საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-586(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, ზ. ჯ-ის, გ. ბ-ის, დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-იმა, ნ. ჯ-იმა, ნი. ჯ-იმა, ზ. ჯ-იმა, გ. ბ-იმა და დ. მ-იმა 2019 წლის 20 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 28 ივნისის №04-1288/ო ბრძანების, №04-1287/ო ბრძანების, №04-1286/ო ბრძანების, №04-1285/ო ბრძანების, №04-1284/ო ბრძანების, №04-1283/ო ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვეს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, გ. ბ-ის, ზ. ჯ-ისა და დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, გ. ბ-ის, ზ. ჯ-ის, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
პალატამ მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-6 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასევე განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს პირის დამოკიდებულებას და მიზანს მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კერძოდ, მუდმივ საცხოვრებელ ადგილს პირი ირჩევს მისი ნების და მიზნის შესაბამისად და თუ პირი კონკრეტულ ადგილთან დროებითი სამუშაო მიზნით არის დაკავშირებული, ხოლო სხვა ფაქტორები - ოჯახი, მეურნეობა და ა.შ. სხვა ადგილს უკავშირდება, ეს არ ჩაითვლება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. საკითხზე მსჯელობის დროს მოწმის სახით გამოკითხული პირების განმარტებით დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის მიზნით ქ. ცხინვალში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად პალატის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელე მ. ჯ-ი დროებით, სამუშაოს შესრულების მიზნით იმყოფებოდა ქ. ცხინვალში, ხოლო ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობით და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო სოფელ ...თან. მიჩნეული იქნა, რომ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ომამდე ქ. ცხინვალი არ წარმოადგენდა და რომ ომის გამო, არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, გ. ბ-ის, ზ. ჯ-ის და დ. მ-ის მიერ.
კასატორთა წარმომადგენელი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ 2009 წლის 15 ივლისს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ 2009 წლის 2 ივლისის N6 ოქმის საფუძველზე გასცა N437/02 ცნობა მ. ჯ-ის და მისი შვილების, ნ., ნი. და ზ. ჯ-იების 1991 წელს ქ.ცხინვალში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. მიუთითებს, რომ სწორედ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მიენიჭათ იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი. კასატორის განმარტებით, 2019 წელს თ. ც-ეის განცხადების საფუძველზე დაიწყო მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება და შედეგად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ახალი ადმინისტრაციული აქტი დევნილის სტატუსის გაუქმების შესახებ. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თ. ც-ე არ წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, ვინაიდან გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენდა მის კანონიერ ინტერესზე. განმარტავს, რომ 2019 წლის 28 ივნისის ადმინისტრაციული წარმოება იყო როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის ხელახალი შესწავლა - განხილვა. აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ დარღვეულია ადმინისტრაციული აქტების მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ასევე მიიჩნევს, რომ არ არის დაცული საკითხის აღძვრის ხუთწლიანი ვადა. ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა მიერ გაკეთებულ ახსნა - განმარტებებზე და მიიჩნევს, რომ არასწორად იქნა შეფასებული მათი ჩვენებები ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, ზ. ჯ-ის, გ. ბ-ის და დ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ჯ-ის მიენიჭა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ქალაქ ცხინვალში, ...ს ქ. N...-ში მუდმივად ცხოვრების გამო. მას ჰყავს შვილები ნ. ჯ-ი, ნი. ჯ-ი, ზ. ჯ-ი და შვილიშვილები დ. მ-ი და გ. ბ-ი.
2019 წლის 22 აპრილს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა მოქალაქე თ. ც-ემ, მიუთითა, რომ არის დევნილი ქ. ცხინვალიდან, ამასთან ქალაქ ცხინვალში, ...ს ქ. N...-ში ცხოვრობდა ბიძასთან ერთად. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მისამართზე დარეგისტრირებულია და სარგებლობს დევნილის სტატუსით მისთვის უცნობი პიროვნება მ. ჯ-ი. თ. ც-ე აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ის არ უცხოვრია ამ მისამართზე და მას არ იცნობს, არც თვითონ და არც მისი ბიძაშვილები.
დადგენილია, რომ 2019 წლის 30 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, სადაც მიუთითა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესწავლის შემდგომ, არ დასტურდება მ. ჯ-ისა და მისი ოჯახის წევრების ქ. ცხინვალში, ...ს ქ. N...-ში 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრებისა და საკუთრების ფლობის ფაქტი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩატარდა მოსარჩელე მ. ჯ-ის გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს ქ. გორში. 1972-83 წლებში სწავლობდა გორის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. 1984-86 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. 1990 წელს დაოჯახდა ცხინვალში. 1987-1990 წლებში მუშაობდა ქალაქ ცხინვალში ...ად. აღნიშნავს, რომ ცხინვალში ცხოვრობდა მარტო ნ. ც-ეის (ახლობლის) საკუთრებაში. ქ. ცხინვალში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ორ სართულიანი სახლის ნახევარი ეკუთვნოდა ნ. ც-ეეს, ხოლო, მეორე ნახევარი მის ძმას და ძმის შვილებს, რომლებსაც არ იცნობს. თავად ახლობლობდა ნ. ც-ეესთან და რჩებოდა მის სახლში. 1987 წლიდან, ასევე, ჩაწერილია ამ მისამართზე. ქ. ცხინვალი დატოვა 1990 წელს. მისი ცხინვალში მუშაობის დროს მშობლები ცხოვრობდნენ სოფ. ...ში, საკუთარ სახლში. მ. ჯ-იმა 1991 წლიდან გააგრძელა მუშაობა მშენებლობაზე ქალაქ ცხინვალში და მუშაობდა 2008 წლამდე. ამ პერიოდში ...ს ქ. N...-ში მდებარე სახლი უკვე გაძარცვული იყო და ამ სახლში არ უცხოვრია. ცხოვრობდა ქირით, მისამართი და სახლის მეპატრონე არ ახსოვს. ცხინვალში 2008 წლამდე მუშაობის და ცხოვრების დროს არ ჰქონია პრობლემები ე.წ. ადმინისტრაციასთან. ამჟამად ცხოვრობს სოფ. ...ში მეუღლესთან და შვილთან ერთად მამიდის საკუთრებაში, რომელიც დროებით დაუთმო.
დადგენილია, რომ წარმოების ეტაპზე მიწოდებული აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელეებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ - ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნებისთვის საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მხარის მიერ გაკეთებულ განმარტებებზე, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხული პირების ჩვენებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მ. ჯ-ი დაიბადა ... წელს ქ. გორში; 1972-83 წლებში სწავლობდა გორის რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში; 1984-86 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში; 1990 წელს დაოჯახდა ცხინვალში; 1987-1990 წლებში მუშაობდა ...ად ქალაქ ცხინვალში; ცხინვალში ცხოვრობდა მარტო ნ. ც-ეის (ახლობლის) საკუთრებაში; ქ. ცხინვალში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ორ სართულიანი სახლის ნახევარი ეკუთვნოდა ნ. ც-ეეს, ხოლო, მეორე ნახევარი მის ძმას და ძმის შვილებს, რომლებსაც არ იცნობს; თავად ახლობლობდა ნ. ც-ეესთან და რჩებოდა მის სახლში; 1987 წლიდან, ასევე, ჩაწერილია ამ მისამართზე. ქ. ცხინვალი დატოვა 1990 წელს; ცხინვალში მუშაობის დროს მშობლები ცხოვრობდნენ სოფ. ...ში, საკუთარ სახლში; 1991 წლიდან გააგრძელა მუშაობა მშენებლობაზე ქალაქ ცხინვალში და მუშაობდა 2008 წლამდე.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ ქ. ცხინვალში, ...ს ქ. N... არ იყო ის ადგილი, სადაც მოსარჩელე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწეოდა. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან ცხინვალში განვითარებული მოვლენების შედეგად იძულებით დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც იძულებით გადაადგილებულად - დევნილად მიჩნევისათვის აუცილებელი კანონისმიერი პირობაა, შესაბამისად, გამოირიცხება სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ - ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს პირის დამოკიდებულებას და მიზანს მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კერძოდ, მუდმივ საცხოვრებელ ადგილს პირი ირჩევს მისი ნების და მიზნის შესაბამისად და თუ პირი კონკრეტულ ადგილთან დროებითი სამუშაო მიზნით არის დაკავშირებული, ხოლო სხვა ფაქტორები - ოჯახი, მეურნეობა და ა.შ. სხვა ადგილს უკავშირდება, ეს არ ჩაითვლება მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა პირებმა - ე. ჭ-ემ და მ. დ-ემ დაადასტურეს მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის მიზნით ქ. ცხინვალში ყოფნის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ კასატორ მ. ჯ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე ქ. ცხინვალი არ წარმოადგენდა, იგი დროებით, სამუშაოს შესრულების მიზნით იმყოფებოდა ქ. ცხინვალში; ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობით და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო სოფელ ...თან. შესაბამისად, მ. ჯ-ი ომის გამო, არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, ზ. ჯ-ის, გ. ბ-ის, დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორთა წარმომადგენლის მიერ, 2023 წლის 24 მაისს წარმოდგენილ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი დავა ეხება სახელმწიფო სოციალურ დაცვას და შესაბამისად სასკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, ნი. ჯ-ის, ზ. ჯ-ის, გ. ბ-ის, დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე