Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-761(კ-22) 20 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

პროცესუალური მოწინააღმდეგე - ხ.ჯ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ.ჯ-მა 2021 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მოპასუხის 2020 წლის 6 ნოემბრის №გ-11.482031111 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლიდან დღემდე ოჯახთან ერთად ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით მასზე განთავსებულ შენობასთან ერთად, რომელიც მდებარეობს წყალტუბოს რაიონში, სოფ. ...ში. ნაკვეთზე განთავსებულია როგორც ...ის, ისე ...ის მცირე ფერმა. შესაბამისად, აღნიშნული შენობის არსებობა წარმოშობდა კანონიერ უფლებას მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებისთვის. ხ.ჯ-მა 2020 წლის მარტში წარადგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში, რომელმაც, კანონის შესაბამისად, მასალები გადაუგზავნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიამ 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულებით მიწის ნაკვეთზე აღიარა საკუთრების უფლება ხ.ჯ-ის სასარგებლოდ. აღნიშნული განკარგულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, საქმის წარმოების პროცესში მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ვინაიდან აღნიშნული ნაკვეთის უდიდესი ნაწილი ინვენტარიზაციის ფარგლებში უკვე რეგისტრირებული იყო (ელ. ვერსიით) სახელმწიფოს საკუთრებაში. საქმისწარმოების პროცესში, ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მათ მიერ მიღებული კანონიერი განკარგულების გაუქმება, იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სახელმწიფო დანიშნულების ობიექტი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ჯერ კიდევ 2001 წლამდე ტერიტორია იყო სრულიად აუთვისებელი. 2001 წელს ხ.ჯ-მა ოჯახთან ერთად ააშენა შენობა და დაიწყო მისი გამოყენება საჭიროებისამებრ. მოსარჩელის მოსაზრებით საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების გადახედვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ზედაპირულად, ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მოპასუხე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და დაუსაბუთებლობის მოტივით მისი უარყოფა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის №გ.11.482031111 განკარგულება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 29 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №93 განკარგულებით აღიარებულ იქნა ხ.ჯ-ის საკუთრების უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან (განაშენიანების ფართი 374,09 კვ.მ. 02/1, დამხმარე ნაგებობა - განაშენიანების ფართი - 23,86 კვ.მ) ერთად. კომისიის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

სასამართლოს მითითებით, 2020 წლის 2 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა და განმარტა, რომ უძრავი ქონება ს/კ ... რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად, შესაბამისად მიიჩნია, რომ 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, შესაბამისად განკარგულების კანონიერების საკითხის შესწავლა მოითხოვა. წყალტუბოში, სოფელი ...ში მდებარე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობი: 1220 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01-279,63 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხებოდა სახელმწიფო სახელზე (უფლების დამდგენი დოკუმენტი: 17.03.2016 წლის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის №1/3-603 ბრძანება).

კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმის გამო, რომ ხ.ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (1700 კვ.მ) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ..., 1220 კვ.მ), 2020 წლის 6 ნოემბერს გამოსცა №გ-11.482031111 განკარგულება, რომლითაც ბათილად ცნო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების №49 მოწმობა.

სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება; ამასთან, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი.

კოლეგიის მითითებით, საქმის არსებითი განხილვის დროს უტყუარად იქნა დადგენილი, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ფლობდა ხ.ჯ-ი, არ იყო განთავსებული შენობა, ტერიტორია იყო დაჭაობებული, ნაკვეთი სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებადი გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა ჭაობის დაშრობა და მოსახლეობამ ტერიტორიის გამოყენება დაიწყო სახნავ-სათესად. დღევანდელი მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები აშენებული იყო მოსარჩელის ოჯახის მიერ, რაც დასტურდებოდა მოწმეთა განმარტებებით. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების არსებობის ფაქტს, ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 17.03.2016წ. №1/3-603 ბრძანებაზე და საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლებშიც არ იყო მითითებული იმის შესახებ, რომ ხსენებული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს. ამასთან, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები ერთხმად ადასტურებდნენ, რომ ხ.ჯ-ის ოჯახი წლებია იყენებდა სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებას საოჯახო მეურნეობისთვის და მასზე განთავსებული ორივე შენობა აშენებული იყო ჯ-ის ოჯახის მიერ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვარს, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე, ვერ გახდებოდა 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულების და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ ხ.ჯ-ი ოჯახთან ერთად 2000 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელიც მდებარეობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში. ამავე ნაკვეთზე განთავსებული იყო მისი ოჯახის მიერ აგებული შენობა-ნაგებობები, რომელსაც იყენებდა საოჯახო ბიზნესის დანიშნულებით, კერძოდ, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ...ისა და ...ის მცირე ფერმა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებული იქნა თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, როდესაც ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება ხ.ჯ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამორკვეული იქნა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხ.ჯ-ს 2007 წლამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი და სარგებლობდა დღემდე, ნაკვეთი იყო შემოღობილი და ათვისებული მის მიერ, რისი ნამდვილობაც დადასტურებულ იქნა ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2020 წლის 31 მარტის აქტითაც. ასევე დადგენილი იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე „ს...ის“ ბუნებრივი აირის ქსელი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მაგისტრალური ქსელები, სს „ე...ას“ და სს „ ს...ის“ კუთვნილი კომუნიკაცია არ გადიოდა. აღნიშნული გარემოებები კი ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საფუძველს დაეკმაყოფილებინა განმცხადებლის მოთხოვნა. შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 29 ივლისს გამოსცა №93 განკარგულება, რომლითაც მართებულად იქნა აღიარებულ ხ.ჯ-ის საკუთრების უფლება და კანონშესაბამისად გაიცა მასზე საკუთრების უფლების მოწმობა.

პალატის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ძირითად საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება და რომ 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას, თუმცა აღნიშნული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით არ ყოფილა გამყარებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არარელევანტურია 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმაზე დაყრდნობით დავის საგანს განკუთვნილი მიწის ნაკვეთის საძოვრის კატეგორიად მიჩნევა და ამ საფუძვლით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებააღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაბათილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1992 წლის 18 იანვარს გამოცემული იქნა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №18 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“, ხოლო „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ზემოხსენებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კი განაპირობა მიწის რესურსების ახლებურად განაწილება და 1992 წლამდე არსებული მიწის საკადასტრო მონაცემების შეცვლა. ამდენად, უძველეს მონაცემზე დაყრდნობა, როდესაც აღნიშნულის შემდეგ განხორციელდა მიწის საკადასტრო მონაცემებში ძირეული ცვლილებები, იყო დაუსაბუთებელი, ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ახალი საკადასტრო მონაცემებით №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი 2020 წლის მდგომარეობით წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას, პირველი და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2020 წლის 29 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №93 განკარგულებით აღიარებულ იქნა ხ.ჯ-ის საკუთრების უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (01/1-არასაცხოვრებელი, განაშენიანების ფართი 374,09 კვ.მ, 02/1-დამხმარე ნაგებობა - განაშენიანების ფართი 23,86 კვ.მ). გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. საქმეში არსებული დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ხ.ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (1700 კვ.მ), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ..., 1220 კვ.მ) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. შესაბამისად, ხ.ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2020 წლის 27 ივლისის №93 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება.

კასატორის მითითებით, 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიას. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 06 ნოემბრის განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №49. ხ.ჯ-ის მოთხოვნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მასზე განთავსებული შენობით საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირობებს. შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 06 ნოემბრის განკარგულება მომზადებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან (სარგებლობიდან), აგრეთვე, მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

მოსარჩელე ხ.ჯ-ის მოთხოვნა უკავშირდებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების აღიარებას თვითნებურად დაკავების საფუძვლით, რაც თავდაპირველად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულებით დაკმაყოფილდა, თუმცა შემდგომში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, სადავო აქტით კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის №გ-11.482031111 განკარგულების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ზღვრული ოდენობაც დადგენილია ამავე მუხლით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან, ასევე მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

ზემოაღნიშნული მატერიალური საფუძვლის რეალიზების პროცესუალური მოწესრიგება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესით“, რომლის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძვლად მიუთითებს დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის აუცილებლობაზე, ასევე ითვალისწინებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების ჩამონათვალს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2020 წლის 29 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №93 განკარგულებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა - განაშენიანების ფართი 374,09 კვ.მ, 02/1 დამხმარე ნაგებობა - განაშენიანების ფართი 23,86 კვ.მ) აღიარებულ იქნა ხ.ჯ-ის საკუთრების უფლება. ხ.ჯ-ზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და დამოწმებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

2020 წლის 02 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა და აცნობა, რომ უძრავი ქონება ს/კ ... რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებად. ამასთან, 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება ეწინააღმდეგებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ძ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ხსენებული განკარგულების გამოცემის კანონიერების საკითხის შესწავლა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 6 ნოემბრის №გ-11.482031111 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2020 წლის 29 ივლისის №93 განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულების თანახმად, ხ.ჯ-ის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (1700 კვ.მ) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ..., 1220 კვ.მ) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სახელმწიფო ქონება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ხ.ჯ-ის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას, ასევე საძოვარი („ზ“ და „პ“ ქვეპუნქტები).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლებით აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოებისას არ დადასტურდება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული პირობის არსებობა, ამასთან დაინტერესებული პირი, განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს და კანონიერი საფუძვლის გარეშე (თვითნებურად) დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, რა დროსაც დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს მისი მოთხოვნის უტყუარობას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით დადგენილი პროცედურის ზედმიწევნით დაცვით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის დამატებით მოძიებული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გზით.

სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მოსარჩელის მიერ აშენების ფაქტი, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 მარტის №1/3-603 ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1220 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 279.63 კვ.მ შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად (ს/კ №...). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განმტკიცებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სადავო არ არის საჯარო რეესტრის ჩანაწერი), საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის კუთვნილების საკითხის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით გადაწყვეტის თაობაზე, რა მიმართებით მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებას დაეყრდნო საჯარო რეესტრი სახელმწიფოს სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან ერთად შენობა-ნაგებობის დარეგისტრირებისას, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში ხომ არ არსებობს საარქივო მასალა მითითებული შენობის სამშენებლო დოკუმენტაციის სახით, რა მიმართებით სააპელაციო სასამართლომ უნდა მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე საძოვრის სტატუსის გაუქმების შესახებ და აღნიშნავს, რომ ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვარი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.

ამავე კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილების წინაპირობები; კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დასაშვებია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული ან მათი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, კომისია, დამატებით წარდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას, მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 1986 წლის წყალტუბოს კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რომლის კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებით საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული დოკუმენტი - მიწათსარგებლობის გეგმა გარკვეული პერიოდის წინაა შედგენილი, არ მიუთითებს მის მცდარობაზე ან არსებული სამართლებრივი რეჟიმის ავტომატურად შეცვლაზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, პალატას, სათანადო წესით არ გამოუკვლევია როგორც უფლებაასაღიარებელი, ისე მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ამჟამინდელი მახასიათებლები, მათ შორის ის გარემოება, ხომ არ ყოფილა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები ჩარიცხული სარეფორმო მიწის ფონდში და შესაბამისად, ხომ არ არსებობს საძოვრის სტატუსის შეცვლის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები. იმ პირობებში, როდესაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ასახელებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ კონკრეტულ საფუძვლებს, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, რომლებიც უტყუარად გააქარწყლებს ან დაადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელების არსი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში მდგომარეობს (სუსგ №ბს-294-294 (კ-18), 09.12.19წ.). სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისთვის (სუსგ №ბს-985(კ-20), 24.11.2021წ.). სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებული პროცესუალური საქმიანობა გამოიხატება არა ფაქტების დადგენაში, არამედ დასადგენ ფაქტებზე მითითებაში. პროცესუალური დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აფასებს არა მტკიცებულებებს, არამედ ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21 ).

მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა ხ.ჯ-ის სარჩელთან დაკავშირებით საქმეზე წარდგენილი არასაკმარისი მასალების შეფასებით, ისე, რომ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა სასამართლოს არც მოსარჩელისთვის დაუვალებია და არც ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოუთხოვია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო უტყუარად დაედგინა არსებობდა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რაც არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, დავის გადაჭრისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, მათი სამართლებრივი ანალიზისა დ მიღებული დასკვნების საფუძველზე დავის გადაწყვეტა, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილი შემოწმება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის აბსოლუტური საფუძველი - გადაწყვეტილება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც თავის მხრივ არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის მუხლის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა