Facebook Twitter

№ბს-8(კ-24) 27 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-312/ო ბრძანება, მ. ჩ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ. ჩ-ას დევნილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. მ. შ-ა და ა. შ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-312/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. ჩ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მ. ჩ-ა თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, რომელიც მოსარჩელის მეუღლის ოჯახის საკუთრებაა, თუმცა დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. მართალია, საქმეში წარმოდგენილია განქორწინების მოწმობა, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს განქორწინებულ პირთა ერთად ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულება არ არის იმის უპირობო გარანტი, რომ ოჯახი ერთად არ ცხოვრობს. საყურადღებოა, რომ 2021 წლის 16 ივლისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მონიტორინგის ჯგუფის მიერ დამატებითი მოკვლევის მიზნით განხორციელებული ვიზიტისას ადგილზე იმყოფებოდა ვ. შ-ა, ხოლო მ. ჩ-ა მეზობლად იყო გადასული. ამასთან, მოსარჩელემ დაადასტურა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად მის საკუთრებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ განქორწინება ფიქტიურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, მ. ჩ-ა და მისი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, რადგან ცხოვრობს მეუღლის საკუთრებაში თავისუფლად და შეუზღუდავად, მეუღლესთან ერთად.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6, მე-3 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 96-ე და 53-ე მუხლებზე მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის კანონით დადგენილი წესით მ. ჩ-ას დევნილის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2019 წლის 23 სექტემბერს მ. ჩ-ამ, როგორც მისი დევნილი ოჯახის უფლებამოსილმა პირმა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით მიმართა და მისი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. განაცხადში მოსარჩელე მხარეს მითითებული ჰყავს ოჯახის წევრები, არასრულწლოვანი შვილები - ა. შ-ა და ა. მ. შ-ა. საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ს. .... მოსარჩელე მხარის მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარიც (ს.ფ. 74-75, 76-80); ბ) მოსარჩელე მ. ჩ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები - ა. მ. შ-ა და ა. შ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (სარეგისტრაციო ნომერი №...) (ს.ფ 26-28); გ) მოსარჩელის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან 23.02.2022 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ოჯახის მისამართია ზუგდიდი რ/ნ, სოფელი ... (ს.ფ. 25); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 2020 წლის 8 ოქტომბერს მ. ჩ-ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5 ქულით, კერძოდ: - 18 წლამდე ასაკის წევრები (2 არასრულწლოვანი შვილი) – 1 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე) - 1.50 ქულა; სოციალური კრიტერიუმი (30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა) – 2.5 ქულა. ზემოაღნიშნული შეფასების კრიტერიუმები და ქულათა რაოდენობა 2021 წლის 5 ივლისის შეფასების თანახმად, დარჩა უცვლელი. მ. ჩ-ას ოჯახი შეფასდა ისევ 5 ქულით, იგივე კრიტერიუმებით (ს.ფ. 73, 91); ე) №... განქორწინების მოწმობის თანახმად, მ. ჩ-ა და ვ. შ-ა განქორწინდნენ ... წლის ...ს (ს.ფ. 90); ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 მარტის №38423 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მ. ჩ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 124); ზ) 2012 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ვ. შ-ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 5737 კვ.მ (ს/კ ...) და 2407 კვ.მ (ს/კ ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მდებარე: ზუგდიდის რაიონი, საკრებულო ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკომლო წიგნის ჩანაწერები (ს.ფ. 93-94); თ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის №195810 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ვ. შ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 151); ი) საქმეში წარმოდგენილი 26.06.2021 წლის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ზუგდიდში, სოფელ ...ში განხორციელებული ვიზიტისას, მისამართზე იმყოფებოდა მ. ჩ-ა არასრულწლოვან შვილებთან - ა. მ. შ-ასა და ა. შ-ასთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე მ. ჩ-ა ცხოვრობს 2011 წლიდან ქირის გარეშე. 2000-2011 წლებში ცხოვრობდა წალენჯიხაში, სოფელ ...ში. მეუღლის - ვ. შ-ას (არადევნილი) მისამართად მითითებულია მონიტორინგის მისამართის ეზოს გვერდით სახლი. დასკვნის სახით მონიტორინგის ჯგუფის მიერ აღნიშნულია შემდეგი: ცხოვრობს შვილებთან ერთად, სახლი ვისია არ იცის/ვერ იხსენებს, ეზოში დგას ორი სახლი. მეუღლე არ არის დევნილი (ს.ფ. 99-102); კ) საქმეში წარმოდგენილი 16.07.2021 წლის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ზუგდიდში, სოფელ ...ში განხორციელებული ვიზიტისას, მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ვ. შ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ მ. მეზობლად იყო გადასული და გავიდა დასაძახებლად. მისამართზე დაბრუნდნენ ერთად და განაცხადეს, რომ ერთად ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე - ვ.-ს სახლში. მ. ჩ-ას არ სურს განაცხადში მეუღლის მითითება, რადგან იგი არ არის დევნილი, ამასთან მიუთითა, რომ ზოგჯერ აქვთ ოჯახური კონფლიქტი (ს.ფ. 103); ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №9 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ჩ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ხსენებულ ეტაპზე მ. ჩ-ას დევნილი ოჯახი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, ქირის გარეშე ცხოვრების გამო (ს.ფ. 65-72); მ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 28 იანვრის №03-312/ო ბრძანებით, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, მოსარჩელე მ. ჩ-ას დევნილ ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი (ს.ფ. 64);

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

ამავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ განსახლება გადაუდებელი საჭიროებას არ წარმოადგენს მაშინ, როდესაც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მ. ჩ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. აღნიშნული ასევე დაადასტურეს მოწმეებმაც.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას, რომ მ. ჩ-ას განქორწინება ვ. შ-ასთან ფიქტიურ ხასიათს ატარებს, საქმის მასალებით აღნიშნული ცალსახად არ დასტურდება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია განქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება მ. ჩ-ასა და ვ. შ-ას განქორწინების ფაქტი (ს.ფ. 90). სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, მაშინ როდესაც განქორწინების მოწმობის სახით აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე