საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1109(კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ ...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 1 მარტს მოსარჩელე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „...ას“ მიმართ და მოითხოვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილების შესაბამისად, შპს „...ას" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 3 958,98 (სამიათასცხრაას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,...ას“ (ს/ნ...), ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების - 3 958.98 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3, მე-5 მუხლები, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-121, მე-14, მე-15 მუხლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის №26 დადგენილების დანართი N1, N2 და N3 და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...ა“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად 2009 წლის 28 იანვრიდან. კომპანია ფაქტობრივად საქმიანობას ახორციელებს ქ.ბაღდათში, ...ის ქუჩა №4-ში. შპს „...ა“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას (...), რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და შესაბამისად ვალდებულია გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი.
საქმეში წარდგენილი 2017 წლის 07 მაისის №38 ხელშეკრულებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...ა“ ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელია და იგი მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად იხდიდა 30 ლარს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული ასევე დასტურდება „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ მიერ შპს „...ას“ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი 20.02.2019წ. №41 წერილით, რომლის თანახმად, ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ დირექცია მიუთითებს შპს „...ას“ ნაგავშემკრები კონტეინერის (ურნა) შეძენისა და მისი განთავსების ადგილის მათთვის ცნობების შესახებ. მოპასუხის განმარტებით, 20.02.2019წ. №41 წერილის თანახმად, შპს "...ამ" შეიძინა ნაგავშემკრები კონტეინერი და განაგრძობს თანამშრომლობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებით გაიზარდა ადგილობრივი მოსაკრებელი (დასუფთავების მოსაკრებელი) და სამრეწველო ფართზე მოსაკრებელმა 1კვ/მ-ზე შეადგინა - 0,81 ლარი. 2018 წლის 16 მარტს მოპასუხისათვის შეთავაზებულ იქნა ნარჩენების გატანაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმება და უარის გაცხადების შემდგომ განემარტა, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობა არ ათავისუფლებდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა მითითება და ასევე გაფრთხილებები.
სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი მოსაკრებელი (დასუფთავების მოსაკრებელი) გაიზარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებით, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელი ყველა პირისათვის და ის როგორც ნორმატიული აქტი შედავებული არ არის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნა სრულიად შეესაბამება კანონის დანაწესს, ვინაიდან, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან ადგილობრივი ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნია შპს „...ას“ ის პრეტენზია, რომ სამრეწველო მაღაზიის ფართის მოცულობა გაცილებით მეტს შეადგენს, ვიდრე ეს ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა. 2018 წლის 11 ივნისის აქტით ირკვევა, რომ ბაღდათის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტმა და „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ ინკასატორებმა შპს „...ას“ კუთვნილი სამრეწველო მაღაზიის ფართის აზომვა ვერ განახორციელეს და შენობის ფართი განსაზღვრეს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით. პალატამ მიუთითა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №26 დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 12 მარტს და იგი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მხარე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ითხოვს გაზრდილი მოსაკრებლის გადახდას, კერძოდ, 2018 წლის მარტის თვიდან - 2019 წლის თებერვლამდე, სულ 11 თვეს. ყურადღება გამახვილდა საქმეში წარდგენილ 2019 წლის 26 თებერვლის ცნობაზე და დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ სადავო პერიოში შპს „...ას“ ყოველთვიურად აქვს გადახდილი 30 ლარი, ანუ ჯამში 300 ლარი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია და მოთხოვნილი თანხა გაანგარიშებულია აღნიშნულის გამოკლებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ას“ მიერ.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შპს „...ა“ კეთილსინდისიერად იხდიდა ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ დასუფთავების მოსაკრებელს, რაც მისივე განმარტებით დასტურდება „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების" 2019 წლის N... ცნობით. საკასაციო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების" მიერ შედგენილი ახალი ხელშეკრულების შესაბამისად მოსაკრებლის დაანგარიშების თაობაზე, ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და შპს „...ა“ გათავისუფლდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაკისრებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადაყრის ღირებულების - 3958.98 ლარის გადახდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს შპს ,,...ასათვის“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების - 3 958.98 ლარის დაკისრების კანონიერება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს ,,...ა“ (ს/ნ...) რეგისტრირებულია 2009 წლის 28 იანვარს. დადგენილია, რომ ,,ბაღდათის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის №26 დადგენილებით ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელია მის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი მოსაკრებლის დაფარვა. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს წარმოეშობათ მომსახურების მიღებისთანავე. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ორგანიზაციების მეშვეობით სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
დადგენილია, რომ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების მქონე პირის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ ამ დრომდე არ მომხდარა დავალიანების დაფარვა.
„ბაღდათის კეთილმოწყობისა, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ 2019 წლის 26 თებერვლის ცნობის თანახმად, №... აბონენტს - შპს „...ას“ მოსაკრებელი 2018 წელში ყოველთვიურად გადახდილი აქვს 30 ლარი. სულ გადახდილია 300 ლარი. დადგენილია, რომ შპს „...ას“ წარედგინა 2020 წლის 16 მარტის ხელშეკრულება, აბონენტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და გატანის შესახებ. დადგენილია, რომ შპს „...ას“ წარმომადგენელმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.
დავის საგნისა და საკასაციო საჩივარში მითითებული იმ მთავარი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ შპს „...ა“ კეთილსინდისიერად იხდიდა ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულ დასუფთავების მოსაკრებელს, ხოლო ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების" მიერ, 2018 წელს შედგენილი ხელშეკრულება მის მიერ არ არის ხელმოწერილი და შესაბამისად, შპს „...ა“ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული თანხის - 3958.98 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაფასოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდევინების დაკისრების კანონშესაბამისობა.
უპირველესად პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) რომელიც განსაზღვრავს მოსაკრებლების სისტემის ზოგად პრინციპებს. მისი ამოცანაა ჩამოაყალიბოს საერთო პოლიტიკა იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც გადაიხდევინება სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სასამართლო დაწესებულებების მიერ მომსახურების გაწევისა და კანონით განსაზღვრული უფლებების მინიჭებისათვის. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ანიჭებენ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლებას, აგრეთვე რომელთაც სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწევენ გარკვეულ მომსახურებას.
მითითებული კანონის მე-5 მუხლით კანონმდებლის მიერ განისაზღვრა მოსაკრებლის სახეები, რომელიც არის საერთო - სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ადგილობრივი მოსაკრებლის ერთ - ერთ სახეა - დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველ მუხლზე რომლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვადასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს. მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით. კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. რაც შეეხება კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, განმარტებულია, რომ ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის №26 დადგენილებაზე, რომლითაც ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული იქნა ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
დადგენილების დანართი №1 განსაზღვრავს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას, რომლის 1.2. მუხლის მიხედვით, ეს წესი აწესრიგებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება - მოვალეობებს, ხოლო ინსტრუქციის 1.3. მუხლის თანახმად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის ა(ა)იპ – ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს, რომელიც ირიცხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ინსტრუქციის მე-2 მუხლში მითითებულია, რომ მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს, ხოლო მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
მითითებული დადგენილების დანართი №2 განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა - დასუფთავების, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესს, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს. რაც შეეხება დადგენილების N3-ით მოწესრიგებულ რეგულაციას, განსაზღვრულია ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახელებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები. დანართის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის გაიანგარიშება ფორმულით. ამავე დანართის ცხრილის მე-10 ნომრად მითითებული სამრეწველო საქონლის მაღაზიების, აფთიაქების, ბირჟების, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიების ზოომაღაზიების (სავაჭრო დარბაზი) და ვეტერინარული ცენტრებისათვის მოსაკრებელი განისაზღვრა 1კვ/მ-ზე - 0,81 ლარით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია კონსტიტუციის 67-ე მუხლით განსაზღვრული მოსაკრებლის არსი. „მოსაკრებელი კონკრეტული სიკეთისათვის დადგენილი გადასახდელია და მისი აკრეფა ხდება სპეციფიკური მიზნებით, მოსაკრებელი არის ის კონტრიბუცია, რომელსაც გადამხდელი იხდის კონკრეტული საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის. მოსაკრებლის შემთხვევაში ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული ხარჯები ნაწილდება იმ პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან პოტენციურად სარგებლობენ ამ სიკეთით... კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის სტრუქტურა გულისხმობს ამ გადასახდელის ბუნების განმსაზღვრელ მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებიც აყალიბებს მოსაკრებლის ძირითად სახეს. კერძოდ, მოსაკრებლის სტრუქტურის განმსაზღვრელია რა ქმედებაზე გადაიხდება მოსაკრებელი, ვინ არის მისი გადამხდელი სუბიექტი, მოსაკრებლის ოდენობის განმსაზღვრელი პრინციპი და ა.შ. ამდენად, გადასახდელის სტრუქტურაში მოიაზრება დაბეგვრის ობიექტი, გადამხდელი სუბიექტი, ოდენობის განსაზღვრის და სხვა ისეთი პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ ამა თუ იმ გადასახდელის ბუნებას და არსებით თავისებურებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება№2/3/1279,5 ივლისი 2019 წ. (საქმე - ლევან ალაფიშვილი კს „ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება სავალდებულოდ აცხადებს მოსაკრებლის გადახდას მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით, რადგანაც მოსაკრებლის შემოღების გზით პირისათვის ფინანსური ვალდებულების დაწესება განეკუთვნება საკუთრების უფლების შეზღუდვის სპეციფიკურ ფორმას. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი მოითხოვს, რომ მისი გადახდევინება განხორციელდეს კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ა“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად 2009 წლის 28 იანვრიდან. მისი საიდენტიფიკაციო კოდია - ..., კომპანია ფაქტობრივად საქმიანობას ახორციელებს ქ. ბაღდათში, ...ის ქუჩა №4-ში. შპს „...ა“ მიეკუთვნება იმ ორგანიზაციას (...), რომელიც თავისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და შესაბამისად ვალდებულია გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი.
,,ბაღდათის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის №26 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელია მის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს შესაბამისი მოსაკრებლის დაფარვა. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს წარმოეშობათ მომსახურების მიღებისთანავე. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, მოსაკრებლის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ორგანიზაციების მეშვეობით სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
საქმეში წარმოდგენილი დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის 2017 წლის 07 მაისის №38 ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს „...ა“ ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელია და იგი მოსაკრებლის სახით ყოველთვიურად იხდიდა 30 ლარს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა სადავოდ არ გამხდარა. აღნიშნული დასტურდება „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ მიერ შპს „...ას“ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი 20.02.2019წ. №41 წერილით, რომლის თანახმად, ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ დირექცია მიუთითებს შპს „...ას“ ნაგავშემკრები კონტეინერის (ურნა) შეძენისა და მისი განთავსების ადგილის მათთვის ინფორმირების შესახებ. დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებით გაიზარდა ადგილობრივი მოსაკრებელი (დასუფთავების მოსაკრებელი), რომლის მიხედვითაც სამრეწველო ფართზე მოსაკრებელმა 1კვ/მ-ზე შეადგინა - 0,81 ლარი. 2018 წლის 16 მარტს ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ მიერ მოპასუხისათვის შეთავაზებულ იქნა ნარჩენების გატანაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რაზედაც მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა, რომელსაც იმავდროულად განემარტა, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობა არ ათავისუფლებდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაიცა მითითება და ასევე გაფრთხილება სადაც განიმარტა, რომ ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ მხრიდან ნარჩენების გატანაზე შემოთავაზებული ხელშეკრულების გაუფორმებლობა არ ათავისუფლებდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის 2020 წლის 16 მარტის ხელშეკრულებას, უთითებს, რომ კანონის დარღვევით არის შედგენილი და რომ მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი თანხების გამოძალვას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადგილობრივი მოსაკრებელი (დასუფთავების მოსაკრებელი) გაიზარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის №26 დადგენილებით, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა ბაღდათში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადამხდელი ყველა პირისათვის და როგორც ნორმატიული აქტი შედავებული არ არის. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაზრდილი მოსაკრებლის გადახდის მოთხოვნა სრულიად შეესაბამება კანონის დანაწესს, ვინაიდან „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან ადგილობრივი ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან შპს ,,...ა“ (ს/ნ ...) სრულად იღებს მომსახურებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა - დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის 26 დადგენილების შესაბამისად, ვალდებულია გადაიხადოს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, რაც დადგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის 26 დადგენილების დანართის N3 შესაბამისად. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №26 დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2018 წლის 12 მარტს და იგი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ითხოვს გაზრდილი მოსაკრებლის გადახდას, კერძოდ, 2018 წლის მარტის თვიდან - 2019 წლის თებერვლამდე, სულ 11 თვეს. ამასთან საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 26 თებერვლის ცნობით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო პერიოდში შპს „...ას“ ყოველთვიურად აქვს გადახდილი 30 ლარი, ანუ ჯამში 300 ლარი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია და მოთხოვნილი თანხა გაანგარიშებულია აღნიშნულის გამოკლებით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს „...ას“ (ს/ნ...) უნდა დაუბრუნდეს ა.ფ-ის (პ/ნ...) მიერ, შპს „...ას“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 4 ნოემბერს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს ა.ფ-ის (პ/ნ...) მიერ, შპს „...ას“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს ...ში 2022 წლის 4 ნოემბერს N... საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე