№ბს-1280(2კ-23) 20 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ა-ა; მესამე პირი (სასკ 16.2) - მ. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 12 დეკემბერს ზ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. ა-ას შორის 2010 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების (რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ზ. ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება მ. ა-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და მ. ა-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. ა-ას შორის 2010 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ზ. ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება მ. ა-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. ა-ას შორის 2010 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მ. ა-ას მიერ მოსარჩელე ზ. ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები მიუთითებდნენ ზ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროისათვის მოქმედ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იყო 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზ. ა-ასთვის გასაჩივრებული ხელშეკრულების თაობაზე ცნობილი გახდა 2020 წლის ივლისის თვეში, როდესაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსგან ეცნობა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა სააგენტოს 2020 წლის 06 ივლისის №03/8801 წერილით. მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ არ იყო დადგენილი, სადავო ფართის მ. ა-ას სახელზე პრივატიზების შესახებ ზ. ა-ას მხრიდან, როგორც მ. ა-ას ოჯახის წევრის, ნების გამოვლენის არსებობა. არ დგინდებოდა, რომ ის იყო თანახმა მ. ა-ას სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემით, ჩათვლილიყო საცხოვრებლით დაკმაყოფილებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის თანახმად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს ევალება დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამასთან, ზ. ა-ა და მ. ა-ა ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენდნენ 2010 წლის 22 მარტის მდგომარეობით აღნიშნული დასტურდება, მათ შორის, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, შესაბამისად როგორც მ. ა-ას, ისე ზ. ა-ასთვის 2010 წლის 22 მარტისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადებისა და დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებლის გადაცემის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ზ. ა-ა საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს, რომ მისთვის 2013 წლის მდგომარეობით იცოდა ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე და ცხოვრობს იმ ბინაში, რომელიც სახელმწიფომ გადასცა გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ ზ. ა-ასთვის არ იყო ცნობილი სადავო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ვერ იქნება გაზიარებული საქმეში არსებული მტკიცებულებათა გათვალისწინებით. დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა ამავე ოჯახის ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ სადავო გახდა 2020 წელს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
კასატორი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მათი ოჯახის მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე თანხმობის შემდეგ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოსგან ფართის ან კომპენსაციის მოთხოვნა ეზღუდებოდა, ოჯახის უფროსის არჩევით და მის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თავის დროზე თანხმობა განაცხადა გარიგების დადებაზე და შესაბამისად მიიღო საცხოვრებელი. მოსარჩელის მიზანია წარმოადგინოს თავი ცალკე ოჯახად და სახელმწიფოსაგან მიიღოს დამატებით საცხოვრებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. ა-ას შორის 2010 წლის 22 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების (რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელე ზ. ა-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება მ. ა-ას მიერ და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) ბათილად ცნობის საფუძვლიანობა წარმოადგენს. მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ბინა მიიღო ხელშეკრულების მხარე - მ. ა-ამ, თუმცა მოსარჩელე არ წარმოადგენდა მისი ოჯახის წევრს, მან არ იცოდა და არ გამოუხატავს თანხმობა, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელის თანხმობის არსებობის აუცილებლობაზე და მიუთითებს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებამოსილი იყო თუ არა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მ. ა-ასთან დაედო სადავო ხელშეკრულება, მოსარჩელის შეტყობინებისა და მისი თანხმობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ხელშეკრულების 1.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მიზანია „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულების ფარგლებში და მისი მიზნების შესაბამისად. აღნიშნული განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“. აღნიშნული აქტით, სახელმწიფო სტრატეგიის მთავარ მიზნებად პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა განისაზღვრა, რის მისაღწევადაც სამოქმედო გეგმა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ითვალისწინებდა. სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათ მონაწილეობას; სამოქმედო გეგმა ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, უნდა მომხდარიყო დაგეგმვის პროცესში დევნილთა ჩართულობა და მათი მხრიდან, ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ შეეხებოდათ, კარგად ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ანალოგიური მიდგომები იყო ასახული საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებშიც.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი იყო ფაქტობრივად არსებული ოჯახური მდგომარეობის, ერთად მცხოვრები პირების განსაზღვრა და საცხოვრებლის გადაცემის პროცედურების წარმოება მათი ჩართულობით, მათივე ნების შესაბამისად.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე ზ. ა-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი დევნილი და მის სარეგისტრაციო მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, გლდანი, ...ს ქ. №..., (ყოფილი ...ს ტერიტორია).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მ. ა-ას შორის 2010 წლის 22 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ა-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, №...-ში. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მყიდველს - მ. ა-ას დაევალა მოსარჩელე ზ. ა-ას, როგორც ოჯახის წევრის აღნიშნული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოეთხოვა გრძელვადიანი საცხოვრებლით
უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ხელმოწერით დადასტურებული არ არის მოსარჩელის მიერ.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულების 2.2. და 2.4. პუნქტებით მოსარჩელე ზ. ა-ას ისე შეეზღუდა უფლება, მოეთხოვა სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს ხელშეკრულების გაფორმების დროს არ უცნობებია მისთვის, არ მიუწვევიათ იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, არ არსებობდა მისი მხრიდან არანაირი ფორმით გაცემული თანხმობა სადავო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მოსარჩელემ არა თუ გამოხატა საკუთარი ნება პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ, მისთვის საერთოდ არ ყოფილა ცნობილი პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე პრივატიზაცია ნებაყოფლობით პროცესს წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში დევნილთა მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე. აღნიშნული უდავოდ ეწინააღმდეგება სზაკ-ის 67-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ; ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება. გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულება ზღუდავს ზ. ა-ას უფლებას, როგორც დევნილმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში, მიიღოს საცხოვრებელი ფართი. განსახილველ შემთხვევაში არ გარკვეულა მოსარჩელე მხარის დამოკიდებულება პრივატიზაციის პროცესის მიმართ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები 20.06.2019 წ. №ბს-1213(2კ-18), 30.10.2014 წ. №ბს-308-304(2კ-14)).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. 2010 წელს და შემდგომ პერიოდში მოსარჩელისა და მ. ა-ას ფაქტობრივად ერთად ცხოვრების, ასევე, სადავო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის ინფორმირების ან ხელშეკრულებაზე მისი პოზიციის დაფიქსირების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ არსებობს მოსარჩელის წერილობითი თანხმობა ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, ასევე არ დგინდება, რომ მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების არსებობისა და მისი შედეგების თაობაზე. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ იგი შედგენილ იქნა ერთ ეგზემპლარად. დამატებით რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბინას სხვა მოსარგებლეები ჰყავს, ან რომ ბინაზე რაიმე უფლება აქვს მოსარჩელეს, არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ არ დასტურდება, ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო გასაჩივრებული ნასყიდობის ხელშეკრულების და მისი შედეგების შესახებ. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2020 წლის ივლისში სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსგან. ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ხანდაზმულობის ვადა სწორედ აღნიშნული თარიღის (06. 07.2020 წ.) შემდგომ უნდა აითვალოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე