Facebook Twitter

№ბს-730(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...მა“ 2015 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სს „ ე...ის“ მიმართ.

სარჩელის თანახმად, შპს „...ი“ ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი კვალიფიციური საწარმო და გარანტირებული სიმძლავრის შემსყიდველია. საწარმო 2015 წლის დეკემბრამდე მხარეებთან შეთანხმებული ტარიფის მიხედვით ახორციელებდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურის გადახდას, თუმცა იმავე წლის 12 დეკემბერს კომპანიამ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორისგან მიიღო გარანტირებული სიმძლავრის რამდენიმეჯერ გაზრდილი საფასური. მისი გაზრდის საფუძველი კი, როგორც აღმოჩნდა, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილება გახდა, რამაც, მოსარჩელის მითითებით, გადასახდელი თანხის ოდენობა ისე გაიზარდა, რომ შესაძლო იყო საწარმოო პროცესის შეჩერება და კომპანია გაკოტრებამდეც კი მიეყვანა. აღნიშნული კი საწარმოს უშაულო ზიანი მიაყენებდა.

სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 და 2016 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებების, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის 2015 წლის 9 დეკემბრის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ ამავე სარჩელით, საქმის არსებითი განხილვის დამთავრებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის 2015 წლის 9 დეკემბრის №001/249 2015 ნოემბრის თვის გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2016 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა შპს „...ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს - სს „ე...ს“ დავალებოდა, არ შეეწყვიტა ან არ შეეზღუდა შპს „...ისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს - სს „ ს...ას“, სს „ე...ის“ მიმართვის შემთხვევაში, აკრძალვოდა შპს „...ისთვის“ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ამასთანავე, მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გარანტია არ იქნებოდა წარმოდგენილი, გაუქმდებოდა 2016 წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით, სს „ე...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

2016 წლის 29 მარტს სს „ე...ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „...ს“ დავალებოდა სს „ე...ის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 047 936 ლარის შეტანის გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და იგი განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა საჩივრის დასაშვებობის საკითხის შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს „...ის“ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

შპს „...მა“ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სს „ე...ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია, რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ გ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და შპს „გ...ს“, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის, დაადგინა გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განსაზღვრა 6.659 თეთრი/კვტსთ-ით. ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული საფასური და ტარიფები ძალაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2015 წლის 9 დეკემბერს შპს „...სა“ და სს „ე...ს“ შორის, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ 2014 წლის 1 სექტემბრის სტანდარტული პირობების შესაბამისად, გაფორმდა გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის აქტი.

შპს „გ...ს“ განცხადების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 21 დეკემბრის №30 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და შპს „გ...ს“, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის დადგინდა გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 343 884 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განისაზღვრა 9.056 თეთრი/კვტსთ-ით . ამასთან, იმავე დადგენილებით განიმარტა, რომ აღნიშნული საფასური და ტარიფები ძალაში იყო 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიუთითა კონსტიტუციის პრეამბულაზე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, 231, 431 მუხლებზე, „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (დანართი №3) შესაბამის ნორმებზე და განმარტა, რომ სადავო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილება მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, ხოლო, მოსარჩელის მიერ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლიანად გააქარწყლებდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი, შპს „...ის“ დაკვეთით მომზადებული, შპს „გრ...ის“ დასკვნით, მისი არასრულყოფილების გამო, ვერ გაქარწყლდებოდა ის გარემოებები, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით იყო დადგენილი, რამდენადაც შპს „გრ...ის“ წარმოდგენილი კვლევის დასკვნით ნაწილში მხოლოდ ალბათობის ფორმით იყო მოცემული შესაძლო სხვაგვარი შედეგი, რაც, როგორც აღინიშნა, საქმის მასალების არასრულყოფილად წარდგენით იყო განპირობებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტების მიღების შედეგად შპს „...ს“ მიადგა უშუალო ზიანი, ვინაიდან გადასახდელი თანხის ოდენობა გაიზარდა იმდენად, რომ კომპანია ფაქტობრივად ვეღარ იხდის აღნიშნულ თანხას, რაც ქმნის გონივრულ რისკს, რომ კომპანია შეწყვეტს ფუნქციონირებას.

კასატორის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, არ გამოიკვლია ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ტარიფის განსაზღვრაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ტარიფი გამოითვალა იმ ხარჯების გათვალისწინებითაც, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენდა რაიმე მიზნობრივ ხარჯს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი არ შეისწავლა სრულყოფილად და აქტი გამოსცა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთანავე, კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი „გრ...ის“ აუდიტორული დასკვნა, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიეწოდა საკმარისი ინფორმაცია, რათა სრულყოფილად შეესწავლა საკითხი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76;Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის №5646 კანონით) აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსი და ფუნქციები, მათ შორის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, გატარების, იმპორტისა და მოხმარების, ბაზრის ოპერატორის მომსახურების, აგრეთვე გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენა და რეგულირება, ხოლო იმავე კანონის 431 მუხლის მიხედვით, გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის (წარმოების ლიცენზიანტისათვის) კომისია ადგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს ამ კანონისა და ტარიფების მეთოდოლოგიის შესაბამისად. გარანტირებული სიმძლავრის საფასური კი დგინდება ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, საფასური უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ანაზღაურებას, რომლებიც მოიცავს სადგურის მზადყოფნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ დანახარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯებს, შრომის ანაზღაურებას, საბრუნავი კაპიტალის სახით და ინვესტიციისთვის აღებული სესხის პროცენტის გადასახადს, რეგულირებისა და ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურს და სხვა ფიქსირებულ დანახარჯებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან, აგრეთვე მოიცავს კაპიტალდაბანდებებზე ამონაგებისა და ამორტიზაციის (ცვეთის) კეთილგონივრულ და სამართლიან დონეს (განაკვეთს).

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სატარიფო რეგულირების სწორად უზრუნველსაყოფად ნორმატიული აქტით დამტკიცებულია მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც უნდა გაანგარიშდეს გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ზემოთ აღნიშნული პრინციპების რეალიზაციისათვის. კერძოდ, „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის (დანართი №3) პირველი მუხლის შესაბამისად, მეთოდოლოგიის მიზანია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გარანტირებული სიმძლავრის საფასურის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების წესისა და პრინციპების განსაზღვრა. ამ მეთოდოლოგიით ტარიფების გაანგარიშება ხდება „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს სტაბილურ ფუნქციონირებას, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებას და სამართლიანი მოგების მიღებას. დასახელებული მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან, ხელს უწყობს საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას, უზრუნველყოფს საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას, ამასთან, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის სტრუქტურის განსაზღვრისას გამოიყენება „სამშენებლო ბლოკების“ მიდგომის მეთოდი. ამავე მეთოდოლოგიის მე-4 მუხლის თანახმად, კომისიის მიერ გარანტირებული სიმძლავრის ტარიფები დგინდება ყოველწლიურად, კონკრეტული საწარმოსთვის ინდივიდუალურად და მოქმედებს ერთი წლის ვადით, გარდა ამ მეთოდოლოგიის მე–18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „...სა“ და მოპასუხე სს „ე...ს“ შორის 2015 წლის 9 დეკემბერს, გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის შესახებ 2014 წლის 1 სექტემბრის სტანდარტული პირობების შესაბამისად, გაფორმდა გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის აქტი, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაში იყო სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ საფასურთან და ტარიფთან. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის გაყიდვის აქტი შეესაბამება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ აქტებს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას, შპს „გ...ს“ განცხადებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გარანტირებული სიმძლავრის ტარიფის დასადგენად გამოიკვლია შპს „გ...ს“ რეგულირებადი აქტივების ბაზა (ისტორიული ღირებულება) და კაპიტალური დანახარჯები (ცვეთა/ამორტიზაცია და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე, ალოკაცია), საოპერაციო დანახარჯები და განსაზღვრა შპს „გ...ს“ კაპიტალური დანახარჯები, მათ შორის, წლიური ცვეთა/ამორტიზაცია, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC), საოპერაციო დანახარჯების ბაზა და საინვესტიციო ხარჯები. ამასთან, არ გაითვალისწინა განაცხადში მითითებული სხვადასხვა დანახარჯების ოდენობა და იგი განსხვავებული ოდენობით მიიღო მხედველობაში (მაგ. ელექტროენერგიის შესყიდვის წლიური დანახარჯის ოდენობა, ნაცვლად 600 000 ლარისა, განსაზღვრა 200 000 ლარით) და აღნიშნული კვლევა ასახა განმარტებით ბარათში, ხოლო ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული გარემოებების საფუძველზე, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიიღო №30 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და შპს „გ...სთვის“, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის, დაადგინა გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 366 173 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) განსაზღვრა 6.659 თეთრი/კვტსთ-ით. ამასთან, იმავე დადგენილებით დაადგინა, რომ აღნიშნული საფასური და ტარიფები ძალაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის №30 დადგენილება მიღებულია ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ შპს „გ...ს“ განაცხადებისა და მასზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე ჩატრებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 21 დეკემბერს მიიღო №30 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შეიტანა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში და შპს „გ...ს“, როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის დაადგინა გარანტირებული სიმძლავრის საფასური - 343 884 ლარი/დღე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი (ზედა ზღვარი) 9.056 თეთრი/კვტსთ-ით განსაზღვრა. ამასთან, იმავე დადგენილებით დაადგინა, რომ აღნიშნული საფასური და ტარიფები ძალაში იყო 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილება სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ხოლო, მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლიანად გააქარწყლებდა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „...მა“ 2017 წლის 20 მარტს საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება დადო შპს „გრ...სთან“ და ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სადავო დადგენილებებით განსაზღვრული გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ტარიფის თაობაზე დასკვნის მომზადება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გრ...მა“ მოამზადა დასკვნა, სადაც აღნიშნა, რომ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, საკონსულტაციო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას სრულყოფილი ანალიზი გაეკეთებინა სადავო დადგენილებებით განსაზღვრულ საფასურსა და ტარიფებზე, მათი შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით კი, მითითებული დასკვნით, მისი არასრულყოფილების გამო, ვერ გაქარწყლდება ის გარემოებები, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არის დადგენილი, რამდენადაც შპს „გრ...ის“ წარმოდგენილი კვლევის დასკვნით ნაწილში მხოლოდ ალბათობის ფორმით არის მოცემული შესაძლო სხვაგვარი შედეგი, რაც, როგორც აღინიშნა, საქმის მასალების არასრულყოფილად წარდგენით არის განპირობებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოცემულ საქმეზე ცალსახად დადასტურებული გარემოებების არსებობის პირობებში არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, შპს „...ს“ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. შპს „...ის“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა, შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა