საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1460(კ-22) 27 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 1 აპრილს მოსარჩელე შპს „...ს“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N1008/533 გადაწყვეტილება, პაციენტ ზ. წ-ისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის N10/1544 გადაწყვეტილება, პაციენტ ზ. წ-ისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
გორის რაიონულ სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 იანვრის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, მიმდინარე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შპს ,,...ს” სარჩელი სსიპ ,,ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს“ მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახლის გამოცემის დავალდებულების შესახებ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N10-08/533 გადაწყვეტილება პაციენტ ზ. წ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის N10/1544 გადაწყვეტილება პაციენტ ზ. წ-ის მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) დანართი № 1.2, დანართი N1-ის 21-ე, 22-ე მუხლები, დადგენილების მე-15 მუხლი და მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ პაციენტი სტაციონარში მოთავსდა 2020 წლის 19 აგვისტოს, დაისვა დიაგნოზი: ..., რის გამოც იმ დღესვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ...ის დროს მკურნალობა არ ითვალისწინებს სისხლის გადასხმას და ... განყოფილებაში მოთავსებას. დასმული დიაგნოზისა და თანმხლები გართულებების გამო დაეწყო ... თერაპია, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, გაკეთდა ...ი. აღენიშნებოდა ...ა, შესაბამისად, გადაესხა თანამოსახელე ჯგუფის ერითრომასა. გაუმჯობესების შემდეგ, 2020 წლის 24 აგვისტოს გადაყვანილი იქნა ქირურგიულ განყოფილებაში სადაც გაგრძელდა ...ი მკურნალობა. კონსულტაცია გაეწია ...ის მიერ და პაციენტი გაეწერა 2020 წლის 27 აგვისტოს. შესაბამისად, 19/08/2020 - 24/08/2020 პერიოდი მითითებულია, როგორც სხვა ...ი თერაპიის მონიტორინგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც ვერ მოხერხდებოდა თერაპიულ განყოფილებაში. ამდენად, მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა ანაზღაურდეს როგორც რეანიმაციურ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯები, ასევე, თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯები. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის მოსაზრებას, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებმა არ უნდა იმოქმედონ ბოროტად, სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით; აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახდენს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის მონიტორინგს. გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად არ იქნა შეფასებული ზ. წ-ისთვის გაწეული მკურნალობის საფასურის ანაზღაურების წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალების საფუძველზე ფაქტობრივ გარემოებებს. მიუთითებს, რომ პაციენტი ზ. წ-ე 2020 წლის აგვისტოს თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს „...ში”. მომწოდებლის მიერ შემთხვევები წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდები: ძირითადი კოდი ... ...ი, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით მწვავე, სისხლდენით. ... დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა-/ მწვავე ...ა. ... ... მწვავე ...ა. კასატორის განმარტებით, ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეული იქნა, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის და ... კოდები და შემთხვევა N... უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/ შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%).
კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პაციენტის მიმართ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას. წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის; სამედიცინო დაწესებულებებმა არ უნდა იმოქმედონ არაკეთილსინდისიერად სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით. კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს ევალება სამართლებრივი წესრიგის განსაზღვრა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება. კასატორისათვის არსებითი მნიშვნელობისაა უზენაესმა სასამართლომ დანიშნოს საქმის მოსმენა და მხარეთა პოზიციის ზეპირი მოსმენის პირობებში განიხილოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დავის საგნისა და საკასაციო საჩივარში მითითებული იმ მთავარი არგუმენტის გათვალისწინებით, რომ პაციენტის მიმართ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეაფასოს, რა წინაპირობები არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 28 დეკემბრის N1008/533 გადაწყვეტილებისა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის N10/1544 გადაწყვეტილების (პაციენტ ზ. წ-ისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში) მიღების დროს.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: პაციენტი ზ. წ-ე შპს „...ში“ სამკურნალოდ 2020 წლის 19 აგვისტოდან 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა. ზ. წ-ეს დაუდგინდა დიაგნოზი - ...ი, დაუზუსტებელი, ლოკალიზაციით მწვავე სისხლდენით. მწვავე ...ა, .../... მწვავე ...ა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. წ-ეს დასმული დიაგნოზისა და თანმხლები გართულებების გამო დაეწყო ...ი თერაპია, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, გაკეთდა ...ი. აღენიშნებოდა ...ა, შესაბამისად, გადაესხა თანამოსახელე ჯგუფის ერითრომასა. გაუმჯობესების შემდეგ, 2020 წლის 24 აგვისტოს გადაყვანილი იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც გაგრძელდა ... მკურნალობა. კონსულტაცია გაეწია ...ის მიერ და პაციენტი გაეწერა 2020 წლის 27 აგვისტოს. შესაბამისად, 19/08/2020 - 24/08/2020 პერიოდი მითითებულია, როგორც სხვა ... თერაპიის მონიტორინგი.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“) პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მოცემული დადგენილების დანართი №1-ის 2.1 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის 2020 წლის 28 დეკემბრის N10-08/533 გადაწყვეტილებით, პაციენტ ზ. წ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა, საქართველოს მთავრობის N36 დადგენილების 15-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან კლინიკა არ დათანხმდა შემთხვევის ნაწილობრივ კორექტირებას, გამოყენებული იქნა პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი, რაც ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 10% ოდენობით. დადგენილია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა შემთხვევების კორექტირების გადაწყვეტილება მხოლოდ I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კორექტირების ნაწილში.
დადგენილების დანართი №1-ის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
დადგენილების მე-9 მუხლი ითვალისწინებს პროგრამის ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით (1); პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში (2); პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება (4); შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი); თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში − რევიზია) (5); ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს – რეგულირების სააგენტო (6).
ამავე დადგენილების დანართი №1-ის მე-14 მუხლს თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ამავე დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის თანახმად, რეგულირების სააგენტოს მიერ რევიზია ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში (1); რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა (9).
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის არარსებობის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს არ შეუძლია გასაჩივრებულ აქტში მითითებული საფუძვლის სადავო შემთხვევების კორექტირება. ამდენად, მოცემულ ვითარებაში, როდესაც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის 2020 წლის 28 დეკემბრის N10-08/533 გადაწყვეტილებით, პაციენტ ზ. წ-ის მიმართ მოხდა მთლიანი შემთხვევის დაკორექტირება სააგენტო გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან მას არ გააჩნია უფლებამოსილება, დაადგინოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში სწორად დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან/მკურნალობის ეპიზოდიდან თითოეული, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების შესაბამისად, დამოუკიდებლად ექვემდებარება ანაზღაურებას, თუმცა აღნიშნული განმარტებულ უნდა იქნეს ამავე დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლიობაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალკეული პაციენტების ანამნეზის, სამედიცინო ჩვენებებისა და ავადმყოფობის მიმდინარეობის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ პაციენტისთვის ჩატარებულია სხვადასხვა პროგრამული კოდით გათვალისწინებული მომსახურება. ამასთან, საქმეში არ არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნა. შესაბამისად, გამოყენებული ვერ იქნება დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა პაციენტ ზ. წ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „...სთვის“ ანაზღაურების შესახებ.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორის მოთხოვნაზე - საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენით, რაზედაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ფაქტი ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საკასაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე სამართლებრივად სრულყოფილად შეფასების საფუძველს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ს“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 27 იანვარს N01771 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს შპს „...ს“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 27 იანვარს N01771 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე