საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-430 (კ-23) 14 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - ზა. ჩ-ე, მ. ჩ-ე, ნ. ჩ-ე, ნა. ჩ-ე, ს. ჩ-ე, ც. ჩ-ე, გ. ჩ-ე, ლ. ჩ-ე, სა. ჩ-ე, ზაზ. ჩ-ე, გი. (გ., გ.) ჩ-ე, ლი. ჩ-ე, ზალ. ჩ-ე (დ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 5 აპრილს ზ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 2003 წლის 16 ივნისს ე.წ. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე (უფლების რეგისტრაციის ნომერი: ...) ... (მომზადების მომენტში: ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (10.09.2019) და №... (30.11.2020) გადაწყვეტილებები, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (04.03.2021) გადაწყვეტილება და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებული უძრავი ქონება დარეგისტრირდება ზ. ჩ-ის, ზა. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ნ. ჩ-ის, ნა. ჩ-ის სახელზე.
2021 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ. ჩ-ე, ლ. ჩ-ე, სა. ჩ-ე და ზაზ. ჩ-ე. 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ამავე მუხლის საფუძველზე, ჩაბმულ იქნენ ზა. ჩ-ე, მ. ჩ-ე, ნ. ჩ-ე, ს. ჩ-ე, ც. ჩ-ე, ნა. ჩ-ე, გი. ჩ-ე, ლი. ჩ-ე, ხოლო 2022 წლის 6 მაისის განჩინებით გ. (გ. გი) ჩ-ე, ნა. ჩ-ე (დაბ: ...წ) და ზალ. ჩ-ე (დ-ი).
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 16 ივნისს ე.წ. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე (უფლების რეგისტრაციის ნომერი: ...) ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (10.09.2019) და №... (30.11.2020) გადაწყვეტილებები, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (04.03.2021) გადაწყვეტილება. სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, რომლის თანახმად, ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებული უძრავი ქონება დარეგისტრირდეს ზ. ჩ-ის, ზა. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ნ. ჩ-ის, ნა. ჩ-ის სახელზე არ დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, ზ. ჩ-ის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე მესამე პირების საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, უფლებადამდგენი დოკუმენტების მონაცემების სისწორე და შესაბამისობა უძრავი ქონების ფაქტობრივ მდებარეობასთან, იდენტურობის დადგენის მეშვეობით საჭიროების შემთხვევაში და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება გაამახვილა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებზე, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (ძალადაკარგულია 31/07/2016) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტზე, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, მე-7 მუხლებზე, „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტზე და განმარტა, რომ გაყრილობის განაჩენი არ ფიგურირებს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტთა ჩამონათვალში.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველო კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ" ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტი არის საკომლო წიგნიდან ამონაწერი, რომელიც არის კომლის წევრთა და მათი უფლებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი ძირითადი მტკიცებულება. პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ გაყრილობის განაჩენი ვერ იქნება განხილული საკომლო ჩანაწერის საპირწონე ან/და გამაბათილებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, იგი წარმოადგენს ინფორმაციას კომლის გაყოფის შესახებ და მას არ გააჩნია უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი ძალა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს შეფასდეს არა მხოლოდ საქმეში წარდგენილი გაყრილობის განაჩენები, არამედ, საკომლო წიგნის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავს სადავო საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას. ამასთან, საყურადღებოდ მიიჩნია, რომ სისტემურ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს მიწის საგადასახადო სია N661.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ორივე კომლს - ნა. ჩ-ისა და გ. ჩ-ის კომლებს ერიცხებათ 1979 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რაც პალატის მსჯელობით, მარეგისტრირებელ ორგანოს აძლევდა საცხოვრებელი სახლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ხოლო ის გარემოება, რომ ნა. ჩ-ის და გ. ჩ-ის კომლებს საკომლო ჩანაწერების ბოლო მდგომარეობით საცხოვრებელი სახლის ბოლო ფართობები ერიცხებათ წილობრივი მონაცემების მითითების გარეშე, პალატის მსჯელობით, ვერ გახდება იმ დასკვნის საფუძველი, რომ რომელიმე მათგანის კომლის რეგისტრაცია განხორციელებული იქნა არასწორად. შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც კანონის დარღვევით განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემად უნდა იქნეს მიჩნეული 2003 წლის 16 ივნისს ე.წ. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე (უფლების რეგისტრაციის ნომერი: ...) ... (მომზადების მომენტში: ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
რაც შეეხება მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მარტის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილზე, ამავე კოდექსის 185-ე, 201-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ჩ-ის მიერ.
კასატორი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მშობლების - ნა. ჩ-ის (დედა) და სა. ჩ-ის (მამა) კომლის გაყოფის შედეგად, 1984 წლის 02 დეკემბერს უძრავი ქონება დაიყო შემდეგი წესით, კერძოდ, ოჯახი გაიყო სამ ოჯახად: პირველ ოჯახს - სა. ჩ-ეს, ნა. ჩ-ეს, ც. ჩ-ეს და ს. ჩ-ეს წილად ხვდათ სახლი ერთსართულიანი 80კვ.მ, ბაღი სახლთან 0,13 კვ.მ. მეორე ოჯახს - გი. ჩ-ეს, მეუღლე - ლი. ჩ-ეს ხვდათ საკარმიდამო ნაკვეთი 0,06 ჰა. და მესამე ოჯახს - ზ. ჩ-ეს ხვდა უძრავი და მოძრავი ქონება ნაკვეთი ეზოში 0,04 ჰა, ავეჯი, საწოლები.
კასატორის განმარტებით, 1988 წლის 15 მარტს სა. ჩ-ის ოჯახი კვლავ გაიყო სამ ნაწილად, კერძოდ, პირველ ოჯახს - სა. ჩ-ეს, ნა. ჩ-ეს, ს. ჩ-ეს წილად ხვდათ მიწის ნაკვეთი სახლის წინ 0,12 ჰა, და სამთვალა "ტრანგალეტკა". მეორე ოჯახს - გ. ჩ-ეს და ზალ. ჩ-ეს წილად ხვდათ ნაკვეთი სახლის წინ 0.04 ჰა და ერთი ხელი ლოგინი. ხოლო მესამე ოჯახს - ც. ჩ-ეს წილად ხვდა 15 კვ.მ "ცალი პირბლოკიანი კუხნა", ნაკვეთი 0,04 ჰა სახლის წინ, საწოლი და ერთი ხელი ლოგინი. გაყრილობის შედეგად, გ. ჩ-ეს, ლ. ჩ-ეს, სა. ჩ-ეს (შვილი) და ზაზ. ჩ-ეს არაფერი არ მიეკუთვნათ, არც 1984 და არც 1988 წლის გაყრილობის განაჩენებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და განმარტავს, რომ სა. ჩ-ის (მამა) გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნულ კომლში დარჩა ნა. (ნა.) (დედა) ჩ-ე. მისივე მსჯელობით, მთლიანი ქონება სრულად ეკუთვნის მას ვინაიდან, სხვა პირველი რიგის მემკვიდრეებმა სამკვიდროს მიღებაზე განაცხადეს უარი. კასატორი მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ეს დღეის მდგომარეობით აქვს ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი ინდივიდუალური საკუთრება ბლოკი N001, ხოლო მერე მისი თანასაკუთრება ბლოკი N003. კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმის მასალები და გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი ვინაიდან, საქმის განხილვის ეტაპზე არ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების (ს/კ ...) რეგისტრაციის დროს მესამე პირებმა გ. ჩ-ემ, ლ. ჩ-ემ, სა. ჩ-ემ და ზაზ. ჩ-ემ წარადგინეს ორი საარქივო ცნობა, კერძოდ, 2019 წლის 11 მარტს დამოწმებული Nნდ19398/რ9/პ561118 და 2019 წლის 11 მარტს დამოწმებული Nნდ20307/რ9/პ114112. კასატორი ასევე ყურადსაღებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთ - ერთ მოპასუხედ მითითებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მოხსენიებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს 2003 წლის 16 ივნისს ე.წ. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე ს/კ ... რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. კასატორი მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ არასწორად დაარეგისტრირა დედის - ნა. ჩ-ის კომლის კუთვნილი უძრავი ქონება გ., სა., ლ. და ზაზ. ჩ-ეების სახელზე, რომლებიც მისივე მსჯელობით სხვა კომლის წევრები არიან. დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თავდაპირველად ყურადღება გაამახვილოს ზოგადად კომლზე, მის წევრობასა და ქონებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება - მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ (იხ. კომლი ქართულ სამართალში, თ. ჩიტოშვილი 2004 წ. გვ. 11) კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.
საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იმხანად მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე არსებულ იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად. კომლიდან გამოყოფა კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით კომლის საერთო საკუთრების მიმართ წარმოშობდა სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს, კერძოდ, კომლიდან გასვლით და ქონების გატანით (ნატურით თუ ფულადი კომპენსაციის სახით) მთლიანად უსპობდა კომლის წევრს უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, კომლში საცხოვრებლად დარჩენით კი, კომლის საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად წარმოიშობოდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს. (სუსგ №ას-464-2022, 06.12.2022წ.).
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 16 ივნისს, გორის სარეგისტრაციო ზონაში, ...ის სექტორში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ 1916 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი ... დარეგისტრირდა ნა. ჩ-ის, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის თანასაკუთრების უფლება, რომლის საფუძვლად მითითებულია №661 მიწის საგადასახადო სია.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, „სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე, ... (მომზადების დროს ...) საკადასტრო კოდით, გორის სარეგისტრაციო ზონაში, ...ის სექტორში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ 1916 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული. ჩ-ე ნა., ჩ-ე გ., ჩ-ე ლი., ჩ-ე სა. და ჩ-ე ზაზ. თანასაკუთრების უფლება (რეგისტრაციის საფუძველი: №661 მიწის საგადასახადო სია).
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს №... (10.09.2019) გადაწყვეტილებით, განხორციელდა ... (მომზადების მომენტში: ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა ცვლილების სისტემური რეგისტრაცია, რომლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბლოკი N179, N003 ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობებზე (დაზუსტებული ფართობი: 1377 კვ.მ) დარეგისტრირდა ნა. ჩ-ის, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის თანასაკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: ..., ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს მიწის საგადასახადო სია (რიგითი ნომერი: 661), №D19398/R9/P561118 საარქივო ცნობა (გაფორმების თარიღი: 11.03.2019 წელი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ), №D20307/R9/P114112 საარქივო ცნობა (გაფორმების თარიღი: 11.03.2019 წელი, გაცემული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ), №3424-ს ბრძანება (გაფორმების თარიღი: 17.05.2019 წელი, გაცემული გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ) და №179 სარეგისტრაციო ბლოკის გეგმა. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მომზადდა ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა და ბლოკის საკადასტრო გეგმა.
შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (30.11.2020) გადაწყვეტილებით, განხორციელდა ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაცია, კერძოდ, თანამესაკუთრეთა პირადი მონაცემების (ნომრების) დაზუსტება. შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში, ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, №179-ბლოკში, №003 - 1377 კვ.მ ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ნა. ჩ-ის (პირადი ნომერი ...), გ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...), სა. ჩ-ის (პირადი ნომერი ...), ლ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) და ზაზ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) თანასაკუთრების უფლება. №... სარეგისტრაციო წარმოებაზე დაინტერესებული პირის - ლ. ჩ-ის მიერ წარდგენილი იქნა ნა. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) გარდაცვალების მოწმობა. 2020 წლის 30 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს მიეთითა, რომ ნა. ჩ-ის წილზე წარსადგენი იქნებოდა სამკვიდრო მოწმობა.
2021 წლის 15 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ნა. ჩ-ის წილზე რეგისტრირებული იქნა ზ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება.
2021 წლის 08 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ზ. ჩ-ის (პირადი ნომერი ...) წარმომადგენლის N51962/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იქნა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ №... (10.09.2019) და N... (30.11.2020) გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა თანამესაკუთრეთა, კერძოდ, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის ნაწილში.
№D19398/R9/P561118 (11.03.2019), №27/67853 (30.05.2017) და №AA2020009516-03 (24.08.2020) საარქივო ცნობების თანახმად, ნა. ჩ-ის კომლი ბოლო მონაცემებით შედგებოდა ნა. ჩ-ისა და მისი შვილის - ს. ჩ-ისგან, მაგრამ, ვინაიდან საარქივო ცნობის დანართებში ს. ჩ-ეს მითითებული აქვს, რომ წასულია ქალაქ სანქტ - პეტერბურგში სამუშაოდ, იგი არ განიხილება კომლის აქტიურ წევრად და რჩება მხოლოდ ნა. ჩ-ე.
ნა. ჩ-ე წარმოადგენდა სა. ჩ-ის კომლის წევრს, რომელიც დაიყო ოჯახებად. 1984 წლის 02 დეკემბრის და 1988 წლის 15 მარტის ოჯახის გაყრილობის განაჩენებით დგინდება, რომ კომლი დაიყო 3 ოჯახად და თითოეულს მიეკუთვნა კონკრეტული ქონება. გამოყოფილი №1 ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ: სა. ჩ-ე, ნა. ჩ-ე, ც. ჩ-ე და ს. ჩ-ე, რომლებსაც წილად ხვდათ 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით, ხოლო დანარჩენ ორ ოჯახს, მათ შორის, ზ. ჩ-ის კომლს, საცხოვრებელი სახლიდან წილი აღნიშნული გაყრილობის განაჩენებით არ უდგინდებათ.
№D20307/R9/P114112 (გაფორმების თარიღი 11.03.2019 და №27/62977 (04.06.2019) საარქივო ცნობების თანახმად, 1998 - 2007 წლების საკომლო წიგნში გ. ჩ-ის კომლის შემადგენლობაში შედიან: ლ. ჩ-ე - ცოლი, სა. ჩ-ე - შვილი და ზაზ. ჩ-ე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 48 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0,82 ჰა მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 მარტის №... გადაწყვეტილებით, ზ. ჩ-ეს უარი ეთქვა №51962/17 (08.02.2021) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის ის მოსაზრება, რომ ... საკადასტრო კოდის რეგისტრირებული უძრავი ნივთის (წინა საკადასტრო კოდი ...) 1/2 წილი ეკუთვნის ზ. ჩ-ის კომლს. ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ასახავს სწორ ინფორმაციას და შეესაბამება ადმინისტრაციულ საჩივარზე დართულ დოკუმენტაციას, ისევე როგორც, კანონს. ამასთან, დგინდება, რომ ზ. ჩ-ის კომლი არსებობდა დამოუკიდებლად და კომლის ქონება რეგისტრირებულია მისი და კომლის წევრთა თანასაკუთრებად.
საქმეში წარმოდგენილია გაყრილობის განაჩენები, რომლებიც 1984 და 1988 წლის მდგომარეობით ასახავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის განაწილება კომლის წევრებს შორის.
1984 წლის 2 დეკემბრის გაყრილობის განაჩენის (განაჩენი, რომელიც საცხოვრებელი სახლის განაწილებას ეხება) შემდგომ შედგენილი, 1986 - 1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, „ოჯახი გაიყო 1984 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე, სა. ჩ-ე, ნა. ჩ-ე, ც. ჩ-ე, ს. ჩ-ე. კომლს ერიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 1/2, აგებული 1979 წელს და 1983 - 1985 წლებში 0,27 ჰა მიწის ფართობი.“ ქრონოლოგიურად ბოლო, 1988 წლის 15 მარტის გაყრილობის განაჩენით დადგენილია მხოლოდ მიწის ნაკვეთის განაწილების და არა საცხოვრებელი სახლის განაწილების საკითხი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, დადგენილია, რომ ნა. ჩ-ის კომლს 1983 - 1985 წლებში, 1986 - 1997 წლებში აქვს უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლი (1/2) აგებული 1979 წელს; ამავდროულად, საცხოვრებელი სახლი (1/2) აგებული 1979 წელს ფიქსირდება გ. ჩ-ის კომლის ქონებად 1983 - 1985 წლებში. რაც შეეხება ქრონოლოგიურად ბოლო ინფორმაციას - 1998 - 2007 წლებში ნა. ჩ-ის კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1979 წელს 1/2-ის მითითების გარეშე, ხოლო გ. ჩ-ის კომლზე საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ფართია აღნიშნული.
საკასაციო საჩივარზე და შესაბამისად, სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებს, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, კანონმდებელმა განმარტა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო რეგისტრაციას, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით ახორციელებდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამავე კანონის პირველი მუხლისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, სააღრიცხვო ბარათი განმარტებულია, როგორც თითოეულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ფურცელი, რომელზეც მოცემული ჩანაწერები წარმოადგენს ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითად იურიდიულ საფუძველს. სააღრიცხვო ბარათი, სხვა განყოფილებებთან ერთად, მოიცავს მესაკუთრის განყოფილებას, რომელშიც მოცემულია მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი, ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწისა და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა.
სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების (შემდგომ – „ბრძანებულება“) თანახმად, უძრავი ნივთი რეგისტრირებულად ითვლება, თუ სააღრიცხვო ბარათზე ან/და საკადასტრო რუკაზე ან/და მათ ასლზე დატანილია ბეჭედი ან/და რეგისტრატორის ხელმოწერა. ასევე, სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (ძალადაკარგულია 31/07/2016) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის: ცნობა - დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7 (3 პრიმა) მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის პროექტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გაყრილობის განაჩენი არ ფიგურირებს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტთა ჩამონათვალში. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ - მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა. საკომლო წიგნის ჩანაწერის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება მხოლოდ კომლის იმ წევრის (წევრების) საკუთრების /თანასაკუთრების უფლება, რომლის (რომელთა) კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საკომლო წიგნის ჩანაწერებზე, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავს სადავო საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას. ამასთან, საყურადღებოა, რომ სისტემურ რეგისტრაციას საფუძვლად უდევს მიწის საგადასახადო სია N661. საგულისხმოა, რომ 1984 წლის 2 დეკემბრის გაყრილობის განაჩენის (განაჩენი, რომელიც საცხოვრებელი სახლის განაწილებას ეხება) შემდგომ შედგენილი, 1986 - 1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, „ოჯახი გაიყო 1984 წლის გაყრილობის განაჩენის საფუძველზე, სა. ჩ-ე, ნა. ჩ-ე, ც. ჩ-ე, ს. ჩ-ე. კომლს ერიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 1/2, აგებული 1979 წელს და 1983-1985 წლებში 0,27 ჰა მიწის ფართობი.“ ხოლო ქრონოლოგიურად ბოლო, 1988 წლის 15 მარტის გაყრილობის განაჩენით დადგენილია მხოლოდ მიწის ნაკვეთის განაწილების და არა საცხოვრებელი სახლის განაწილების საკითხი.
საქმეში წარმოდგენილი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, დგინდება, რომ ნა. ჩ-ის კომლს 1983 - 1985 წლებში, 1986 - 1997 წლებში აქვს უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლი (1/2) აგებული 1979 წელს; ამავდროულად, საცხოვრებელი სახლი (1/2) აგებული 1979 წელს ფიქსირდება გ. ჩ-ის კომლის ქონებად 1983 - 1985 წლებში. რაც შეეხება ქრონოლოგიურად ბოლო ინფორმაციას - 1998 - 2007 წლებში ნა. ჩ-ის კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1979 წელს 1/2-ის მითითების გარეშე, ხოლო გ. ჩ-ის კომლზე საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ფართია აღნიშნული. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის ეტაპზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირებულ იმ პოზიციას, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერები ადასტურებს სადავო უძრავი ქონების ორი კომლის - ნა. ჩ-ის და გ. ჩ-ის კომლების თანასაკუთრებას. მტკიცებულებათა შეფასების ფარგლებში, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების საფუძველზე, ... (მომზადების დროს ...) საკადასტრო კოდით, გორის სარეგისტრაციო ზონაში, ...ის სექტორში მდებარე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულ 1916 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული. ჩ-ე ნა., ჩ-ე გ, ჩ-ე ლი., ჩ-ე სა. და ჩ-ე ზაზ. თანასაკუთრების უფლება (რეგისტრაციის საფუძველი: №661 მიწის საგადასახადო სია).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ორი კომლის - ნა. ჩ-ის და გ. ჩ-ის კომლების თანასაკუთრებას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ ორივე კომლს - ნა. ჩ-ისა და გ. ჩ-ის კომლებს ერიცხებათ 1979 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს აძლევდა საცხოვრებელი სახლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ ნა. ჩ-ის და გ. ჩ-ის კომლებს საკომლო ჩანაწერების ბოლო მდგომარეობით საცხოვრებელი სახლის ბოლო ფართობები ერიცხებათ წილობრივი მონაცემების მითითების გარეშე, ვერ გახდება იმ დასკვნის საფუძველი, რომ რომელიმე მათგანის კომლის რეგისტრაცია განხორციელებული იქნა არასწორად.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც კანონის დარღვევით განხორციელებულ სარეგისტრაციო მონაცემად უნდა იქნეს მიჩნეული - 2003 წლის 16 ივნისს ე.წ. სისტემური რეგისტრაციის საფუძველზე (უფლების რეგისტრაციის ნომერი: ...) ... (მომზადების მომენტში: ...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ასევე არ დგინდება სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლები გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ №... (10.09.2019) და №... (30.11.2020) გადაწყვეტილებებთან მიმართებითაც.
რაც შეეხება, მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 04 მარტის N... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და 201-ე მუხლებზე და ასევე მართებულად მიიჩნია, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
რაც შეეხება მოთხოვნას - დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებული უძრავი ქონება დარეგისტრირდება ზ. ჩ-ის, ზა. ჩ-ის, მ. ჩ-ის, ნ. ჩ-ის, ნა. ჩ-ის სახელზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მხარის მოთხოვნა სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც გაზიარებულია საკასაციო პალატის მიერ, შესაბამისად, მართებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს შედეგი და მსჯელობა ზემოაღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა შეჯამების მიზნით მიუთითებს, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. საკუთრების უფლება, განსახილველ შემთხვევაში კი გ. ჩ-ის, სა. ჩ-ის, ლ. ჩ-ის და ზაზ. ჩ-ის უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც. სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები - უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი არ არის მოხსენიებული, იმ პირობებში როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი წარმოადგენს როგორც სააგენტოს ასევე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად,ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ზ. ჩ-ეს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს ც. ჩ-ის (...) მიერ, ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 29 მარტს N16554943240 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ზ. ჩ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს ც. ჩ-ის (...) მიერ, ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, 2023 წლის 29 მარტს N16554943240 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე