საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-461(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.ს-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი.ს-მა 2022 წლის 8 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ი.ს-ი გასამართლებული იქნა 2015 წელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მას მოსახდელი სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. ი.ს-მა სასჯელის 3/4 მოიხადა 2022 წლის 4 აპრილს. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2022 წლის 8 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ განიხილა ი.ს-ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი და N02/22-0713 გადაწყვეტილებით, უარი უთხრა მას პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არ ემყარება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ი.ს-ი არ არის აგრესიული და კონფლიქტური, მას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს კარგი ურთიერთობა, იცავს დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში იგი არ ყოფილა დასჯილი. სისტემატიურად დადის ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად და ზიარების მისაღებად. ...ის მუნიციპალიტეტში და არა მარტო ...ის მუნიციპალიტეტში ხასიათდება დადებითად. ი.ს-ს ჰყავს მოხუცი დედა და არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც იმყოფებოდნენ მის კმაყოფაზე. გარდა ამისა, ი.ს-ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და არ იყო მიდრეკილი კანონდარღვევებისკენ. თავისი შრომით არჩენდა ოჯახს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დღეის მდგომარეობით ი.ს-ი სრულად არის რესოციალიზებული და აღარ არის საჭიროება, რომ მან სასჯელის მოხდა გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, მხარე აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ პირობითი მსჯავრიც წარმოადგენს სასჯელის ერთ-ერთ სახეს და ი.ს-ი სასჯელის მოხდას გააგრძელებს თავისუფლებაში ყოფნისას, რაც იქნება კანონიერი და სამართლიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს დაევალა ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, ი.ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 21 თებერვალს, საკასაციო საჩივარი არ განიხილა. 2022 წლის 12 აპრილს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ი.ს-ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით, 9 თვითა და 16 დღით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს N1461 ბრძანებით, ი.ს-ს განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება. 2016 წლის 15 თებერვალს რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილებით, ი.ს-ის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულია - საშუალო. ი.ს-ი 2015 წლის 19 სექტემბერს, გადაყვანილია ...ის N… დაწესებულებაში, …ის N… დაწესებულებიდან. ი.ს-ის სასჯელის ვადის დასაწყისია - 01.12.2014 წელი, სასჯელის ვადის დასასრულია - 17.09.2024 წელი. ი.ს-მა სასჯელის 3/4 მოიხადა - 04.04.2022 წელს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 24 ნოემბერს, ქ. ...ში მყოფ ი.ს-ს დაუკავშირდა მეუღლე ლ.მ-ი და უთხრა, რომ 2014 წლის 23 ნოემბერს, მას გ.ფ-მა ტელეფონით მიულოცა გიორგობა. ი.ს-ი განაწყენდა გ.ფ-ის მიმართ, ზარის განხორციელების გამო და გადაწყვიტა მოეკლა იგი. 2015 წლის 30 ნოემბერს, ი.ი-ის მიერ მისთვის გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღითა და ვაზნებით შეიარაღებული ი.ს-ი მივიდა გ.კ-სა და გ.ს-ის მიერ მითითებულ მისამართზე ქ. ...ში მდებარე გ.ფ-ის საცხოვრებელ სახლთან და ჩაუსაფრდა მას. როდესაც ეს უკანასკნელი მივიდა ეზოში, ი.ს-მა ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა გ.ფ-ის მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით მოახდინა გასროლა და გ.ფ-ს სხეულზე მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც გ.ფ-ი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ი.ს-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის განმარტებით, გათავისუფლების შემდეგ იგი აპირებს იმავე მისამართზე ცხოვრებას, სადაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა - ქ. ..., ...ის ქ. 73. პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში გამოცხადდება ...ის პრობაციის ბიუროში. არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და დედა. სარგებლობს პაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლებით. მეუღლე და შვილი ცხოვრობენ ...ში. მატერიალური მდგომარეობა აქვს საშუალო. ასევე, მსჯავრდებულის განმარტებით, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა არ დაკისრებია. მისივე განმარტებით, დაზარალებული გარდაცვლილია და მისი უფლებამონაცვლე პირის პოზიცია მისთვის უცნობია. გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდება თავის ოჯახს.
ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ი.ს-ს არ მიუღია მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში. სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება, მაგრამ საჭიროებს ოპერატიულ მეთვალყურეობას. წარსულში ნასამართლობის არ მქონეა. დამატებითი სასჯელები არ დაკისრებია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ს-მა დაამთავრა ... საშუალო სკოლა და შემდგომ მიიღო უმაღლესი განათლება. ის არის წესიერი, ზრდილობიანი. გამოირჩეოდა ახლობლებისა და მეგობრების მიმართ გულისხმიერებით. საზოგადოებაში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. ი.ს-ს ჰყავს პენსიონერი დედა, მეუღლე და ერთი შვილი. ი.ს-ი დაიბადა … წელს, ქ. ...ში. … წელს შევიდა ...ის … საშუალო სკოლაში და დაამთავრა … წელს. შემდეგ, სწავლა გააგრძელა ...ის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა … წელს. ი.ს-ი მუშაობდა საკუთარ საოჯახო მეურნეობაში, მან 2009 წელს მუშაობა დაიწყო ...ის ...ად. 2011 წელს გაემგზავრა ...ში, სამუშაოდ. ი.ს-ი სკოლაში სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურად იყო ჩართული სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ...ში ცხოვრებისა და საქმიანობის პერიოდში საზოგადოებაში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, გამოირჩეოდა კეთილშობილებით და გულისხმიერებით. ი.ს-ი იყო კარგი მეოჯახე. განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა მშობლებსა და ოჯახის წევრებს, ზრუნავდა მათზე. ი.ს-ი არის წესიერი და ზრდილობიანი. გამოირჩეოდა გულისხმიერებით ახლობლებისა და მეგობრების მიმართ, არ იყო მიდრეკილი კანონდარღვევისკენ. ბავშვობიდან დადიოდა სპორტზე და მონაწილეობდა სპორტულ ღონისძიებებში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, ავადმყოფი პენსიონერი დედა, რომლებიც ი.ს-ის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ. ი.ს-ი სკოლაში იყო სანიმუშო და ბეჯითი მოსწავლე. ის მთელ სკოლას უყვარდა. ი. დედისერთაა და თავისი მცირე ხელფასით ვეღარ ინახავდა მოხუც მშობლებს, მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს. ამიტომ 8 წლის წინ ...ში წავიდა სამუშაოდ, რომ იქიდან მიხმარებოდა ოჯახს. ი. იყო ზრდილობიანი, ღვთისმოსავი და თავმდაბალი პიროვნება, ყველას დამხმარე და მიმხედი. ი.ს-ი არის აღმსარებელი და მაზიარებელი. სასჯელის მოხდის პერიოდში რამდენიმეჯერ მონახულებულ იქნა მისი სულიერი მოძღვრის მიერ და მას მონანიებული აქვს ჩადენილი ცოდვები. იგი აქტიურად მონაწილეობდა სასჯელაღსრულების ...ის ...ის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის მშენებლობაში. ი.ს-ი სკოლის პერიოდში გამორჩეულად კარგი მოსწავლე იყო. მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვის სწავლა-აღზრდას. ბავშვი იყო ზრდილი, თავაზიანი, გულახდილი, კონტაქტური. მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა კლასისა და სკოლის ბავშვებთან. გამოირჩეოდა კარგი სწავლით და აქტიური მონაწილეობით სასკოლო და სკოლის გარეშე ღონისძიებებში. იყო აქტიური მკითხველი, როგორც სკოლის, ასევე, რაიონული ბიბლიოთეკის. იყო საუკეთესო სპორტსმენი. მისი მონაწილეობით სკოლამ არაერთი ჯილდო და საჩუქარი მიიღო. ...ის (N… დაწესებულების ტერიტორია) ...ის ტაძრის აღმშენებლობაში მიღებული აქტიური მონაწილეობისთვის ი.ს-ი დაჯილდოვდა საპატრიარქო სიგელით. ი.ს-ის შვილს - მ.ს-ის (დაბ. … …. …. წ.) აქვს .... ასევე, აქვს ....
ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოში შესული შუამდგომლობა ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის პირველ, მე-40, 41-ე, 42-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის‘’ პირველ, მე-6, მე-7, მე-10, მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და მიუთითა შემდეგი - საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არ მქონეა. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რაც აღნიშნულ საქმეში არ იქნა წარდგენილი. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6, მე-7, 53-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 72-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, სადავო აქტის, როგორც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას და მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.
სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის, სასამართლომ ყურადღება მიაქცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებს და მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი თითოეული კრიტერიუმის შეფასების შედეგად მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით. ამასთან, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სოციალურ აქტივობებს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: მსჯავრდებული ი.ს-ი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი, ან წახალისებული არ ყოფილა. დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება. ასევე, საგულისხმოა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება, ქცევა. აგრეთვე ყურადსაღებია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ - მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობის საჭიროება და მსჯავრდებულის დედის ასაკი. ამ პირობებში და საქმეზე დადგენილი სხვა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო პატიმრობის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპის - რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის უგულებელყოფით, აღნიშნული გარემოებები კი, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები, დამატებით მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველ, მე-6, მე-13 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების თანახმად, საკითხის განხილვისას საბჭომ გამოიკვლია მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და მისი პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ განზრახ მკვლელობა. საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რაც საკითხის განხილვისას არ იქნა წარდგენილი. ამასთან, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტსა და მე-6, მე-7 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს არა კონკრეტული ვალდებულების შესრულების მიზნით, არამედ კანონით მინიჭებული თავისუფლების ფარგლებში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებსა და კანონმდებლის მიზანს, ნაკარნახევი იყოს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებით მიღებული საუკეთესო შედეგით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. პალატამ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ერთი მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობითვე არის გათვალისწინებული მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, შესაბამისი პირობების არსებობისას, ვადამდე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, პალატამ ყურადღება გაამახვილა საბჭოს შექმნის მიზანზე, როგორიცაა რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სააპელაციო პალატის მითითებით, დანაშაულის ხასიათის კრიტერიუმის შეფასებასთან ერთად, ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო გადაწყვეტილებით უნდა შეეფასებინა დამატებითი გარემოებები, როგორც ეს დადგენილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის განმარტება დანაშაულის ხასიათთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებების გაბათილება და გადაწონა შესაძლებელია ისეთი დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებით, როგორიცაა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახური პირობები და დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან. პალატის მოსაზრებით, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქმეში წარმოდგენილ დახასიათებებზე, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებზე.
ამდენად, მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საგულისხმოა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება, ქცევა. აგრეთვე, ყურადსაღებია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, კერძოდ - მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობის საჭიროება და მსჯავრდებულის დედის ასაკი. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე არ არის თანახმა მოსარჩელემ პირობით ვადაზე ადრე დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული განცხადება სადავო აქტის გამოცემის ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებზე და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საბჭოს შეუფასებელი არ დარჩენია არცერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, ყველა კრიტერიუმის მთლიანობაში გაანალიზებისა და შეფასების შემდგომ, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რაც აღნიშნულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი (დაზარალებულის უარყოფითი პოზიცია წარმოდგენილია გადაწყვეტილების მიღების შემდგომ). საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. კასატორის განმარტებით, არსებული მოცემულობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოს მიეღო მსჯავრდებულ ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებაზე, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განაჩენით, ი.ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განაჩენით, თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კი, 2017 წლის 21 თებერვალს, საკასაციო საჩივარი არ განიხილა. ამასთან, 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ი.ს-ის სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 9 წლის, 9 თვისა და 16 დღის ვადით.
ი.ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 24 ნოემბერს, ქ. ...ში მყოფ ი.ს-ს დაუკავშირდა მეუღლე ლ.მ-ი და უთხრა, რომ 2014 წლის 23 ნოემბერს, მას გ.ფ-მა ტელეფონით მიულოცა გიორგობა. ი.ს-ი განაწყენდა გ.ფ-ის მიმართ, ზარის განხორციელების გამო და გადაწყვიტა მოეკლა იგი. 2015 წლის 30 ნოემბერს, ი.ი-ის მიერ მისთვის გადაცემული ცეცხლსასროლი იარაღითა და ვაზნებით შეიარაღებული ი.ს-ი მივიდა გ.კ-სა და გ.ს-ის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. ...ში მდებარე გ.ფ-ის საცხოვრებელ სახლთან და ჩაუსაფრდა მას. როდესაც ეს უკანასკნელი მივიდა ეზოში, ი.ს-მა ცეცხლსასროლი იარაღი მიმართა გ.ფ-ის მიმართულებით, მისი მოკვლის მიზნით მოახდინა გასროლა და გ.ფ-ს სხეულზე მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც გ.ფ-ი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ი.ს-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2015 წლის 13 აგვისტოს N1461 ბრძანებით, ი.ს-ს განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება. რისკების შეფასების გუნდის 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ი.ს-ის საშიშროების რისკის სახედ განსაზღვრულია - ,,საშუალო“. ი.ს-ი 2015 წლის 19 სექტემბერს …ის N… დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა ...ის N… დაწესებულებაში. ი.ს-ის სასჯელის ვადის დასაწყისია - 01.12.2014 წელი, სასჯელის ვადის დასასრულია - 17.09.2024 წელი. ი.ს-მა სასჯელის 3/4 მოიხადა 04.04.2022 წელს.
მსჯავრდებულის განმარტებით, იგი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და დედა. სარგებლობს პაემნისა და სატელეფონო საუბრის უფლებით. მეუღლე და შვილი ცხოვრობენ ...ში. მატერიალური მდგომარეობა აქვს საშუალო. ი.ს-ის განმარტებით, მას დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა არ დაკისრებია. მისივე განმარტებით, დაზარალებული გარდაცვლილია და მისი უფლებამონაცვლე პირის პოზიცია მისთვის უცნობია. გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდება თავის ოჯახს.
ამასთან, მსჯავრდებული წარსულში ნასამართლობის არმქონეა. სასჯელის მოხდის პერიოდში ი.ს-ს არ მიუღია მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში. იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა. დაწესებულებაში იცავს სარეჟიმო მოთხოვნებსა და კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს. არ არის აგრესიული და კონფლიქტური, მას ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან აქვს ნორმალური დამოკიდებულება, მაგრამ საჭიროებს ოპერატიულ მეთვალყურეობას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რაც აღნიშნულ საქმეში ვერ იქნა წარდგენილი. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულ გ.ფ-ის უფლებამონაცვლე თ.ლ-ის 2022 წლის 19 ოქტომბრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, იგი არ არის თანახმა, რომ მსჯავრდებულმა ი.ს-მა პირობით ვადამდე ადრე დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილების კანონიერებას. ამასთან, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი პატიმრობის კოდექსი, ამჟამად მოქმედი პენიტენციური კოდექსი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი” იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია პენიტენციური კოდექსის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრიდან) პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე; ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველ მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს. შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
მოცემულ შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა შუამდგომლობა ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მისი ოჯახური პირობები, დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ასევე, ის გარემოება, რომ ნასამართლობის არმქონეა. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, განზრახ მკვლელობა. საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო დაზარალებულის პოზიცია, რაც აღნიშნულ საქმეში ვერ იქნა წარდგენილი. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილებით, საბჭომ შუამდგომლობა ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მოცემულ ეტაპზე არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ Nბს-448-443(კ-12), 13.02.2013წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. Nბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. Nბს-342-331(კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს არა მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არამედ მათ გათვალისწინებას და შეფასებას. კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სასჯელის მიზნების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისტემური ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების საფუძვლად მხოლოდ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, დანარჩენი გარემოებების გაზიარებაზე უარის დასაბუთების გარეშე, არ პასუხობს ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის სზაკ-ით დადგენილ სტანდარტს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათზე, ასევე დაზარალებული მხარის პოზიციის წარმოუდგენლობაზე მითითება, არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.“ (სუსგ №ბს-246-243(კ-14), 23.09.2014წ.).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი შუამდგომლობა-დახასიათება ი.ს-ის შესახებ. ასევე, წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებაც, ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების თაობაზე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არსებობის პირობებში და ასევე საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ი.ს-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა სასამართლოს მიერ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, საჭიროებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას/შეფასებას და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,...ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას.“ (სუსგ. Nბს-563(კ-20), 13.05.2022წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს ი.ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივნისის №02/22-0713 გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივ საბჭოს მოსარჩელე ი.ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე