ბს-1147(კ-23) 18 მარტი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.კ-ემ (გ-ამ) 01.06.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 500 000 ლარის და მატერიალური ზიანის სახით 45 000 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.06.2022წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.01.2023წ. გადაწყვეტილებით, ლ. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ლ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარის და მატერიალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის და ლ. გ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2023წ. განჩინებით, ლ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება (სკ-ის 1005.3 მუხ.). პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ რეაბილიტაციას. სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად შვიდი დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. განსახილველ შემთხვევაში 3 000 (სამი ათასი) ლარი წარმოადგენს მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 17.11.2020წ. განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 26.03.2021წ. განაჩენით დგინდება, რომ უსაფუძვლოდ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას ლ.კ-ე (გ-ა) წარმოდგენილი იყო ადვოკატებით (ი.ბ-ი და მ.ს-ე). საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც გაწეულია, თუმცა კონკრეტული ოდენობით ხარჯის გაწევის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, ასევე ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ. ვინაიდან გამართლებულ პირს მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, შესაბამისად მის მიერ ადვოკატებისთვის გაწეული ხარჯი განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა, რომ არა მის მიმართ უკანონო ბრალდება, შესაბამისად, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის დაკისრება - 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით კანონშესაბამისია. განსახილველ შემთხევაში იმის გათვალისწინებით, რომ ლ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ადვოკატის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოსარჩელეს წარმოეშვა, მას უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის (1 000 ლარი) დაკისრება საფუძვლიანია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. სკ-ის 1005.3 მუხლის დანაწესი ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ამასთან, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციია. თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლოს, გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიეღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტლებებზე და აღნიშნა, რომ პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად („ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნული განმარტების მიუხედავად გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის. მატერიალური ზიანის ანაზღაურებისას უნდა იქნეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს ზიანის გამომწვევ გარემოებებსა და განსაზღვრავს მიყენებული ზიანის ოდენობას. მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე მითითება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მასზედ, რომ დადგინდეს ბრალდების გამო კონკრეტული ოდენობით მატერიალური ზიანის დადგომის ფაქტი. მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე გახორციელებული მოქმედებები, მათ შორის ადვოკატის აყვანა გახლავთ პირის (ბრალდებულის) უფლება და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანი. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს 26.04.2016წ. გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-397-391(2კ-4კს-15)) და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა. კასატორმა ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა. კასატორის მითითებით მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის ჰონორარის 10 000 ლარის ოდენობით გადახდა არ დგინდება, საქმეში წარმოდგენილი არ არის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენითა და წონადი სამართლებრივი არგუმენტაციით ვერ შეძლო მოთხოვნილი ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ოდენობის ანაზღაურების წინაპირობების დადასტურება, რის გამო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, ასევე არ დგინდება საპროცესო ხარჯის სახით 1000 ლარის გადახდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის მითითებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობით (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანით). მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს ქმნის სკ-ის 1005.3 მუხლი, რომლის თანახმად ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად. სკ-ის 1005.3 მუხლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს. საქმის მასალებში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 17.11.2020წ. განაჩენით, ლ.კ-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ასევე მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების მოთხოვნის თაობაზე. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ლ.კ-ის მიერ ქურდობის ჩადება, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი). სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დაწესებულ, გონივერულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ლ.კ-ის ბრალეულობაში. აღნიშნული განაჩენი ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.10.2021წ. განჩინებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სკ-ის 413 მუხ.) არის გათვალისწინებული (სუსგ 04.06.2015წ. საქმე №ბს-485-474(2კ-14)). განსახილველ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სკ-ის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.). დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც კასატორის მოსაზრებით გამორიცხავს პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია, მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608, 609 II-15). ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე - პროკურატურა არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ 20.07.2022წ. საქმე №ბს-628(2კ-20)). ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა გამოირიცხება, არ არის დასაბუთებული. სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) მითითება სხვა საქმეებზე, უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოპასუხის მიერ იმ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეულია მარეაბილიტირებელი გარემოებით - მოსარჩელის მიმართ საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენის მიღებით, ამასთანავე, კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია, შესაბამისად არ არსებობს მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). მართალია, ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ №ბს-809-805(3კ-17), 17.01.2019წ; №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). მხარის მიერ ადვოკატისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლის დავის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების შესახებ. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ დავაში ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხება წარმომადგენლობის უსასყიდლოდ განხორციელება, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოადგენილი, ხოლო 01.05.2022წ. საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ანაზღაურების წესი და პირობები, ამასთანავე, კანონმდებლობა არ კრძალავს ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას დავის დასრულების შემდგომ, რაც არ წარმოადგენს ადვოკატის მომსახურებისთვის გასაწევი ხარჯის გონივრული ოდენობით ანაზღაურების დამაბრკოლებელ გარემოებას, ხოლო დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა