საქმე №ბს-993(კ-23) 06 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. უ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. უ-ამ 2022 წლის 29 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 09 დეკემბრის №IDP 6 22 00001107 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. უ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2022 წლის 01 ნოემბერს მან და მისი ოჯახის წევრებმა, კერძოდ ძმამ - დ. უ-ამ და დედამ - მ. პ-მა მიმართეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. მ. პ-სა და დ. უ-ას ადმინისტრაციულმა ორგანომ აღუდგინა დევნილის სტატუსი, თუმცა მას 2022 წლის 09 დეკემბერს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რასაც მიიჩნევს დაუსაბუთებლად, ვინაიდან მ. პ-ი, რომელსაც მიენიჭა დევნილის სტატუსი, არის მისი დედა, შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 09 დეკემბრის №IDP 6 22 00001107 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მ. უ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 01 ნოემბრის ცნობაზე, რომლის მიხედვით მ. უ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი აფხაზეთიდან. ამასთან ყურადღება გაამახვილა მ. უ-ას დედის - მ. პ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენდა არა მხოლოდ შვილის არასრულწლოვანების განმავლობაში, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლებისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების დროს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ძირითადი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, იყო მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მოსარჩელის მიერ მასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაზედაც შედგა დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. გასაუბრებისას მ. უ-ამ განმარტა, რომ დაიბადა ... წელს ქალაქ მოსკოვში. აფხაზეთში არ უცხოვრია. 2020 წელს სკოლა დაამთავრა მოსკოვში. ამჟამად არის სტუდენტი. დაბადებიდან ცხოვრობს მოსკოვში დედის საკუთრებაში. დედას მ. პ-ს დევნილის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული 1999 წლიდან. შეუწყდა და გასაუბრების შედეგად აღუდგა დევნილის სტატუსი. რაც შეეხება ძმას დ. უ-ას, მასაც ჰქონდა არასრულწლოვანების პერიოდში (დაბ. ... წელს) დევნილის სტატუსი და შეწყვეტის შემდეგ აღუდგა. მოსარჩელე გახლავთ ორმაგი მოქალაქე (საქართველო - რუსეთი). მანამდე იგი დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ იყო რეგისტრირებული დევნილად და შესაბამისად, არ იღებდა დევნილის შემწეობას.
კასატორის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისი ბრძანებით №287 დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამმართველოს მიმართავს არასრულწლოვანი პირის მშობელი (მშობლები) ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი“.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, როგორც საქმის მასალების მიხედვით დგინდება, დედას დევნილის სტატუსი მიენიჭა თავდაპირველად 1999 წელს, როცა მ. უ-ა არც იყო დაბადებული. მშობელს არ მოუთხოვია მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსი მინიჭება. აღნიშნულის თაობაზე კი პირდაპირ არის მითითებული იმპერატიულად, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოს არასრულწლოვანის მშობელმა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. სხვა შემთხვევაში, როცა პირი გახდება სრულწლოვანი, მას თავად შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მისი საკითხის განხილვა კი მოხდა არა მშობლის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არამედ როგორც ცალკე, დამოუკიდებლად. აპელანტი დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აფხაზეთში არასდროს უცხოვრია და შესაბამისად, მასთან მიმართებით არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
ამდენად, სააგენტოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მ. უ-ასთან მიმართებით ვერ იქნება დადასტურებული აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და იმ პერიოდში მისის საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისის ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად მიჩნევისთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 დეკემბრის №IDP 6 22 00001107 ბრძანება. ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეულ ადგილს, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისის შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არა მარტო არასრულწლოვანების, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ მშობლისთვის ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა, მათ შორის, როცა მშობელმა ვერ/არ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების დროს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ მ. უ-ამ 2022 წლის 01 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. იმავე დღეს მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ქ. მოსკოვში, სკოლა 2020 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვში, ამჟამად არის სტუდენტ მოსკოვში. აღნიშნა, რომ აფხაზეთში არ უცხოვრია, თუმცა დედის მშობლებს ქ. სოხუმში, ...ას მე-3 ჩიხის №4-ში გააჩნდათ საკუთრება, ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №36-ში, ბაბუის - მ. პ-ის საკუთრებაში, იგი არის საქართველო-რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. ასევე, დადგენილია, რომ დედას - მ. პ-სა და ძმას - დ. უ-ას 2022 წლის 15 და 16 ნოემბერს მიენიჭათ (აღუდგათ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რაც გამორიცხავდა მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლიანობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა საქმეზე დასტურდება მოსარჩელის დედისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, რაც ავტომატურად გულისხმობს შვილზეც იმავე სამართლებრივი სტატუსის გავრცელებას არასრულწლოვანების დროს, ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. მართალია, მშობელს დევნილის სტატუსი აღუდგა შვილის სრულწლოვანების პერიოდში, თუმცა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი არ გამორიცხავს სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაშიც, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. ამრიგად, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის მშობლისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების კანონიერი საფუძვლის არსებობა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის პირადი განცხადების საფუძველზე, დასახელებული ნორმების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს ქმნიდა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ბს-883(კ-21), 17.12.21წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა