Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-327(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ფ. ჯ-ა, კ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

თავდაპირველი მოსარჩელეები - გ. კ-ე, ნ. ბ-ი, ს. ბ-ი, მ. შ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 4 მაისს კ. ჩ-ემ, ფ. ჯ-ამ, გ. კ-ემ, სვეტლანა ბადოიანმა, ნ. ბ-მა და მ. შ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის N003167, N003168, N003164, N003165, N002767, N003166 დადგენილებებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის N590 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ქმედებები უკანონოა, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ისე გამოიცა სადავო დადგენილებები, რომ არ გამოკვლეულა საქმის გარემოებები, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო დადგენილებების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების პირობებში, არ უნდა დაწყებულიყო სააღსრულებო წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ს. ბ-ის, ნ. ბ-ის, კ. ჩ-ის და მ. შ-ის შუამდგომლობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის N003167, N003168, N003164, N003165, N003166, N002767 დადგენილებების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის განჩინებით ფ. ჯ-ას, გ. კ-ეს, ს. ბ-ის, ნ. ბ-ის, კ. ჩ-ის და მ. შ-ის შუამდგომლობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 21 მარტის სააღსრულებო ფურცლების მოქმედების შეჩერებისა და მათ საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოებების (N-A18035523-004/002, N-A18035525-004/006, N-A18035527-004/003, NA18035531-004/003, N-A18035534-004/003, N-A18035535-004/004) შეჩერების თაობაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ს. ბ-ის, ნ. ბ-ის, კ. ჩ-ის და მ. შ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ნაწილში, მოქმედების შეჩერების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი განჩინება; ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ს. ბ-ის, ნ. ბ-ის, კ. ჩ-ის და მ. შ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ნაწილში მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ის, ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ს. ბ-ის, ნ. ბ-ისა და მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14, მე-15, 25-ე, 251, 44-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ უდავოდაა დადგენილი მოსარჩელეების მიერ №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობების განთავსების ფაქტები, აღნიშნულს სადავოდ არ ხდიან თავად მოსარჩელეებიც. იმ პირობებში, როდესაც, როგორც დათვალიერების ოქმების შედგენისას, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოსარჩელეები ადასტურებდნენ შენობა-ნაგებობების მათ მიერ აშენების ფაქტს და გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, მათ მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულება, სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული პოზიცია დაკავებული შენობების კეთილმოწყობასთან მიმართებით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონო შენობა - ნაგებობებზე განხორციელებული რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის საფუძველზე განიხილება მშენებლობად, რომლებსაც ესაჭიროება შესაბამისი ნებართვა ან ამავე დადგენილების 65-ე მუხლით გათვალიწინებული თანხმობა, რაც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. სასამართლომ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე არ მიიჩნია მოსარჩელეთა მითითება მძიმე მატერიალური მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დასახელებული საფუძვლით სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამარლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის N003167, N003168, N003164, N003166, N003165 და N002767 დადგენილებების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ სადავო აქტები დემონტაჟის ნაწილში უკვე აღსრულებულია. რაც შეეხება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის №590 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სამართლებრივი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის №590 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა - კ. ჩ-ემ, ფ. ჯ-ამ, გ. კ-ემ, ნ. ბ-მა და მ. შ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კ. ჩ-ის, ფ. ჯ-ას, გ. კ-ისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მოსარჩელეთა მიმართ მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების კანონიერება. პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15, 25-ე, 251, 44-ე მუხლებზე, სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო სახდელის დაკისრების მიზანს ჩადენილი გადაცდომისათვის სუბიექტის დასჯა, მისი გამოსწორება და, ამავდროულად, მისი თუ სხვა პირთა მხრიდან გადაცდომათა სამომავლო ჩადენის პრევენცია წარმოადგენს. ამდენად, დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის შესაბამისი სახდელის - ჯარიმის მოსარჩელეთათვის დაკისრება და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟს დაქვემდებარება განხორციელდა კანონიერად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ნორმათა შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებები ჯარიმისა და დემონტაჟის თაობაზე კანონიერად იქნა მიჩნეული, პალატის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის №590 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნაც, ვინაიდან როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ფ. ჯ-ას, გ. კ-ის, ნ. ბ-ის და კ. ჩ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ჩ-ემ, ფ. ჯ-ამ, გ. კ-ემ და ნ. ბ-მა.

კასატორები ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მათი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლებას მოითხოვენ. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის მხედველობის მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ კ. ჩ-ე და ფ. ჯ-ა გათავისუფლებულები არიან 2019 წლამდე წარმოშობილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდისაგან. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო შენობა-ნაგებობების I კლასის შენობა-ნაგებობად მიჩნევის პირობებში, მათი მშენებლობის დროს არსებული კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოსათვის შეტყობინების აუცილებლობა. კასატორების მითითებით, ისინი, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ დაკისრებული ჯარიმის გადახდას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი კ. ჩ-ისა და ფ. ჯ-ას ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ნ. ბ-ისა და გ. კ-ის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის ნაწილში, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების - ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის მოთხოვნებს წარმოადგენდა „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ფ. ჯ-ას დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილების, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კ. ჩ-ის დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003165 დადგენილებისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის N590 ბრძანების ბათილად ცნობა.

კ. ჩ-ის მოთხოვნის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N4, საერთო ფართი 18 767 კვ.მ, საკადასტრო კოდი - ....

2017 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კ. ჩ-ის მიმართ შედგენილ იქნა მითითება N003165, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის N4-ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს.კ: ...) დაფიქსირდა კ. ჩ-ის მიერ კაპიტალური შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი. ამავე მითითებით კ. ჩ-ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა 07 კალენდარული დღის ვადაში ან ობიექტის დემონტაჟი, უსაფრთხოების წესების დაცვით.

2017 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კ. ჩ-ის მიმართ შედგენილ იქნა N003165 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003165 მითითების პირობები კ. ჩ-ის მიერ არ იქნა შესრულებული.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 16 თებერვლის N156 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2018 წლის 16 თებერვალს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებით დადგინდა, რომ მხარის მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003165 მითითებით განსაზღვრული პირობები.

„სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კ. ჩ-ის დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003165 დადგენილებით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, კ. ჩ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

ფ. ჯ-ას მოთხოვნის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაშია ქ. თბილისი, ...ის ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე უძრავი ნივთი, საერთო ფართი 3229 კვ.მ, შენობა ნაგებობა N1 (67.95 კვ.მ) საკადასტრო კოდი - ....

2017 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ფ. ჯ-ას მიმართ შედგენილ იქნა მითითება N003167, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს.კ: ...) დაფიქსირდა ფ. ჯ-ას მიერ კაპიტალური შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი. ამავე მითითებით ფ. ჯ-ას დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა 07 კალენდარული დღის ვადაში ან ობიექტის დემონტაჟი, უსაფრთხოების წესების დაცვით.

2017 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ფ. ჯ-ას მიმართ შედგენილ იქნა N003167 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003167 მითითების პირობები ფ. ჯ-ას მიერ არ იქნა შესრულებული.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 16 თებერვლის N157 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2018 წლის 16 თებერვალს ობიექტის ხელმეორედ გადამოწმებით დადგინდა, რომ მხარის მიერ არ შესრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003167 მითითებით განსაზღვრული პირობები.

„სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ფ. ჯ-ას დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილებით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, ფ. ჯ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003167 მითითება, „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ფ. ჯ-ას დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 დეკემბრის N003165 მითითება და „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კ. ჩ-ის დაჯარიმებისა და აშენებული კაპიტალური ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003165 დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს კ. ჩ-ემ და ფ. ჯ-ამ. საჩივარში აღნიშნულია, რომ უნებართვოდ განხორციელებული ნაგებობების მშენებლობა 2006 წელს დაიწყო, მოსარჩელეები წარმოადგენენ უსახლკაროებს და ითხოვენ ზემოაღნიშნული აქტების ბათილად ცნობას.

„ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ნოემბრის N590 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა კ. ჩ-ის და ფ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003165 დადგენილებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 მარტის №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); რეკონსტრუქცია; რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დემონტაჟი; ლანდშაფტური მშენებლობა; დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

განსახილველ საქმეში უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...ის N4-ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს.კ: ...) და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს.კ: ...) განხორციელებული მშენებლობები ნაწარმოებია შესაბამისი ნებართვის გარეშე.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო დადგენილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული, კ. ჩ-ის მიერ 2017 წლის 11 დეკემბერს გაკეთებული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ...ის ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე კ. ჩ-ის მიერ ნებართვის გარეშე განხორციელდა ერთსართულიანი შენობის მშენებლობა (იხ. ტ.1, ს.ფ.297). აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 13 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა კ. ჩ-ის წარმომადგენელი ხ. ხ-ა, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ მშენებლობა განხორციელებულია კ. ჩ-ის მიერ ადრეულ წლებში, იგი არ გეგმავდა დემონტაჟს, სურდა შენობის დაკანონება. ამასთან, საქმეში დაცული ფ. ჯ-ას ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ...ის ქუჩის მოპირდაპირედ ფ. ჯ-ას მიერ განხორციელდა შენობის მშენებლობა (იხ. ტ.3, ს.ფ.119). აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 13 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ფ. ჯ-ას წარმომადგენელი ხ. ხ-ა, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ მშენებლობა განხორციელებულია ფ. ჯ-ას მიერ ადრეულ წლებში, იგი არ გეგმავდა დემონტაჟს, სურდა შენობის დაკანონება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირებს წარმოადგენენ კასატორები - კ. ჩ-ე და ფ. ჯ-ა.

დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დაცულ „სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ“ 2018 წლის 07 მაისის ოქმებზე, რომელთა შესაბამისად, განხორციელდა ფ. ჯ-ასა და კ. ჩ-ის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის დემონტაჟი (იხ. ტ.1, ს.ფ.135-137, ს.ფ. 150-152). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დემონტაჟის დავალების ნაწილშიც არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების საფუძველი, რამეთუ ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის მიერ განხორციელებული სადავო შენობა-ნაგებობები დემონტირებულია, შესაბამისად გასაჩივრებული აქტები დემონტაჟის ნაწილში აღსრულებულია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.

საქმის მასალებით დადასტურებულად არის ცნობილი, რომ სადავო მშენებლობები განხორციელებულია 2019 წლის 15 იანვრამდე, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003165 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილებები გასაჩივრებულია და ჯარიმის დაკისრების ნაწილში ჯერ არ არის აღსრულებული. ამასთან, საქმეში დაცული 2019 წლის 14 აგვისტოს და 2019 წლის 07 აგვისტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ ფ. ჯ-ა და კ. ჩ-ე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია (ფ. ჯ-ა - 99 000 სარეიტინგო ქულა, კ. ჩ-ე - 7 990 სარეიტინგო ქულა).

ამდენად, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფ. ჯ-ა და კ. ჩ-ე უნდა გათავისუფლდნენ მათთვის დაკისრებული ჯარიმებისგან.

რაც შეეხება სადავო აქტებს დემონტაჟის ნაწილში, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება დემონტაჟზე და კანონით გათვალისწინებულ პირებს მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუმცა მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც ბაჟის გადახდა სარჩელის წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობაა. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. განსახილველ დავაში კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც გამორიცხავდა სარჩელის წარდგენისას მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას, თუმცა მათ მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100-100 ლარის ოდენობით (იხ.ტ.1, ს.ფ. 96,88). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები - ფ. ჯ-ა და კ. ჩ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან, მათ მიერ ბაჟის შეცდომით გადახდა იწვევს გადახდილი თანხის არა მოპასუხისათვის დაკისრებას, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი 100-100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411–ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის დაჯარიმების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ფ. ჯ-ას და კ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ფ. ჯ-ა გათავისუფლდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საურავის (ჯარიმის გადაუხდელობის გამო) გადახდისაგან;

5. კ. ჩ-ე გათავისუფლდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 თებერვლის №003167 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმისა და არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საურავის (ჯარიმის გადაუხდელობის გამო) გადახდისაგან;

6. სხვა ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, დემონტაჟის ნაწილში;

8. ფ. ჯ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 2018 წლის 04 მაისს N0 საგადახდო დავალებით ხ. ხ-ას (პ/ნ: ...) მიერ ფ. ჯ-ას სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

9. კ. ჩ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს 2018 წლის 04 მაისს N0 საგადახდო დავალებით ხ. ხ-ას (პ/ნ: ...) მიერ კ. ჩ-ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე