საქმე №ბს-1099(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა; მესამე პირი (სასკ 16.2) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირი (სასკ 16.1) - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 12 ივლისს შპს „ე...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-12 პუნქტის არარად აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განისაზღვრა საქართველოს მთავრობისა და სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციები, კერძოდ, საქართველოს მთავრობის კომპეტენციაა მხოლოდ ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების განსაზღვრა, ხოლო სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის კომპეტენციაა აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება. ასევე, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ (96.4, 97.1 და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაცია წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიურ, დისკრეციულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას და არც სხვა ადმინისტრაციულ დაწესებულებას ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია.
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №583 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში და პირველი მუხლის მე-12 პუნქტით აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის კომპეტენცია მიენიჭა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ვინაიდან საქართველოს მთავრობას კანონით არ აქვს მინიჭებული აკრედიტაციის პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, შესაბამისად, არ გააჩნია მისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დელეგირების/მინიჭების შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №583 დადგენილების - 1.2.,,ბ“ მუხლის თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:12. „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს კანონზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში. ამასთან, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულება, რომელიც შექმნილია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით. აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. ცენტრის დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ამასთან, საქართველოს მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების - შესაძლებლობის (უფლებამოსილების) განსაზღვრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების მეშვეობით - არ ეწინააღმდეგებოდა ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და იყო კანონშესაბამისი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად გვერდი აუარა უფლებამოსილების დელეგირების სტანდარტებზე (დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ) მსჯელობას და ფორმალური მიდგომით, სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის ლოგიკა - რადგან საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, მაშინ პარლამენტის მიერ დელეგირებული ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უფლებამოსილება არა მთავრობას, არამედ სხვა სუბიექტს (თუნდაც მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) მიანიჭა.
იმ პირობებში, როდესაც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტმა ორ განსხვავებულ საკანონმდებლო აქტში (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი) აკრედიტაციის წესების დადგენის უფლებამოსილება მკაფიოდ/არაორაზროვნად გადასცა მხოლოდ სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს აკრედიტაციის ცენტრს, ბუნდოვანია, თუ როგორ და რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ რომ აკრედიტაციის ცენტრის გარდა სხვა რომელიმე ინსტიტუტიც არის აღჭურვილი/ავტორიზებული პარლამენტის მიერ.
კასატორი მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ უმაღლესმა კანონმდებელმა, პარლამენტმა დასახელებულ აქტებში მთავრობას დაუდგინა უფლებამოსილების განხორციელების ჩარჩო, ფარგლები - გამოსცეს ნორმატიული აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც თვით პარლამენტი პირდაპირ დაუდგენს საკანონმდებლო აქტში და მოახდენს ამ უფლებამოსილების დელეგირებას მხოლოდ მასზე და არა სხვა ინსტიტუტზე.
იმ პირობებში, როდესაც ინსტიტუტი/აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილებით უშუალოდ აღჭურვა პარლამენტმა, მთავრობა ან სამინისტრო ამ უფლებამოსილების ვერც განხორციელებაში და ვერც კონტროლში ჩაერევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და მითითება, რომ, რადგან აკრედიტაციის ცენტრი შედის მთავრობის სტრუქტურაში და დაქვემდებარებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონტროლს, სამინისტროს დებულებას კი ამტკიცებს მთავრობა, ამიტომ მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს აკრედიტაციის წესები ნორმატიული აქტით, დაუსაბუთებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასაციის მოტივს, სადავო საკითხს წარმოადგენს - რამდენად იყო საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი განესაზღვრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების დადგენის უფლებამოსილება, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №583 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესში“, რომელსაც დაემატა შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილება ძალადაკარგულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №289 დადგენილებით. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მაინც არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების შემოწმების წინაპირობა, რადგან საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 აგვისტოს №289 დადგენილებით (დანართი 3), იმავე ნორმატიულ საფუძვლებზე დაყრდნობით (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), კვლავ განისაზღვრა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულება, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით.
საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას (სადავო ნორმატიული აქტის მიღებისას - 78-ე მუხლი).
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა (შემდგომ − მთავრობა) არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით, ხოლო მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
სადავო პერიოდში მოქმედი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების იურიდიული ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა (თანამდებობის პირთა) იერარქიის შესაბამისად. მე-13 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
მითითებული ნორმატიული აქტების, სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული, საქართველოს მთავრობის კომპეტენციის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც იქმნება კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს მთავრობა. ამასთან, საქართველოს მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგზაო „მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
ამდენად, მოცემული საკანონმდებლო ჩანაწერით, საქართველოს პარლამენტმა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების, ცენტრების აკრედიტაციისა და საფასურის რეგულირების საკითხის დელეგირება მოახდინა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მართალია, ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად, თუმცა თავად ცენტრის მიერ დამტკიცებული წესები და პროცედურები წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მის ზემდგომ, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ სამართლებრივი აქტებთან. პარლამენტის მხრიდან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - აკრედიტაციის ცენტრზე უფლებამოსილების დელეგირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად მოიაზრებს, რომ ასეთი უფლებამოსილება ექვემდებარება პირველ რიგში მაკონტროლებელი, უფლებამოსილი სამინისტროს და ასევე უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლსა და ცენტრის მხრიდან ანგარიშვალდებულებას. შესაბამისად, აღმასრულებელი სახელისუფლებო პოლიტიკის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, დასაშვებია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება დაექვემდებაროს მაკონტროლებელი სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამოქმედო ჩარჩოს. განსახილველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სადავო ნორმატიული აქტით არ მომხდარა აკრედიტაციის კონკრეტული პირობების დადგენა, არამედ, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, განისაზღვრა მაკონტროლებელი სამინისტროსათვის, კონტროლს დაქვემდებარებული უწყების დებულებაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეხება და გამომდინარეობს აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო დადგენილება გამოცემულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოცემული მუხლების თანახმად, აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციასა და მონიტორინგს ახორციელებს დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, რომლის ოდენობასა და განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა (99.5), აკრედიტაციის ცენტრის დაფინანსების წყაროებია აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა (99.12.ბ). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ეხება ფინანსური ანგარიშვალდებულების საკითხს, მათ შორის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენის ვალდებულების საკითხს, რისი რეგულირებაც, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის დებულებით, არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი არარად აღიარების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. ა-ის 20.10.2023 წ. №1697784791 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განჩინება;
3. ლ. ა-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.10.2023 წ. №1697784791 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა