№ბს-331(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ც-ეის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ი. ც-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით; ბ) ი. ც-ეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ჯარიმის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
ამასთან, მოსარჩელემ იშუამდგომლა - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ი. ც-ეის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „...“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., და უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით ..., სასარჩელო მოთხოვნის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს № MIA 1 21 00427064 წერილში მითითებულ ი. ც-ეის (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას „...“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., სასარჩელო მოთხოვნის - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობის ფარგლებში.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი. ც-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 3 000 (ათასი) ლარი. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ ჯარიმის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
ამავე გადაწყვეტილებით, მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს № MIA 1 21 00427064 წერილში მითითებულ ი. ც-ეის (პ/ნ ...) სახელზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას „...“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით ..., სასარჩელო მოთხოვნის 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობის ფარგლებში, დარჩა ძალაში გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტზე, მე-15 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-XVIII თავის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 03 ნოემბრის №896 ბრძანებით დამტკიცებულ კონტრაქტზე („ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ“) მითითებით, კასატორი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის პირველი პრიმა პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას და მასზე სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, არაუმეტეს 8 400 ლარისა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ სახით დატოვება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის სრული ოდენობის ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2018 წლის 25 ნოემბერს, ი. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) №1/126-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ, რის საფუძველზეც, ი. ც-ე სასწავლებლად იქნა მივლინებული ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ს.ფ. 24-30); ბ) კონტრაქტის 3.1 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გააგრძელოს რვა წლით. 7.3 პუნქტის თანახმად, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების (კონტრაქტის) მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით დატოვებს შეიარაღებულ ძალებს ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ „სამინისტრო“ იძულებული გახდეს შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება (კონტრაქტი), „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. 7.4 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის“ მიერ 7.3 პუნქტში აღნიშნული თანხის ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულებების ვადის გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ს.ფ. 24-30); გ) 2020 წლის 19 ივნისს ი. ც-ემ პირადი პატაკით ითხოვა საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნა (ს.ფ. 32); დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.07.2020 წლის MOD 7 20 00004089 ბრძანებით, ,,სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე, ი. ც-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 31); ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 ოქტომბრის №3609 ბრძანებით, ი. ც-ე 2018 წლის 25 ნოემბრიდან 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით მივლინებულ იქნა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ოფიცრის მომზადების კურსზე (უმცროს ოფიცერთა ძირითადი სამხედრო განათლება პირველი საფეხური) დასასწრებად. კურსთან დაკავშირებული ვიზის, მგზავრობის, განთავსების, კვებისა და სწავლის ხარჯები აანაზღაურა მიმწვევმა მხარემ, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილი №211 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-13 პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებული ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ს.ფ. 61-62, 23); ზ) 2017 წლის 28 დეკემბრის, 2019 წლის 15 აპრილის, 2021 წლის 15 მარტის, ...მონაცემებით, პაციენტ ი. ც-ეს აღენიშნებოდა ცვლილები (ს.ფ. 68-69, 70-71, 72-73); თ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის 2020 წლის 4 ივნისის ფიზიკური მომზადების უწყისის მიხედვით, ი. ც-ემ ფიზიკურ მომზადებაში მიიღო „არ ჩათვლა“ (ს.ფ. 74).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. ც-ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად (ამავე კოდექსის 361-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ი. ც-ე პირადი პატაკის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, 2018 წლის 25 ნოემბერს №1/126-ს კონტრაქტის 7.3 პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეს წარმოეშვა ვალდებულება სამინისტროს აუნაზღაუროს ჯარიმის თანხა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების არსი მის შესრულებაშია, ხოლო შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები (იხ. სუს 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. საყურადღებოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 2015 წლის 2 თებერვლის №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 2014 წლის 24 მარტის №ას-1284-1226-2013 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 25 ნოემბერს, ი. ც-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) №1/126-ს, რომელიც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, ი. ც-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.
საკასაციო პალატა, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დამყარებისას, მხარეთა მიერ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელი შედეგების ყოველ ჯერზე განსაზღვრის შეუძლებლობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს მხარის უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან დაცვის უფლებამოსილებას. დაზარალებულის ინტერესის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის არამარტო ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუს 2012 წლის 17 იანვრის №1ბს-740-734(2კ-11) განჩინება).
საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეულ უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. ამასთანავე, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი. ამდენად, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას. კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად კონტრაჰენტის მიერ მეორე მხარის ინტერესების მხედველობაში მიღებას გულისხმობს (იხ. სუს. 2020 წლის 2 აპრილის №ბს-570(კ-19) გადაწყვეტილება).
გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი შეწყდა ი. ც-ეის პირადი პატაკის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ი. ც-ეის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 3 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მართებულად არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის 0,2%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ შემთხვევაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. სუს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19) განჩინება, 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19) განჩინება, 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინება, სუს 2019 წლის 16 მაისის №ბს-230(კ-19) განჩინება და სხვ.).
ამდენად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე