საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-763(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. რ-ი; მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. რ-მა 2019 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და 2022 წლის 17 მაისს სარჩელის დაზუსტების შემდგომ (მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) მოითხოვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მოსარჩელე ს. რ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 01 სექტემბრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე გაუცემელი სახელმწიფო კომპენსაციის დაკისრება 16 960 ლარის ოდენობით და გაუცემელი სოციალური პაკეტის (ვეტერანის სტატუსიდან გამომდინარე) დაკისრება 1 254 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით ს. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ს. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე 12 736 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატის მითითებით, მოცემულ საქმეში შესაფასებელია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე ს. რ-ის სასარგებლოდ 12 736 ლარის ოდენობით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების კანონიერება.
პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრავს ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.
პალატამ მიუთითა აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების კადრის სამხედრო სამსახურში. კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს. რ-მა 2015 წლის 6 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში N... სად-ის ... მუშაობის პერიოდის (რამდენიმე თვე) ნამსახურობის წლებში ჩათვლა, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით. მისი განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 06 აგვისტოს N1516136 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2014 წლის 05 აგვისტოდან, რა დროსაც ის აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად ყველა პირობას. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ნამსახურობის წლები არ დათვლილა სრულყოფილად და ნამსახურობის წლებში არ ჩათვლილა 2000 წლის 26 მარტიდან 2000 წლის 30 ოქტომბრამდე N... სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის პერიოდი, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული პერიოდი ჩაითვალა ს. რ-ის ნამსახურობის წლებში. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინება და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ არასწორად დაანგარიშდა ს. რ-ის წელთა ნამსახურობა, ცალსახაა მიზეზშედეგობრივი კავშირი ს. რ-ის მიერ განცდილ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 17 მაისს, ხოლო, მოსარჩელის მიერ სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაფიქსირების თარიღია 2022 წლის 17 მაისი. ამდენად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მომენტსა და ვადის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებებს, მოსარჩელის მოქმედების განხორციელება ექცევა 3-წლიან ხანდაზმულობის ვადაში, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამასთან, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვას გაცილებით ადრე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კონკრეტული ადრესატის საკითხი გახდებოდა მისთვის ცხადი. მოსარჩელე მისი მიმართვებისა და მოთხოვნების წარდგენის მეშვეობით ცდილობდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მიკვლევას და სწორედ აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდგომ დაზუსტდა მის მიერ სასარჩელო მოთხოვნა სათანადო პირის მიმართ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, არარელევანტურია მოპასუხის მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის მომენტად სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თარიღი უნდა ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის მიზნებისათვის სავსებით საკმარისია მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითა და საკუთარი უფლების რეალიზების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც, მათ შორის, სარჩელის შეტანაში გამოიხატა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
კასატორის მოსაზრებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის 12 736 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და დასაბუთებას, რადგან სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. კომპენსაციის თანხა, რომლის მიღების ინტერესიც აქვს მოსარჩელეს, უნდა მიიღოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, შესაბამისად დაუსაბუთებელია აღნიშნული თანხის დეპარტამენტისთვის დაკისრება.
კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ წარმოადგენს დელიქტურ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, 3 წელია. ხოლო, ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.
საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სსიპ დაცვის პოლიციის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადა დაიწყო 2019 წლის 17 მაისიდან და მოთხოვნის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 16 მაისი. მოსარჩელემ კი დეპარტამენტის მიმართ ზოგადი მოთხოვნა დააყენა 2022 წლის 17 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც შემდეგ წერილობით დააზუსტა 2022 წლის 27 ივნისს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მისი მიმართვებისა და მოთხოვნების წარდგენის მეშვეობით ცდილობდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის მიკვლევას და მოკვლევის შემდგომ დააზუსტა მოთხოვნა, ვერ შეფასდება ლოგიკურ გარემოებად, რადგან ხანდაზმულობის ვადის დინების დასაწყისიდან დასრულებამდე სამი წელი სრულებით გონივრული დრო იყო მოსარჩელისთვის ზემოაღნიშნული მოქმედებების განსახორციელებლად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
კასატორი მიუთითებს აგრეთვე, საკასაციო პალატის 2018 წლის პირველი ნოემბერის Nბს-1195(კ-18) საქმეზე მიღებულ განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ანალოგიურ ვითარებაში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემაზე კომპეტენტურ ორგანოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო განისაზღვრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 06 აგვისტოს N1516136 ბრძანებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ს. რ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2014 წლის 05 აგვისტოდან.
დადგენილია აგრეთვე, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს ს. რ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში N... სად-ის ... 2000 წლის 26 მარტიდან 2000 წლის 30 ოქტომბრამდე მუშაობის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს უფროსის 2015 წლის 26 ნოემბრის №2630573 წერილით ს. რ-ს ეცნობა, რომ მისი პირადი საქმისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს, 06 თვეს და 01 დღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა 2000 წლის 28 მარტიდან იმავე წლის 30 ოქტომბრამდე მოსარჩელის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში N... სად-ის ... მუშაობის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენა და წარდგინების გადაგზავნა შესაბამის სამსახურში.
ს. რ-მა 2019 წლის 29 მაისს კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2019 წლის 1 ივნისიდან ს. რ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის საფუძვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, 320 ლარის ოდენობით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ს. რ-ს სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ავტომატურად განხორციელდა 65 წლის ასაკის მიღწევის გამო, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მისი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 2019 წლის 1 სექტემბრიდან განისაზღვრა 400 ლარით. ამასთან, ს. რ-ს, როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეს დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით.
2019 წლის 31 მაისს ს. რ-მა განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება 2015 წლის 5 აგვისტოდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ივნისის წერილით ს. რ-ს ეცნობა, რომ სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განაცდურის სახით კომპენსაციის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
2019 წლის 21 ივნისს ს. რ-მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014-2019 წლების განაცდური კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 26 ივნისის N04-00-d/27008 წერილით ს. რ-ს ეცნობა, რომ მის მიერ სსიპ სოციალური მომსახურებისთვის 2019 წლის 29 მაისს მიმართვის პირობებში, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2019 წლის 1 ივნისიდან, რადგან სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ არ არსებობდა 2014-2019 წლების მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების კანონიერი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ (დანართი N2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ნამსახურობის წლების დაანგარიშება წარმოადგენს იმ აუცილებელი პროცედურის ნაწილს, რომლის შედეგად შესაბამისი სამსახური „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტებთან მიმართებაში ამზადებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციას. ამდენად, უდავოა, რომ სწორედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კომპეტენცია იყო მოსარჩელის ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ს. რ-მა თავდაპირველად 2015 წლის 06 ნოემბერს წარადგინა განცხადება, რომლის საფუძვლიანობა დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. დადგენილია აგრეთვე, რომ ს. რ-ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით, ხოლო მოსარჩელე ნამსახურობის ხელახალ დაანგარიშებამდე და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხის ხელახლა გადაწყვეტამდე, 2015-2019 წლებში, მოკლებული იყო კუთვნილი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.
ამდენად, მოსარჩელის მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისადმი 2015 წლის 06 ნოემბერს მიმართვის, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების კომპენსაციის განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან დანიშვნის პირობებში, კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის 2015 წლის 1 დეკემბრიდან მოთხოვნის თაობაზე. ამასთან, კომპენსაციის მიუღებლობა დაკავშირებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი ს. რ-ის მიმართ დამდგარ მატერიალურ ზიანსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებას შორის. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დაევალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ზიანის სახით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ს. რ-ისთვის ანაზღაურება 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე 12 736 ლარის ოდენობით.
კასატორი თავადვე აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს შეადგენს ზიანის ანაზღაურება, თუმცა მიუთითებს საკასაციო პალატის პრაქტიკაზე (2018 წლის 1 ნოემბრის Nბს-1195(კ-18) განჩინება), სადაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სათანადო მოპასუხედ კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იყო დასახელებული. კასატორი სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეშიც, სადავო თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი ორგანო არა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, არამედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა განსახილველი დავის ფარგლებში დავის საგანს არ წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნა/გაცემა, არამედ, მოცემულ საქმეში დავის საგანია გაუცემელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც, ცხადია, იმ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობაშია, რომლის ქმედებითაც არის გამოწვეული ზიანი, მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ასეთ ორგანოს წარმოადგენს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. ამდენად, საფუძველსაა მოკლებული კასატორის მიერ მითითებული პრაქტიკის განსახილველ საქმეზე გავრცელება.
რაც შეეხება კასატორის მითითებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის ან ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქმედების უკანონობა დადგენილია საკასაციო პალატის 2019 წლის 16 მაისის განჩინებით, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვა ქმედების უკანონობის კანონით დადგენილი წესით დადასტურების შემდგომ. მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით ს. რ-მა სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისს მიმართა, ამავე სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად, ხოლო სარჩელის დაზუსტების შემდგომ, 2022 წლის 17 მაისს (ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით) მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. სარჩელის სასამართლოში 2019 წლის 29 ივლისს შეტანით იკვეთება ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი, რასაც ვერ გააბათილებს სარჩელის შემდგომში დაზუსტება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 29 ივლისის სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო დავის საგნად მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაა განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლომ მართებულ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტის მიზნებისათვის საკმარისია მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითა და საკუთარი უფლების რეალიზების მიზნით განხორციელებული ქმედებები, რაც, მათ შორის, 2019 წლის 29 ივლისს სარჩელის შეტანაში გამოიხატა. ამდენად, კასატორის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ: 211350928) საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 29 ივნისს №435450 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 636.80 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ: 211350928) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 445.76 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/კ: 211350928) დაუბრუნდეს 2023 წლის 29 ივნისს №435450 საგადახდო მოთხოვნით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 445.76 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე