Facebook Twitter

საქმე №ბს-817(კ-23) 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ი.ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 25 ოქტომბერს ი.ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი დედა - ნ.გ-ა, აფხაზეთის ომის დროს იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რადგან საფრთხე შეექმნა მის სიცოცხლეს. 2009 წელს ნ.გ-ა დაბრუნდა საქართველოში შვილთან - ი.გ-სთან და დასთან - თ.ჯ-სთან ერთად. ნ.გ-ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, რომლის მიღების შემდეგ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავისთვის და არასრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სამინისტროსგან მიიღეს დაუსაბუთებელი სიტყვიერი პასუხი, რომ 2009 წელს შეჩერებული იყო პირთა დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესი. 2019 წელს ნ.გ-ამ და ი.ჯ-ამ დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კვლავ მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ნ.გ-ამ “ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე მიიღო დევნილის სტატუსი, თუმცა სააგენტოს 23.09.2019წ. №04-1564/ო ბრძანებით ი.ჯ-ას უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. სააგენტოს დასკვნით მართალია ნ.გ-ა 1992 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში, თუმცა ი.ჯ-ა ამ პერიოდში არ ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ოკუპაციის გამო არ მოუწია გადაადგილება, შესაბამისად, კანონი ზღუდავს მისთვის, როგორც ნ.გ-ას სრულწლოვანი შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ი.ჯ-ას დევნილის სტატუსი ვერ მიენიჭებოდა, რადგან მის მშობელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ი.ჯ-ას სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მოხდა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი მხოლოდ მშობლის თანხმობის საფუძველზე. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებული უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს თანასწორად მოეპყროს თანაბარ პირობებსა და მდგომარეობაში მყოფ პირებს. ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება "საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის პირველი და მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კანონის მიზნებს.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელე - ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. ი.ჯ-ამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით ი.ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი თვალსაზრისით მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-12, მე-14 , მე-15, მე-20 პუნქტებზე.

სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ - ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ ერთ - ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მისი არასრულწლოვანი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, ი.ჯ-ამ, დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ მისი დედა - ნ.გ-ა ცხოვრობდა ქ. ...ში 1992 წლის ოქტომბრამდე, ხოლო საომარი მოქმედებების გამო მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი.ჯ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს რუსეთში და აფხაზეთში არ უცხოვრია. საშუალო განათლება მიიღო რუსეთში. დაბადებიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის დრომდე ცხოვრობდა რუსეთში და ამის გამო ვერ მოახერხა დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა. პალატამ ყურადსაღებად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის დედას - ნ.გ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2019 წელს. აღნიშნული დროისათვის მოსარჩელე/აპელანტი უკვე სრულწლოვანი იყო. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების უფლებამოსილება წარმოიშობოდა მხოლოდ მშობლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების დროიდან. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო აღნიშნული უფლებით ესარგებლა მისი არასრულწლოვანების პერიოდში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარე ვერ აკმაყოფილებდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2023წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოწმის - ნ.გ-ას დაკითხვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. ი.ჯ-ამ ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინება მოწმის - ნ.გ-ას დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორმა ზემოაღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის დავალება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თუმცა გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის არგუმენტირებული მსჯელობა სააპელაციო საჩივარში ასახულ მოსაზრებებზე. საქართველოს პრეზიდენტის 01.07.2009წ. №368 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ნ.გ-ას და ი.ჯ-ას მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა. სანოტარო წესით დამოწმებულია ი.ჯ-ას მამის - გ.ჯ-ას 06.10.2009წ. განცხადება ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცხადების შესახებ. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. ზემოთითებულ გარემოებებს კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ 2009 წელს მიმართეს სამინისტროს ი.ჯ-ასთვის და ნ.გ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ თუმცა მიიღეს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი პასუხი, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერებული იყო. სააპელაციო სასამართლომ 04.04.2023წ. საოქმო განჩინებით დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმის - ნ.გ-ას დაკითხვის თაობაზე. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ი.ჯ-ას მოთხოვნა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მისი არასრულწლოვნების პერიოდში დედას - ნ.გ-ას დევნილის სტატუსი არ გააჩნდა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოებმა არასწორად განმატეს კანონი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვან პირს არ მიენიჭება დევნილის სტატუსი, მას ეს სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.ჯ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ი.ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა საკასაციო საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული 04.04.2023წ. განჩინების და ამავე თარიღის საოქმო განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ი.ჯ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელე - ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს, ი.ჯ-ამ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი დედა - ნ.გ-ა ცხოვრობდა ქ. ...ში 1992 წლის ოქტომბრამდე, ხოლო საომარი მოქმედებების გამო მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ი.ჯ-ამ მოითხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

დადგენილია, რომ 2019 წლის 11 სექტემბერს, ი.ჯ-ას ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ იგი დაიბადა ... წლის ... ...ს რუსეთში. ჰყავს დევნილი დედა - ნ.გ-ა. მისი თქმით, სააგენტოსთვის მიმართვის დრომდე ცხოვრობდა რუსეთში და ამის გამო ვერ მოახერხა დევნილის სტატუსის მიღება.

დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა დასკვნა ი.ჯ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. დასკვნის მიხედვით, ი.ჯ-ამ გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ დაიბადა ომის შემდეგ, ... წელს ...ში და აფხაზეთში არ უცხოვრია. საშუალო განათლება მიიღო რუსეთში. დაბადებიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა ქ. ...ში. ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში. აღნიშნა, რომ რუსეთში ცხოვრების გამო ვერ მოახერხა სტატუსის მინიჭების მოთხონით მიმართვა. დეპარტამენტმა განმარტა, რომ ი.ჯ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აფხაზეთში. მის ერთ-ერთ მშობელს - ნ.გ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2019 წელს. ამ პერიოდში მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო. არასრულწლოვნების პერიოდში მის მშობლებს სტატუსი არ ჰქონიათ. შესაბამისად, მასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების მე-3 პუნქტის, ამავე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 20 სექტემბრის №04-17313 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუტის მინიჭებაზე უარი ეთქვა ი.ჯ-ას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ი.ჯ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ და არ უცხოვრია აფხაზეთში. მის ერთ - ერთ მშობელს - ნ.გ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2019 წელს. ამ პერიოდში კი მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო. არასრულწლოვნების პერიოდში მის მშობლებს სტატუსი არ ჰქონიათ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კანონის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქესა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ზემოხსენებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვნებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვნობამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება.

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ „ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭება მისი შვილისთვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი პირობაა არამარტო სრულწლოვანები, არამედ შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემთხვევაშიც, თუ არასრულწლოვანების დროს ასეთი სტატუსის მიუღებლობა განაპირობა რაიმე მიზეზმა. ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესები არ გამორიცხავენ სრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ასევე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი) დევნილის სტატუსის შემძენი (სუსგ №ბს-1094(კ-22), 5.05.2023წ).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოირიცხება მისი არასრულწლოვანებისას დედის - ნ.გ-ას დევნილის სტატუსის არქონის გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. ი.ჯ-ას დედა საკუთარი უფლებების რეალიზაციისას (დევნილის სტატუსის მოთხოვნა) დროში შეზღუდული არ იყო, შესაბამისად აღნიშნულიც ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ვერ მოახდენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა მოსარჩელის მშობლისთვის - ნ.გ-ასთვის 2019 წელს დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტი, ი.ჯ-ა უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

კასატორის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოწმის - ნ.გ-ას დაკითხვასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისთვის. კასატორის მითითებით მოწმის ჩვენებით დადასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2009 წელს ნ.გ-ამ მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მისი შვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თუმცა მას ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ დევნილთა სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერებული იყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის საგნის და გამოსაყენებელი საკანონმდებლო ნორმების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, არარსებითი მნიშვნელობისაა კასატორის მიერ დასახელებული მოწმის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, ვინაიდან მას სამართლებრივი ეფექტი ვერ ექნება საქმეზე დამდგარ შედეგზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართალია გამოიყენა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, თუმცა არასწორად განმარტა იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია კასატორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას, თუმცა მოცემულ საქმეზე არ დგინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის გამოყენების საჭიროება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ჯ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება; ი.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. ი.ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 სექტემბრის №04-1564/ო ბრძანება და მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ი.ჯ-ასთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა