზ. მ-ნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 6 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადააგზავნა განცხადება და ითხოვა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება.

სასამართლომ მიუთითა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმზე, რომლის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დაათვალიერა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი და დაადგინა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დაადასტურა ზ. მ-ნის მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ნის განცხადება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლოს მოსაზრებით, ზ. მ-ნის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რაც გახდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 24 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილებას, მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. საჩივრის განმხილველმა ორგანომ სწორედ აღნიშნული საფუძვლით უთხრა უარი ლ. მ-ნს საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად არ არსებობდა მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ნმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ლ. მ-ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ზ. მ-ნის მიერ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებების ერთობლიობა საბოლოოდ ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე მოეხდინა მის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილ №69/26717 წერილზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცული ბორჯომის რაიონის დოკუმენტების მიხედვით, სოფელ ...ში 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ზ. მ-ნს უფიქსირდებოდა სახნავი - 1,02 ჰა და სათიბი - 2,92 ჰა. პალატამ, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია) წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთ-ერთი დოკუმენტს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, პალატამ ამ ნაწილში არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტი არ გამორიცხავდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გადაამოწმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. აქედან გამომდინარე, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილი იყო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა მარეგისტრირებელ ორგანოსათვის ან სასამართლოსათვის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში შეამოწმა გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (რომელზედაც შეტანილ იქნა საჩივარი) კანონიერება და დაადგინა რა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზანს და ლ. მ-ნის ინტერესს პირველადი რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა, მოცემული მომენტისთვის აღარ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე არც გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საჭიროება, რამეთუ ხსენებული აქტის ბათილად ცნობა ვერ განაპირობებდა მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის დადგომას და ფაქტობრივად ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ნმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ადგილზე დათვალიერების ოქმი შედგენილია ხარვეზით, კერძოდ, არ ახლავს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის იდენტურობაც უნდა დადგენილიყო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება მდებარეობს სოფელ ...ში, ოქმი შედგენილია ...ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ. ამდენად, საეჭვოა ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იგი სადავო ტერიტორიაზე. ამასთან, დოკუმენტში არ არის მითითებული დამსწრე პირების ხელმოწერა, შედგენის დრო - წელი, რიცხვი, საათი. ასევე გაუგებარია, რას გულისხმობს ოქმში მითითებული ოთხნიშნა „საკადასტრო კოდი“. ლ. მ-ნის განმარტებით, უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივი, თუმცა გაუგებარია კონკრეტულად რომელი დოკუმენტი იგულისხმება აღნიშნულში.

კასატორი აღნიშნავს, რომ ეროვნული არქივის 2016 წლის 11 აგვისტოს №69 2717 წერილის თანახმად, 2004 წლის მიწის გადამხდელთა სიაში ზ. მ-ნს უფიქსირდება სახნავი 1,2ჰა და სათიბი 2,92 ჰა, თუმცა უცნობია სად მდებარეობს აღნიშნული უძრავი ქონება. ამასთან, კასატორის მითითებით, მოპასუხეს აქვს სხვა ნაკვეთებიც და გაუგებარია საარქივო ცნობაში მითითებულ ქონებაში რატომ იგულისხმება ეს კონკრეტული ნაკვეთი.

კასატორის განმარტებით, ლ. მ-ნის განცხადებაზე წარმოების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მხარემ არ წარადგინა ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე პირების დასტური, თუმცა შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად, ასეთი დასტურის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ვერ განაპირობებს მოსარჩელის სასურველი იურიდიული შედეგის დადგომას და ფაქტობრივად ვერ გამოიწვეს მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უკანონო აქტის ბათილად ცნობით აღდგება მოსარჩელის უფლებები. საჯარო რეესტრმა სათანადოდ არ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე, მათი შესაბამისობა კანონთან. ამასთან, მხედველობაში არ მიიღო იმავე მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ნის მიერ გაცილებით ადრე წარდგენილი განცხადება და უფლების დამდგენი დოკუმენტები, რაც იძლეოდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ნის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ლ. მ-ნის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ნის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2015 წლის 02 ოქტომბერს ზ. მ-ნმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე 2315 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ურთიერთშესაბამისობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2015 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

2016 წლის 9 აგვისტოს ლ. მ-ნმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 14 აგვისტოს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ლ. მ-ნს მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ნს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 14 აგვისტოს განცხადებაზე პასუხის დაბრუნებისთანავე ან წარსადგენი იყო ორი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა. საბოლოოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ნის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

2017 წლის 23 იანვარს ზ. მ-ნმა განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბორჯომში, სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე. განცხადებას დაურთო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 11 აგვისტოს ცნობა, რომლის თანახმად, სოფელ ...ის 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ზ. მ-ნს უფიქსირდება: სახნავი - 1.02 ჰა, სათიბი - 2.92 ჰა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ზ. მ-ნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 6 ივლისს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტს, რომლითაც წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ზ. მ-ნის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურება მოითხოვა.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი დავალების გაგზავნა გამოიწვია სააგენტოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობამ, კერძოდ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემების სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში გადატანა და ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა სააგენტომ ვერ განახორციელა, რადგან ზ. მ-ნის უფლების დამდგენ დოკუმენტს - 2004 წლის გადასახადის გადამხდელთა სიაში რეგისტრაციას (ისევე როგორც მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს - საარქივო ჩანაწერს), არ გააჩნია ზუსტი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი საკადასტრო მონაცემები.

სოფ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა 2017 წლის 14 აგვისტოს მიმართვით დაადასტურა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ №00017 ოქმის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დათვალიერდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ზ. მ-ნის განცხადება ბორჯომის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე დაკმაყოფილდა და უძრავი ქონება ს/კ ... საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ზ. მ-ნის სახელზე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ლ. მ-ნს აღეკვეთა ზ. მ-ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბორჯომი, სოფელი ...ი, ს/კ ... უკანონო სარგებლობა, ასევე ლ. მ-ნს დაევალა აღედგინა მოშლილი სასაზღვრო მიჯნა. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, ძირითადად, დაეყრდნო საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტს.

2020 წლის 30 ივნისს ლ. მ-ნის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზ. მ-ნის სახელზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. მ-ნს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ემყარება უფლებადამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობას. ამასთანავე, მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაცია არ ემსახურება მარტოოდენ მის ფიქსაციას. „..რეგისტრაციის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, ამავდროულად, განაპირობებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობას..“ (სუსგ №ბს-957(კ-19) 18.05.21წ.). სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან, უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი აღიჭურვება მესაკუთრის ექსკლუზიური უფლებებით.

უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. მ-იმა თავდაპირველად 2015 წელს, ხოლო ლ. მ-ნმა 2016 წელს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა არცერთ შემთხვევაში, უფლების დამდგენ დოკუმენტსა და წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული ნაკვეთების შესაბამისობა არ დადგინდა. შესაბამისად, სააგენტომ ორივე შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სადავო ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში სააგენტომ, სოფ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა 2017 წლის 14 აგვისტოს მიმართვისა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ №00017 ოქმის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა და დაასკვნა, რომ ზ. მ-ნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს ქმნიდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მართებულად გადაწყვეტისათვის, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სათანადოდ უნდა შეეფასებინათ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ №00017 ოქმი მისი სისწორისა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რაც არ განუხორციელებიათ.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფას. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის.

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი განიმარტებოდა, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი გამგეობის/მერიის თანამდებობის პირი ან მოხელე.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მითითებული კანონის მე-16 მუხლის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ოქმის შედგენის პერიოდში მოქმედებდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 21 ივლისს მიღებული №22 დადგენილება ,,ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში - დებულება), რომლის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილი იყო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დაენიშნა გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრებოდა გამგეობის დებულებით.

დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამგებლის წარმომადგენელი ინიშნებოდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სოფ. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა - მ. მ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 ივლისის დავალების საფუძველზე, დაადასტურა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ზ. მ-ნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან იდენტურობა, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ №00017 ოქმი. ყურადსაღებია, რომ მითითებული ოქმი გამგებლის წარმომადგენლის მიერ არ არის შევსებული სრულყოფილად; კერძოდ, არ არის დათარიღებული, არ ფიქსირდება დათვალიერებაში მონაწილე მოსაზღვრე პირები, უფლების დამდგენი დოკუმენტის რეკვიზიტები. ასევე უცნობია, რას ეფუძნება გამგებლის წარმომადგენლის ზემოხსენებული დასკვნა. გაურკვეველია ისიც, თუ რა სახის სპეციალური ცოდნა გააჩნდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხის შესაფასებლად, რა მეთოდის გამოყენებით, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან სადავო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა სხვა ასპექტების შეფასება უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა შემოწმდეს წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვ.. წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო პალატა არა მარტო უფლებამოსილია შეამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობა, არამედ თავად გამოიკვლიოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას (სუსგ №ბს-985(კ-20), 24.11.2021 წ.).

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამორკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავაზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინება არ ემყარება საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს, განჩინებაში სრულყოფილად არ არის გაცემული პასუხი სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა დ მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილად შემოწმება.

ამდენად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა