№ბს-793(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ.უ-ემ, ნ.ც-ემ, გ.უ-ემ და ლ.უ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1479/ო ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ.უ-ისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით კ.უ-ის, ნ.ც-ის, გ.უ-ისა და ლ.უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 22 აპრილის №03-1479/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ.უ-ისა და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებულ განჩნებაში მითითებულია მხოლოდ ქულათა ოდენობაზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ოჯახის სიდედრის სახლში ცხოვრების ფაქტი ვერ დაადასტურა. ამასთან, სასამართლო არ ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ მთელ რიგ მტკიცებულებებს. ის გარემოება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა იმ პირთა განცხადებები, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ 4.5 ქულა, არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი განცხადება დაკმაყოფილდა. სააგენტომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება და მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასება, სხვა მის ხელთ არსებული საშუალება არ არსებობს. სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ხელი შეუწყოს შესაბამის ეტაპზე იმ ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ განსახლებას და პირველ რიგში, საცხოვრებელი მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა. სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას და ფაქტების დეტალურ შესწავლას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახის მძიმე საცხოვრებელი პირობების დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოებისას წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მონიტორინგის სამსახურის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სახეზე არ იყო, სწორედ ამიტომ, განაცხადს მოაკლდა წინასწარი შეფასებით მინიჭებული ქულა. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, იგი მიღებულია სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ და ბუნებრივია, სააგენტო აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ გაითვალისწინებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის კანონი აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი. ცხადია, აღნიშნული არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არა აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით, გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვთ განაცხადში სწორი ინფორმაცია და არა გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ქაოსურ სურათს, რაც ხდებოდა ამ საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ის, გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს. ამდენად, სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით კ.უ-ის ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირები) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) კ.უ-ე და მისი არასრულწლოვანი შვილები - გ.უ-ე და ლ.უ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (ს.ფ. 15-16, 17-19). მოსარჩელეების მისამართი იყო აფხაზეთი, სოხუმი, ს. .... დროებითი საცხოვრებელი მისამართი არის ქ. თბილისი, ..., ...ის გზატ. №48 (ს.ფ.17-19). კ.უ-ეს დადგენილი აქვს შშმ პირის სტატუსი (ს.ფ. 14). მან 2011 წლის 29 ნოემბერს იქორწინა ნ.ც-ეზე (ს.ფ. 87), მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ... წლის ... ...ს დაბადებული გ.უ-ე და ... წლის ... ...ს დაბადებული ლ.უ-ე (ს.ფ. 15-16); ბ) კ.უ-ემ 2013 წლის 25 სექტემბერს №94 განაცხადით მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. განმცხადებლების ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელი მისამართია - ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48, ოჯახს არ გააჩნია უძრავი ქონება და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში (ს.ფ. 50-51, 52-63); გ) 2020 წლის 25 დეკემბერს შევსებული ,,გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის’’ თანახმად, კ.უ-ის განმარტებით, საცხოვრებელი, სადაც ოჯახი 1996 წლიდან ცხოვრობს, ეკუთვნის შპს „...ს“, იგი იღებს სამხედრო პენსიას, არის შშმ პირი, მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან და ორი არასრულწლოვან შვილთან ერთად (ს.ფ. 97-100); დ) 2021 წლის 5 თებერვალს შევსებული ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების გასაუბრების ოქმით’’ ირკვევა, რომ დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა კ.უ-ის სიდედრის - მ.ც-ის ბინაში, მდებარე: ქალაქი რუსთავი, მე-... მ/რ კორპ. №19, ბინა №..., სადაც დახვდათ კ.უ-ის ორივე შვილი, რომლებიც მ.ც-ის განმარტებით, პერიოდულად რჩებიან მასთან, ვინაიდან მათი საცხოვრებელი პირობები არის ძალიან მძიმე (ს.ფ. 101); ე) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, კ.უ-ის ოჯახს მიენიჭა 8.00 ქულა. 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა; დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას) და - მესაკუთრე ახორციელებს ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; - მესაკუთრემ განახორციელა კანონით გათვალისწინებული პროცედურა - 3.00 ქულა; საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2.00 ქულა; კ.უ-ე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა (ს.ფ. 20-21); ვ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმით კ.უ-ის ოჯახს დააკლდა 2 ქულა კრიტერიუმში - მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (ს.ფ. 129-134). სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 აპრილის №03-1479/ო ბრძანებით უარი ეთქვა კ.უ-ეს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის წარდგენის გამო (ს.ფ. 129-134, 135); ზ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული №2/34919-18 გადაწყვეტილებით, შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების: გ.ჩ-ას, ბ.ჩ-ას, ს.კ-ას, ს.შ-ას, მ.ჩ-ას, გ.შ-ას, სო.შ-ას, ა.ა-ის, თ.ა-ის, ვ.ჯ-ის, ი.ჯ-ის, გ.ჯ-ის, ს.ჭ-ის, გ.ჭ-ის, ნ.ჯ-ის, ზ.ა-ას, მ.ა-ას, ნ.ჯ-ის, ე.ნ-ას, გ.ნ-ას, ნ.ნ-ას, ლ.დ-ის, ლი.დ-ის, ე.კ-ას, დ.კ-ას, ბ.კ-ას, ნ.ს-ის, მ.კ-ას, ბ.კ-ას, მუ.კ-ას, მზ.კ-ას, ა.კ-ას, ს.კ-ას, ე.ო-ას, ა.ფ-ას, ნ.ფ-ას, ე.ო-ას, დ.ო-ას, ს.ო-ას, ხ.ხ-ის, ჯ.კ-ას, ლ.კ-ას, ნ.ა-ას, გ.კ-ას, ლი.კ-ას, ან.კ-ას, თ.ა-ას, ნ.კ-ას, ი.კ-ას, თ.გ-ის, ა.ბ-ას, შ.ბ-ას, მ.ბ-ას, პ.პ-ის, ლ.ნ-ას, თ.პ-ის, ა.პ-ის, გ.უ-ის, ხ.უ-ის, ლე.უ-ის, კ.უ-ის, ი.უ-ის, ხ.მ-ის, ნ.ც-ის, ქ.უ-ის, გ.უ-ის, ლ.უ-ის, გ.უ-ის, ა.ს-ასა და ს.ა-ას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 514.00 კვ.მ., შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2 (საკადასტრო კოდი: №...) და ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 302.00 კვ.მ., შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (საკადასტრო კოდი: №...). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს „...ს“ (ს.ფ. 222-241); თ) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 18 მარტის №001852220 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში მდებარე, შპს „...ი“-ს საკუთრებაში არსებულ ორსართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება II-III ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელია. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა ექსპლოატაციისათვის უსაფრთხოა, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდეს აღდგენა-გაძლიერება და შემდგომ ჩაუტარდეს რემონტი. შენობის გეგმარებიდან გამომდინარე არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. სარდაფის სართულში კი საცხოვრებელი ოთახების განთავსება დაუშვებელია (ს.ფ. 66-67).
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება; იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6), რომელშიც მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.
ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 18 მარტის №001852220 ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გზატკეცილი №48; შპს „...ის“ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა) ავარიული მდგომარეობისა და ხარისხის შეფასების თვალსაზრისით. დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში მდებარე, შპს „...ი“-ს საკუთრებაში არსებულ ორსართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება II-III ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელია. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა ექსპლოატაციისათვის უსაფრთხოა, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდეს აღდგენა-გაძლიერება და შემდგომ ჩაუტარდეს რემონტი. შენობის გეგმარებიდან გამომდინარე არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. სარდაფის სართულში კი საცხოვრებელი ოთახების განთავსება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. იმ პირობებში, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ბინის განაწილების საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვრა პრიორიტეტული კრიტერიუმები, მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არ იქნა გათვალისწინებული ოჯახის მიერ დაგროვებული ქულები მაშინ, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის №19 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ განახორციელა მონიტორინგს დაქვემდებარებული 1193 განაცხადის მოკვლევა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება, რომელთაც წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4.5 და მეტი ქულა, ამასთან, ქ. თბილისში გასანაწილებელი ბინების რაოდენობა, არსებული რესურსის შესაბამისად, შეადგენდა 248 ოროთახიან ბინას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ წარდგენილი იყო საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია, რაც არ არის დასაბუთებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისა, ასევე გასათვალისწინებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული №2/34919-18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების, მათ შორის, მოსარჩელის (განაცხადით გათვალისწინებული პირები), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 514.00 კვ.მ, შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2 (საკადასტრო კოდი: №...) და ქ. თბილისში, ...ის გზატკეცილი №48-ში, დაზუსტებული ფართობი: 302.00 კვ.მ, შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: №1 (საკადასტრო კოდი: №...). ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე