Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-587(კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ა“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „...ის“ მიმართ და მოითხოვა გაწეული მომსახურების საფასურის - 2 545,27 ლარის, 2022 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს - 798,90 ლარის და 2022 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 2 545,27 ლარის 0,2 %-ის გადასახდელად დაკისრება.

სარჩელის თანახმად, სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო" ახორციელებს ზედამხედველობას ბიზნესოპერატორებზე (სასაკლაოებზე) ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ შემოწმებებზე) მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოსა" და შპს ,,...ას" შორის 2021 წლის 4 მარტს გაფორმდა მომსახურების გაწევის შესახებ №8 ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ აიღო ვალდებულება, კომპანიისათვის გაეწია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ზედამხედველობა, ხოლო მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება, მომსახურების გაწევისათვის გადაეხადა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული საფასური. ვადის დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების 0,2 პროცენტის ოდენობით. 2022 წლის აპრილ - მაისის მიღება - ჩაბარების აქტების შესაბამისად, მომსახურების საფასურმა შეადგინა 2 5475,27 ლარი.

გორის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,...ას" სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, 2021 წლის 4 მარტის №8 მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის სახით დაეკისრა 2 545 (ორიათას ხუთასორმოცდახუთი) ლარი და 27 თეთრი; შპს ,,...ას" სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2021 წლის 4 მარტის №8 მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით, 2022 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით დაეკისრა 300 (სამასი) ლარი; შპს ,,...ას" სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 2021 წლის 4 მარტის №8 მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით, 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა 2 545 (ორიათას ხუთასორმცდახუთი) ლარისა და 27 თეთრის 0,1 %-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხისათვის, 2022 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით 798.90 ლარიდან 498.90 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხისათვის 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2545.27 ლარის 0,2%-დან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 %-ის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განხილვის საგანია პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, ასევე კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. მიუთითა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17) და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ გაიზიარა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას. მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. აპელირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე, 420-ე მუხლებზე, მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეთა შორის და მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ძირითადი ვალდებულების თანხა არ იქნა გადახდილი სრულად 2022 წლის 15 სექტემბრის შემდგომ, რაც წარმომადგენლის განმარტებით დიდ დროს წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულით გამოწვეული ზიანისათვის. განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში ძირითადი ვალდებულებისა და გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა წარმოადგენს სამოქალქაო ბრუნვის სამართლიანობის დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოსა" და შპს ,,...ას" შორის 2021 წლის 4 მარტს გაფორმდა №8 ხელშეკრულება, 2022 წლის 4 მაისამდე ვეტერინარული ზედამხედველობას განხორციელების თაობაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა გაწეულ მომსახურებაზე შედარების აქტის შედგენისა და ამ აქტის საფუძველზე ანგარიშსწორების თარიღები, ვადის დარღვევის შემთხვევაში - ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურის 0,2 %ის ოდენობით. დადგენილია, რომ სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება - ჩაბარების 2022 წლის 15 აპრილის აქტით გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 14 ლარი. სასაკლაოზე გაწეული მომსახურების მიღება - ჩაბარების 2022 წლის 2 მაისის აქტის (დანართი 4) მიხედვით, გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2517 ლარი, ხოლო მიღება - ჩაბარების 2022 წლის 2 მაისის აქტით (დანართი 4-ა) გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 20 ლარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განსახილველ შემთხვევაში 2022 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოთხოვნილი 798,9 ლარის ნაცვლად მხარეს დაეკისრა 300 ლარი, ხოლო 2022 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოთხოვნილი 2547,27 ლარის 0,2 პროცენტის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა 0,1 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მოპასუხეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაზეც წარმოდგენილია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართებულობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის Nბს-824(კ-21) განჩინებაზე, სადაც განიმარტა შემდეგი: „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ, მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს, რის გამოც განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანი და გონივრულია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 19 მაისის N12532 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინება.

3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 205142200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 19 მაისის N12532 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე