№ბს-1036(კ-23) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... და 2020 წლის 31 იანვრის №... ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; ბ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდება 80.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აპრილის განჩინებით ჯ. ჩ-ის სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ჯ. ჩ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... და 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებები თანმხლები შედეგებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სადავო გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... და 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებები თანმხლები შედეგებით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ასევე წარადგინა კერძო საჩივარი უსწორობის გასწორების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით კასატორების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჩ-მა.
კასატორის განმარტებით, მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაეცა 80 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მისი ბებია-ბაბუისა და მამის დანაშთი ქონება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბათუმის არქივის მიერ გაცემული 2010 წლის 11 ოქტომბრის №AA2010017876-03 საარქივო ცნობის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - საარქივო სამმართველოში დაცული აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებით დასტურდება ქ. ბათუმში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჩ-ის და ფ. ჩ-ის მიწისმფლობელობა. ამავე საარქივო ცნობაზე თანდართულ მიწათმფლობელობის ამონაწერში ჯ. ჩ-ი და ფ. ჩ-ი ფიქსირდებიან ბათუმში, სოფელ ...ში, ...ის ტერიტორიაში შემავალი მიწის ნაკვეთების მიწათმოსარგებლეთა სიაში (ტ.1, ს.ფ 21-27); ბ) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის განცხადება: დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ჯ. ჩ-მა ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიიღო მისი მამის - 1995 წლის 5 მარტს გარდაცვლილი დ. ჩ-ის სამკვიდრო ქონება, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო ბაბუის - 1944 წელს გარდაცვლილი ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა (ტ.1, ს.ფ 28-36); გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის მოთხოვნა, ბაბუის - 1944 წელს გარდაცვლილი ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების (მასში შემავალი აქტივებით და პასივებით) ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში მიღების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე; ჯ. ჩ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, ჯ. ჩ-ის მიერ გარდაცვლილი მამის - დ. ჩ-ის სამკვიდროსა და მასში შემავალი დ. ჩ-ის მამის - ჯ. ჩ-ის (გარდაცვალების თარიღი - 1944 წელი) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯ. ჩ-მა მიიღო მამის - დ. ჩ-ის დანაშთი ქონება, კერძოდ: საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. თავის მხრივ, დ. ჩ-მა აღნიშნული ქონება მიიღო მამის - ჯ. ჩ-ის გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით. საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ჯ. ჩ-ის საკუთრებას და შესაბამისად, იგი შედის სამკვიდრო მასაში. აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (ტ.1, ს.ფ 37-47); დ) 2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, ჯ. ჩ-მა, როგორც დ. ჩ-ის კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, ფაქტობრივი დაუფლებით სრულად მიიღო სამკვიდრო საკუთრებაში, მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. ჯ. ჩ-ის სამკვიდროდ ასევე ჩაითვალა დ. ჩ-ის მამის - ჯ. ჩ-ის დანაშთი ქონების ½ წილი, რომელიც დ. ჩ-მა სიცოცხლეში ვერ მიიღო. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, აღნიშნული გარემოება უდავოდ დადასტურებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ 71-73); ე) საქმეში არსებული, 2017 წლის 3 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ბათუმში, ...ის №220-ში მდებარე 830523.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ჯ. ჩ-ის მიერ 2019 წლის 22 ნოემბრის სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ 830 523 კვ.მ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) (ტ.1, ს.ფ 166-167, 125); ვ) ჯ. ჩ-მა 2019 წლის 22 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის №298-ში მდებარე 80.000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განმცხადებელმა სააგენტოს წარუდგინა 2017 წლის 30 მაისს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს 2006 წლის 2 მაისის საარქივო ამონაწერის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, 2019 წლის 10 ოქტომბრის ნოტარიულად დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის ასლი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის №2/ბ-352-19 გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე (ტ.1, ს.ფ 112-113, 132-133, 135-138, 141-152, ტ.2 53-59); ზ) სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2019 წლის 2 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს განემარტა, რომ №... წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია: არის თუ არა იჯარით გაცემული ან პრივატიზებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ჯ. ჩ-ის ან დ. ჩ-ის სახელზე. ასევე მოთხოვნილ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტების მიწოდება (ტ.1, ს.ფ 117, ტ.2. ს.ფ. 100-103); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით ჯ. ჩ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ...ის №298-ში მდებარე 80 000 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვერც სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იქნა მოძიებული. ამასთანავე, სარეგისტრაციო უძრავი ნივთი არ აკმაყოფილებდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილ პირობებს. დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის უარი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის შუამდგომლობით მიმართვაზე, მას არ უზღუდავდა უფლებას, საკუთარი ინიციატივით მიემართა კომისიისათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით (გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულ იქნა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მეორე პუნქტი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) (ტ.1, ს.ფ 110-111); ი) 2020 წლის 19 თებერვალს ჯ. ჩ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჩივრის ავტორმა მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ტ.2, ს.ფ 43-50); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 20 მარტის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის 2020 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილება. სააგენტომ მიუთითა, რომ ჯ. ჩ-ის მიერ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების მიზნით წარდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის №2/ბ-352-19 გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლოს არ დაუდგენია ჯ. ჩ-ის მიერ ქალაქ ბათუმში, ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიღების ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილების 4.14 პუნქტის შესაბამისად, ჯ. ჩ-მა მიიღო მამის - დ. ჩ-ის დანაშთი ქონება. თავის მხრივ, დ. ჩ-მა აღნიშნული ქონება მიიღო მამის - ჯ. ჩ-ის გარდაცვალებიდან ფაქტობრივი ფლობის გზით. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე არსებული 15,4 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჯ. ჩ-ის საკუთრებას და აღნიშნული უძრავი ქონება შედიოდა სამკვიდრო მასაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააგენტომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში წარდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის №6/5219 წერილის მიხედვით, ჯ. ჩ-ის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში არ მოიპოვება. სააგენტომ მიუთითა, რომ დაინტერესებულ პირს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტი. აღნიშნული ვერც აჭარის რეგიონულმა ოფისმა მოიძია. ამასთანავე, სარეგისტრაციო ნივთი არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დადგენილ პირობებს. ამდენად, აჭარის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ გადაუგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სამართლებრივ დასაბუთებაში სააგენტომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მეორე პუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ცნება), „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე (მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი), „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ცნება) (ტ.2, ს.ფ 100-103).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, მათ შორის, უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ამასთან, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობებს ადგენს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტებია: 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია; სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმების გადიდებისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის წესი დადგინდა 1992 წლის 18 იანვრის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №48 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“. მართალია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და მოქალაქეებს გადაეცემოდათ უვადო სარგებლობის უფლებით, თუმცა დასახელებული დადგენილების გამოცემით, საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რასაც მოჰყვა მიწების მასობრივი განსახელმწიფოებრიობა. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 1996 წლის 22 მარტის საქართველოს კანონში (ძალადაკარგულია - 25.06.2019, №4848) 2004 წლის 26 ნოემბერს შევიდა ცვლილება, კერძოდ, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დადგინდა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზება 1997 წლიდან ხორციელდებოდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონით (გამოქვეყნებულია 09/07/1997, ძალადაკარგულია 09/08/2010).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. ჩ-ის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტად წარდგენილ საარქივო ცნობაში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა აჭარის მიწათმოწყობის კომისარიატის 1931 წლის მასალებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ 1931 წლის ინფორმაციის შემცველი საარქივო ცნობით მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის ან/და საკუთრების უფლების დადასტურება შეუძლებელი იყო, რამდენადაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ჯ. ჩ-ისა თუ მისი მამკვიდრებლებისთვის სადავო უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით მუდმივ სარგებლობაში გადაცემას ან სხვა ფორმით განკარგვას დაადასტურებდა.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმარტებულია, რომ: სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, ბათუმში, ახლანდელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე 15,4 ჰა მიწის ნაკვეთის ჯ. ჩ-ისადმი კუთვნილებისა და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთის სამკვიდრო მასაში შესვლის დასადასტურებლად. ამდენად, ამ ქონების ნაწილში შეუძლებელია მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც შეეხება ჯ. ჩ-ის ბაბუის - ჯ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების ჯ. ჩ-ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ იურიდიული ფაქტის დადასტურებას. სწორედ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ჯ. ჩ-ზე 2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობას, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებლად.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია: იყო თუ არა იჯარით გაცემული ან პრივატიზებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ჯ. ჩ-ის ან დ. ჩ-ის სახელზე, ასევე გამოთხოვილ იქნა სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია. 2019 წლის 2 დეკემბრის №... წერილის პასუხად, აჭარის რეგიონულ ოფისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის №6/5219 წერილით ეცნობა, რომ სააგენტოს არქივში ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო უძრავი ნივთის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამდენად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გააჩნდა ინფორმაცია, რომ ჯ. ჩ-სა თუ მის წინაპრებზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების რაიმე ფორმით განკარგვა არ დასტურდებოდა.
მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მისი წინაპრების მიერ შედგენილია მიწის ნაკვეთის რუკა, რომელიც ადასტურებს რუკაზე ასახული ტერიტორიის კუთვნილებას ბათუმის რაიონის სოფელი ...ის მცხოვრები პირებისადმი (მათ შორის - მისი წინაპრებისადმი). საქმეზე წარმოდგენილი, ხელნაწერი სახით შედგენილი რუკით დგინდება, რომ იგი შეეხება ბათუმის რაიონის ...ის თემის სოფელი ...ის ტერიტორიაზე მდებარე, ო-ა ჩ-მ-ზე რიცხულ, 12 ნაკვეთისაგან შემდგარ მიწის ფართობს. სარჩელთან ერთად ჯ. ჩ-ს ასევე წარმოდგენილი აქვს 2005 წლის 19 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და თ. ჩ-ს შორის. საქმეზე ასევე წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 მარტის №33 გადაწყვეტილება, რომლითაც ცალკეულ საწარმოებს და ფიზიკურ პირებს იჯარით გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ჩ-ზე 2005 წლის 23 აგვისტოს გაცემულია გენგეგმა. ამასთანავე, საიჯარო ნაკვეთის აღწერილობის ოქმში მოიჯარედ მითითებულია თ. ჩ-ი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უშუალოდ მოსარჩელესთან და მის მამკვიდრებლებთან ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში ასახული მონაცემების კავშირი არ დგინდება - დოკუმენტები არ შეეხება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის ან მისი მამკვიდრებლების მართლზომიერი მფლობელობის არსებობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სათანადო დოკუმენტი, რაც კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. ამდენად, მარეგისტრირებული ორგანოს გადაწყვეტილებები გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ჯ. ჩ-ს საკასაციო საჩივარზე 03.10.2023წ. №33376737 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ჩ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ჯ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს მოწინააღმდეგე მხარისათვის სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაკისრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. ჯ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.10.2023წ. №33376737 საგადახდო დავალებით ავთანდილ ავალიანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე