საქმე №ბს-1104(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 23 აპრილს ე. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1986 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. 2002 წელს მოსარჩელე გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან, რის გამოც მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ზემოაღნიშნულ პერიოდში მოქმედი შსს მინისტრის 1997 წლის 12 აგვისტოს №473 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურების წესის შესახებ“ დებულების მე-5 თავის 5.2 პუნქტის თანახმად, ბინადრობის მოწმობა გაიცემოდა 5 წლის ვადით, თუმცა ე. ნ-ას სახელზე გაიცა 20 წლით, კერძოდ 2022 წლამდე. 2020 წლის მაისში ე. ნ-ამ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც ეცნობა, რომ უკრაინაში გაიგზავნა მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. პანდემიის პერიოდში სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის გამო მოსარჩელე საქართველოში იმყოფებოდა 2020 წლის 14 დეკემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ე. ნ-ამ მიიღო ბინადრობის ნებართვა 6 წლის ვადით. 2021 წლის თებერვალში ე. ნ-ამ ხელმეორედ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსგან ეცნობა, რომ უკრაინის სახელმწიფო უწყებებიდან პასუხი არ მიუღიათ. მოსარჩელემ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის თანახმად, იგი უკრაინაში არ იღებს პენსიას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების 5.3 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, თუმცა მისი მოთხოვნა პენსიის დანიშვნის თაობაზე უარყოფილი იქნა.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №04/2529 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ე. ნ-ასთვის განცხადების შეტანის დღიდან პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №04/2519 აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ე. ნ-ასთვის განცხადების შეტანის დღიდან პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ასაკის გამო პენსიის დანიშვნა. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მთავარ სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევდა ე. ნ-ას საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობას და საქართველოში მოსარჩელის სახელზე მუდმივი ცხოვრების უფლების (მუდმივი ბინადრობის მოწმობის) არქონას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 25.07.2002 წლის №347 ბრძანებულებით, ე. ნ-ა გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ე. ნ-ას საქართველოს ბინადრობის მოწმობით (გაცემის თარიღი 11.09.2002; მოქმედების ვადა 11.09.2022), საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობით (გაცემის თარიღი 27.11.2020, მოქმედების ვადა 25.11.2026) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 16.04.2021 წლის №... საინფორმაციო ბარათის მიხედვით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. ნ-ა 26.09.1991 წლიდან (განმეორებით 27.11.2020) - რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ... კვარტალი, I კორპუსი, ბინა №9.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ე. ნ-ას საქართველოში აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და იგი ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, იგი არ წარმოადგენდა უკრაინაში პენსიის მიმღებ პირს.
სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელე ე. ნ-ა აკმაყოფილებდა “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და “სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილ საფუძვლებს საქართველოში პენსიის დასანიშნად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 5.3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. მოსარჩელის პენსიის მისაღებად წარმოდგენილ 6.05.2020წ განცხადებას არ ერთვოდა უცხო ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის დამადასტურებელი ცნობა, რაზეც განმცხადებელს მიეცა შესაბამისი განმარტებები და განესაზღვრა გონივრული ვადა დოკუმენტების წარმოსადგენად. ე. ნ-ას თხოვნის შესაბამისად, სააგენტომ გამოიჩინა კეთილი ნება და უკრაინის კომპეტენტური ორგანოდან 14.05.2020წ. №04/10559 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია მოსარჩელის საპენსიო უზრუნველყოფის თაობაზე, რომელიც დღემდე არ არის წარმოდგენილი. ამდენად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ე. ნ-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78.2 მუხლზე და განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ელენე ნასონოვას განცხადებას სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე განიხილავს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №04/2519 აქტის კანონიერება და მოპასუხისთვის ე. ნ-ას სასარგებლოდ განცხადების შეტანის დღიდან პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ივლისის №347 ბრძანებულებით ე. ნ-ა გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან. თბილისის ...ის შინაგან საქმეთა სამინისტროს I განყოფილების მიერ, 2002 წლის 11 სექტემბერს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირზე, ე. ნ-ას (დაბ. ... წ.) სახელზე გაიცა მუდმივი ბინადრობის მოწმობა - №... (მოქმედების ვადა - 11.09.2022 წ.). სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 10 ივნისის №389/ს ბრძანებით, ე. ნ-ას შეუწყდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, უკრაინის მოქალაქეობის მიღების საფუძვლით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 30 ოქტომბრის №1000725576 გადაწყვეტილებით, ე. ნ-ას საქართველოდან გასვლის ვალდებულება გადაუვადდა 2020 წლის 30 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ე. ნ-ამ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით 2020 წლის 6 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ე. ნ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, რადგან მან ვერ წარადგინა უკრაინიდან ცნობა პენსიის მიუღებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უკრაინის საპენსიო ფონდის ორგანოებში ე. ნ-ა (დაბ: ...წ), როგორც პენსის მიმღები პირი აღრიცხული არ ყოფილა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 10 თებერვლის №04/822 წერილით ე. ნ-ას წარმომადგენელს განემარტა, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში არ გააჩნდა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების ფაქტი და კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარმოადგენდა მეორე ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის შესახებ დოკუმენტს (ცნობა), მისთვის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ წარმოიშობოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენსიის დანიშვნის საკითხს სააგენტო განიხილავდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებდა ხელახალი განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
2021 წლის 2 მარტს ე. ნ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და უკრაინის მოქალაქისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №04/2519 წერილით ე. ნ-ას ეცნობა, რომ მიუხედავად უკრაინის საელჩოდან წარდგენილი წერილობითი ინფორმაციისა ე. ნ-ას მიერ პენსიის მიუღებლობის შესახებ, აღნიშნული არ იყო საკმარისი, ვინაიდან სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელს საქართველოში არ გააჩნდა მუდმივად ცხოვრების უფლება (მუდმივი ბინადრობის მოწმობა), რაც სახელმწიფო პენსიის დასანიშნად წარმოადგენდა კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნას. ე. ნ-ას სახელზე, 2020 წლის 27 ნოემბერს, საქართველოში გაცემული იყო დროებითი ბინადრობის მოწმობა №..., ხოლო სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 2 მარტის საინფორმაციო ბარათში მითითებული ინფორმაციიდან, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის მომენტისათვის სახელმწიფო გასაცემლის მაძიებელს არ უდასტურდებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, საქმეზე წარდგენილი საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ე. ნ-ას სახელზე გაცემული მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაუქმდა 2020 წლის 19 თებერვალს, ხოლო რეგისტრაციიდან მოიხსნა 2020 წლის 10 ივნისს. შესაბამისად, სააგენტო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას ე. ნ-ასთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების უქონლობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დაარეგულირებულია პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველი, პენსიის ადმინისტრირების ორგანო, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპები. ეს კანონი ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებზე; ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; გ) პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, საპენსიო დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ - 60 წლიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - ე. ნ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს. ე. ნ-ას ასაკის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლების მქონე სუბიექტს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და გაცემის წესის“ (დანართი №1) 5.1. მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამასთან, ამავე ნორმის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი მე-3 ნაწილით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ პენსიის დანიშვნისათვის სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქადაც იგი ითვლება და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) გაცემული საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დასტურდება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრება, ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებდა პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ნ-ასთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმა განაპირობა ერთი მხრივ ბოლო 10 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე ე. ნ-ას კანონიერად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობამ და მეორე მხრივ, მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების (მუდმივი ბინადრობის მოწმობის) არარსებობამ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ...ის შინაგან საქმეთა სამინისტროს I განყოფილების მიერ, 2002 წლის 11 სექტემბერს, ე. ნ-ას სახელზე გაცემული იყო მუდმივი ბინადრობის მოწმობა - №... (მოქმედების ვადა - 11.09.2022 წ.), როგორც მოქალაქეობის არმქონე პირზე. მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სახელზე გაცემული 20-წლიანი ბინადრობის ნებართვა მართალია მოგვიანებით გაუქმდა, მაგრამ მის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოში კანონიერად ცხოვრობდა, შესაბამისად აღმჭურველი აქტი აღსრულებული იყო. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს პანდემიის პირობებში 2020 წლის 30 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე გადაუვადდა საქართველოდან გასვლის ვალდებულება, ხოლო სააგენტოს 2020 წლის 25 ნოემბრის №1000726080 გადაწყვეტილებით, ე. ნ-ას მიეცა საქართველოში საქართველოს ყოფილი მოქალაქის დროებითი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 26 ნოემბრიდან 2026 წლის 26 ნოემბრამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 16.04.2021 წლის №... საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ე. ნ-ა 26.09.1991 წლიდან (განმერებით 27.11.2020) - რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ... კვარტალი, I კორპუსი, ბინა №9.
სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოება, მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრების თაობაზე, რაც პენსიის დანიშვნის მიზნებისათვის სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება და არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რომელიც ასაკის გამო კანონით გათვალისწინებულ პენსიის დანიშვნის საფუძვლებს გამორიცხავდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელე ე. ნ-ას აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და იგი ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ე. ნ-ა არ წარმოადგენს უკრაინაში პენსიის მიმღებ პირს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი ე. ნ-ასთვის პენსიის დანიშვნაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს. ამდენად, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 26 მარტის №04/2519 აქტი და მოპასუხეს დაევალა ე. ნ-ას სასარგებლოდ, განცხადების შეტანის დღიდან პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა