Facebook Twitter

№ბს-334(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოპასუხე) - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ი.ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ საქართველოს ...

წარმომადგენელი - თ.ლ-ი

დავის საგანი - საჯარო ინფორმაციის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა(ა)იპ საქართველოს ...ამ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ა(ა)იპ საქართველოს ...ის მიერ 2020 წლის 29 მაისს №... წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა.

სარჩელის თანახმად, 2020 წლის 29 მაისს მოსარჩელემ №... წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის გაცემა. ა(ა)იპ საქართველოს ...ას სარჩელის შეტანის მომენტისათვის არ მიუღია მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა შემდეგი მოთხოვნების ნაწილში: ა) გამოთხოვილ იქნას შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის 2019 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №70-ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; ბ) გამოთხოვილ იქნას შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის 2020 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19-ით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; გ) გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია რამდენი ლარით მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ (თითოეული ორგანიზაციის მიხედვით); დ) გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია რამდენმა ლარმა შეადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში თითოეული ორგანიზაციის მიხედვით, მათ შორის, თითოეულ ასეთ ორგანიზაციაში რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); ე) სათითაოდ დეტალურად განიმარტოს კონკრეტული შემოსავლები შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მათ მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით).

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ა(ა)იპ საქართველოს ...ას მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსების ხარჯვის შესახებ, თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულების და ოდენობის მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით), ასევე გადასცეს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდში შესრულებული თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი. სხვა ინფორმაციის გაცემის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) ა(ა)იპ საქართველოს ...ამ 2020 წლის 29 მაისს, განცხადებით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა: 1. შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №70 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; 2. შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; 3. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაბარებული განცხადებების ასლები; 4. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ; 5. რამდენი ლარით მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ (თითოეული ორგანიზაციის მიხედვით); 6. რამდენმა ლარმა შეადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში თითოეული ორგანიზაციის მიხედვით, მათ შორის, თითოეულ ასეთ ორგანიზაციაში რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 7. სათითაოდ დეტალურად განიმარტოს კონკრეტული შემოსავლები შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებში მათ მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 8. შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ასევე თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე; 9. ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის და ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან; ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წლის 20 ივლისს ა(ა)იპ საქართველოს ...ას გაუგზავნა წერილი და აცნობა, რომ განცხადების პირველ და მეორე პუნქტში მითითებულ ინსპექტირებას ან ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტს არ აწარმოებენ. მომსახურების კონტროლი ხდება მიღება-ჩაბარების აქტებით. მოპასუხემ წერილს თან დაურთო დასახელებული მიღება-ჩაბარების აქტები. მოპასუხემ მესამე და მეოთხე პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადასცა, რადგანაც ჩათვალა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას. მეხუთე პუნქტის პასუხად აცნობა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია 8 არასამეწარმეო იურიდიული პირი, ასევე დანართის სახით დაურთო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია. მეექვსე და მეშვიდე პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცემის მიზნით აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს საკუთარი შემოსავალი არ გააჩნიათ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია ასახა დანართში. მოპასუხემ მერვე და მეცხრე პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და კომერციულ საიდუმლოებას; გ) შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 20 ივლისის წერილს დაურთო შემდეგი დოკუმენტები: შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრიდან, მიღება-ჩაბარების აქტები, აქტები, მიმართვები; დ) 2020 წლის 23 დეკემბერს მოპასუხემ სასამართლოს გადმოუგზავნა და მოსარჩელესაც მიაწოდა შემდეგი დოკუმენტები: შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრიდან, მიმართვები, აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები; ე) საქმის განხილვისას პირველ, მეორე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტში დასახელებული ინფორმაციის გამოთხოვაზე მოსარჩელემ უარი თქვა. საერთო ჯამში მხარი დაუჭირა შემდეგი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას: - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაბარებული განცხადებების ასლები; - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ; - შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია, თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, ასევე თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე; - ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის და ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან.

სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ღიაობა უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა ორ შემთხვევაშია დაშვებული: როცა ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და როცა დადგენილი წესით იგი მიეკუთვნება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფუნქციებს წარმოადგენს მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია), ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა; ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით; ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით ან ტატუირებით ან „საჭდით“ (ბირკით) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად; საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება-გამოყენება: ექიმ-ვეტერინარის ან/და კინოლოგის/ფელინოლოგის მიერ ცხოველის ვიზუალური დათვალიერება-დაკვირვება, ცხოველის ბიომასალის (სისხლის, შარდის, ბეწვის და სხვა) ლაბორატორიული კვლევა, მკურნალობა (საჭიროების შემთხვევებში – დეჰელმინთიზაცია; ვაქცინაცია (მათ შორის „ანტირაბიული“, ცალკეულ შემთხვევებში – „კომპლექსური“,) და სხვა), ოპერაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურის კუპირება და სხვა) ჩატარება, ცხოველების ევთანაზია; ევთანაზირებული ან დაცემული ცხოველის ლეშის გადატანა შესაბამის ბიოთერმულ ცხოველთა სამარხში (ბეკარის ორმოში), ცხოველების ლეშის დამარხვისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტერიტორიაზე ან კრემატორიუმში; მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება; მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება და სხვა. კომპეტენციის ფარგლებში, მერია ასევე უზრუნველყოფს: ა) საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილებას; ბ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირებას და შესაბამისი წესით წარდგენას სათანადო ორგანოებში; ასევე ახორციელებს სხვა მოქმედებებს. ზემოაღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებით საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს მიიღოს კონკრეტული ფუნქციის შესრულების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული ღონისძიებების შესახებ, ანუ კონკრეტულად რა ღონისძიებები იქნა დაგეგმილი და შესრულებული, რა სახის შესყიდვები განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რა მიმართულებით და როგორ დახარჯა სახელმწიფო ფინანსები, ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაცია გასაგები და აღქმადი უნდა იყოს თავად ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც ვალდებულია სათანადოდ უპასუხოს საზოგადოების ინტერესს მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულების ირგვლივ. ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია, რათა განხორციელებულ იქნეს დემოკრატიულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონიტორინგის ფუნქცია. ცალსახაა, რომ ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებების მხრიდან, კერძოდ კი, მოცემულ შემთხვევაში, ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა მათი საზოგადოებრივი მეთვალყურეობის ფუნქციებში ჩარევად აღიქმება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს ინფორმაციის მიღების მიზნისა და მოტივის განმარტებას, იგი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ზოგადია, მოიცავს მრავალი ხასიათის და შინაარსის მომსახურების შესწავლას. ამ ინფორმაციის გაცემა 2017 წლიდან თითოეული მომსახურების შინაარსის შესწავლასთან ერთად ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის დამუშავებას საჭიროებს. მოსარჩელის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული აღნიშნული მოცულობით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მონაცემების დამუშავების ვალდებულება, ასევე აუცილებლობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას შესაძლოა კონკრეტული ინფორმაცია დასჭირდეს მომავალში, ამიტომ ითხოვს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავებას და მიწოდებას, რათა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოძებნოს და გამოარჩიოს საჭიროებისამებრ მისი ინტერესის საგნის შემცველი კონკრეტული საკითხი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დიდი მოცულობის და დაუკონკრეტებელი შინაარსის დოკუმენტების დამუშავება და მისი თარიღების მიხედვით დალაგება იმ პირობებში, როდესაც მოცემული ეტაპისათვის არც საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება და არც თავად ორგანიზაციის საჭიროებას, სასამართლოს მოსაზრებით, ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცდება.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1 იანვრიდან შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაბარებული განცხადებების ასლები, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ასევე ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოსცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, აგრეთვე, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ - ზოგადი მოთხოვნაა. მოპასუხე ასეთი ინფორმაციის დამუშავებას და გაცემას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, ასეთი ზოგადი ხასიათის მოთხოვნით შეუძლებელია დოკუმენტის საჯაროობის შემოწმება. წარმოდგენილ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა უკავშირდება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არსებულ ინფორმაციას, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას, არის პირის პერსონალური მონაცემები, შესაბამისად, ასეთ ინფორმაციაზე ვრცელდება პერსონალური მონაცემების დაცვის რეჟიმი. ამ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს. მოსარჩელემ არ დააზუსტა რომელი გზავნილი იყო მისი ინტერესის სფერო, რომელი ბრძანება ან დოკუმენტი აინტერესებდა. მისი მოსაზრებით, მხოლოდ მოთხოვნაც საკმარისია იმისათვის, რომ დამუშავდეს ყველა სახის ინფორმაცია, რასაც ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის მიერ მიღებული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლის, მათ შორის გამგზავნი, როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ასევე მის მიერ გაგზავნილი ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლს.

სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისაგან მოსარჩელის მიერ გასაცნობად მოთხოვნილი დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, მოთხოვნილი დოკუმენტები შეიცავს კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, შესაძლოა წარმოადგენდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საჭიროებს დაკონკრეტებას, დაზუსტებას, რა არის მოსარჩელის ინტერესის სფერო. მოსარჩელე არ აკონკრეტებს ინფორმაციას, რაზეც მას სურს წვდომა, ხოლო მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ მის აღმატებულ ინტერესს იმით ასაბუთებს, რომ შესაძლოა დასჭირდეს კონკრეტული განცხადების შინაარსი თავისი რეპორტის მოსამზადებლად ან შეიძლება არც დასჭირდეს, რაც სასამართლოს არ აძლევს დასაბუთებულ, არგუმენტირებულ მოტივაციას შეაპირისპიროს მისი ინტერესი მონაცემის დამუშავების, დამუშავების ფარგლებისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის ინტერესთან. მოსარჩელის დასაბუთება, რომ მას სურს ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, მიღებული, გაგზავნილი, დამუშავებული და დასამუშავებელი ყველა ინფორმაცია მიიღოს, არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. მოსარჩელეს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მოითხოვოს კონკრეტული ინფორმაცია და მიიღოს იგი დაუყოვნებლივ.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსების ხარჯვის შესახებ სრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ასევე თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაციაა და მოპასუხე ვალდებულია გასცეს მოსარჩელეზე.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დავალებული ინფორმაცია იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები უნდა ახორციელებდნენ, მართლაც შეიძლება შეიცავდეს სხვა პირის პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, როცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი იცნობს მონაცემთა დეპერსონალიზაციის ცნებას, რაც გულისხმობს მონაცემთა იმგვარ მოდიფიკაციას, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს. ამდენად, როცა პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაცია შესაძლებელია, კანონი უშვებს საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების დაფარვის გზით გაცემას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკრძალებოდა მოთხოვილი ინფორმაცია გაეცა პერსონალურ მონაცემთა დეპერსონალიზაციის გზით, თუმცა იმ პრინციპების გათვალისწინებით, რაც მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობის მნიშვნელობასა და მიზნებთან იქნებოდა შესაბამისი.

პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც უკავშირდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსური რესურსების განკარგვას, საჯაროა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით მისი გაცემა, მიუხედავად ამ ინფორმაციის მოცულობისა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ყურადღებას არ ამახვილებს იმ ნორმებზე, რომლითაც დაცულია პირის პერსონალური მონაცემები და კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. ინფორმაცია, რომლის გაცემაც დაევალა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას არის მრავალფეროვანი. ნაწილი შეიცავს მონაცემებს ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების შესახებ, გადარიცხვის დანიშნულებით კი შეიძლება მოპოვებულ იქნეს გარკვეული სახის ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს მოთხოვნას, რომელიც არის ზოგადი ხასიათის, მოიცავს პირის პერსონალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სფეროები მრავალფეროვანია და მათ ფინანსურ ოპერაციებზე ინფორმაციის გაუცემლობა ხელს ვერ შეუშლის მოსარჩელეს საქმიანობის სფეროდან გამომდინარე მიზნების მიღწევაში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა(ა)იპ საქართველოს ...ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა(ა)იპ საქართველოს ...ამ 2020 წლის 29 მაისის №... განცხადებით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: 1. შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის 2020 წლის 6 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №70 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; 2. შუახევის მუნიციპალიტეტს და შპს „...-ს“ შორის 2019 წლის 1 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულების მოთხოვნებთან და შესაბამის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველის მხრიდან კონტროლის განხორციელებისას ხელშეკრულების გაფორმებიდან წარმოშობილი ყველა დოკუმენტის ასლი, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ინსპექტირების აქტების ასლები, ცხოველების ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტები, ძაღლების იზოლირების და მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ასლები და ა.შ.; 3. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1 იანვრიდან შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაბარებული განცხადებების ასლები; 4. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ; 5. რამდენი ლარით მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დაფინანსება 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე (თითოეული ორგანიზაციის მიხედვით); 6. რამდენმა ლარმა შეადგინა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში თითოეული ორგანიზაციის მიხედვით, მათ შორის, თითოეულ ასეთ ორგანიზაციაში რამდენი იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე მიღებული თანხა, ასევე რამდენი ლარი იყო ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე მიღებული თანხები და რამდენი ლარი იყო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ერთჯერადად გაწეული მომსახურებებიდან მიღებული თანხები (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 7. სათითაოდ დეტალურად განიმარტოს კონკრეტული შემოსავლები შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მათ მიერ გაწეული რომელი მომსახურებების შედეგად დაფიქსირდა - შესაბამისი თარიღების მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით); 8. შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ასევე თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა 2017 წლის 1 იანვრიდან; 9. ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის და ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან (ს.ფ 11-14); ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წლის 20 ივლისის №07/3176 წერილით №... განცხადებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ საქართველოს ...ას აცნობა შემდეგი: ა) განცხადების პირველ და მეორე პუნქტში მითითებულ ინსპექტირებას ან ვეტერინარული პროცედურების აღრიცხვიანობის დოკუმენტს არ აწარმოებენ. მომსახურების კონტროლი ხდება მიღება-ჩაბარების აქტებით. მოპასუხემ წერილს თან დაურთო დასახელებული მიღება-ჩაბარების აქტები; ბ) №... განცხადების მესამე და მეოთხე პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს არ გადასცა იმ საფუძველზე მითითებით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს და იურიდიული პირების კომერციულ ინფორმაციას; გ) №... განცხადების მეხუთე პუნქტის პასუხად შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს აცნობა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია 8 არასამეწარმეო იურიდიული პირი, ასევე დანართის სახით დაურთო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია; დ) №... განცხადების მეექვსე და მეშვიდე პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცემის მიზნით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს საკუთარი შემოსავალი არ გააჩნიათ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია ასახა დანართში; ე) №... განცხადების მერვე და მეცხრე პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაცემაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებს და იურიდიული პირების კომერციულ ინფორმაციას (ს.ფ 33-49); გ) შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 21 დეკემბრის №07/5449 მიმართვით ა(ა)იპ საქართველოს ...ას 2020 წლის 29 მაისის №... განცხადების პასუხად, ამავე განცხადების პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით ეცნობა, რომ ხელშეკრულების შესრულების დადასტურება ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებით (თან ერთვის). სხვა სახის კონტროლი ან დოკუმენტაციის წარმოება არ ხდება. მესამე და მეოთხე პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა ფიზიკური პირების პერსონალურ, ასევე იურიდიული პირების კომერციულ ინფორმაციას. №... განცხადების მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით მიეთითა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია 8 არასამეწარმეო იურიდიული პირი, დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გაიგზავნა დანართის სახით. №... განცხადების მეექვსე და მეშვიდე პუნქტების პასუხად აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს საკუთარი შემოსავლები არ გააჩნიათ და მათი დაფინანსება ხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართში. მერვე და მეცხრე პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის მოთხოვნისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ს.ფ 71-130).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვისას პირველ, მეორე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტში დასახელებული ინფორმაციის გამოთხოვის ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა. საბოლოოდ მხარი დაუჭირა შემდეგი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას: - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 1 იანვრიდან შესული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით მიღებული წერილობითი კორესპონდენციების ასლები, რომელთა ადრესატი არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების წარმომადგენლის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩაბარებული განცხადებების ასლები; - შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, მათ შორის, ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილობითი კორესპონდენციების ასლები, ასევე ადრესატებისათვის სხვა ნებისმიერი ფორმით გაცემული ყველა წერილობითი კორესპონდენციის ასლი, ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ; - შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ სრული ინფორმაცია - თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულება და ოდენობა თითოეული თარიღის (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით) მიხედვით 2017 წლის 1 იანვრიდან, ასევე თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი, რომელიც შესრულდა 2017 წლის 1 იანვრიდან; - ყველა ბრძანების ასლი, რომელიც გამოიცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის და ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების დირექტორების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ა(ა)იპ საქართველოს ...ას მიაწოდოს ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსების ხარჯვის შესახებ, თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულების და ოდენობის მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით), ასევე გადასცეს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდში შესრულებული თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოებს/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5).

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.” სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლი ღიად მიიჩნევს სახელმწიფო დაწესებულებებში დაცულ ოფიციალურ ინფორმაციას და ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აძლევს მათი გაცნობის შესაძლებლობას, სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციული თვითგამორკვევისა და პირის თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელოვანი პირობაა“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის №2/3/364 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მოქალაქე რუსუდან ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, ინფორმაციის თავისუფლება, როგორც ადამიანის უფლებათა შორის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური უფლება, გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია. კონვენციის მე-10 მუხლი აღიარებს ადამიანის უფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. თუმცა დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის მოცემულობიდან გამომდინარე, კონვენციის მე-10 მუხლით დაცული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, რადგან იგი შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.

საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლი, თუ ეს ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და გამოქვეყნების საკითხები წყდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უკავშირდება საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესს. იმისათვის, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე, აუცილებელია სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი. ინფორმაციის ღიაობა აქტუალური ხდება ასევე, როდესაც სუბიექტი არ ახორციელებს მმართველობით ფუნქციას, მაგრამ მისი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას არის ადმინისტრაციული ორგანო. ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოზე. ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია არის საჯარო. აღნიშნული ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების მიზნებისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრა ახალი ტერმინი - საჯარო დაწესებულება. სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს (ადმინისტრაციული ორგანო) ან მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში არის საჯარო დაწესებულება და მასზე ვრცელდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა (იხ. სუსგ 29.03.2018წ. №ბს-936-932(კ-17)).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ საქართველოს ...ის სასარგებლოდ საჯარო ინფორმაციის სახით შემდეგი ინფორმაციის გაცემის საფუძვლების არსებობა: 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსების ხარჯვის შესახებ, თავის საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დანიშნულების და ოდენობის მითითებით (თითოეულზე კალენდარული რიცხვის, თვის და წლის მითითებით), ასევე 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდში შესრულებული თითოეული საგადახდო მოთხოვნის ასლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, ხოლო მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ფინანსების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციაა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მოსარჩელე მხარეს კასატორის მიერ გადაეცა CD დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ა(ა)იპ ...ის მთლიან ბიუჯეტსა და 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ჯამურ მონაცემებს ფინანსების ხარჯვასთან მიმართებით თვეების მიხედვით; ა(ა)იპ ...ის, ა(ა)იპ ...ის ფინანსების ხარჯვის შესახებ ჯამურ ინფორმაციას 2017-2020 წლების პერიოდში თვეების მიხედვით; ა(ა)იპ ...ის, ა(ა)იპ ...ის, ა(ა)იპ ...ის, ა(ა)იპ ...ას მთლიან ბიუჯეტსა და 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ჯამურ მონაცემებს ფინანსების ხარჯვასთან მიმართებით თვეების მიხედვით; ა(ა)იპ ...ის მთლიან ბიუჯეტსა და 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ჯამურ მონაცემებს ფინანსების ხარჯვასთან მიმართებით თვეების მიხედვით; მუნიციპალიტეტის 2017-2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში ფინანსების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას; მუნიციპალიტეტის მიერ იჯარის წესით მიღებულ შემოსავალს 2017-2020 წლებში; „...ის პროგრამის“, სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფის პროგრამის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 4 და მეტი მცირეწლოვანი (18 წლამდე) ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის, დიალიზის პროგრამაში ჩართული შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ტრანსპორტის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის, გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისათვის გასაცემი ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის, 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამის, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პარკისონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის წლიურ ბიუჯეტსა და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას; შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის 2017-2020 წლების კულტურულ ღონისძიებებზე გამოყოფილ თანხებს; 2023 წლის სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმასა და საჭირო თანხას; მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის დაფინანსებას 2020 წლისათვის; 2017-2020 წლებში გამარჯვებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოებაზე გამოყოფილ თანხებს; 2017-2020 წლების სპორტულ ღონისძიებებზე გამოყოფილ თანხებს; 2017-2020 წლებში სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას; ქირით გაყვანაზე გაწეული ხარჯების ოდენობას 2017-2020 წლებში; 2017-2020 წლებში შესყიდვების შესახებ ინფორმაციას; 2017-2020 წლების სხვადასხვა სოციალური პროგრამის წლიურ ბიუჯეტსა და გაწეულ ხარჯებს; ოპერაციისა და მკურნალობის დაფინანსებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ა(ა)იპ საქართველოს ...ის თავმჯდომარის მიერ 2024 წლის 25 იანვრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სასამართლო სხდომაზე (სხდომის ოქმი 12:31). თუმცა, მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოიცავდა ჯამურ ინფორმაციას თვეების მიხედვით და არა თითოეული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას დღეების მიხედვით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის დღეების მითითებით მიღება წარმოადგენდა მისი ინტერესის საგანს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის სადავო პერიოდში განხორციელებული თითოეული ტრანზაქციის დღეების მიხედვით გადაცემის საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის მიმართ მოქმედებს ღიაობის პრეზუმფცია, თუმცა, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებამოსილება აქვს არ დააკმაყოფილოს დაინტერესებული პირის განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, როდესაც მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა ან მოთხოვნის დამუშავება გამოიწვევს გაუმართლებელ ცვლილებას ინფორმაციის მფლობელი დაწესებულების მუშაობის ორგანიზებაში, ხელს შეუშლის მის მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებას ან მოთხოვნილი ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო გამოიწვევს არაპროპორციულ, დაუსაბუთებელ ხარჯებს.

საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე (Magyar Helsinki Bizottság v. Hungary [GC], no. 18030/11, 08.11.2016) მითითებით, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ფარგლებში მოცემულ საქმეზე დაადგინა საჯარო დაწესებულების ხელთ არსებული ინფორმაციის მოთხოვნის წინაპიროები. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კონვენციის მე-10 მუხლი არ ანიჭებს პირს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის აბსოლუტურ „უფლებას და არ აკისრებს მთავრობას პირისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, გარდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო ბრძანებისა და როცა ინფორმაციაზე წვდომა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის არსებით ნაწილს. იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის გაცემაზე უარი გაუტოლდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შემოიღო ოთხკრიტერიუმიანი ტესტი, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეფასდეს ყოველი კონკრეტული სიტუაცია: ა) ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი (ხელს უწყობს თუ არა საჯარო დებატებს); ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება (არის თუ არა საჯარო ინტერესის მქონე); გ) ინფორმაციის მაძიებლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებისთვის, მისი „მიღებისა და გაცემისათვის“ (საზოგადოებრივი დარაჯი ან მსგავსი); დ) იყო თუ არა ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „სტუდია მონიტორი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივრები №44920/09 და №8942/10), სადაც სასამართლომ განმარტა: იმისათვის, რომ დადგინდეს, შეიძლება თუ არა მე-10 მუხლი გავრცელდეს ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულების უარზე, სიტუაცია უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი; ბ) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება; გ) ინფორმაციის მაძიებლის განსაკუთრებული როლი საზოგადოებისთვის მის „მიღებასა და გავრცელებაში“; დ) იყო თუ არა ინფორმაცია მზა და ხელმისაწვდომი.

საკასაციო პალატა, მოქმედი კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საჭიროებს მოპასუხე მხარისგან დიდი მოცულობის და შინაარსის ინფორმაციის შესწავლასა და დამუშავებას, რაც გამოიწვევს არაპროპორციული მატერიალური და ადამიანური რესურსის გამოყენებას, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული ინფორმაცია სრულად უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებასა და სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ საქართველოს ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა(ა)იპ საქართველოს ...ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ა(ა)იპ საქართველოს ...ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. აბუსერიძე