Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1139(კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე- გ.ს-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 22 თებერვალს გ.ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და განმარტა, რომ აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N938 განკარგულებით უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N938 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ განახორციელა ადგილზე დათვალიერება, რომელსაც თავად ესწრებოდა, თუმცა კომისიაში საკითხის განხილვის დროს არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციულ ორგანოში და არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრებები/მტკიცებულებები. მხარის განმარტებით, საკითხის განხილვის შემდგომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1534 განკარგულებით კვლავ უარი ეთქვა (ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ) 605 კვ.მ. უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის N1534 განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონების გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-51 მუხლები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გ.ს-ის განცხადება კომისიის მიერ განხილული იქნა განმეორებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია არსებული მტკიცებულებები და საქმის გარემოებები. სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის 2007 წლამდე მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის კოორდინატებისა და მასზე არსებული ნაგებობის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეების - ი.ჯ-სა და მ.ღ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, გ.ს-ე 1997 წლიდან ფლობს ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებს. მითითებულ მოწმეთა განმარტებას არ ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემები რომლის მიხედვით, გ.ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია 4 ნაგებობა.

სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის განმარტებისა და წარდგენილი ფოტოების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული არის ხის სახლი, ასევე ბლოკით აშენებული დამხმარე ნაგებობები, რომელთაგან ერთი დასრულებულია, ხოლო ერთი - მშენებარე. მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სადავო განკარგულებაში ასახული დასკვნები სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ ხასიათდება სიზუსტით და არ ირკვევა, რომ ისინი ემყარება სათანადო მტკიცებულებებს, რაც პალატის მსჯელობით ვერ გამორიცხავს მოსარჩელის განმარტებებისა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობას. პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ გარემოების გამორკვევას, შენობები, რომელიც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს თუ არა ისეთ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, აღნიშნული გარემოების გამორკვევა კი არსებითი მნიშვნელობის გარემოებაა, ვინაიდან თუ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არ მდებარეობს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე არის განთავსებული შენობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, გადაწყვეტილების აღსრულება კი გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა განსახილველ დავაში, თუმცა ხელმეორედ განხილვის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ სადავო აქტის საფუძვლად მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და ,,ზ” ქვეპუნქტი, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი მე-3 მუხლის „ჰ26“-ისა და „ჰ27“-ის ქვეპუნქტებზე და განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების - მოწმეების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემების გამაბათილებელი მტკიცებულება. აღნიშნული დოკუმენტებით სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია 4 ნაგებობა, აღნიშნული კი პალატის მსჯელობით ადასტურებს მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და განმარტავს, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). ამასთან, კანონი თავადვე განმარტავს რა სახის შენობის არსებობის შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება. წარმომადგენლის განმარტებით, მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით) გარდა დროებითი შენობისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ - დასაშლელი ან და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. კასატორი მიიჩნევს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის, ხის კონსტრუქცია), რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. მისივე მსჯელობით, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს და რომელთა ჯამური ფართობი - ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, მიუხედავად იმისა, მასზე განთავსებული არის თუ არა შენობა. კასატორი მიუთითებს, რომ კონკრეტულ პერიოდში არსებული უძრავი ქონების ობიექტური რეალობის ამსახველ მტკიცებულებებს წარმოადგენს ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ობიექტურად განისაზღვროს დედამიწის ზედაპირის მდგომარეობა, კერძოდ, დადგინდეს მიწის ნაკვეთის კონკრეტული საზღვრები, მასზე შენობის არსებობა - არარსებობა და შემოწმდეს მისი განვითარებულობა. ამგვარი ტექნოლოგიური საშუალებები გამორიცხავს სხვა მტკიცებულებებით იმ გარემოების დადგენის საჭიროებას, რაც კონკრეტული, ობიექტური ფაქტების განმსაზღვრელი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ვერ დადასტურდა გ.ს-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიის მიერ დადგინდა, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი N01/1 და N02/1 შენობები (მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან), ასევე N04/1 შენობა (ლითონის კონსტრუქცია) არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. რაც შეეხება 03/1 შენობას, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებებით) და ფოტოსურათებით კომისიის მიერ დადგინდა, რომ აღნიშნული შენობა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ. კასატორის მსჯელობით, აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ასევე არ წარმოადგენს გ.ს-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლევა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადასტურების საფუძველს, რაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი წინაპირობაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ გარემოების გამორკვევას, შენობები რომელიც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს თუ არა ისეთ კონსტრუქციულ სისტემას, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული. თუ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არ მდებარეობს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 13 თებერვალს გ.ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის მიმართვით, გ.ს-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 მაისის N659 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გ.ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N938 განკარგულებით გ.ს-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ ვერ დადასტურდა გ.ს-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, ხსენებული განკარგულების შესაბამისად, განსახილველ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობები და მშენებარე ნაგებობა, მიწის ნაკვეთის ამ სახის მფლობელობა კი არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3/5097-18), გ.ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის N938 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.

დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქალაქ თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონების გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და აღნიშნულის საფუძველზე 2021 წლის 17 ნოემბერს კომისიის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება.

ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონება (მიწა) შემოღობილია ნაწილობრივ კაპიტალურად და ნაწილობრივ მავთულბადით. მასზე განთავსებულია ერთი ლითონის კონსტრუქცია და ორი შენობა. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიის მიერ დადგინდა, რომ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე დატანილი N04/1 შენობა არის დროებითი (ლითონის კონსტრუქცია), ხოლო N01/1 და N02/1 შენობები არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, კერძოდ, წარმოადგენს ისეთი ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. ამასთან ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებით) და ფოტოსურათებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის მიწის ნაკვეთზე განთავსებული N03/1 შენობა აშენებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს გ.ს-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებები არ იძლევა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტის დადასტურების საფუძველს. აღნიშნული საფუძვლით კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1534 განკარგულებით, გ.ს-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე.

საკასაციო სასამართლო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტს, მითითებულია, რომ მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. ამასთან, საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული. კერძოდ, საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელიც დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გ.ს-ის განცხადება კომისიის მიერ განხილული იქნა განმეორებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გ.ს-ის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოუკვლევია და შეუფასებია არსებული მტკიცებულებები და საქმის გარემოებები. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, ქალაქ თბილისში, ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის 2007 წლამდე მფლობელობის ფაქტის დასადასტურებლად საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის კოორდინატებისა და მასზე არსებული ნაგებობის ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოწმეების - ი.ჯ-სა და მ.ღ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, გ.ს-ე 1997 წლიდან ფლობს ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებს. მითითებულ მოწმეთა განმარტებას არ ეწინააღმდეგება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემები, რომლის მიხედვით გ.ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია 4 ნაგებობა და მის მიერ წარდგენილი ფოტოების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე განლაგებულია ხის სახლი, ასევე ბლოკით აშენებული დამხმარე ნაგებობები, რომელთაგან ერთი დასრულებულია, ხოლო ერთი - მშენებარე. მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სადავო განკარგულებაში ასახული დასკვნები კი არ ხასიათდება რა სიზუსტით და არ ირკვევა, რომ ისინი ემყარება სათანადო მტკიცებულებებს, ვერ გამორიცხავს მოსარჩელის განმარტებებისა და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობას.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და ,,ზ” ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა, ხოლო დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ - დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი მე-3 მუხლის „ჰ26“-ისა და „ჰ27“-ის ქვეპუნქტების მიხედვით, შენობა არის ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, ხოლო შენობა-ნაგებობა − შენობა ან/და ნაგებობა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ აღიარების კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის №1534 განკარგულებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებას. სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუსაბუთებლად მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონებაზე განთავსებული N01/1 და N02/1 შენობები არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს და წარმოადგენს ისეთი ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან, ვინაიდან ასეთი ტიპის ნაგებობის განთავსება არ გამორიცხავს მის ქვეშ მყარი ფუნდამენტის არსებობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებულ ფოტომასალაზე, სადაც ფიქსირდება დროებითი შენობის ქვეშ გარკვეული სახის ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან და საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება მისი დროებით შენობად მიჩნევისათვის კანონით განსაზღვრულ მახასიათებლებთან თავსებადობა. ასევე 2021 წლის 17 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ ქ. თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ. უძრავი ქონება (მიწა) შემოღობილია ნაწილობრივ კაპიტალურად და ნაწილობრივ მავთულბადით. მასზე განთავსებულია ერთი ლითონის კონსტრუქცია და ორი შენობა. საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის მიწის ნაკვეთზე შენობის და არა დროებითი ნაგებობის არსებობის დადგენის მიზანია - პირის მიერ მიწის ნაკვეთის რეალურად დაკავების, ფლობის, მასზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების, ასევე პირის ნაკვეთის, როგორც საკუთარის, ფლობის და სარგებლობის ნების დადასტურება. საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის მითითება საცხოვრებელი ნაგებობის დროებით ხასიათზე არაა სათანადოდ დასაბუთებული.

საკასაციო პალატის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ასევე მართებულად არ გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს ის მითითება, რომ ქალაქ თბილისი, ...ის გამზირი, კორპუსი N19-ის მიმდებარედ, ნაკვეთი N...-ის მიმდებარედ, 605 კვ.მ უძრავი ქონებაზე განთავსებული N03/1 შენობა აშენებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ვინაიდან 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემები ცხადყოფს, რომ გ.ს-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი 2005 წლის მდგომარეობით შემოღობილია და მასზე განთავსებულია შენობა - ნაგებობები. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საკანონმდებლო ჩანაწერზე - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, კერძო პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის აღიარება და საკუთრებაში გადაცემა, რომელზეც უტყუარად დასტურდება 2007 წლამდე დაუფლების ფაქტი. ამასთან გასათვალისწინებელია მ.ღ-ის და ი.ჯ-ს 2017 წლის 13 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, გ.ს-ე 1997 წლიდან ფლობს ...ის გამზირზე N19 კორპუსის მიმდებარე 605 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებს. ზემოაღნიშნული პირები თანხმობას აცხადებენ გ.ს-ემ სრულად დაირეგისტრიროს აღნიშნული უძრავი ქონება, შესაბამისად მოხდეს აღნიშნული უძრავი ქონების დაკანონება - ლეგალიზაცია, საკუთრების უფლების აღიარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გამოიხატება გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებასა და შესრულებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, უფრო კონკრეტულად კი ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა განსახილველ დავაში. სახეზეა გარემოება, ხელმეორედ განხილვის დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ სადავო აქტის საფუძვლად მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების მოწმეების - ი.ჯ-სა და მ.ღ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და 2005 წლის აეროფოტოგადაღების მონაცემების, გამაბათილებელი არგუმენტი და შესაბამისად მტკიცებულება. გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლიობაში ქმნის სადავო მიწის ნაკვეთზე გ.ს-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე