Facebook Twitter

№ბს-1222(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ტ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ტ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის - ნ. ტ-ას მიერ, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, წარდგენილი განცხადების განხილვა.

სარჩელის თანახმად, ოჩამჩირედან დევნილი მოსარჩელის მეუღლე - ა. ჩ-ი გარდაიცვალა ... წლის 8 მაისს. მოსარჩელეს ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე შვილი - გ. ჩ-ი. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათი სარეიტინგო ქულა არის 1120. ცხოვრობენ ქალაქ ზუგდიდში, რთულ პირობებში. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ არიან უზრუნველყოფილნი გრძელვადიანი საცხოვრებლით. მოსარჩელის ოჯახს წლების განმავლობაში მინიჭებული ჰქონდა 3 ქულა, მათ შორის, 1.5 ქულა საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო და 1.5 ქულა - ქვრივის სტატუსისთვის, რომელიც მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რის პასუხადაც ეცნობა, რომ მისი განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით. აღნიშნულის მიზეზად წერილში მითითებულია, რომ სსიპ დევნილია, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წერილში მითითებული გარემოება არ შესაბამება რეალობას, რადგან მის გარდაცვლილ მეუღლეს არ მიუღია არანაირი კომპენსაცია. ა. ჩ-ის გარდაცვალების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ოჯახს წლების განმავლობაში მიკუთვნებული ჰქონდა სამი სარეიტინგო ქულა, რომლიდანაც 1,5 ქულა მონიჭებული იყო საცხოვრებლის პრობლემების გამო, ხოლო 1,5 ქულა ქვრივის სტატუსისათვის, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. ამასთან, ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ზუგდიდში მისული იყო დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი, მოხდა განაცხადის შევსება დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის - ნ. ტ-ას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) წყალტუბოს ს.რ განყოფილების მნ№... ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღია - ... წლის .... სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული ნკ№... დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის და ნ. ტ-ას ... წლის ...ს შეეძინათ შვილი - გ. ჩ-ი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახურის მიერ გაცემული ალ№... გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის გარდაცვალების თარიღია ... წლის ...; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტების თანახმად, ა. ჩ-ი 2003 წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო მისამართზე - ხელვაჩაურის რაიონი, ... „...“. ... წლიდან ა. ჩ-ის ოჯახს დაემატა შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც იმავე მისამართზეა რეგისტრირებული; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, გ. ჩ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, ოჩამჩირე, ს. ..., ხოლო, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - აჭარა, ხელვაჩაური; დ) 2022 წლის 14 მარტს, ნ. ტ-ამ მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი აპრილის №03/7062 მიმართვით, ნ. ტ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი განუხილველი დარჩა და 0 ქულით შეფასდა, ვინაიდან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქალაქე ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე; ე) 2009 წლის 6 თებერვლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №01-19/27 მიმართვის თანახმად, 2006 წელს, დევნილებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ კომპენსაცია, მათ შორის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის; ვ) 2006 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და შპს „აჭ...“-ს (მყიდველი) შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა შეისყიდა აჭარის ა.რ-ის საკუთრებაში არსებული სს „ა...ის“ აქციათა 100%. განისაზღვრა საინვესტიციო თანხა - 17 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ლარებში, რომელიც ტოლია ქონების ღირებულების, საიდანაც აქციათა გასაყიდი ფასი - 4 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხისა ლარებში გადახდილი უნდა იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ და მთავრობის მოთხოვნით, საკომპენსაციო თანხა, რომელიც ტოლია 13 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხისა ლარებში, საჭიროა სს „ა...ის“ საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებაში მცხოვრები დევნილების ოჯახების განსახლებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილების თითოეულ ოჯახთან მიმართებაში - თანხა, რომელიც გაიცემა დევნილების ოჯახების სიაში მითითებულ თითოეულ ოჯახზე არის - 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ლარში. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დანართის სახით თანდართული იყო 1921 ოჯახის სია, რომლებიც დაკავებულ ქონებაში ცხოვრობდნენ. დევნილების ოჯახების სია წარმოდგენილი და შემოწმებული იყო აჭარის ა.რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, ხელშეკრულების შესრულების თარიღის მდგომარეობით. ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებულია ქონების ჩამონათვალი, მათ შორის, „...“, მისამართი - ხელვაჩაურის რაიონი, ...; ზ) შერეული სამთავრობო კომისიის 2006 წლის პირველი სექტემბრის დასკვნის თანახმად, კომისიის წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „აჭ...“-ს შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დაადასტურეს, რომ პრივატიზებულ ჩვიდმეტივე ობიექტში, მათ შორის, ...ი“, მცხოვრები ოჯახების გამოსახლების პროცედურები დასრულებულია და შენობები თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 28 ივლისის №05/4753 მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ფინანსური კომპენსაციის გაცემა განხორციელდა კომპანია „აჭ...“-სა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვალს დადებული „აქციათა ნასყიდობის“ ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების დანართს წარმოადგენდა დევნილი ოჯახების სია, რომლებზეც ინვესტორს უნდა გაეცა ფინანსური კომპენსაცია. იძულებით გადაადგილებული პირები-დევნილები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი საოჯახო ნომრით - ..., ირიცხებიან პანსიონატ „ა...ს“ გადაგზავნილ სიაში. რაც შეეხება, კომპენსირების საკითხს, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირებზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცული არ არის და მიზანშეწონილია მისი მიღება განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეებისგან; ი) 2022 წლის 7 სექტემბერს, სს ,,ა...ის“ მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ ფიზიკური პირები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი ფიქსირდებიან ...ი“, საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს - ა. ჩ-ის, რომელმაც თანხა აიღო 10.04.2006 წელს. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვება.

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო მიხედულების ფარგლებით, რაც მაღალი ხარისხით წარმოუშობს მას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ, მათ შეფასებას მიჰყავს ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გადაწყვეტილებით არ დგინდება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია თუ არა განმცხადებლის ინდივიდუალური მახასიათებლები. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მითითებულ მტკიცებულებებს და შეფასების მიღმა დატოვა საკითხი, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება რამდენად რეალურია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები თანხის მიუღებლობისა და განქორწინების შესახებ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს დეტალურად გამოსაკვლევ და დასადგენ გარემოებას, რამდენადაც იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი 10.04.2006 წლისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მინიჭებული ჰქონდათ ერთი საოჯახო ნომერი (...), არ ნიშნავს, რომ ეს პირები სადავო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, აღნიშნული დამატებით შესწავლას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე. ბ-ას ჩვენებაც, რომელმაც განმარტა, რომ ნ. ტ-ა და ა. ჩ-ი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც გ. ჩ-ი დაიბადა (იქნებოდა დაახლოებით ერთი თვის). ამ დროისათვის, ნ. ტ-ა ბავშვთან ერთად, დაახლოებით 8 თვე, ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში მამასთან გადავიდა.

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის ცნებაზე და განმარტა, რომ გ. ჩ-ი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიჩნეული კომპენსირებულად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურდება მისი ...ი“ ა. ჩ-ის საცხოვრებელ ფართში მუდმივად ცხოვრებისა და მასთან ერთად შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოსცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად კი, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით მიიღოს სათანადო და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მითითებულ მტკიცებულებებს და შეფასების მიღმა დატოვა საკითხი, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რამდენად რეალურია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები თანხის მიუღებლობისა და განქორწინების შესახებ, რაც პალატის მოსაზრებითაც წარმოადგენს დეტალურად გამოსაკვლევ და დასადგენ გარემოებას, რამდენადაც იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი 10.04.2006 წლისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მინიჭებული ჰქონდათ ერთი საოჯახო ნომერი (...), პალატის მოსაზრებით, არ ნიშნავს, რომ ეს პირები სადავო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, აღნიშნული დამატებით შესწავლას საჭიროებს. აღნიშნულ ჭრილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მართებულად გამახვილდა ყურადღება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე. ბ-ას ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ნ. ტ-ა და ა. ჩ-ი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც გ. ჩ-ი დაიბადა (იქნებოდა დაახლოებით ერთი თვის). ამ დროისათვის, ნ. ტ-ა ბავშვთან ერთად, დაახლოებით 8 თვე, ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში მამასთან გადავიდა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოსცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოებისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად კი, მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. ტ-ა არ არის იძულებით გადაადგილებული პირი და მას არ აქვს საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება მის შვილს - გ. ჩ-ის, მას იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს მამის - ა. ჩ-ის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, გ. ჩ-ი მამასთან - ა. ჩ-ითან ერთად არის დევნილად რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, ..., „...“, სარეგისტრაციო ნომრით .... აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილის თანახმად, 2006 წელს განხორციელებული კომპაქტური ობიექტების პრივატიზაციის დროს ჩ-იების ოჯახს, კერძოდ, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის გამოეყოთ ფინანსური კომპენსაცია. წერილს დანართის სახით ერთვის სია, სადაც მითითებულნი არიან ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი, რომელთაც „სანატორიუმ ა...ში“ დაკავებული ჰქონდათ ოთახი. ა. ჩ-ი დევნილთა მონაცემთა ელექტრონული ბაზის მიხედვით კომპენსირებულია, მას და მის ოჯახს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა გ. ჩ-ი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გადაეცა საკომპენსაციო თანხა. გ. ჩ-ის საკითხი სააგენტოს მიერ არ განიხილება ვიდრე არ გაუქმდება მისი კომპენსირებულ პირად რეგისტრაცია. სასამართლო გადაწყვეტილებით, სადაც გ. ჩ-ი არც მოსარჩელეს და არც მესამე პირს არ წარმოადგენდა, სააგენტოს დაევალა ნ. ტ-ას განაცხადის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ ამავე გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა გ. ჩ-ის, როგორც კომპენსირებული პირის რეგისტრაცია (მონიშვნა). ჩ-იების ოჯახს კომპენსაცია ...ი“ დაკავებული ოთახის გამოთავისუფლების სანაცვლოდ ინვესტორმა გადასცა 2006 წელს. ამ პერიოდისთვის ისინი ერთი და იგივე მისამართზე, ერთი სარეგისტრაციო ნომრით იყვნენ რეგისტრირებულნი. დევნილი ოჯახის ცნება 2013 წელს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონით განიმარტა, თუმცა სადავო პერიოდისათვის სავსებით საკმარისი იყო ოჯახის ერთ მისამართზე რეგისტრაცია საერთო საოჯახო ნომრით. აღნიშნული იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ა. და გ. ჩ-ი ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ, მითუმეტეს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ მამა-შვილი.

კასატორის განმარტებით, სამინისტრო კომპენსაციის მიცემის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. დევნილების სანატორიუმში ცხოვრების მომენტისათვის სანატორიუმი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც შემდეგ სახელმწიფოს მიერ გასხვისდა კერძო ორგანიზაციაზე შეღავათიან ფასად სწორედ იმ მოტივით, რომ შენობა არ იყო თავისუფალი და მასში ცხოვრობდნენ დევნილები. მესაკუთრემ, თავის მხრივ, იკისრა დევნილთათვის ფართის დათმობის სანაცვლო თანხის გადახდა. სახელმწიფოს მიზანი შენობის გასხვისებისას იყო დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ინვესტორის მეშვეობით. შენობები, სადაც დევნილთა ოჯახები იყვნენ განთავსებულნი, მესაკუთრეებს გადაეცემოდათ შეღავათიან ფასებში, რომელიც შემდეგ კისრულობდა იქ მაცხოვრებელ დევნილთა თანხით ან საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. შენობაში განთავსებულმა დევნილებმა თანხა მიიღეს მათი სტატუსიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში მათ ელოდათ უპირობო გამოსახლება და ინვესტორის მხრიდან ისინი დახმარებას არ მიიღებდნენ. სამინისტრო ინვესტორს აწვდიდა სანატორიუმში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახთა სიას. ამასთან, ინვესტორი, თავის მხრივ, აღწერდა სანატორიუმში მაცხოვრებლებს. ის ფაქტი, რომ ინვესტორის მიერ თანხის გადახდის შემდეგ ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება აღარ მიეცემოდათ ცნობილი იყო მოსარჩელის ოჯახისთვის, კერძოდ, მისი მეუღლისთვის, რომლის ოჯახის წევრსაც წარმოადგენდა შვილი - გ. ჩ-ი. ის და მისი ოჯახის წევრები დაეთანხმნენ ინვესტორის შეთავაზებას მიეღოთ ერთჯერადი ფულადი თანხა ფართის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ მათ თანხა მიიღეს დაკავებული ოთახების რაოდენობის მიხედვით, თითო ოთახზე 7 000 აშშ დოლარი. ამდენად, მოსარჩელესა და მის ოჯახს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია.

სააგენტოს 2022 წლის 27 ივლისის №IDP 1 22 00150620 სამსახურებრივი ბარათით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის საქმესთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის №... ხელშეკრულება, ასევე აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2006 წლის 14 თებერვლის №15 ბრძანების თანახმად, კომპანია „აჭ...“ ვალდებულია უზრუნველყოს ს/ს „ა...ის“ საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობასა და ს/ს „მ...ში“ შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლება, თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემით. იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების გამოსახლების ვადა განისაზღვრა 3 თვით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან. 2006 წლის 18 თებერვალს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „აჭ...-ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (რეგისტრირებულია რეესტრში №...), რომელზეც დანართი 4-ის სახით თანდართულია 1921 ოჯახის სია, რომლებიც ცხოვრობენ დაკავებულ ქონებაში. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დევნილი ოჯახების სია წარმოდგენილი და შემოწმებულია აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინიტროს მიერ და დამტკიცებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების თარიღის მდგომარეობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართში მითითებულია სანატორიუმი „ა...“, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, .... ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მყიდველი (შპს „აჭ...“ კისრულობს ვალდებულებას მე-4 მუხლის შესაბამისად გასცეს საკომპენსაციო თანხა, რომელიც წარმოადგენს საინვესტიციო თანხის ნაწილს - 13 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, თითოეულ დევნილ ოჯახზე - 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. შერეული სამთავრობო კომისიის 2006 წლის 1 სექტემბრის დასკვნის თანახმად, პრივატიზებულ ობიექტში, კერძოდ, ...ი“, მცხოვრები ოჯახების გამოსახლების პროცედურები დასრულებულია და შენობა იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში. სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზაში მისი მეუღლე და შვილი ფიქსირდებიან ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფილ პირებად დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. აღნიშნული მონიშვნა კი ბაზაში გაკეთებულია აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 12 თებერვლის №722 წერილის და დანართის საფუძველზე. ასევე, წარმოდგენილია აჭარის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის 17 აგვისტოს №01-01-10/3715 წერილი თანდართული დოკუმენტაციით, საიდანაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოჯახი ინვესტორის მიერ დაკმაყოფილებულია დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მნ№... ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღია - ... წლის .... სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ გაცემული ნკ№... დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის და ნ. ტ-ას ... წლის ...ს შეეძინათ შვილი - გ. ჩ-ი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქობულეთის სამსახურის მიერ გაცემული ალ№... გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა. ჩ-ის გარდაცვალების თარიღია ... წლის ... (ს.ფ 19-21); ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახური ანკეტის თანახმად, ა. ჩ-ი 2003 წლიდან დევნილად რეგისტრირებული იყო მისამართზე - ხელვაჩაურის რაიონი, ... „...“. ... წლიდან ა. ჩ-ის ოჯახს დაემატა შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც იმავე მისამართზეა რეგისტრირებული (ს.ფ 78-80); გ) გ. ჩ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე მითითებულია - აფხაზეთი, ოჩამჩირე, ს. ..., ხოლო, დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - აჭარა, ხელვაჩაური (ს.ფ 67); დ) 2022 წლის 14 მარტს, ნ. ტ-ამ მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (ს.ფ 61-62). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 მიმართვით, ნ. ტ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი განუხილველი დარჩა და 0 ქულით შეფასდა, ვინაიდან სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქალაქე ა. ჩ-ის სახელმწიფოს მხრიდან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, დევნილი ოჯახი, რომელიც უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე (ს.ფ 60); ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 6 თებერვლის №01-19/27 მიმართვით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეცნობა იმ დევნილ პირთა სია, რომლებსაც 2006 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ კომპენსაცია, მათ შორის, ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის (ს.ფ 58-59); ვ) 2006 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და კომპანია „Aj...” (მყიდველი) შორის დაიდო აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მყიდველმა შეისყიდა აჭარის ა.რ-ის საკუთრებაში არსებული სს „ა...ის“ აქციათა 100% და სს ,,მ...ის’’ 52,83%. განისაზღვრა საინვესტიციო თანხა - 17 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ლარებში, რომელიც ტოლია ქონების ღირებულების, საიდანაც აქციათა გასაყიდი ფასი - 4 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხისა ლარებში გადახდილ უნდა იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასარგებლოდ და მთავრობის მოთხოვნით, საკომპენსაციო თანხა, რომელიც ტოლია 13 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხისა ლარებში, საჭიროა სს „ა...ის“ საკუთრებაში არსებულ ზოგიერთ ქონებაში მცხოვრები დევნილების ოჯახების განსახლებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილების თითოეულ ოჯახთან მიმართებაში - თანხა, რომელიც გაიცემა დევნილების ოჯახების სიაში მითითებულ თითოეულ ოჯახზე არის - 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ლარში. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დანართის სახით თანდართული იყო 1921 ოჯახის სია, რომლებიც დაკავებულ ქონებაში ცხოვრობდნენ. დევნილი ოჯახების სია წარმოდგენილი და შემოწმებული იყო აჭარის ა.რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ, ხელშეკრულების შესრულების თარიღის მდგომარეობით. ამავე ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებულია ქონების ჩამონათვალი, მათ შორის, „...“, მისამართი - ხელვაჩაურის რაიონი, ... (ს.ფ 87-108); ზ) შერეული სამთავრობო კომისიის 2006 წლის პირველი სექტემბრის დასკვნის თანახმად, კომისიის წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „აჭ...“-ს შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, დაადასტურეს, რომ პრივატიზებულ ჩვიდმეტივე ობიექტში, მათ შორის, ...ი“, მცხოვრები ოჯახების გამოსახლების პროცედურები დასრულებულია და შენობები თავისუფალ მდგომარეობაში იმყოფება (ს.ფ 109); თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 28 ივლისის №05/4753 მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებზე ფინანსური კომპენსაციის გაცემა განხორციელდა კომპანია „აჭ...“-სა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2006 წლის 17 თებერვალს დადებული „აქციათა ნასყიდობის“ ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების დანართს წარმოადგენდა დევნილი ოჯახების სია, რომლებზეც ინვესტორს უნდა გაეცა ფინანსური კომპენსაცია. იძულებით გადაადგილებული პირები-დევნილები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი საოჯახო ნომრით - ..., ირიცხებიან პანსიონატ „ა...ს“ გადაგზავნილ სიაში. რაც შეეხება, კომპენსირების საკითხს, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირებზე კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დაცული არ არის და მიზანშეწონილია მისი მიღება განხორციელდეს ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეებისგან (ს.ფ 151); ი) სს „ა...ის“ 2022 წლის 7 სექტემბრის მიმართვით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეცნობა, რომ ფიზიკური პირები ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი ფიქსირდებიან ...ი“, საოჯახო ნომრით - ... და ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, მითითებულ საოჯახო ნომერზე თანხა მინდობილობით აღებული აქვს ფიზიკურ პირს - ა. ჩ-ის, რომელმაც თანხა აიღო 10.04.2006 წელს. სხვა დოკუმენტაცია აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით არ მოიპოვება (ს.ფ 150).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. საქართველო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს საცხოვრებელი ადგილის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, უსახლკარობის თავიდან აცილებასა და შემცირებას თანდათან მისი აღმოფხვრის მიზნით. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების“ შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დევნილთა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიას ქმნის დევნილის უფლება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რაც დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა, შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება უზრუნველყოს დევნილი პირის სოციალური პირობები მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მათ შორის, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირი, რომელსაც არ აქვს დევნილის სტატუსი, ვერ წარადგენს საცხოვრებელი ბინის მიღებაზე პრეტენზიას. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება სახელმწიფოს აკისრია იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით. კანონმდებელი სწორედ დევნილის სტატუსის არსებობას მიიჩნევს სავალდებულო პირობად იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს პირის/ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. ამასვე მიუთითებს ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

განსახილველ შემთხვევაში, ნ. ტ-ას მიერ 2022 წლის 14 მარტს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების საფუძველი არის ის გარემოება, რომ ნ. ტ-ა წარმოადგენს დევნილის სტატუსის მქონე პირის - გ. ჩ-ის ოჯახის წევრს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ნ. ტ-ა საცხოვრებლით დაკმაყოფილდება, როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული არადევნილი ოჯახის წევრი. ამდენად, წინამდებარე დავაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დევნილი პირის - გ. ჩ-ის პოზიციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი) სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოსარჩელე ნ. ტ-ას არ აქვს დევნილის სტატუსი, არამედ იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს წარმოადგენს მისი შვილი, გ. ჩ-ი, რომელიც განსახილველ საქმეში არ მონაწილეობს არც მოსარჩელის და არც მესამე პირის სახით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა გადაწყდეს დევნილი პირის - გ. ჩ-ის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და ამასთან, სადავოა გ. ჩ-ის, როგორც დევნილის კომპენსირებულად მიჩნევის საკითხი, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს იმ გარემოებაზე, არსებობს თუ არა გ. ჩ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილებით ნ. ტ-ას ეცნობა, რომ მისი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მეუღლეს, გარდაცვლილ ა. ჩ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია და სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს, უნდა ჩაითვალოს თუ არა გ. ჩ-ი კომპენსირებულად 2006 წელს ...ი“ დაკავებული ფართის გათავისუფლების სანაცვლოდ ა. ჩ-ისათვის მიცემული თანხით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს გ. ჩ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა მისი მამის - ა. ჩ-ისათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წელს). ამასთან, გათვალისწინებით იმისა, რომ 2006 წლის მდგომარეობით გ. ჩ-ი იყო მცირეწლოვანი, ხოლო მოსარჩელე ნ. ტ-ა განმარტავს, რომ იგი 2006 წელს აღარ ცხოვრობდა მეუღლესთან - ა. ჩ-ითან და შვილთან - გ. ჩ-ითან ერთად საცხოვრებლად გადასული იყო სხვა მისამართზე, შესაბამისად, უნდა დადგინდეს 2006 წლის მდგომარეობით ნ. ტ-ას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

პალატა ასევე მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე. აღნიშნული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის - ნ. ტ-ას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი 10.04.2006 წლისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დასაბუთებული არ არის მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის აუცილებლობა - სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენის შეუძლებლობა. საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ „..მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18), 23.07.2020წ. №ბს-197(კ-20) გადაწყვეტილებები და სხვ.). სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას უნდა დაასაბუთოს, კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა შესწავლილი და დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა საკითხი საჭიროების გამოკვლევას და რატომ არის ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელი სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული მტკიცებულებათა საკუთარი ინიციატივით მოპოვების უფლებამოსილების გამოყენების პირობებშიც კი. მხოლოდ ამგვარი დასაბუთების შემთხვევაში არის შესაძლებელი დავის ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის მართებულად მიჩნევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არის კომპეტენტური და ვალდებული, რომ არსებითად გადაწყვიტოს სასამართლოში მიმდინარე დავა (სუსგ №ბს-1374(2კ-კს-19), 04.03.2020წ.; ბს-№707(კ-22), 21.07.2022წ.; №ბს-768(კ-21), 1.11.2022წ.).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ ა. ჩ-ის და გ. ჩ-ის მინიჭებული ჰქონდათ ერთი საოჯახო ნომერი (...), არ ნიშნავს, რომ ეს პირები სადავო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს. სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ მოპასუხისათვის გამოსაკვლევად მითითებული გარემოებები იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას სასამართლოს მიერ დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის შეუძლებლობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ შეამოწმეს სარჩელის შესაბამისობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებთან და დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა ისე, რომ მოწმის ჩვენების გარდა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ცალ-ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) განმარტებულია, როგორც ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, დევნილ ოჯახად მიჩნევისათვის არსებითია კუმულატიურად არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ დევნილის სტატუსი და 2. შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივად გაწევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, ნ. ტ-ას და ა. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის თარიღია - ... წლის ..., ხოლო განქორწინების მოწმობა საქმეში წარმოდგენილი არ არის. მართალია, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2006 წლის მდგომარეობით ის და ა. ჩ-ი აღარ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, თუმცა გარდა მოწმის ჩვენებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ეწეოდა ინდივიდუალურ საოჯახო მეურნეობას (მაგ: აბონენტებად რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების დამოუკიდებლად გადახდა, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან და ა. შ). ამავდროულად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 17 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და კომპანია „Aj...” (მყიდველი) შორის დადებულ ხელშეკრულებაზე დანართის სახით თანდართული იყო ხელშეკრულების შესრულების თარიღის მდგომარეობით აჭარის ა.რ-ის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოწმებული და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, 1921 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც დაკავებულ ქონებაში ცხოვრობდნენ. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნულ სიაში მითითებული იყვნენ ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი, როგორც ერთი ოჯახის წევრები (საოჯახო ნომრით - ...) დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის 28 ივლისის №05/4753 მიმართვით. შერეული სამთავრობო კომისიის 2006 წლის პირველი სექტემბრის დასკვნა ადასტურებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „აჭ...“-ს შორის დადებული აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ...ი“ მცხოვრები ოჯახების გამოსახლების პროცედურები დასრულდა და შენობა იმყოფებოდა თავისუფალ მდგომარეობაში. საქმეში ასევე წარმოდგენილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2009 წლის 6 თებერვლის №01-19/27 მიმართვა, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეცნობა იმ დევნილ პირთა სია, რომლებსაც 2006 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული კომპაქტური განსახლების ობიექტების პრივატიზაციის დროს გამოეყოთ კომპენსაცია, მათ შორის, არიან ა. ჩ-ი და გ. ჩ-ი. სს „ა...ის“ 2022 წლის 7 სექტემბრის მიმართვით ირკვევა, რომ ...ი“ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, 2006 წლის 10 აპრილს თანხა მინდობილობით აღებული აქვს - ა. ჩ-ის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ან/და სამართალწარმოების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დაუდასტურებლობა არ ქმნის სასამართლოს მხრიდან ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. ადმინისტრაციული სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და ინკვიზიციურობის პრინციპის თანაარსებობის მიუხედავად, მტკიცების ტვირთის უმეტესი ნაწილი სწორედ პროცესის მონაწილე მხარეებს აწვება. შესაბამისად, თავიანთი პოზიციების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მათი სათანადო მტკიცებულებებით გამყარება მხარეთა პროცესუალური მოვალეობაა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას სამართალწარმოებაში, შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის სრულად გადაკისრებას და აღნიშნულის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის პასიურ მდგომარეობაში ყოფნას.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ამტკიცებდა 2006 წლის მდგომარეობით (კომპენსაციის ა. ჩ-იზე გაცემის მომენტისათვის) მოსარჩელის სანატორიუმ ,,ა...ში’’ ცხოვრების ფაქტს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ დასკვნას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო კონკრეტული ფაქტის დადასტურება ან/და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარკვეული ფაქტობრივი გარემოება, არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ნამდვილად არსებობს და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დადასტურებულად ჩათვალოს იგი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას სწორედ მოსარჩელის სანატორიუმ ,,ა...ში’’ ცხოვრების ფაქტის დადასტურების გზით ცდილობდა, თუმცა, თავის მხრივ, წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოების მტკიცებას, რომ მიუხედავად მოსარჩელის შვილის - გ. ჩ-ის სანატორიუმ ,,ა...ში’’ რეგისტრაციისა, ისინი ფაქტობრივად სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პოზიტიური მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდა, ასევე, მოსარჩელესაც, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა მისი სხვა ადგილას ცხოვრების ფაქტი, რაც ცხადია ვერ ჩაითვლებოდა დადასტურებულად მარტოოდენ იმ მიზეზით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ნ. ტ-ას და მისი არასრულწლოვანი შვილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გ. ჩ-ის მამის - ა. ჩ-ისათვის კომპენსაციის მიცემის მომენტისათვის (2006 წელს). საგულისხმოა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მხრიდან სათანადოდ არ გამოკვლეულა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და ერთი მოწმის - ე. ბ-ას ჩვენებას, რომ ნ. ტ-ამ, შვილის დაბადებიდან თითქმის ერთ თვეში, 2004 წლიდან დატოვა სანატორიუმი ,,ა...’’, რის შემდეგაც, დაახლოებით 8 თვე ცხოვრობდა მასთან, შემდეგ კი, საცხოვრებლად წალენჯიხის რაიონში, მამასთან გადავიდა. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას. იგი ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის და მოწმის ახსნა-განმარტებას და არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის ა. ჩ-ის მიერ კომპენსაციის მიღების მომენტისათვის - 2006 წლის 10 აპრილის მდგომარეობით ცალკე ოჯახად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მხოლოდ მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 აპრილის №03/7062 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის - ნ. ტ-ას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვა. მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენის გარეშე, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც შესაძლოა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა სადავო საკითხი, რომ არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება - მოსარჩელის ა. ჩ-ითან ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილ უნდა იქნეს ა. ჩ-ის ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პერიოდში წარმოადგენდნენ თუ არა გარდაცვლილი ა. ჩ-ი და მისი შვილი - გ. ჩ-ი ერთი ოჯახის წევრებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნებისათვის.

სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა ვლინდება არა ფაქტების დადგენაში, არამედ - დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. საკასაციო პალატა არ არის შებოჭილი ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილს არ ხდის საკასაციო სასამართლოს თავადვე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლოს პროცესუალური როლის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებების გამოკვლევისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილი სასამართლო სააპელაციო სასამართლოა. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ - ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას. ვინაიდან დასადგენია საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი ახალი გადაწყვეტილების მისაღებად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საკითხს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე