Facebook Twitter

№ბს-486(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ე. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჯ-მა 2021 წლის 29 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. დაზუსტებული სარჩელით (19.11.2021წ.) მოსარჩელემ მოპასუხეებად მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ „პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ე. ჯ-ის განცხადების საფუძველზე მისთვის პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და სახელმწიფო პენსიის დანიშვნა მოითხოვა. ამავე ცენტრმა განმცხადებელს უარი უთხრა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უნდა წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებდა პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც ითვლებოდა. განცხადებაზე დანართის სახით წარდგენილი, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო საიტიდან ამობეჭდილი, ნოტარიულად დამოწმებული „პენსიის შესახებ“ კანონი კი ვერ გახდებოდა მისთვის პენსიის დანიშვნის საფუძველი. აღნიშნული უარი მოსარჩელემ ზემდგომ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უდავოდ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი არათუ არ იღებდა პენსიას იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლებოდა, არამედ საერთოდ არ გააჩნდა პენსიის მიღების უფლება 65 წლის ასაკის მიღწევამდე. შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტი - დიდი ბრიტანეთის „პენსიის შესახებ“ კანონი, სრულიად შეესაბამებოდა „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ „ცნობას“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო აქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის განცხადების წარდგენის მომენტიდან პენსიის დანიშვნა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჯ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, ქალაქ თბილისში. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს №... პასპორტის მიხედვით კი, დასტურდება, რომ ე. ჯ-ის, როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ, 2014 წლის 11 ნოემბერს გაიცა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 წერილით ე. ჯ-ს, მისი 2021 წლის 25 მაისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ განცხადებაზე დანართის სახით წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო საიტიდან ამობეჭდილი, ნოტარიულად დამოწმებული „პენსიის შესახებ“ კანონი ვერ გახდებოდა განმცხადებლისთვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ე. ჯ-ის მოთხოვნა პენსიის დანიშვნაზე არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 22 ივნისს ე. ჯ-მა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და განმცხადებლისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილებით ე. ჯ-ს უარი ეთქვა 2021 წლის 22 ივნისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ასევე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. დასახელებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. სწორედ აღნიშნულ დანაწესს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლისათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმისას და განმარტა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მოთხოვნებს.

საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ე. ჯ-ს არც ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას და არც სასამართლოში არ წარუდგენია ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ იგი არ იღებს პენსიას მეორე ქვეყანაში - დიდ ბრიტანეთში, რომლის მოქალაქედაც ითვლება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთის პენსიის შესახებ კანონის თარგმანი ვერ იქნებოდა მიღებული მხედველობაში, ვინაიდან სახელმწიფო პენსიის მოთხოვნისას პირი ვალდებულია ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონითა და მის შესასრულებლად გამოცემული სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების შესაბამისი ნორმებით. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. დაუსაბუთებელი იყო ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე მათ მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო დანაწესი, ერთი შეხედვით, მარტივად გადამოწმებად კრიტერიუმს ადგენს და ამ თვალსაზრისით ივარაუდება, რომ შესაბამისი ასაკის მიღწევამდე იგი ვერ იქნება პენსიის მიმღები ბრიტანეთში, თუმცა არსებობს პრინციპული განსხვავება მითითებულ საკანონმდებლო ნორმასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს - ცნობას შორის. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, „ცნობის“ დეფინიციაში უცხო ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციის თარგმანის მოაზრება გაუმართლებელია, ვინაიდან, საკანონმდებლო ნორმის ცვლილებაუნარიანობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომის გამოყენება, ერთი მხრივ, ავტომატურად ნიშნავს სააგენტოს დავალდებულებას, მუდმივად ახორციელებდეს უცხო ქვეყნის სახელმწიფოთა საკანონმდებლო ნორმების შესწავლასა და შესაძლო ცვლილებების მონიტორინგს, მეორე მხრივ კი, აპელანტის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო აქტში ზოგადი კრიტერიუმის შემცველი ნორმის არსებობა, ვერ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ იმავე ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არსებობს დათქმები, რომლითაც სხვადასხვა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ზოგადი წესისაგან განსხვავებული მოწესრიგება იყოს დადგენილი. ამგვარი მიდგომით, სააგენტო იძულებული გახდებოდა, შეესწავლა ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, მისი ზოგადი და საგამონაკლისო შემთხვევებით, თვალი ედევნებინა შესაძლო ცვლილებებისათვის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ დაედგინა, კონკრეტულ დროს, კონკრეტული პირი ექცეოდა თუ არა პენსიის მიღების უფლების მქონეთა შორის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი მიდგომა დაკავშირებული იქნებოდა განუსაზღვრელი და არაგონივრული დამატებითი რესურსის საჭიროებასთან.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და შემდგომში სასამართლოში წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტის დებულებების თარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი არ ასახავდა ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ფაქტის კონსტატაციის შესახებ, რომელიც ინდივიდუალურად უკავშირდებოდა აპელანტს. ამდენად, იგი მიჩნეული ვერ იქნებოდა ზემოთ მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის ეკვივალენტურ დოკუმენტად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია ქალებისათვის 60 წლის ასაკის მიღწევა და გარდაცვალებამდე კანონით მინიჭებული ამ უფლების წართმევა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს. ე. ჯ-ი დაბადებულია 1961 წლის 3 თებერვალს, შესაბამისად, იგი, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპენსიო ასაკს მიღწეული პირია, რაც იმას გულისხმობს, რომ განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პენსიის მიღების უფლება აქვს. ამასთანავე, განმცხადებელი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, ასევე არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. დიდი ბრიტანეთის 1995 წლის „პენსიების შესახებ“ კანონის თანახმად კი, 1955 წლის 5 აპრილის შემდეგ დაბადებული ქალი საპენსიო ასაკს აღწევს, როდესაც მას შეუსრულდება 65 წელი. შესაბამისად, განმცხადებელს მითითებული კანონის თანახმად, 65 წლის ასაკის მიღწევამდე არ გააჩნია დიდ ბრიტანეთში პენსიის მიღების უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამოიწვია „ცნობის“ ფორმამ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს საკანონმდებლო აქტებში კონკრეტულად არაა განმარტებული და მითითებული, რა ტიპის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს „ცნობა“, ან რა ფორმის უნდა იყოს იგი. აქედან გამომდინარე, იმ საკითხის დასადგენად, აკმაყოფილებდა თუ არა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტი მოთხოვნილი „ცნობის“ სტანდარტებს, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ზოგადად კანონმდებლის მიზანზე, თუ რამ გამოიწვია პენსიის მაძიებლისათვის „ცნობის“ წარმოდგენის დავალდებულება და რა ფორმით იქნა იგი ასახული სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული არგუმენტები კი არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კონკრეტული „ცნობის“ წარდგენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზანი უფრო მეტად იქნებოდა მიღწეული/დაცული, ვიდრე განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტით.

რაც შეეხება სააპელაციო პალატის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო აქტში ზოგადი ნორმის არსებობა, ვერ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ იმავე ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არსებობდა დათქმები, რომლითაც, შესაძლოა, ზოგადი წესისაგან განსხვავებული მოწესრიგება ყოფილიყო დადგენილი, კასატორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან კანონის დანაწესი ეხება/მოიცავს/გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან პენსიის მიღების საკითხს და არა სხვადასხვა ტიპის შემწეობებსა თუ სოციალურ დახმარებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიაწოდა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ, წარადგინა იმ ქვეყნის კანონი „პენსიის შესახებ“, რომლის მოქალაქედაც ითვლება იგი. აღნიშნული დოკუმენტი თარგმნილი და დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. ასევე, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია ფაქტი, რომლის მიხედვითაც განმცხადებლის მიერ წარდგენილი კანონი შეესაბამება დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ვებგვერდზე განთავსებულ ვერსიას. აღნიშნული კანონის ნამდვილობის საკითხი ან/და მისი შინაარსი კი სადავოდ არ გაუხდია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. დასახელებული კანონის მიხედვით, განმცხადებელი არათუ პენსიას არ იღებს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქედაც ითვლება იგი, არამედ მას საერთოდ არ გააჩნია პენსიის მიღების უფლება 65 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ე. ჯ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, ქალაქ თბილისში. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს №... პასპორტის მიხედვით კი, დასტურდება, რომ ე. ჯ-ის, როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ, 2014 წლის 11 ნოემბერს გაიცა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი. ამრიგად, მოსარჩელე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკს მიღწეული პირი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ჯ-მა, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 წერილობითი პასუხით უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე, ვინაიდან „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს უნდა წარედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. აღნიშნული ცნობა კი მას არ წარუდგენია. ამასთან, ცენტრმა მიუთითა, რომ განცხადებაზე დანართის სახით წარდგენილი, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო საიტიდან ამობეჭდილი, ნოტარიულად დამოწმებული „პენსიის შესახებ“ კანონი ვერ გახდებოდა განმცხადებლისთვის პენსიის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი. ე. ჯ-მა 2021 წლის 22 ივნისს ადმინისტრაციული საჩივარი წარადაგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ამავე სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და განმცხადებლისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა. თავის მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილებით ე. ჯ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რომლებითაც ე. ჯ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობის საფუძვლით. სწორედ ამიტომ, პირველ ყოვლისა, შესაფასებელია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი რამდენად ქმნიდა პენსიის დანიშვნის საფუძველს და ამ დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა გამორიცხავდა თუ არა კანონით მოთხოვნილი ცნობის წარდგენის აუცილებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო ამავე ქარტიის მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რაც შეიძლება დიდხანს. მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ, იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სოციალური სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. დასახელებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.

პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა დაერთოს მაძიებლის მომართვის შემთხვევაში - მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ის არ იღებს პენსიას მეორე ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენისას სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა დამატებითი დოკუმენტის - ცნობის წარდგენას იმის შესახებ, რომ პირი არ იღებს პენსიას იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქედაც იგი ითვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში პენსია არ დაინიშნებოდა.

განსახილველ შემთხვევაში, პენსიის დანიშვნის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განმცხადებლის მიერ დანართის სახით წარდგენილი, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო საიტიდან ამობეჭდილი, ნოტარიულად დამოწმებული „პენსიის შესახებ“ კანონის არსებობის პირობებში, რამდენად არსებობდა მოთხოვნილი ცნობის დამატებით წარდგენის აუცილებლობა, რამეთუ დასახელებული კანონი უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1955 წლის 5 აპრილის შემდეგ დაბადებული ქალი საპენსიო ასაკს აღწევს მხოლოდ 65 წლის შესრულების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის მიხედვით კი დადასტურებულია, რომ ე. ჯ-ი დაბადებულია 1961 წლის 3 თებერვალს და დღეის მდგომარეობით ის არ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის „პენსიის შესახებ“ კანონის სუბიექტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის „პენსიის შესახებ“ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის არსებობის მიუხედავად, მოპასუხემ არც სადავო გადაწყვეტილების მიღებისას და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს არ გამოიკვლია და არ შეაფასა უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, განსაკუთრებით ის, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, ე. ჯ-ი საერთოდ არ წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რა სახის ცნობის წარდგენა შეეძლო მას. საკასაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოები ფორმალურად მიუდგნენ მოცემულ საკითხს და განმცხადებლისგან მოითხოვეს ისეთი ცნობის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა განმცხადებლის მიერ უცხო ქვეყანაში პენსიის მიუღებლობის ფაქტს, მაშინ, როდესაც აღნიშნულ გარემოებას წარდგენილი კანონი უდავოდ ადასტურებდა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს წარდგენილი დოკუმენტის ავთენტურობა და მოქმედება სადავოდ არ გაუხდია არც ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას და არც საქმის სასამართლოში განხილვისას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, მოპასუხემ, როგორც შესაბამისი უფლება-მოვალეობების მქონე სუბიექტმა, უნდა უზრუნველყოს საკითხის შემდგომი შესწავლა, სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება, რათა ზუსტად განსაზღვროს მხარისათვის კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და მიღების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ყურადღება არ იქნა გამახვილებული. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც საფუძვლად დაედო ე. ჯ-ისთვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმას, დღეის მდგომარეობით გაუქმებულია და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის ამგვარი ცნობის წარდგენა საერთოდ არ წარმოადგენს მხარის ვალდებულებას (ამოღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-40/ნ ბრძანებით, 2022 წლის 13 მაისს). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, განცხადების წარდგენისას მოქმედებდა კანონი, რომელიც განმცხადებელს კონკრეტული ცნობის წარდგენას ავალდებულებდა, თუმცა დღეის მდგომარეობით ვითარება შეცვლილია და საკითხის ხელახლა განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის ცვლილება მხედველობაში უნდა მიიღოს. საკასაციო პალატა აგრეთვე აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური კანონიერების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი აგრეთვე მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ გამოცემის საფუძვლებზე მითითებას, არამედ სარწმუნოდ უნდა ასაბუთებდეს აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს. დასაბუთებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინა გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასაც უწყობს ხელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ე. ჯ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. დადგენილია, რომ ე. ჯ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 257-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 4 ოქტომბრის №04/9967 გადაწყვეტილება ე. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 2 ივნისის №04-00-ი/5680 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამავე ცენტრს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პენსიის დანიშვნის შესახებ ე. ჯ-ის განცხადებასთან დაკავშირებით;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა