Facebook Twitter

საქმე №ბს-1307(2კ-22) 06 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (თავდაპირველი მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ქ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

მე-3 პირები - ლ. ა-ე, ა. ა-ე, ს. ქ-ა, მ. ქ-ა

მე-3 პირი - გ. ა-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ქ-ამ წარმომადგენლის მეშვეობით 2020 წლის 06 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და გ. ა-ის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 05 №10-0120310680 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში შევიდოდა ცვლილება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის 2011 წლის 20 ივნისის ხელშეკრულებასა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 08 ნოემბერს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ №პ-1060 მოწმობაში.

ლ. ქ-ას წარმომადგენელი სარჩელში აღნიშნავდა, რომ 2020 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მთავრობას და მოითხოვა ცვლილებების შეტანა მათ მიერ გამოცემულ აქტებში და იმ პირთა შორის, რომლებსაც წყნეთში მდებარე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის წესით თანასაკუთრებაში გადაეცათ, მიეთითებოდა ლ. ქ-ა ს. ქ-ასთან, მ. ქ-ასთან და გ. ა-ესთან ერთად, ასევე ითხოვდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის 20.06.2011 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, რომლითაც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის მყიდველად გ. ა-ესთან, ს. ქ-ასთან და მ. ქ-ასთან ერთად მითითებული იქნებოდა ლ. ქ-ა. აღნიშნულ მოთხოვნაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოდან 2020 წლის 22 სექტემბერს ვადის გადაცილებით მიიღო წერილი იმ შინაარსით, რომ რადგან არ ჰქონდა წარდგენილი ქონების მესაკუთრე გ. ა-ის თანხმობა, ლ. ქ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ხოლო, რაც შეეხება ქ. თბილისის მთავრობას, მან არ იმსჯელა მოსარჩელის პირველ მოთხოვნაზე და მიიღო ვირტუალური უარი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, 2020 წლის 05 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მეოთხე ნაწილის ანუ ხუთდღიანი ვადის დარღვევით მიიღეს პასუხი, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 აქტი მიღებული იყო ქ. თბილისის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც საჩივრდებოდა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ა-ე, ს. ქ-ა და მ. ქ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ა. ა-ე და ლ. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 05 ნოემბრის №10-0120310680 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ლ. ქ-ას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 05 ნოემბრის №10-012031680 აქტით ლ. ქ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და უკან დაუბრუნდა ადმინისტრაციული საჩივარი, პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული აქტი მოსარჩელის მიმართ ცალსახად წარმოშობდა უშუალო სამართლებრივ შედეგს და ვერ იქნებოდა მიჩნეული მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილად.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველ მე-14 და მე-15 მუხლებზე მითითებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და ამავე საკანონმდებლო აქტის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, მოსარჩელისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაბრუნების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ. ა-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის დასაშვებად ცნობისა და შემდგომ ეტაპზე არსებითად განხილვისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს აღნიშნული მუხლის შესაბამისად აღძრული სარჩელის დასაშვებობის უპირველესი პირობა - სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მისი მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 05 ნოემბრის №10-0120310680 წერილი, მართალია, გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მისი შინაარსი და გამოცემის საფუძვლები.

კასატორის წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველ და მე-2 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა; კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს თბილისის მთავრობა საკრებულოს თანხმობით, ხოლო ქონების მართვის სააგენტო თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქონების პირდაპირი წესით განკარგვის მიზნით წარდგენილი განცხადებების განხილვასა და ხსენებული საკითხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის წარდგენას ან სათანადო გადაწყვეტილების მიღებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით. შესაბამისად, სადავო აქტი გამოცემულია სწორედ თბილისის მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან ზემდგომი თანამდებობის პირი, მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული საკითხი წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მხარეს უკან დაუბრუნდა 2020 წლის 28 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად. მისი მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 05 ნოემბრის №10-0120310680 წერილი არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რამეთუ მითითებული წერილი ინფორმაციული ხასიათისაა. ამავდროულად საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 5 ნოემბრის №10-0120310680 წერილი დამოუკიდებლად რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, გ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს რა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას (სუსგ №ბს-38(კ-20), 23.07.2020წ.).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 სექტემბრის №19/01202723219-01 ადმინისტრაციული საჩივრით ლ. ქ-ა სადავოდ ხდიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 აქტს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 5 ნოემბრის №10-012031680 აქტით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს განემარტა, რომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით სადავოდ გამხდარი ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 აქტი ექვემდებარებოდა სასამართლოში გასაჩივრებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 წერილის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობაზე იმ საფუძვლით, რომ ის არ იყო მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე №...; საქმე №3ბ/3378-18), ასევე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი ქონების მესაკუთრის თანხმობა, შესაბამისად სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც მოსარჩელის მიმართ ცალსახად წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს და არ არსებობს მისი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის წერილად მიჩნევის საფუძველი. ამრიგად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2020 წლის 5 ნოემბრის №10-012031680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო მე-14 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომლითაც დადგენილია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება. მითითებული მუხლის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის ფუნქციის განხორციელების მექანიზმს, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას ხელისუფლების იმავე შტოში და არა აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც გამორიცხავს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-361(კ-20),21.10.2020 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოზე დელეგირებული არის ის უფლებამოსილება, რაც უკავშირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, მაგრამ არ არის დელეგირებული მაკონტროლებლის უფლებამოსილება, რომელიც გააჩნია მის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მე-11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, მათ შორის საჩივრის საფუძველზე, რაც ე.წ. შემდგომი საკანონმდებლო კონტროლის (ex-post) გავრცელებულ ფორმად განიხილება.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2020 წლის 21 სექტემბრის №61-01202654367 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა ცალსახად წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას და არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და ამავე საკანონმდებლო აქტის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, ლ. ქ-ასთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაბრუნების საფუძველი (სუსგ №ბს-25(კ-23),16.05.2023 წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა