საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-171(კ-24) 23 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - რ. ც-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერი თ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე (დაინტერესებული პირი) - მ. ქ-ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 30 ოქტომბერს რ. ც-იმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერის, თ. ო-ის მიმართ.
მოსარჩელემ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერის თ. ო-ის მიერ გამოცემული №... შემაკავებელი ორდერის გაუქმება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერის თ. ო-ის მიერ გამოცემული №... შემაკავებელი ორდერი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერმა თ. ო-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების მართლწესრიგის ოფიცრის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ც-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი აღძრულია შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც ნამსჯელი აქვს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2114 მუხლის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს სააპელაციო სასამართლო საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლით დადგენილია გასაჩივრების სპეციალური წესი, რომელიც იმპერატიულია, შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.1 მუხლის თანახმად, სავალდებულოა შესასრულებლად და არ განეკუთვნება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია განჩინების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც არ შეუძლია საკასაციო სასამართლოს, ვინაიდან ის გამოცემულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში, რის შესახებაც ასევე განემარტა მხარეს თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, რომელშიც მითითებულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ც-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია, შეაფასოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარების თაობაზე, სამართალწარმოების შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის მე-12 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე