Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1259(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-ამ 2023 წლის 07 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 თებერვლის N1000867212 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ს. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. შ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ს. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. კანონის მე-15 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად კი, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, და მისი ოჯახის წევრებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 08 თებერვლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ს. შ-ასათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. შ-ას მიერ.

კასატორის მითითებით, სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოებები, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, არ დაწყებულა გამოძიება მის რომელიმე ქმედებასთან დაკავშირებით და არ იმყოფება ძებნაში არც საქართველოში და არც სხვა სახელმწიფოში (მაგ: რუსეთის ფედერაციაში).

კასატორის მითითებით, მისი საქმიანობის სფეროდან და წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ნათლად იკვეთება, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან, სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან, ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის შეფასებული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი მიუთითებს აგრეთვე საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას არ ქმნის მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი, აგრეთვე, პალატამ განსაზღვრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შეუზღუდავი უფლებამოსილება კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის, დაზუსტების მიზნით, ბინადრობის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ხელახლა მიმართვაზე. კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის კიდევ ერთ პრაქტიკაზე, სადაც პალატამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას“. კასატორის მითითებით, ასეთ შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, რომ გამოყენებულ ინფორმაციას გაეცნოს და მასზე დაყრდნობით განსაზღვროს საფრთხის რეალური ხასიათი, ამ საფუძვლით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობა.

კასატორის მითითებით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით. სწორედ აღნიშნული საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით განსაზღვრა კანონმდებელმა პირისთვის ბინადრობის ნებართვის მიცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი გამორიცხავს პირის კერძო ინტერესის ისე შეზღუდვას, რომ უფრო მეტი ზიანი მიადგეს კანონით დაცულ უფლებებსა და სიკეთეს, ვიდრე იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც გამოიცა იგი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კერძო ინტერესს წარმოადგენს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მიღება, რადგან იგი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, რაც მისი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია, ამასთან, მოსარჩელე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით საქმიანობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. შ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

დადგენილია, რომ ს. შ-ამ 2023 წლის 2 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 თებერვლის №1000867212 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა ს. შ-ას განცხადება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლისგან მიღებული საიდუმლო მასალების შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას (2023 წლის 8 თებერვლის SSG 5 23 00030415 წერილი), რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ დასტურდება მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.

პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა N3, ს/კ ..., წარმოადგენს ს. შ-ას საკუთრებას (სართული 1, ბინა 16, ფართი: 54.10 კვ.მ.). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა, N 16ა, ს/კ ..., წარმოადგენს ს. შ-ას საკუთრებას (მშენებარე), სართული 7, ბინა 72, ფართი: 46.80 კვ.მ.). საშემფასებლო კომპანია „...-ის“ ექსპერტ შემფასებლის ბ. დ-ის 2023 წლის 2 თებერვლის ექსპერტის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება 2023 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 121 000 აშშ დოლარს (ს/კ ... – 71 000.00 აშშ დოლარი; ს/კ ... – 50 000.00 აშშ დოლარი).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იმთავითვე არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და არა მხოლოდ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობის შედეგად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის პირობებში, ბინადრობის გაცემის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ს. შ-ას საქართველოში მუშაობის და მისი ერთადერთი საცხოვრებლის საქართველოში არსებობის ფაქტები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო აქტის დასაბუთება მოიაზრებს გამოთხოვილ საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებულ გარემოებებსა და მოტივაციას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

ამასთან, საკასაციო პალატის პრაქტიკაზე მითითება იმთავითვე არ ქმნის ს. შ-ასთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველს, რამეთუ სასამართლო ინდივიდუალურად, კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აკეთებს შესაბამის შეფასებას და იღებს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. შ-ას საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 01 დეკემბრის №1701421843 საგადახდო დავალებით ა. გ-ს (პ/ნ: ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. შ-ას (S. SH-A, დაბადებული: ...წ., რუსეთში, პასპორტის №...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. შ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. ს. შ-ას (S. SH-A, დაბადებული: ...წ., რუსეთში, პასპორტის №...) დაუბრუნდეს 2023 წლის 01 დეკემბრის №1701421843 საგადახდო დავალებით ა. გ-ის (პ/ნ: ...) მიერ ს. შ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე