№ბს-1116(3კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. ჩ-ა, მესამე პირი- ა. ჩ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 22 ოქტომბერს რ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ა. ჩ-ას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ მიმართ. მოპასუხეთა წრის არაერთგზისი დაზუსტების შედეგად რ. ჩ-ამ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მესამე პირად ა. ჩ-ა.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონის სოფელ ...დან დევნილი პირი. 1996 წლიდან მისი ოჯახი: მამა-ა. ჩ-ა, დედა-ე. გ-ა, ბებია-ბ. გ-ა, თავად-რ. ჩ-ა და მისი დედმამიშვილები- ჯ. და. გ- ჩ-ები შეასახლეს ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ში, ბ. №47-ში. 2008 წელს რ. ჩ-ა საცხოვრებლად გადავიდა ცალკე ოჯახად ...ის რაიონის სოფელ ...ში, სადაც 2009 წლის 21 მარტს ეყოლა შვილი - ს. ს-ა. 2010 წელს რ. ჩ-ა შვილთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც უსახსრობის გამო მოუწია არაერთი ბინის გამოცვლა. 2016 წლის აგვისტოდან მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ლტოლვილთა დასახლებაში მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №52. 2018 წლის აგვისტოში რ. ჩ-ასთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ბინას ვერ მიიღებდა, რადგან იგი სახელმწიფოსგან უკვე იყო ფართით დაკმაყოფილებული, კერძოდ მამამისს - ა. ჩ-ას 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ში, მდებარე №-47 ბინა (ს/კ ...). მოსარჩელის განმარტებით, ა. ჩ-აზე სახელმწიფოს მხრიდან ქონების გადაცემის მომენტისათვის ცხოვრობდა ცალკე ოჯახად, რაც დასტურდება ... განყოფილების აღრიცხვის 15.10.2008წ. ამონაწერითა და მისი ვაჟიშვილის დაბადების მოწმობით. 2018 წლის 4 სექტემბერს რ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა გადაეხედათ მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირად მიჩნევის საკითხი. ადმინისტრაციული ორგანოს 22.09.2018წ. პასუხის თანახმად მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.05.2009წ. №403 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.5 მუხლზე, რომლის თანახმად, ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის ერთ-ერთი საფეხურია შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენა და მათთვის კონკრეტული შეთავაზებების გაკეთება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა დაცული. მოსარჩელე ხასგასმით აღნიშნავს, რომ ა. ჩ-ასთან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას, რ. ჩ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდა იყო ზუგდიდის რაიონი, სოფელი ...ი. მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ 9.02.2009წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება ხელმოწერილია მხოლოდ ა. ჩ-ას მიერ, შედგენილია ერთ ეგზემპლარად, რომელიც გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოსარჩელე ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მის ნაწილში, ბათილად ცნობა; 2. სახელმწიფო ქონებისა და ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულების მის ნაწილში, ბათილად ცნობა, 3. მოპასუხეებისთვის რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების დავალება და 4. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის რ. ჩ-ას განცხადების განხილვისა და რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართის არ გადაცემასთან დაკავშირებით დევნილთა მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ჩ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2021 წლის 18 ოქტომბერს მესამე პირმა - ა. ჩ-ამ შეიტანა შეგებებული სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით ა. ჩ-ას უარი ეთქვა მის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
2021 წლის 21 მარტს რ. ჩ-ას სარჩელთან მიმდინარე წარმოების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა მესამე პირის ა. ჩ-ას სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის განჩინებით მესამე პირის ა. ჩ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ა. ჩ-ას სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოპასუხეთათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ჩ-ა და მისი შვილი რ. ჩ-ა იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და მინიჭებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი. 2013 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილთა ანკეტების მონაცემებით კი აღნიშნული პირების ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია: თბილისი, ...ი, ...ის ქ. №19, ხოლო მათი სარეგისტრაციო ნომერია: ....
,,სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის, რის საფუძველზეც, ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ში, ...ს შენობაში მე-3 სართულზე არსებული 73,6 კვ.მ (4 ოთახი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცათ ა. ჩ-ას, რ. ჩ-ას, ჯ. ჩ-ას, ლ. ჩ-ას, ც. ყ-ას, ბ. გ-ას, ე. გ-ას, გ. ჩ-ას, მ. ჩ-ას და ზ. ჯ-ას.
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ,,გამყიდველი’’) და მეორე მხრივ ა. ჩ-ას (შემდგომში ,,მყიდველი’’) შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა. ჩ-ას გადაეცა პირობადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №19-ში მდებარე შენობის მე-3 სართულზე არსებულ 73.6 კვ.მ-ზე. დასახელებული ხელშეკრულების 2.2. და 2.5 პუნქტებით მუხლის თანახმად, ა. ჩ-ამ აიღო ვალდებულება რ. ჩ-ა, ჯ. ჩ-ა, ლ. ჩ-ა, ც. ყ-ა, ბ. გ-ა, ე. გ-ა, გ. ჩ-ა, მ. ჩ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ბინით დაკმაყოფილებული პირები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღარ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისგან კომპენსაცია ან უძრავი ქონების გადაცემა მოეთხოვათ, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2018 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელემ №87436 წერილით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ბინით დაკმაყოფილება, რის პასუხადაც დასახელებული სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 19 სექტემბრის №01/4735-ს წერილით მიეთითა, რომ 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე ა. ჩ-ას ოჯახს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი და ა. ჩ-ა და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის რ. ჩ-ა, ითვლებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად. ამდენად, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება, თანახმად ამავე კოდექსის 131-ე მუხლისა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2013 წელს, შესაბამისად მხარეს ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნა სადავოდ დასახელებული დროიდან 3 წლის ვადაში უნდა დაეყენებინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ჩ-ას მიერ სარჩელი არა ზემოაღნიშნულ ვადაში, არამედ 2018 წლის 22 ოქტომბერს იყო წარმოდგენილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში სარჩელის წარმოუდგენლობის გამო არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე აპელანტის მიერ დაზუსტდა მე-3 და მე-4 სასარჩელო მოთხოვნები და აპელანტმა მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. ჩ-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონებისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულება. რ. ჩ-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 67-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით რ. ჩ-ას ისე აეკრძალა უფლება, მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფოს მისთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მას არ გაუცია შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდებოდა 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ რ. ჩ-ასთვის ცნობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შედგენილია 1 (ერთ) ეგზემპლარად და მისი ასლი არ გადასცემიათ მხარეებს. ასევე, საჯარო რეესტრის რეესტრის მონაცემებში, კერძოდ ამონაწერში მითითებულია მხოლოდ მესაკუთრე ა. ჩ-ა. დამატებით რაიმე ინფორმაცია უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რ. ჩ-ას უფლების თაობაზე რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულება, რომლის საფუძველზეც ა. ჩ-ასთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რ. ჩ-ასთვის ცნობილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილად მიჩნევისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოების დადგენა ა. ჩ-ას მიერ 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას რ. ჩ-ა წარმოადგენდა თუ არა მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს და ისინი ერთობლივად ახორციელებდნენ თუ არა შინასამეურნეო საქმიანობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტოს №51061 ორსულის ბარათზე, რომლის თანახმად, 2008 წლის 15 ოქტომბერს ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში შეივსო რ. ჩ-ას (პ/ნ ...) მიერ ორსულის ბარათი (ორსულობის ვადა - 18-19 კვირა (ბარათის შევსებისას)). ამასთან, რ. ჩ-ას სახელზე გაცემული გაცვლა-გამოცვლის ბარათის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №113/ს; (სამშობიარო სახლის, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ქალთა კონსულტაციის მონაცემები ორსულის შესახებ (ივსება და ხელზე ეძლევა ორსულს ორსულობის 32-ე კვირაზე)) თანახმად, რ. ჩ-ას მისამართია: ...ის რაიონი, სოფ. ...ი. საგულისხმოა №... დაბადების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ ს. ს-ა დაიბადა ... წლის ... ...ს; დაბადების ადგილი - საქართველო, ...; მამა - მ. ს-ა; დედა - რ. ჩ-ა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 9 აგვისტოს №04-00-დ/34575 ცნობის თანახმად, რ. ჩ-ა (პ/ნ ...) მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველად დარეგისტრირდა 2011 წლის 23 დეკემბერს, ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომრით ... (მის: ქ. თბილისი, ...ის რ-ნი, ...ის ქ. №19, ბ. 45) და მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 63650 (სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღი - 22.01.2012წ.), რომელიც გაუუქმდა 2016 წლის 17 მარტს (მიზეზი: ოჯახი აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე). მეორედ მოქალაქე რ. ჩ-ა (პ/ნ ...) მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირდა 2016 წლის 15 ივლისს, ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომრით ... (მის: ქ. თბილისი, ...ის რ-ნი, ...ის ქ. №137, ბ. 8) და მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 29800 (სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღი - 14.08.2016წ.).
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აპელანტი - რ. ჩ-ა ა. ჩ-ას მიერ 2009 წლის 9 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდა ა. ჩ-ასთან (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №19, სართული 3, ბინა №47, 73.60 კვ.მ. (ს/კ ...)) ერთად მუდმივად მცხოვრებ პირს და მისი ოჯახის წევრს. შესაბამისად, ა. ჩ-ა არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეეძლო ხელმოწერით დაედასტურებინა რ. ჩ-ას თანხმობა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის ადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იზიარებს სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ რ. ჩ-ა 2008 წლიდან ა. ჩ-ასგან დამოუკიდებელი, ცალკე ოჯახის წევრია. კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც დევნილ პირს ავალდებულებდა დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სამინისტროსათვის. დაოჯახების შემდეგ რ. ჩ-ას მამის ოჯახის წევრობიდან გამორიცხვა არ დასტურდება საქმის მასალებიდან გამომდინარე, რადგან რ. ჩ-ას ვაჟს დევნილის სტატუსი მიენიჭა სწორედ ა. ჩ-ას ოჯახის წევრობიდან გამომდინარე, ამასთან ბავშვის საოჯახო ნომერი-... ა. ჩ-ას საოჯახო ნომრის ანალოგიურია. სახელმწიფოს საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ვალდებულება წარმოეშობა კონკრეტულად დევნილი ოჯახის და არა მისი თითოეული წევრის მიმართ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პოზიციით, სასამართლომ შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია და პირდაპირ დაავალა სააგენტოს მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს მოპასუხისთვის მხოლოდ მოსარჩელის დაკმაყოფილებულად მიჩნევის თაობაზე ბაზაში არსებული ჩანაწერის მონიშვნის გაუქმება შეეძლო დაევალებინა. კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია დევნილის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის შევსება, ადმინისტრაციული ორგანის მიერ ოჯახის შესაბამისი ქულით შეფასება, მოპოვებული მტკიცებულებების დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიისთვის წარდგენა და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააგენტოს დევნილთა ბაზის მიხედვით რ. ჩ-ა 1996 წლიდან რეგისტრირებულია დევნილად. 1998 წლიდან მოსარჩელე დამისამართებულია ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ში.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 „განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის №483 განაკარგულებაზე, რომლის შესაბამისად ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულნი და მათი ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამავე კანონის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - არის დევნილის დევნილობის პერიოდში არჩეული სახოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. კასატორი აღნიშნავს, რომ რ. ჩ-ას რეგისტრაციის და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ის ქ. №19, №47, რაც მან მიუთითა კიდეც დევნილის ანკეტაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების და სახელმწიფო ქონებისა და ქალაქ თბილისის თვითმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 02 თებერვლის №62 განკარგულების, რ. ჩ-ას ნაწილში, ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის რ. ჩ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა წარმოადგენს. შესაბამისად, სადავოა უნდა მივიჩნიოთ თუ არა რ. ჩ-ა, როგორც დევნილი, სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულად.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქალაქ თბილისის თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართებით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად დანართშივე მითითებულ პირებს გადაეცათ. დასახელებული განკარგულების დანართის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა №19-ში, ...ს შენობაში მე-3 სართულზე არსებული 73,6 კვ.მ ფართი (4 ოთახი) ა. ჩ-ას, რ. ჩ-ას, ჯ. ჩ-ას, ლ. ჩ-ას, ც. ყ-ას, ბ. გ-ას, ე. გ-ას, გ. ჩ-ას, მ. ჩ-ასა და ზ. ჯ-ას გადაეცათ.
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ საფუძველზე, 2009 წლის 9 თებერვალს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელსა (გამყიდველი) და მეორე მხრივ, ფიზიკურ პირს - ა. ჩ-ას (მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №19, მე-3 სართული, 73.6 კვ.მ (4 ოთახი).
ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, „მყიდველი“ ვალდებული იყო რ. ჩ-ა, ჯ. ჩ-ა, ლ. ჩ-ა, ც. ყ-ა, ბ. გ-ა, ე. გ-ა, გ. ჩ-ა, მ. ჩ-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ „ქონებაში“. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტიდან „მყიდველი“ და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი, სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციის მოთხოვნაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად, „მყიდველმა“ დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის „მყიდველი“ და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არ სარგებლობდნენ ან არ ფლობდნენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს – სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, „ლ“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას მასზედ, რომ პირთა წრის ერთი და იმავე მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მათი ერთ ოჯახად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, მხარეებს ნების ავტონომიიდან გამომდინარე გააჩნიათ შესაძლებლობა განსაზღვრონ მტკიცების საგანი, ამავდროულად მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადანაწილებული. ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით მხარეები, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანო არ თავისუფლდება მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ რ. ჩ-ა ა. ჩ-ას მიერ სადავო ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის, კერძოდ 2009 წლის 9 თებერვლისთვის, მამასთან ერთად ერთიან საოჯახო მეურნეობას არ წარმართავდა. ზემოაღნიშნული დასტურდება რ. ჩ-ას მიერ ზუგდიდის სამედიცინო ცენტრში შევსებული ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტოს №51061 ორსულის ბარათით (ორსულობის ვადა ბარათის შევსებისას 18-19 კვირა), რ. ჩ-ას სახელზე გაცემული გაცვლა-გამოცვლის ბარათით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №113/ს-ის (სამშობიარო სახლის, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ქალთა კონსულტაციის მონაცემები (ივსება და ხელზე ეძლევა ორსულს ორსულობის 32-ე კვირაზე)) რომლის თანახმად, რ. ჩ-ას მისამართია: ...ის რაიონი, სოფ. ...ი. აღნიშნული ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებები: I ნახევარი - ორსულთა ანემია, II ნახევარი - გართულების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ რ. ჩ-ას შვილის - ს. ს-ას დაბადების მოწმობის თანახმად, ს. ს-ა დაიბადა ... წლის ... ...ს ...ში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ. ჩ-ას ახსნა-განმარტება მასზედ, რომ 2008 წელს ცალკე ოჯახად საცხოვრებლად გადავიდა ...ში, სოფელ ...ში დასტურდება, როგორც მისი სახელზე წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციით, ასევე მისი შვილის დაბადების მოწმობით.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 9 აგვისტოს №04-00-დ/34575 ცნობაზე, რომლის თანახმად, რ. ჩ-ა მონაცემთა ერთიან ბაზაში პირველად დარეგისტრირდა 2011 წლის 23 დეკემბერს, ოჯახის საიდენტიფიკაციო ნომრით ... (მის: ქ. თბილისი, ...ის რ-ნი, ...ის ქ. №19, ბ. 45) და მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 63650 (სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღი - 22.01.2012წ.), რომელიც გაუუქმდა 2016 წლის 17 მარტს (მიზეზი: ოჯახი აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური მომსახურების ცენტრის 23.12.2011წ. ცნობაში მითითებული ბინის ნომერი (№45) ასევე არ ემთხვევა მისი მამის სახელზე რეგისტრირებული ბინის (№47) ნუმერაციას. შესაბამისად მოსარჩელის ახსნა-განმარტება მასზედ, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ იქირავა მშობლების მახლობლად მდებარე ბინა თანხვედრაშია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობასთან.
ბმა „...ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ა. ჩ-ას ოჯახი 1996 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისი, ...ის ქ. №19 (ს/კ ...) ა. ჩ-ას ოჯახის წევრები 2008 წლამდე არიან ე. გ-ა, ბ. გ-ა, რ. ჩ-ა, ჯ. ჩ-ა, და გ. ჩ-ა. 2008 წლიდან რ. ჩ-ა ცხოვრობს ცალკე, მას 2009 წლის 21 მარტს ...ის რაიონის, სოფ. ...ში შეეძინა ვაჟიშვილი ს. ს-ა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულების 2.4 პუნქტით მოსარჩელეს ისე აეკრძალა უფლება, როგორც დევნილმა, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელის მიმართ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რა დროსაც აუცილებელია მისი მიწვევა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ რ. ჩ-ასთვის არ იყო ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 თებერვლის №62 განკარგულებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა. ჩ-ას შორის 2009 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მის მიმართ დადგენილი სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები წარმოადგენენ იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთაც ევალებოდათ მოსარჩელის ინფორმირება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მიწვევა, მოსაზრების მოსმენა, ხელშეკრულების გაცნობა, ამდენად, სწორედ მათ უნდა უზრუნველეყოთ მოსარჩელისთვის ხელშეკრულების გაცნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რ. ჩ-ას სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის გამორიცხვის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირება. ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება მხარეებს არ გადასცემიათ. ამდენად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა